თამაზ ნატროშვილი
ლიტერატურული საქართველო, 5 თებერვალი, 1988


ქართველი ხალხის მეხსიერებაში სამარადისოდ აღბეჭდილია ტრაგიკული ლეგენდა სვეტიცხოველის ტაძრის ხუროთმოძღვარზე.
“ხეკორძულას წყალი მისვავს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია”, _ გვამცნობს ხალხური ლექსი. როგორც ფიქრობენ, ამ ლექსის შექმნას ბიძგი მისცა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეზე გამოქანდაკებულმა ადამიანის ხელმა, რომელსაც უჭირავს გონიო _ სიმბოლო ხუროთმოძღვრისა.
მაგრამ არაა აუცილებელი, რომ ხელის გამოსახულება მოკვეთილ მარჯვენას გულისხმობდეს. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ტაძრის კედელზე ხელის გამოსახვის ჩვეულება იცის ჩვენმა წარსულმა და სვეტიცხოვლის გარდა სხვა ქართულ ტაძართა კედლებზეც გვხვდება მსგავსი გამოსახულება.
ლეგენდა კი გადმოქვცემს, რომ ცვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი მცხეთაში აგებულია ერთი გეგმით, პირველი _ შეგირდის მიერ, მეორე _ ოსტატის მიერ. ტაძარი უკეთესი გამომდგარა, ვიდრე მონასტერი და შურით აღვსილ უცხოელ ოსტატს თავისი შეგირდისათვის მარჯვენა მოუკვეთია. ამ ლეგენდას ერთგვარად ეხმიანება ტაძრის კედელზე გამოსახული რელიეფი, სადაც ვხედავთ ქართულ ჩოხაში გამოწყობილ მომღიმარ ახალგაზრდას და მის გვერდით _ დანაღვლიანებულ კაცს, უცხოური სამოსელი რომ აცვია და თითქოს სპარსელს წააგავს.
ერთი შექსპიროლოგის სიტყვებით, რიჩარდ III-ის შესახებ ისტორიულმა მეცნიერებამ გაცილებით ნაკლები იცის, ვიდრე ჩვეულებრივმა მკითხველმა თუ მაყურებელმა, რომელსაც წაუკითხავს ან სცენაზე უნახავს შექსპირის უკვდავი ტრაგედია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის შესახებაც ჩვენმა მეცნიერებამ გაცილებით ნაკლები იცის, ვიდრე ქართველმა მკითხველმა, რომელმაც თავის ცნობიერებაში ჭეშმარიტების ბეჭედი დაასვა კონსტანტინე გამსახურდიას რომანში დახატულ დიდოსტატ არსაკიძეს...
ვახტანგ ბერიძე თავის წიგნში “ძველი ქართველი ოსტატები” სინანულით შენიშნავს, რომ ამა თუ იმ ოსტატისადმი მიძღვნილი ნარკვევის მოცულობა ყოველთვის როდი შეეფარდება მის წონასა და მნიშვნელიბას. ხანდახან, რომელიმე ჩვეულებრივ კალიგრაფს მეტი ადგილი უჭირავს, ვიდრე “გენიალურ ხუროთმოძღვარს არსუკიძეს”, ვინაიდან ტექსტის სიდიდე-სიმცირეს განსაზღვრავს შემორჩენილი ცნობების სიუხვე თუ სიმწირე.
მეცნიერება იცნობს სვეტიცხოვლის ტაძრის ორ წარწერას, სადაც მოხსენებულია მისი ხუროთმოძღვარი. მეცნიერება იცნობს ხალხურ თქმულებასა დალექსს უდანაშაულოდ დასჯილ შემოქმედზე, მაგრამ მკითხველისათვის გაცილებით მეტია ცნობილი, სახელდობრ _ საქართველოს რომელი კუთხიდან იყო წარმოშობით ხუროთმოძღვარი, სად შეისწავლა თავისი ხელოვნება, საიდან მოხვდა მცხეთაში, რას ფიქრობდა, რაზე ოცნებობდა და რა ერქვა მის სატრფოს.
ერთი სიტყვით, მკითხველი მშვენივრად იცნობს დიდოსტატის ცხოვრების მნიშველოვან თუ უმნიშვნელო ეპიზოდებს კონსტანტინე გამსახურდიას წყალობით, ვისმა კალამმაც შეავსო ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი სიცარიელე და სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარს მხარში ამოუყენა თავისი შედევრი “დიდოსტატის მარჯვენა”.
მწერალი რომანის პროლოგში მოგვითხრობს, თუ როგორ დაიბადა ჩანაფიქრი ამ ნაწარმოებისა, ტაძრის მეთვალყურის რჩევით აჰყოლია ხარაჩოებს ჩრდილო ფასადზე, სადაც უნახავს კედელზე გამოხატული მარჯვენა გონიოთი და წარწერა: “ხელი მონისა არსაკიძისა, რათა შეუნდოთ”. შემდეგ აღწერს შორიახლო გამოსახულ ორი კაცის ქანდაკს: “ერთი, უწვერო ჭაბუკია ქართულ ჩოხაში მორთული, ხოლო მეორეს, სახედაღრეჯილ მოშუცს, პირი დაუბჩენია ვაგლახად. ირანული სამოსი აცვია და გულბოროტების იერი გადაჰკრავს სახეზე”. მოხუცებული ექვთიმე, მეთვალყურე ტაძრისა, უხსნის მწერალს ამ ორი კაცის ვინაობას: “ეს უწვერული _ კონსტანტინე არსაკიძეა, ხოლო ჩაქუჩიანი მოხუცი _ მისი ოსტატი ფარსმან სპარსი’. ხალხური თქმულების გმირებს სახელი დაერქვათ და ჩანასახი გარდუვალი კონფლიქტისა უკვე მინიშნებულია.
იმ დროისათვის, როდესაც იწერებოდა “დიდოსტატის მარჯვენა”, სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე დამოწმებული იყო ტაძრის კედელზე შემორჩენილი წარწერებიც და გამოსახულებანიც. არ არის გამორიცხული, რომ სვეტიცხოვლი შესაკეთებლადაღმართულ ხარაჩოებზე ასვლა და ესოდენ მეყსეული დაბადება დიდი რომანის ჩანაფიქრისა უწყინარ მისტიფიკაციას წარმოადგენს მკითხველის ინტერესის გასაღრმავებლად, თუმცა საკუთარი თვალით ნახვას, წიგნში წაკითხულთან შედარებით, სულ სხვა ხიბლი აქვს. მთავარი ისაა, რომ მწერალმა მაქსიმალურად გაითვალისწინა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში გამოტანილი ინფორმაცია, ასევე ხალხური თქმულების შინაარსი. მან ხორცი შეასხა და ახალი სული შთაბერა ტრაგიკულ ლეგენდას მაღალ კვარცხლბეკზე ასატყორცნად. ხოლო მადლიერმა მკითხველმა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მიუჩინა ბინა მწერლის ქმნილებას, როგორც უტყუარი სინამდვილის ტოლფასოვან ფენომენს.
კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სვეტიცხოვლის შემოქმედისათვის თავისი სახელის შერქმევა, შესაძლოა, ვინმეს პიროვნული ამბიციის გამოვლინებად მოეჩვენოს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ავტორი აქაც სამეცნიერო ლიტერატურას ეყრდნობა, კერძოდ, ზემოხსენებული წარწერის თავდაპირველ წაკითხვას, რომელიც თედო ჟორდანიას ეკუთვნის: “ხელი მონისა არს კონსტანტინესი, რათა შეუნდოთ”. მწერალმა, ცხადია იცოდა ეს ვარიანტიც და ხუროთმოძღვრის სახელ-გვარში წარწერის თავდაპირველი და შრმდგომში აღიარებული ამოკითხვის (სარგის კაკაბაძე) თავისებური სინთეზი მოახდინა (სხვათ შორის, ს. კაკაბაძის მიხედვით, ხუროთმოძღვრის გვარი იყო “არსაკიძე’, ხოლო 1942 წლიდან, უკვე “დიდოსტატის მარჯვენის” გამოქვეყნების შემდეგ, ლევან მუსხელიშვილმა სამეცნიერო ლიტერატურაში დაამკვიდრა “არსუკიძე”).
მწერალი იმავე პროლოგსი მოგვითხრობს, რომ ხსენებულ ექვთიმეს ძველთაძველი ქართული მონეტა უჩვენებიამისთვის: “ცხენოსანს შავარდენი უზის მარცხენაზე და ასომთავრულით წარწერილია ზედ: “მეფეთ-მეფე გიორგი _ მესიის მახვილი”. რომანის ძირითად ტექსტშიც ვკითხულობთ, რომ გიორგი პირველის ზარაფხანაში მოჭრილ თეთრზე აღბაჭდილი ყოფილა დასახელებული ზედწერილი.
მაგრამ ნუმიზმატური ლიტერატურის მიხედვით, გიორგი პირველის მონეტები ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი და მაშასადამე, მწერლის მიერ მითითებული მონეტა მხოლოდ და მხოლოდ მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია. ოღონდ საკითხავია, რამდენად შეესაბამება მხატვრული სინამდვილე ისტორიულ შესაძლებლობას?
საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში “მესიის მახვილი” ჩნდება დავით აღმაშენებლის დროიდან. დავითის სპილენძის მონეტაზე ამოკვეთილი “მეფეთა მეფე დავით ძე გიორგისა, მესიის მახვილი”, სპეციალისტთა აზრით, იყო შესანიშნავი გამოხატულება დიდი ქართველი მეფის პოლიტიკისა. ეს ამაყი გამოთქმა აფრთხილებდა როგორც მაჰმადიანურ სამყაროს, ასევე შინაურ მტრებსაც. კონსტანტინე გამსახურდიამ ერთი საუკუნით ადრე გადასწია მისი დაბადება და თავისი რომანის გმირს მიაკუთვნა. წვრილმან ისტორიულ უზუსტობათა მაძიებელ კრიტიკოსს, ალბათ, სრული უფლება ექნებოდა, რომ ნუმიზმატიკური მონაცემების გაყალბება თუ ანაქრონიზმიესიყვედურა მწერლისათვის, რომელსაც შეეძლო არანაკლები უფლებით გაემეორებინა განრისხებული ფლობერის უხეში ფრაზა, წარმოთქმული მის წინააღმდეგ ამხედრებული პედანტი ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მისამართით...
მაგრამ ისტორიული გაორგი პირველის მოღვაწეობის ზოგიერთი დეტალი იმასაც კი გვაფიქრებინებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თუ აღმოჩნდა ხსენებული მეფის მონეტა, არ არის გამორიცხული _ სწორედ ზემოთ დამოწმებული წარწერა ამშვენებდეს მას ( მომიტევონ ნუმიზმატებმა ესოდენ თამამი ვარაუდი!).
თანამედროვე პოლონელი მკვლევარი ზბიგნევ ზალუსკი აღნისნავს, რომ წარსულის ამა თუ იმ მოვლენაზე საყოველთაოდ გავრცელებულ წარმოდგენასა და მცირეოდენ სპეციალისტთათვის ცნობილ ისტორიულ სინამდვილეს შორის, საკმაოდ ხშირად, არსებობს გარკვეული სხვაობა. ასე მაგალითად, შეხედულება ქ. ჩენსტოხოვის დაცვაზე, შვედთა შემოსევის დროს ( XVII ს.), პოლონეთში ჩამოყალიბებულია ჰენრიკ სენკევიჩის “წარღვნის” შთამბეჭდავი გავლენით. მაგრამ პროფესორმა ოლგერდ გურკამ, სხვადასხვა საბუთების საფუძველზე, დაამტკიცა სენკევიჩის მიერ დახატული სურათების ნაწილობრივი შეუსაბამობა ისტორიულ სინამდვილესთან. კერძოდ, მიუთითა შემდეგი: ზემოხსენებული რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი კმიციცი ვერ ააფეთქებდა შვედთა უზარმაზარ ქვემეხს, ვინაიდან შვედთა რაზმს, რომელმაც ალყა სემოარტყა ჩენსტოხოვას, საერთოდ არ გააჩნდა არტილერია. მაგრამ პოლონელი მკითხველისათვის სენკევიჩის შემოქმედება ათასჯერ უფრო ნაცნობია, ვიდრე ისტორიკოს გურკას, გეოგრაფ ნალკოვსკისა თუ ლიტერატურათ მცოდნე სანდლერის გამოკვლევანი, სადაც ბეჯითად არის აღნუსხული მრავალრიცხოვანი გადახვევები ისტორიული სინამდვილიდან სენკევიჩის თხზულებებში. ზალუსკი დასძენს, რომ მკითხველი ისტორიული რომანით სწავლობს თავისი ქვეყნის წარსულს და, ძალზე ხშირად, მისთვის ხელმიუწვდომელი რჩება მეცნიერთა მონაპოვარი.
მხატვრული სიტყვის ძალას, არც თუ იშვიათად, შესწევს უნარი დაჩრდილოს მშრალი ისტორია. დიდი მწერლის გამონაგონი უკეთ გადმოგვცემს ხოლმე გარდასულ ეპოქათა სუნთქვას, თუნდაც ნაწილობრივ არ ემთხვეოდეს ისტორიულ სინამდვილეს.
რა თქმა უნდა, შეუწყნარებელია ისტორიის შერყვნა-დამახინჯება, ცნობილი მოვლენებისა და ფაქტების ყირამალა დაყენება, შავის თეთრად გასაღება თუ პირუკუ, მაგრამ მრავალ ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ისტორიული მეცნიერება “თეთრ ლაქებს” ტოვებს წარსულის რუკაზე, სწორედ ისტორიულ რომანს ეკისრება მიმზიდველი მისია - გააცოცხლოს ისტორია და მისი შევსებულ-გამდიდრებული პანორამა მიაწოდოს მკითხველს.
რაც შეეხება გიორგი პირველის ჯერაც აღმოუჩენელი მონეტის ზედწერილს, რომელსაც ვხვდებით კონსტანტინე გამსახურდიას რომანში, მისი მხატვრული სიმართლის აღიარებისათვის, ჩემი აზრით, თუნდაც ასეთი საინტერესო ფაქტი იკმარებდა: როგორც ცნობილია, გიორგი პირველის წინამორბედი თუ მომდევნო ქართველი მეფეები ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორთაგან ბუძებულ საპატიო ტიტულებს (კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, მაგისტროსი და სხვ.) ; მხოლოდ დავით აღმაშენებელმა უარყო უფლისწულობის დროს მიღებული ბიზანტიური ტიტული, როგორც თავისი პრესტიჟის დამამცირებელი სამკაული და ბაგრატიონთა დინასტიაში დამკვიდრებული ტრადიცაი მისი დროიდან საბოლოოდ გაქრა. მაგრამ დავით აღმაშენებლამდეც არსებობდა გამონაკლისი, რომელსაც გიორგი პირველი ჰქვია, მან ერთი საუკუნით დაასწრო თავის სახელოვან შვილთაშვილს. იმდროინდელი ძეგლები და მატიანეები გიორგი პირველს არავითარ ბიზანტიურ ტიტულს არ მიაწერენ და მოიხსენიებენ მხოლოდ მეფეთაA-მეფედ.
ბუნებრივია, რომ ამგვარი გამონაკლისი უნდა ყოფილიყო სწორედ გიორგი პირველი, ვინაიდან, ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, “ თითქმის მთელი თავისი მეფეობა და ძალღონე მან ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია”. ხოლო გამოჩენილი რუსი ბიზანტოლოგი თ. უსპენსკი იმავე გიორგი პირველს უწოდებდა “დამოუკიდებლობის დაუცხრომელ დამცველს”.
ჩვენი წარსულის პოლიტიკურ მოღვაწეთა ვრცელ ნუსხაში ყველაზე რჩეულთა შორის თავისებურად არის გამორჩეული გიორგი პირველი, მამაცი და გამჭრიახი პიროვნება, რომელმაც, თუ არ ვცდები, უპრეცენდენტო ფაქტი დაგვუტოვა საქართველოს ისტორიაში: ქრისტიანმა ქართველმა მეფემ ერთმორწმუნე ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ საომრად სამხედრო კავშირი შეკრა მაჰმადიან ხელმწიფესთან! 
კონსტანტინე გამსახურდია თავისი რომანის ბოლოსიტყვაში წერდა: “ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართმმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი იპრველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატეანე უწოდებს “უშიშოს, ვითარცა უხორცოს”, ქართულ ქრონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვნი დიდი მდუღარება ჩემი სულისა”.
თითქოსდა ეჩოთირაო, მწერალი იქვე დასძენს: “აპოლოგია ამ შემთხვევაში უხეირო სიტყვაა”. ეგებ მყისვე გაახსენდა, რომ იმჟამად მეფეთა შექებას ალმაცერად უყურებდნენ. აღნიშნულ სიტყვას, ცოტა არ იყოს, მყვირალა ელფერიც დაჰკრავს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ “აპოლოგია” ბერძნულად ნიშნავდა დაცვას, დასაცავ სიტყვას, აღარ უნდა შეგვაკრთოს მისმა ხმარებამ სათანადო კონტექსტში. საფიქრებელია, რომ მწერალი ზემოხსენებულ გამოთქმაში “მიჩქმალული გმირის გამომზეურებას” უფრო გულისხმობდა, ვიდრე ქებათა ქებას. ქართველი მკითხველისათვის, რომელიც სკოლის მერხიდანვე ოცნებობს “დიდოსტატის მარჯვენას”, ამის მტკიცება, ალბათ, ზედმეტიც უნდა იყოს.
რომანის იმავე ბოლო სიტყვაში ვკითხულობთ: “ჩვენს დროში, შრომის აპოლოგიის საუკუნეში, შევასხი ხოტბა დიდი ხელოვანის ჯაფას და მის თავდადებას. ზოგიერთ კრიტიკოსს აგრე მოეჩვენა, თითქოს მთავარი გმირი ამ რომანისა გიორგი პირველი იყოს და არა კონსტანტინე არსაკიძე. გმირების გალერეაში იერერქიის ძებნა ნაკლებად საგულისხმო ამბავია. ამ შემთხვევაში სათაურს უნდა დაუკვირდეს მკითხველი. მოვლენათა ფოკუსში მოქცეულია მკლავის წარკვეთის ამბავი, ე. ი. განწირული ბედი დიდი ხელოვანისა ტირანულ სახელმწიფოში”. 
“შრომის აპოლოგიასთან” დაკავშირებით ორი იზრი არ შეიძლება არსებობდეს. დიდოსტატ არსაკიძის სახე შრომის აპოლოგიის თვალსაჩინო დადასტურებაა. მაგრამ, მეორეს მხრივ, “ზოგიერთი კრიტიკოსის” მოსაზრებაც თითიდან გამოწოვილს არა ჰგავს. ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა დღესაც გრძელდება. თავის წერილში “მაინც _ მეფე გიორგი” ირმა ჩხეიძე სამართლიანად შენიშნავს: “მაინც გიორგი მეფე ჩრდილავს რომანის ყველა დანარჩენ გმირს. ზოგჯერ ხდება ასე ლიტერატურაში _ იდუმალი ჩანაფიქრი და ზრახვა მწერლისა სააშკარაოზე გამოდის უნებლიედ”. და მაინც ძნელია, სრული უნდობლობა გამოვუცხადოთ ავტორის მტკიცებას. ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნებოდა ამგვარი დასკვნა: კონსტანტინა გამსახურდიას რომანს ორი მთავარი გმირი ჰყავს, თავიაანთი დიდი მოწოდებისათვის თვდადებული ორი პიროვნება, ბედისწერამ ერთიმეორეს რომ დაუპირისპირა, ხუროთმოძღვარი არსაკიძე _ შემოქმედი სვეტიცხოვლის ტაძრისა და მეფე გიორგი _ შემოქმედი “ქართლის ბედისა”. 
“დიდოსტატის მარჯვენა”, უთუოდ, მოითხოვს უფრო ვრცელ ისტორიულ კომენტარს, ვიდრე თვით ავტორს დაურთავს თავის შენიშვნებში, სადაც ორიოდე სიტყვით არის ახსნილი ამა თუ იმ ისტორიულო პირის ვინაობა, ესა თუ ის ტერმინი. მაგრამ რომანის ტექსტს მიღმა დარჩენილ მოვლენებს თვალის გადავლება მაინც სჭირდება, რათა უფრო ნათლად წარმოგვესახოს “დიდოსტატის მარჯვენის” ისტორიული ფონი. 
მწერალს, რასაკვირველია, ხელეწიფებოდა დაწვრილებით აეწერა გიორგი პირველის შეტაკებანი ბიზანტიის კეისართან, დაეხატა ჟრუანტელის მომგვრელი ბატალური ტილოები ანდა საქმენი იმავე ბიზანტიის კეისრისა. საამისო ამსალა უხვად არის მოტანილი ქართულ, არაბულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში (რომანის შენიშვნებსა და განმარტებებში მითითებულია კიდეც გამოყენებული ლიტერატურა); მაგრამ ამგვარ ცდუნებას, ჩანს, უყოყმანოდ აუარა გვერდი, რადგანაც ყოველივე ზემოთქმული დააჩლუნგებდა ნაწარმოების სიმძაფრეს, შეასუსტებდა სიუჟეტის დაძაბულობას, რომანი მშობლიურ ნიადაგს მოწყდებოდა, საგარეო ბრძოლათა ღწერილობის ბალასტი დაამუხრუჭებდა თხრობის დინამიკას. მწერალი რომ გაჰყოლოდა გატკეპნილ გზას, ხელთ შეგვრჩებოდა კიდევ ერთი ცდა საისტორიო თხზულებათა ბელეტრისტიკად გარდასახვისა, მაგრამ, აღიარებული თვალსაზრისით, მხატვრული ლიტერატურა არ უნდა იყოს ისტორიის დუბლირება. მწერალმა ამჯობინა, რომ გაკვრით შეხებოდა ზემო ხსენებულ ბრძოლებს და მხოლოდ თავისი გმირის პორტრეტის შესაქმნელ შტრიხებად მოეშველიებინა. რომანში თვალნათლივ ჩანს შედეგები ომისა. ჩვენ ვხედავთ გოლიათთან შერკინებისის დამარცხებულ მეფეს, რომელიც ამავე დროს გამარჯვებულიც არის _ დაპყრობას გადაარჩინა თავისი სამშობლო.
კონსტანტინე გამსახურდია ზემოთ აღნიშნულ უპრეცედენტო ფაქტს, ეტყობა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. შემდგომში კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და სულხან-საბა ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ წერილში სამაგალითო ნიმუშად დაიმოწმა: “ჯერ კიდევ გიორგი პირველი თავის პოლიტიკურ საქმიანობაში არ ურევდა რელიგიურსა და პოლიტიკურ მომენტებს ურთიერთში. ამიტომაც არ მოერიდა ეს მეფე ქრისტიანული ბიზანტიის წინააღმდაგ ბრძოლაში ხალიფა ალჰაქიმთან შეეკრა კავშირი”.
რას მოგვითხრობენ ამ უჩვეულო კავშირის შესახებ საისტორიო წყაროები? 
XI საუკუნის არაბი ისტორიკოსი იაჰია ანტიოქიელი გვაუწყებს შემდეგს: როდესაც ბასილი კეისარი გართული იყო ბულგარეთის დაპყრობით, გიორგი მეფემ განიზრახა ესარგებლა ხელსაყრელი შემთხვევით. იგი დაეუფლა ციხე-სიმაგრეებსა და ოლქებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მისმა ბიძამ დავით კურაპალატმა დაუთმო ბასილი კეისარს. ამასობაში კეისარმა დაიმორჩილა ბულგარეთი (1019 წ.) და დაბრუნდა კონსტანტინოპოლს. მაგრამ გიორგი მეფემ არ ჩათვალა საჭიროდ გამოესწორებინა თავისი შეცდომა და მამა-ბიძის მსგავსად კეისრისათვის ერთგულება გამოეცხადებინა. იგი გაამაყდა და ჯიუტობდა თავის ცდომილებაში. მერე გააჩაღა მიწრ-მოწერა ხალიფა ალჰაქიმთან იმის თაობაზე, რომ გაერთიანებულიყვნენ კეისართან საომრად და თითოეული მათგანი დაძრულიყო თავისი ქვეყნიდან ბიზანტიელთა წინააღმდეგ. შეიტყო ეს ბასილი კეისარმა, განრისხდა და კონსტანტინოპოლიდან გასწია ფილომილისკენ, ოღონდ არავისთვის გაუმხელია თავისი მიზნები. გამოაცხადა, სირიაში სალაშქროდ მივდივარო, სურსათ-საჭურველი ანტიოქიაში გაგზავნა და არც არავი დაეჭვებულა. ფილომილში კეისრის ყოფნისას, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), ხოლო კეისარი მოულოდნელად გაემართA საქართველოსაკენ. იაჰია ანტიოქიელის მიხედვით, კეისრის ჯარების ძალამ და სიმრავლემ უკან დახევა აიძულა საომრად გამზადებულ ქართველ მეფეს. ბიზანტიელებს გადაუწვავთ სოფლები, აუოხრებიათ გიორგი მეფის კუთვნილი ოლქები; დაუტყვევებიათ, დაუბრმავებიათ და დაუხოცავთ ორასი ათასი (!) მისი ქვეშევრდომი. არაბი ისტორიკოსი დაწვრილებით ეხება შემდგომ მოვლენებსაც, გაჭიანურებულ საზავო მოლაპარაკებას, რომელიც დამთავრდა ქართველი მეფის მიერ კეისრის წინაშე მორჩილების აღიარებით. ბიზანტიას დაუბრუნეს წართმეული ქალაქები და ციხე-სიმაგრენი, ხოლო გიორგი მეფის მცირეწლივანი ვაჟი მძევლად გაატანეს ბასილი კეისარს კონსტანტინოპოლში.
გაცილებით ვრცლად და, შეიძლება ითქვას, ემოციურად გადმოგვცემს ზემოხსენებულ ამბებს XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსი არისტაკეს ლასტივერტეცი. მისი სიტყვით, ბასილი კესარმა ახლად გამეფებულ გიორგის ასეთი ბრძანება მოსწერა: “რაც კი დავით კურაპალატის წილიდან მამაშენს ძღვნად მივეცი, თავი ანებე და მხოლოდ საკუთარი მამული განაგეო”. მაგრამ გიორგის ახალგაზრდული მედიდურობით უპასუხია: “რაც კი მამაჩემს ეპყრა საგამგებლოდ, მისგან ერთ სახლსაც ვერავის მივცემო”. ბასილი კეისარმა ჯარი გაგზავნა ქვეყნის დასაპყრობად, მაგრამ ქართველებმა დაბა-სოფელ უხტიქის მახლობლად დაამარცხეს ბიზანტიელები. სომეხ ისტორიკოსს კიდევ ერთი ბრძოლა (1021 წ.) აქვს აღწერილი: “ჯარები ერთმანეთს შეხვდნენ პალაკაციოს ტბის მახლობლად და საზარელი გრიალით ეკვეთნენ ერთმანეთს. ამიტომაც მახვილთა გაელვარებისა და მუზარადების კაშკაშის დროს ცეცხლის ნაპერწკლები მთებს ეფინებოდა”. ბასილი კეისარი გაოცებული დარჩენილა დამხვდურთა სიმამაცით, რომლებმაც “კლდეზე მიხეთქებულ მდინარეთა ნიაღვრის მსგავსად დაამსხვრიეს ჰორომთა (ე. ი. ბიზანტიელთა) ჯარები და უკუაქციეს”. სომეხი ისტორიკოსის ცნობით, კეისარს ოთხივე მხარეს ჯარი გაუგზავნია და მკაცრი ბრძანება გაუცია, რომ “არ დაენდოთ არც მოხუცი და არც ახალგაზრდა, არც ყრმა და არც სრულასაკოვანი, არც კაცი და არც ქალი”. სამეფო სასახლეები და ტაძრები გადაუწვავთ, დაუნგრევიათ და გაუნადგურებიათ, შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას სტოვებს ქრისტიანი კეისრის სისასტიკე, დიდად რომ არ ჩამოუვარდებოდა თურქ-სელჩუკთა და მონღოლთა მომავალ ბარბაროსობას: “ძუძუმწოვარა ყრმებს, ზოგს დედის მკერდიდან გლეჯდნენ და ქვებს ურტყამდნენ, ნაწილს კა დედის მკერდზე აკლავდნენ შუბით და დედის რძეს ყრმების სისხლს ურევდნენ; სხვებს გზაჯვარედინებზე ცხენების ჩლიქებქვეშ აგდებდნენ”.
როგორც არაბი, ასევე სომეხი ისტორიკოსი გვაუწყებენ ბასილი კეისრის წინააღმდაგ მოწყობილ შეთქმულებას, რომელშიც თითქოს გიორგი პირველიც იყო გარეული. იაჰია ანტიოქიელის მიხედვით, 1022 წელს კეისარმა მეამბოხე ნიკიფორე ფოკას მოკვეთილი თავი ძღვნად გამოუგზავნა გიორგი მეფეს; ხოლო ქართული წყაროს თანახმად, მისი ვერაგობით აღშფოთებულმა კეისარმა ბრძანა, რომ ქართველთა მიერ დაწერილი პირობა შუბზე ჩამოეცვათ და საჯაროდ გამოეფინათ. 
ვალერიან გაბაშვილი აღნიშნავდა: “საქართველო-ეგვიპტის მოლაპარაკებამ და შესაძლებელმა სამხედრო კავშირმა ამ ორ ქვეყანას შორის დროებით შეაჩერა ბიზანტიის ექსპანსია. ამას გვიდასტურებს ის, რომ ბასილი კეისარმა მხოლოდ 1021 წელს დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ეს ომი დაუყონებლივ მოჰყვა ალ-ჰაქიმის სიკვდილს. საქართველოს შესაძლებელი მოკავშირე გამოეცალა ხელიდან”.
მიუხედავად ერთი თუ ორი მოგებული ბრძოლისა, გიორგი პირველი იძულებული იყო ბედს შერიგებოდა და 1023 წელს კეისართან ზავი დაედო. ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობა დროებით მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა. მაგრამ დავით კურაპალატის სამფლობელო ტაოში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში ისევ კეისრის ხელთ რჩებოდა.
აი, ასეთი იყო ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა კონსტანტინე გამსახურდიას რომანში აღწერილ პერიოდს.
... გიორგი პირველის ანტიბიზახტიურ პოლიტიკას არც საქართველოს კათალიკოსი უჭერს მხარს და არც დედოფალი, რომლებიც ისე გაუტაცია ბრმადმორწმუნეობას, რომ საქართველოს უპირველეს მტრად როდი მიიჩნევენ ბიზანტიის კეისარს, არამედ _ ქრისტიანული სამყაროს უზენაეს არსებად. ყველაფერში “წარმართობა” ელანდებათ, ყველგან ქართული ბუნებისათვის სავსებით უცხო, ასკეტური სულის დანგრევას ლამობენ. ნადირობა და ლხინი, ჯირითი და ცხენბურთი მაშინღა ახსენდებათ სამეფო კარზე, როდესაც დედოფალი და კათოლიკოსი დროებით მიატოვებენ ხოლმე იქავრობას.
დაწუნებულ იქნა სვეტიცხოვლის ტაძრის პროექტი ფარსმან სპარსისა, რომელიც ქართული წარმართობის, ირანულისა და ანტიკური მოტივების ნაზავს წარმოადგენდა. კათალიკოსი ბიზანტიიდან იხმობს ხუროთმოძღვრებს. მაგრამ “გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე”. ფრესკებიდან ადამიანურ ვნებებს ემუქრებოდნენ განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ხატებანი. გუმბათის თაღზე “ხორცდაშრატილი ნაზარეველი” იყო გამოხატული. გიორგი პირველის უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ერთი ფრესკა, რომელზეც შარავანდიანი ბასილი კლიტეებს აბარებდა აღმოსავლეთის მოსაქცევად წარგზავნილ წმ. მამებს; ის ბასილი კეისარი, “ძაღლს” რომ უწოდებდნენ, სარკინოზებთან ერთად, ქართველები, სომხები და ბულგარელები; ის ბასილი კეისარი, რომელმაც 1014 წელს თვალები დათხარა 14000 ბულგარელ ტყვეს და სამშობლოში გაისტუმრა, ოღონდ ტყვეთა თითოეულ ასეულს ერთი ცალთვალდათხრილი მეგზური გააყოლა.
გიორგი პირველი დაუფარავი, შეუნიღბავი სიძულვილით არის განწყობილი საქართვალოს მტერ-მოყვარე დიდი მეზობლისადმი. “მე ყველაფერი მეზიზღება ბიზანტიური”,_ ეუბნება თავის ბიძაშვილს გირშელს. სძაგს ბიზანტიელთა ზნე-ჩვეულებანი, მათი დოგმატური პაექრობანი, სძაგს ბერძნული ენაც (“გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიცა, მაგრამ Aრასდროს კრინტიც არ დაუძრავს უცხო ენებზე სასახლეში”) ათვალწუნებით შეჰყურებს სვეტიცხოვლის ტაძრის კურთხევაზე ჩამოსულ ბიზანტიელ სტუმრებს, მეფესთან სადილად მიწვეულნი მუსრს რომ ავლებენ ქართულ დელიკატესებს და მათი დამზადების რეცეპტების გამოკითხვაც არ ავიწყდებათ. “ჩაკურატებული ბიზანტიელი არქიელები სასტიკად გაეჯიბრნენ ლოყებღაჟღაჟა ქართველ ეპისკოპოსებს”, _ სარკასტულად შენიშნავს მწერალი და იქვე დასძენს: “თავათ მეფე უხალისოდ სჭამდა”.
გიორგი პირველის სიძულვილი ბიზანტიისადმი განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ერთ მონოლოგში: “საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, შჯული ებრაელებს მოპარეს, ენა - ძველბერძნებს, ბულგარელებს - ცეტინიუმი, სომხებს - ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები - ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც!”
კურიოზულ ელფერს იძენს ამბავი მწვანე ეტლისა, რომელიც ბასილი კეისარს, თავის დროზე, ბაგრატ მესამისთვის უბოძებია კურაპალატის ხარისხთან ერთად. გიორგი პირველს ეს ეტლიც ეჯავრება. სიჭაბუკეში სანადირო ძაღლებს დაათრევდა მეფური ეტლით, კათალიკოსის საყვედური დაიმსახურა. მერე უფლისციხის სასახლეში მიაგდებენ, როგორც უსარგებლო ნივთს. ერთხელაც გაახსენდებათ და ავაზებს ჩასვამენ შიგ. და ფრიად კმაყოფილია ქართველი მეფე, “კიდევ ერთხელ რომ მოუხერხა საქვეყნოდ გაპამპულება კეისრის მიერ ნაბოძებ მწვანე ეტლს”.
კიდევ ერთი კომიკური დეტალი: გიორგი მეფე თავის მალემსრბოლს მცხეთის მთავარეპისკოპოსის მიერ დანათლულ ბერძნულ სახელს (ანაქსიმანდრეს) შეუცვლის და უზარმაზარ დევკაცს “პიპას” შეარქმევს. სწორედ ეს პიპა, გვარად უშიშარაისძე, ხდება ერთადერთი მსმენელი მისი უკანასკნელი აღსარებისა. სიკვდილს მიახლოვებული მეფე კიდევ ერთხელ გამოთქვამს დაუმცხრალ გულისწყრომას: “მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს”.
ამ მხრივ, გიორგი პირველს არ ჩამორჩებიან ურჩი და მეამბოხე ქართველი ფეოდალები, რომელთაც თავიანთ მოკავშირედ უნდა ეგულებოდეთ ბიზანტია ქართველი მეფის წინააღმდაგ ბრძოლაში (შემთხვევითი როდია ჭიაბერისათვის ბასილი კეისრისაგან ნაბოძები “არქეგოსის” ტიტული და ოქროს მუზარადი). მაგრამ ისინიც ვერ ეგუებიან ბიზანტიელთა პოლიტიკურ-კულტურულ ექსოანსიონიზმს. შავლეგ ტოხაისძე პათეტიკურად უმტკიცებს მამამზე ერისთავს: “ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. თუ ჩვენი კერპი ვახსენეთ და მათი დავგმეთ, მყისვე პირზე აკერიათ “მკრეხელი, მწვალებელი და მსტოვარი”. მისივე სიტყვით, “დამპალი ქალაქია კონსტანტინეპოლი... გარყვნილებისა და მუხანათობის ბუდე”, სადაც ქართველი მეფეები კეისართაგან სწავლობდნენ ქვეშევრდომთათვის თვალების დათხრას, ადამიანის ცოცხლად დამარხვას, ძელზე გასმას, მოწამვლას, ორივე ხელის მოჭრას, მკვლელის მიჩენას და ა. შ. დაცინვით იგონებს კეისრის საომარი სამზადისის პარალელურად გამართულ საეკლესიო კრებების მიმდინარეობას, ორი თვის მანძილზე მთელი ბიზანტიის სამღვდელოება და სწავლულნი რომ “ზედასკდებოდნენ ერთმანეთს” იმის გამოსარკვევად, თუ რამდენ ანგელოზს დაიტევსო ნემსის წვერი!
მკითხველს შესაძლოა ეხამუშოს “დიდოსტატის მარჯვენაში” აშკარად გამოცხადებული ანტიბიზანტიური განწყობილება, თუკი გაიხსენებს ბიზანტია-საქართველოს კულტურული ურთიერთობის საქვეყნოდ ცნობილ ფაქტებს.
ეგებ უპრიანი იყოს მოკლედ მაინც დავიმოწმოთ ის ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომებიდან, ბიზანტიური ცხოვრების ჭრელ სურათში უფრო დამახასიათებელ დეტალებს რომ წარმოგვიჩენს.
ბიზანტიის დესპოტურ რეჟიმს ადუღაბებდა ეკლესიისა და მთელი ოფიციალური პროპაგანდის მიერ ქვეშევრდომთა იდეოლოგიური წრთობა. ადამიანს მხოლოდ მაშინ ერქვა პოლიტიკურად კეთილსაიმედო და მორალურად სპეტაკი ქვეშევრდომი, როდესაც უყოყმანოდ ემორჩილებოდა კეისარს, მართლმადიდებლობას და უმაღლასსა თუ უმდაბლეს ხელისუფლებას.
ბიზანტიაში კეისარს აღმერთებდნენ, როგორც ღვთის რჩეულს და არ არსებობდა იმაზე საშინელი დანაშაული, ვიდრე “შეურაცხყოფა მისი უდიდებულესობისა”. მაგრამ კეისარს ტახტიდან რომ ჩამოაგდებდნენ, გამარჯვებულ უზურპატორს არავინ გმობდა. კეისრის ფუფუნებით აღსავსე ყოფეცხოვრება, მისი უსაზღვრო თაყვანისცემა ხაზს უსვამდა უფსკრულს ხელმწიფესა და ქვეშევრდომებს შორის. კეისარი მხოლოდ ბრწყინვალე ამალისა და შეიარიღებული დაცვის თანხლებით ევლინებოდა ხალხს. პროცესის მთელ გზაზე გამოფენილი მოსახლეობა ხმამაღლა ესალმებოდა მას და დღეგრძელობას უსურვებდა ქვეყნის ასაყვავებლად. თვით კეისარიც განუწყვეტლივ აღნიშნავდა თავის დაუზარელ ზრუნვასა და მძიმე შრომას მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისათვის. მემატიანეს კეისრის სიკვდილდან მრავალი წლის შემდაგ, თამამად შეეძლო გაეთათხა მისი პიროვნება და მოღვაწეობის არსი, მაგრამ ცოცხალი კისრის უდიერად მოხსენიაბას ბიზანტიელი ბედავდა მხოლოდ ოჯახურ წრეში ანდა უახლოეს მეგობრებთან. ხოლო საჯაროდ, მოედნებზე და ქუჩებში, გაისმოდა დეკლარაციები, სადაც კეისარს ქება-დიდებას ასხამდნენ. ითხზვებოდა საზეიმო ჰიმნი და ხოტბანი.
ყოველი კეისარი, ტახტზე ასვლისთანავე, გარშემო იკრებდა ერთგულ დამქაშებს. იღბლიანებს შორის მეფობდა პირმოთნეობა და მონური მორჩილება მბრძანებლისა, ხოლო უიღბლოთა შორის ისადგურებდა შური და დაწინაურებულ კონკურენტთა დამხობის წადილი, როდესაც ყოველგვარი საშუალება ამართლებდა მიზანს. კეისარს ძალუძდა ნებისმიერი ქვეშევრდომის ყოფნა-არყოფნის საკითხი თავის გუნებაზე გადაეჭრა, მაგრამ ზოგჯერ იძულებული იყო და ზოგჯერაც თავს ვალდებულად თვლიდა, რომ რეპრესიებისათვის სათანადო მოტივირება მოეძია. ამიტომაც, რომელიმე დიდმოხელის დაპატიმრებას წინ უსწრებდა დემაგოგიური კამპანია, ერთგულ ხელქვეითთა თუ კარიერისტული მისწრაფებით შეპყრობილ პირთა აქტიური მონაწილეობით. ცილისწამება და დაბეზღება ძალზე გავრცელებულ სენს წარმოადგენდა ბიზანტიაში. დაბეზღებას დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა დაპატიმრება და, როგორც წესი, წამება, მერე კი - სასიკვდილო განაჩენი ან გადასახლება, რაც ხშირად ეხებოდა ოჯახის წევრებს და ზოგჯერ - შორეულ ნათესავებსაც. გადასახლების ადგილებად შერჩეული იყო მიუსაფარი კუნძულება ანდა უდაბური ტერიტორია ხმელეთზე. ხოლო, “დამნაშავის” ქონების კონფისკაციას ახდენდნენ ხაზინი, კეისრისა და დამსმენის სასარგაბლოდ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბიზანტიის იმპერიაში სახელმწიფოებრივი თეორია და პრაქტიკა ერთიმეორეს მკვეთრად ემიჯნებოდა. ასე მაგალითად, კანონი აცხადებდა საყოველთაო თანასწორობას სასამართლოში, მაგრამ ღატაკს უჭირდა პოვნა სამართლისა. კანონი სასტიკი სასჯელითემუქრებოდა მექრთამეებს, მაგრმ არავინ გამოდიოდა მათ წინააღმდეგ და ისინიც ყურს არ იბერტყავდნენ.
იმდროინდელი ფილოსოფოსები ოცნებობდნენ სამართლიანობის დამკვიდრებას ბიზანტიაში, მაგრმ იმედს ამყარებდნენ არა კარდინალურ რეფორმებზე, არა ცვლილებებზე ხელისუფლების სტრუქტურაში, არამედ - სახელმწიფო მოღვაწეთა მორალურ თვისებებზე. ნატრობდნენ იდეალურ კეისარს, რომელიც უხვად იქნებოდა დაჯილდოებული სიკეთით, სიბრძნით, სიმამაცით, უმწიკვლოებით და ა. შ.
XII საუკუნის დამლევამდე ბიზანტია წაემოადცენდა მრავალეროვან სახელმწიფოს. იმპერიის ფარგლებში მცხოვრები სხვა ტომის ქრისტიანები, თუნდაც არ სცოდნოდათ ბერძნული ენა, ითვლებოდნენ ასევე “რომეელებად”, როგორც წარმოშობით ბერძნები. იდეა სახელმწიფოს ერთიანობისა დამონოლითურობისა ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. ბეჯითად ხორციელდებოდა დამორჩილებულ ხალხთა თვითმყოფადი კულტურის დათრგუნვა და ბიზანტიელთა ადათ-წესების დანერგვა. მაგრამ იძულებითი მეთოდები იწვევდა სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის აფეთქებას და კონსოლიდაციის პროცესის ნაცვლად ჩქარდებოდა ეთნიკური კონსოლიდაცია.
უცხოელი მოღვაწენი, ბიზანტიელ დიპლომატებსა და კარისკაცებთან შეხვადრის შემდაგ, ცბიერებას და ქედმაღლობას, პირფერობას და ანგარებას თვლიდნენ მთელი მპერიის მკვიდრთა თვისებად. ალბათ, ამიტომაც აღმოხდა მწარე სიტყვები XIII საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს: “ტყუილად როდი ვართ დაწყევლილნი ყველა ხალხთაგან”. ბიზანტიის საგარეო ომების ლოზუნგი იყო “ბრძოლა ქრისტიანთა თავისუფლებისათვის”, ამასთან ერთად, იმპერიის სამხედრო ძალებს ევალებოდათ შინაური მტრების მოთოკვა. ისინი კი მრავლად იყვნენ: უზურპატორები, რომლებიც ხელყოფდნენ კეისრის ტახტს, აჯანყებული გლეხები თუ მოქალაქენი, იმპერიიდან გამოყოფას მოწადინებული უცხო ტომები. ერთ-ერთი კეისარი ამბობდა: “არმია იგივეა სახელმწიფოსათვის, რაც ადამიანის თავი - სხეულისათვის. მუდამ უნდა იზრუნო არმიაზე, თვით იმპერიის არსებობას რომ არ დაემუქროს საფრთხე”.
რა თქმა უნდა, ზემოთ მოტანილი მასალა ბიზანტიის შესახებ ერთგვარად ცალმხრივია, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას რომანის ტექსტსა და ქვეტექსტშიც სწორედ მედლის მეორე მხარე იკითხება, ხოლო მოელვარე მხარეს მწერალმა შეგნებულად შეაქცია ზურგი, თუმცა მშვენივრად მოეხსენებოდა ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიური მომენტები, დაწვრილებით რომ შეუსწავლიათ ჩვენში.
როგორც ჩანს, კონფლიქტების წარმოქმნისას, ტერიტორიულ დავაზე არანაკლებ როლს თამაშობდა განსხვავება ერთმორწმუნე ბიზანტიელთა და ქართველთა ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში, რაზედაც ფრიად საინტერესოდ მსჯელობს თამარ მეფის დროინდელი ავტორი, კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერიძე.
ორი მეზობლის ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის თაობაზე გერონტი ქიქოძე ლაკონურად და ხატოვნად წერდა: “არა ერთხელ გაგვიწოდებია ხელი ბიზანტიელებისათვის. მაგრამ განა იმათ სავსებით ჩვენი გაგება შეეძლოთ? ჩვენ ჭაბუკები ვიყავით, ისინი ხანშიშესულები. ჩვენ რაინდები ვიყავით, ისინი - კარისკაცები. ჩვენ გვიყვარდა ცხოველი სარწმუნოება, იმათ - თეოლოგია, ჩვენ გვიყვარდა ფერადი ცხოვრება, იმათ - განყენებული აბსტრაქცია”.
დასავლეთიდან წამოსულ შუქს იმდენი ჩრდილი ახლდა, რომ ადამიანის მხედველობისათვის მეტი რომ არა ვთქვათ, დაბინდული ხდებოდა თავად სინათლის წყარო.
... განა გასაგები არაა, თუ რატომ ეზიზღება კონსტანტინე გამსახურდიას რომანის გმირს ყოველივე ბიზანტიური?! და წუთითაც არ შეგეპარება ეჭვი, რომ ასეთივე გრძნობით იქნებოდა გამსჭვალული ისტორიული გიორგი პირველი.
ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, ბიზანტია მართლმადიდებლობას თავისი პოლიტიკური ბატონობის იარაღად ხმარობდა. ეგებ ამიტომაც, “დიდოსტატის მარჯვენაში”, ბიზანტიელთა სიძულვილით შეპყრობილ გიორგი პირველს, ხანდახან, ქრისტიანულ სარწმუნოებაზეც აუცრუვდებოდა ხოლმე გული. მამამზე ერისთავი ამბობს: “არც გიორგი მეფეს სწამს ქრისტე და მისი ჯვარი”. იხსენებს ბიზანტიელებთან დამარცხების ამბავს და მეფის ბრძანებით ოლთისი გადაწვას. გიორგის მოახსენებენ: უფლის სახლი იწვისო. ჩააქრობინეთო, იტყვის და მერე მამამზეს მიუბრუნდება: “ეჰ, ვინ იცის, მართლაც თუ არსებობს ღმერთი?” სხვა ადგილას თვით რომანის ავტორი გვარწმუნებს, გიორგი პირველს შერყეული ჰქონდა რწმენაო.
საქართველოს მეფეც, ბიზანტიის კეისრის დარად, პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანულ სარწმუნოებას და ჯვარი დამსჯელ იარაღად გამოიყურება აჯანყებულ მთიელ წარმართთა წინააღმდეგ.
“სასტიკი და თვალთმაქცი მეფე”, - ასე დაახასიათა ერთმა კრიტიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანში გამოყვანილი გიორგი პირველი.
რამდენად ზუსტი და სამართლიანია ამგვარი კვალიფიკაცია?
რომანის ზოგიერთი პერსონაჟიც ხომ აუგად მოიხსენიებს მეფეს: შავლეგ ტოხაისძე “გულმხეცს” უწოდებს, მამამზე ერისთავი - “გულზვიადს”, კონსტანტინე არსაკიძე _ “გულმძვინვარეს” და “გულბოროტს”. ამასვე იმეორებს შორენაც და სასოწარკვეთით ამბობს, უმალ სიკვდილის ცოლი გავხდებიო...
არა, არ ცდებიან მისი მაბრალობლნი. დიახაც გულბოროტი და გულმხეცია გიორგი პირველი. თავის სამიჯნურო ვნებათა გამო გზიდან ჩამოიშორებს მკვიდრ ბიძაშვილს გირშელს. ქორსატეველას ციხეზე იერიშისას მისი დაღუპვის ამბავს რომ გაიგებს, მთელი ღამე თვალი ვეღარ მოუხუჭავს, გირშელთან ერთად გატარებული ყრმობის წლებს იგონებს; ყვავილნარში პეპლებს რომ დასდევდნენ, ხილნარში კაკანათებს რომ აგებდნენ, მსხლის ხეებზე რომ ადიოდნენ, სახედარზე შემჯდართ დასახრით აღჭურვილთ აბჯრიან რაინდებად რომ წარმოედგინათ თავი. მაგრამ წარსულში დარჩენილა ყრმობის უბედნიერესი ხანა და როდესაც მაჰმადიანთა ტყვეობიდან დაბრუნებულ ბიძაშვილს დაატარებს “სევდის ბაღნარად” გადაქცეულ “ლხენის წალკოტში”, გიორგი ხედავს (თუ ეჩვენება?), რომ მსხლებს ფითრი მოსდებია, კაკლებს ფუღურო შესდგომია. ბუნება თითქოს იმეორებს ყრმობისდროინდელი ხალასი განცდების ჭკნობას და გაცვეთას. აგონდება ცხოვრების ყველაზე წრფელი მონაკვეთი, Mწიდროდ დაკავშირებული სწორედ გირშელის სახესთან და უძილო ღამით მის ფიქრებში შემოჭრილი ლირიკული ნაკადი უეცრად იმღვრევა საზარელი საიდუმლოების ამოტივტივებით სულის უბნელესი სიღრმიდან: “გამოუტყდა თავის-თავს: უხაროდა დედის ძმისწულის სიკვდილი”. ხოლო უკანასკნელ აღსარებაში, თვითგვემის ექსტაზით გაბრუებული, უკვე ხმამაღლა აღიარებს ჩადენილ ბოროტმოქმედებას თავისი მალემსრბოლის წინაშე: “სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის ძმისწული გირშელი, თრიაქით მთვრალმა”.
მეფის სამიჯნურო ვნებას შეეწირებიან დიდოსტატი კონსტანტინეც და შორენაც. ამ შემთხვევაში, მეამბოხე ფეოდალების მიმართ გამოვლენილი სისასტიკე აღარც ღირს სათქმელად.
გიორგი პირველი ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი დიდი ძალაუფლების შეგნებას უჩვეულო პირობებში რომ ჩაუტენებია. მწერალმა უხვად დააჯილდოვა იგი მამაკაცური “ცოდვებით”. ღვინოსა და თრიაქს ხშირად ეტანება, ქალთა სქესს გულგრილად ვარ შეჰყურებს და არც ხარჭების ნაკლებობას უჩივის. ერთი სიტყვით, არაფერი ადამიანური მისთვის არაა უცხო. შორენასადმი სიყვარულს გაუგონარ თავდავიწყებამდე მიჰყავს მეფე.
“გულბოროტი და გულმხეცი”, ზოგჯერ გულჩვილობასაც ამჟღავნებს. ჭიაბერის გლოვისას, ჯერ მამამზეს ტირილი აუჩუყებს გულს. მწერალი გვარწმუნებს, ამ წუთში მართლაც ეწყინაო მისივე ბრძანებით მოწამლული ჭიაბერის სიკვდილი. მერე ჭიაბერის მამამძუძე გამოჩნდება და “უსინათლო თაყაის ქვითინმა საოცრად შესძრა გიორგის გული, მამამზეს შემოეხვია და გულწრფელად ატირდა თავათაც”. მეფის მიერ გამოვლენილ გულჩვილობას მისი დაუძინებელი მტერი, “მელაძუა” შავლეგ ტოხაისძე ამგვარად ხსნის: მკვლელები და ლოთები ჯერ ღვინითა და სისხლით გაილეშებიან და შემდეგ ცრემლების ნთხევას მოჰყვებიანო. აღარც მისი გულწრფელი ცრემლი სჯერათ და აღარც კეთილშობილება. ალბათ,მართლებიც არიან. გარემოებათა კარნახით არის განპირობებული მეფის გულმხეცობა თუ გულჩვივობა. ღმერთი და ეშმა შეუსვენებლივ ებრძვიან ერთიმეორეს მის სულში. წამით ეწყინება მოსისხლე მტრის სიკვდილი და უხარია ყრმობის მეგობრის, ბიძაშვილის სიკვდილი. ესოდენ პარადოქსული რეაქცია უაღრესი ფსიქოლოგიური სიმართლით იხატება “დიდოსტატის მარჯვენაში” და ზუსტად შეესიტყვება კონკრეტულ ვითარებას.
ახლა ისიც ვიკითხოთ, რას წარმოადგენენ მისი ანტაგონისტები, რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომელთა მჭევრმეტყველი პორტპეტები შეუქმნია მწერალს. გავიხსენოთ თუნდაც პირმოთნე მამამზე ერისთავი, ჭიაბერის მიერ დასაზვერავად გამოგზავნილი, მეფეს რომ ეპირფერება და ურცხვად ეფიცება ერთგულებას; ანდა _ შავლეგ ტოხაისძე, ქორსატეველას ციხეში მეფის სტუმრობის დროს მოწამლული ღვინო რომ გაუმზადა, მაგრამ გამბედაობა ღალატობს და სხვისი ხელით ნარის მოგლეჯას ელოდება; ანდა _ ანგარებით თავბრუდახვეული თალაგვა კოლონკელიძე, რომელსაც იმედი გაუჩნდება, მეფე შორენას შეირთავსო და უკვე აღარ ეხატება გულზე თანამზრახველი შეთქმულნი; ანდა - ლუდით გალაღებული ფხოველები, გიორგი მეფესა და ზვიად სპასალარს სამრეკვლოზე თოკით ჩამოკიდებას რომ ემუქრებიან. მაგრამ მათი ბრძოლა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ წინასწარ განწირულია დასამარცხებლად. დარწმუნებით სეიძლება ითქვას, რომ სუსტთა მარცხი ძლიერთა ჭიდილში ყოველთვის როდი ნიშნავს დამარცხებულთა სიმართლეს. ქვეგამხედვარი მეამბოხენა ათასწილ ცოდვილნი არიან, ვადრე ზნეობისა და კაცთმოყვარეობის მოღალატე მეფე, რადგანაც ნიადაგს აცლიან საქართველოს ერთიანობას ანუ ღალატობენ სამშობლოს.
რომანში აქცენტი გადატანილია გიორგი პირველის საშინაო პოლიტიკაზე, რომლის ლაიტმოტივს შეადგანს ფეოდალური სეპარატიზმის აღკვეთა (თუმცა ერთგან ხაზგასმით აღნიშნულია, რომ “შინაური ომები სძაგდა ჟამის დღესავით მეფეს”). მწერალი, შესაძლოა, ითვალისწინებდა კიდეც ივანე ჯავახიშვილის დამაფიქრებელ დასკვნას: “ბიზანტიის კეისრების ახალი პოლიტიკაც ქართველთათვის სახიფათო იყო; მაგრამ მაინც საქართველოსათვის იმდენად გარეშე მტერი არ იყო საშიში არც ესა ყოფილა ის დიდმნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მის გაძლიერებას აფერხებდა. ქართველებს აუძლურებდა შინაური ბრძოლა მეფეთა და დიდგვარიან აზნაურთა შორის”. 
ისტორიული გიორგი პირველის მიერ სამხედრო კავშირის დამყარება ხალიფა ალ-ჰაქიმთან მწერალს უბიძგებს, რაღაც საერთო ნიშნები მიანიჭოს მათ. როდესაც უბრალო მოკვდავად გადაცმული გიორგი სანადიროდ მიეშურება და ინით შეიღებავს წვერს, ეგვიპტეში ნამყოფი გირშელი გაოცებით მიაშტერდება მეფეს: “იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს. სწორედ ასეთი მწითური წვერი ჰქონდა ხალიფას. მკვიდრი ძმა ეგონებით სარკინოზებს მისი”.
ფატიმიანთა ეგვიპტის ხალიფამ ალ-ჰაქიმმა, გამოჩენილი არაბისტი ვ. როზენის სიტყვით, მოიხვეჭა ყველაზე სავალალო სახელი თავისი გაუგონარი სისასტიკით, რაც თავზე ატყდებოდა როგორც ქრისტიანებსა და იუდეველებს, ასევე მაჰმადიანებს, სუტინებსა თუ შიიტებს. ალ-ჰაქიმი ერთობექსცენტრული პიროვნება გახლდათ. ხან ბრწყინვალე ამალის თანხლაბით დასეირნობდა სატახტო ქალაქის ქუჩებსა და ბაზრებში, ხანაც მარტოდმარტო დაეხეტებოდა მუკატამის მთის უდაბურ ხეობებში. ხან უძვირფასეს, თეთრი ფერის სამოსელს ატარებდა, ხანაც უხეში შავი სამოსელი ეცვა, რომელსაც მანამდე არ გამოიცვლიდა, ვადრე ბინძურ ძონძებად არ გადაიქცეოდა (თურმ, მთელი შვიდი წლის მანძილზე ერთხელაც არ წასულა აბანოში). ხან სიკვდილით სჯიდა უდანაშულოსა თუ დამნაშავეს, ხანაც ურიცხვ სიმდიდრეს უწყალობებდა მისივე ბრძანებით დასახიჩრებულ ადამიანებს. ხან უკიდურესი თვითდამცირებით აუქმებდა აღმოსავლეთში გავრცელებულ ხელმწიფისადმი მისალმების ფორმულებს, ხანაც ღმერთად გამოაცხადებდა თავს და ქვეშევრდომთაგან შესაფერ თაყვანისცემას მოითხოვდა. აღარაფერს ეპუებოდა და ერთხელ ისიც კი გაბედა, რომ მაჰმადიანური ლოცვის ტექსტში სიტყვები “სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა” ამგვარად შეაცვლევინა: “სახელითა ალ-ჰაქიმისა...”, რამაც მართლმორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია.
შესაძლოა, კონსტანტინე გამსახურდიას რომანში გამოყვანილი გიორგი პირველი ხსენებული ალ-ჰაქიმისა თუ ბაღდადელი ხალიფების მაგალითს მისდევდეს, როდესაც მდაბიორის სამოსში გადაცმული დაეხეტებოდა მთასა და ბარში, მაგრამ ეს პასაჟები იმდენად შტამბეჭდავი ფერებით არის დახატული დიდოსტატი მწერლის კალმით, რომ დაუეჭვებლად ენდობი, ცოცხლად წარმოიდგენ გლახუნა ავშანისძეს, თითქოსდა შეგხვადრია სადღაც და სამუდამოდ დაგამახსოვრდა.
გიორგი პირველი სწორედ მაშინ მაშინ ხდება ბუნებრივი და უშუალო, თავის ერთგულ მხლებლებთან ერთად რომ განერიდება ხოლმე სასახლეს, თავმობეზრებული დარბაზობის გრძელი ცერემონიებითა და კარის გარიგების მკაცრი ეტიკეტით, დედოფლისა თუ კათალიკოსის ერთფეროვანი შეგონებებით. უკვე აღარ არის მეფე საქართველოსი და გლახუნა ავშანისძე ჰქვია. შემთხვევითი როდია მისი დროებითი მეტამორფოზა ანდა გლეხური “ფსევდონიმი”. თავისი ხალხის ღვიძლი შვილია და მეფის გვირგვინის სიმძიმით გატანჯულს ენატრება უბრალო ადამიანის ხვედრი. მეხამლე ქიტესა რომ აუვსებდა ყანწს ღვინით, მაშინღა არ ესინოდა, მოწამლულ ღვინოს ხომ არ მასმევენო. გლახუნა ავშანისძე უდტრვინველად ისმენს გზაში გაცნობილი ფხოველის მიერ წამოსროლილ “პირძაღლ მეფე გიორგის”, მერე გულღიად ხუმრობს თავისიანებთან: სხვა მეფეებიც რომ გადაცმულნი დადიოდნენ, მაგვარი ქება არ მოაკლდებოდათო. ბიზანტიის კეისართან ნაომარ მეფეს არც ხატობაზე შემთვრალ გოდერძი ქალუნდაურთან ხმალში გასვლა ეთაკილება. კიდევ უფრო ბუნებრივი და უშუალოა, როდესაც თავის საჯინიბოში ცხენებს ეფერება ყურებსა თუ ფაფარზე, თვალებს უკოცნის და საალერსო სახელებს ეძახის. “ეს ცხენებიც ისევე დაჩეხილნი იყვნენ, როგორც მათი პატრონის ჯერაც ახალგაზრდა სხეული”, -აღნიშნავს მწერალი. ომგადახდილი ცხენები იფერებენ ალერსს, ხვიხვინებენ და ფრუტუნებდნენ კმაყოფილების ნიშნად. სწორედ მაშინ წამოსცდება მეფეს: “შენ გეტყვი, გირშელ. ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა, მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლიდი და ეს მომგვრიდა უდიდეს ბედნიერებას” (ქართველი მეფის გულისნადები თითქმის სიტყვასიტყბით ემთხვევა შექსპირისეული ინგლისელი მეფის ნატვრას: “რა ბედნიერი ვიქნებოდი, ო, ღმერთო ჩემო, რომ ერთ უბრალი, ღარიბ მწყემსად გავჩენილიყავ”).
მრავლისმთქმელ და ღრმააზროვან სურათს ვხედავთ გადაცმული მეფის სტუმრობისას გლეხის ოჯახში: შემზარავი საღატაკე სუფევს ირგვლივ, ჯვალოს ძონძები ჰკიდია კედელზე, დაფხრეწილი მუთაქები გდია კუთხეში. უმწეოდ ატირებულ ბალღს ჯერ სლოკინი აუვარდება, მერე ხველა აუტყდება და ყვინჩილასავით ააყივლებს ყივანახველა. ქალების სუფრას შლიან და მისთვის არავის სცხელა. გლახუნა ავშანისძე საჩვენებელ თითს ნიკაპზე დაადებს ატირებულ ბიჭუნას და დაუყვავებს: “ალალი, ალალი!” ... ადამიანი, გულთბილად განწყობილი უცოდველი ბალღების, ცხენებისა და ძაღლების მიმართ (“დიახ, ძალიან ერთგული ცხოველია ძაღლი... ჩვენ კი ადამიანები უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულას ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე”, -ქარაგმულად ეუბნებოდა ოდესღაც ხალობელ და მერე მტრად გადაქცეულ მამამზეს).
რატომ გვეუფლება სიმპათია ამ პერსონაჟისადმი? რატომ გვავიწყდება მისი ვერაგობა და მიუტევებელი ცოდვები? რატომ უნდა გვაღელვებდეს მისი ადამინური ტრაგედაი, როდესაც ის თვითონ არის ავტორი სხვათა ტრსგედიაბისა და დაუნდობლად უსწორდება მტერსა თუ მოყვარეს.
სხვას რომ თავი დავანებოთ, მწერალმა ხალხურ ლექსში თქმული მკლავის მოკვეთა ხუროთმოძღვრისა სწორედ გიორგი პირველს მიაწერა. ისტორიული სინამდვილის თვალსაზრისით დაუდგენელი დაძალზე საეჭვო ფაქტი ურყევ ჭეშმარიტებად მიაჩნია მკითხველს, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის აგება დამთავრებულა 1029 წელს და, როგორც წარწერებიდან ჩანს, იმავე წელს გარდაცვლილა თვითონ ხუროთმოძღვარიც. ხოლო ქართული წყაროს ცნობით, გიორგი პირველის სიკვდილის თარიღი გახლავთ 1027 წლის 16 აგვისტო. მაგრამ რომანისეული ინტერპრეტაცია უკვა გამჯდარია ჩვენს ძვალ-რბილში და გვწამს მხატვრული სინამდვილე - ისტორიული შესაძლებლობის დასაშვები ვერსია. და განა გაუგებარი არაა, რომ თანაბრად გვხიბლავდეს უსამართლობის მსხვერპლიც და მისი ჯალათიც? როგორ შევუთავსოდ ერთმანეთს სიყვარული საქართველოს დამოუკიდებლობის დაუცხრომელი დამცველისადმი და სიძულვილი ბოროტმოქმედი მეფისადმი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია. ვინ იცის, ეგებ ფსიქოლოგიური ატავიზმი თამაშობს გარკვეულ როილს ჩვენს ორჭოფულ დამოკიდებულებაში, სამპათია-ანტიფატიების უცნაურ და ბოლომდე შეუცნობელ გადახლართვაში? თაყვანისცემა ძლიერისა და ძლიერებისა, მოწიწება მაღალთა და სიმაღლის წინაშე - აუხსნელი სიმპტომები ადამიანის ფსიქიკაში თითქოსდა დასაბამიდანვე ჩაბუდებული ანომალიისა...
უთუოდ, ძალზე საგულისხმოა, ის კორექტივი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ შეიტანა ხალხური ლექსის შინაარსში. ნიჭიერ ხუროთმოძღვარს შემოქმედებითი გამარჯვების გამო როდი სჯიან მკლავის მოკვეთით (გავიხსენოთ სვეტიცხოვლის ტაძრის კურთხევის სცენაში აღწერილი ტრიუმფი არსაკიძისა). ლეგენდისეული “რატო კარგი აგიგია” რომანში გარდაისახა “ცუდად აგების” ფორმალურ ბრალდებად, რომელიც “ეროსისაგან გახელებული” მეფის ვნებათა შესანიღბავად იყო მოხმობილი. მწერალმა ლეგენდიდან, მართალია, ისესხა ხუროთმოძღვრის მკლავის მოკვეთის ფაქტი და ფარსმან სპარსის ინტრიგებს შეუფარდა, მაგრამ დიდოსტატის დასჯის ლეგენდისეული მოტივირება არ გაიზიარა და გაცილებით სარწმუნო, რეალისტური ახსნა მოუძებნა.
გიორგი პირველი, პერსონაჟი რომანისა არ წარმოგვიდგება იდეალურ გმირად, რომელსაც უნდა მიბაძო, სამაგიეროდ, შენიანია და ახლობელი, უბრალოა თავისი ადამიანური არსით, თავისი მანკიერებითა და წვრილმანი სისუსტეებით (გულუბრყვილოდ ამხნევებს შორენას გულცივობა გირშელისადმი, ბავშვივით უხარია იმავე გირშელის მიერ შემთხვევითი სიმხდალის გამომჟღავნება შორენას თვალწინ), მაგრამ თავისი მიზნების მისაღწევად არასოდეს უკან არ იხევს და არაფერს ერიდება, ღვთისა თუ კაცთაგან დასაგმობს.
ძნელია აუღელვებლად წაიკითხო სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წარმოთქმული მისი გულწრფელი აღსარება: “მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია, ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიცა, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია”. დამოწმებული ციტატის უკანასკნელი ფრაზა წარმოადგენს გიორგი პირველის უზენაეს კრედოს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარ სიმს. ამიტომაც გვხიბლავს უებრო რაინდად დაბადებული ქართველი მეფე, რომელმაც თამამად გამოიწვია ორთაბრძოლაში უზარმაზარი იმპერიის ძლევამოსილი მბრძანებელი. ქართულ მატეანეებში მრავალი ბრჭყვიალა ეპითეტით შეუმკიათ ქართველი მეფეები, ხანდახან ყურსაც გვჭრის ხოლმე მათი მისამართით გამოთქმული მაღალფარდოვანი და სტერეოტიპული დითირამბები, მაგრამ, ვგონებ, არცერთი მათგანისათვის არ გაუმეტებიათ ესოდენ ორიგინალური და შესაშური დახასიათება: “უშიში, ვითარცა უხორცო”.
ხალხის სიყვარული თავისი მეფისადმი მაინცდამაინც არ შეინიშნება “დიდოსტატის მარჯვენაში”, მაგრამ ხალხის პოზიციას, ალბათ, გამოხატავს ხუროთმოძღვარი არსაკიძე, ღირსეული წარმომადგანალი მშობელი ქვეყნისა, რომელიც ასე ეუბნება მთიელთა ამბოხების სათავეში ჩასადგომად გამზადებულ შორენას: “მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი, მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ. ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ. ამიტომაც, ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს. ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო. თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ ყოჩი არ წარუმძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი”.
ამგვარი სულისკვეთება არაერთხელ გამომჟღავნებულა საქართველოს ისტორიის გრძელ და მძიმე გზაზე. ძნელი სათქმელია, ეს ჩვენი უბედურება იყო თუ ღირსება, მაგრამ იმ ქვეყნის შვილებს, რომელიც ყოველმხრივ იყო გარშემორტყმული უძლიერეს აგრესორთა მიერ და მრავალგზის დაპყრობილ-აოხრებული ნახევრად ველურ ურდოთაგან, სოციალურ სატკივარს, არცთუ იშვიათად, გვავიწყებდა ეროვნული სატკივარი.
კონსტანტინე გამსახურდიას რომანში გამოყვანილი გიორგი პირველი “ერის წყლულთა” მკლავმოუღლელ მკურნალად გვევლინება და ჩვენს წარმოდგენაში ამიტომაც უტოლდება სვეტიცხოვლი შემოქმედს. ისინი ერთი თავით მაღლა დგანან სხვებზე, დიდი იდეის თავგანწირული მსახურნი.
ამბობენ ხოლმე, ისტორიულ პირს დამტკიცება არა სჭირდება, ის სინამდვილეში არსებობდა ესეც საკმარისი არისო. ხოლო ისტორიული ნაწარმოების პერსონაჟისა და განსაზღვრულ გარემოებათა დამაჯერებლობას განაპირობებს მწერლის უნარი _ მხატვრული ხერხებით დაგვისაბუთოს რომ ისინი მართლა ატსებობდნენ ამ ქვეყნად და ზუსტად ისეთი იყვნენ, როგორც მწერლის წარმოსახვას შეუქმნია.
კონსტანტინე გამსახურდია წერდა: “საზოგადოდ, მე აურაცხელ შრომას ვხარჯავ უცხოურ წყაროთა შესწავლაზე, ქართულებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ მთელი მასალა, რომელსაც ვიღებ, მხოლოდ ის “ძვალია”, რომლის მიხედვითაც კიუვიე აღადგენდა უზარმაზარი ძუძუმწოვარის ჩონჩხს. თუ ცოცხლივ გვინდა ეს არსება წარმოვიდგინოთ მისი აღდგენა და სულის შთაბერვაა საჭირო”.
ამ დებულების უაღრესად ზუსტი და უნაკლო დადასტურებაა “დიდოსტატის მარჯვენა”, კერძოდ _ მის ფურცლებზე ასახული გიორგი პირველი. მწერლის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფი, დაფუძნებული სიტყვაძუნწ ქრონიკებში ორიოდე შტრიხით მინიშნებულ სილუეტზე, ფსიქოლოგიურად ყველაზე დამაჯერებელ და ყველაზე ცოცხალ სახედ მეგულება ქართულ მწერლობაში ხორცშესხმულ მეფეთა შობის.
კონსტანტინე გამსახურდიას მიერ “მკვდრეთით აღდგენილი” გიორგი პირველი თამამად შეიძლება გავაიგივოთ თითქმის ათი საუკუნის წინათ რეალურად არსებულ მის “ორეულთან”. ფერმკრთალი აჩრდიდლი გადაიქცა სისხლსავსე პიროვნებად, რომელსაც შეუნელებელი ინტერესით ვადევნებთ თვალს, ვუსმენთ, ვესაუბრებით, გულწრფელად განვიცდით მის მაღალსა თუ მდაბალ ვნებებს, ხან ვექომაგებით, ხანაც ვკიცხავთ, ხან მისი გულქვაობა გვტკენს გულს, ხანაც გვახარებს და გვეამაყება მისი რაინდული სული - ღვთისგან ბოძებულ ძალაუფლებას, ვაგლახ, უღვთო ლაქებით რომ შეუბღალავს.
აი, სწორედ ამას ჰქვია მწერლის უდიდესი გამარჯვება, როდესაც მხატვრული სინამდვილე იხვეჭს ისტორიული უტყუარობის იერსა და ძალას, როდესაც “მიჩქმალული გმირი” წარსულის სიღრმიდან გვიახლოვდება და ლამობს დარღვეული “დროთა კავშირის” შეკვრას. 






ასალა მოგვაწოდა გიორგი მარჯანიშვილმა