October 9, 2012

ნიკოლოზ დურნოვო, ქართული ეკლესიის ბედი:

ნიკოლაი დურნოვო იყო რიურიკოვიჩი, რუსული სლავიანოფილური მოძრაობის ლიდერი და ილიას მეგობარი.

ნიკოლოზ დურნოვო
ქართული ეკლესიის ბედი
(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

“ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ეს დურნოვო, რომ ასე თავგამოდებით, იცავს საქართველოს ეკლესიასო? მართლაც, დურნოვოს გაბედული კილო, იშვიათი გულწრფელობა და ჩვენი საეკლესიო ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა ყველას აკვირვებს.
შეგნებულ ქართველთა წარმოდგენილებაში დურნოვო საქართველოს ეკლესიის მედგარ დარაჯათ ისახება. რუს მწერალთა შორის ასეთი მაგალითი არა თუ იშვიათი – ერთათ ერთი შემთხვევაა. მრავალ შეკითხვათა საპასუხოთ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, ვინ არის დურნოვო და როგორ უნდა ვუყურებდეთ მის მოქმედებას.
საუკეთესო იდეალი კაცობრიობის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო ადამიანები უმაღლეს სიამოვნებას ჰპოვებენ. ადამიანის მაღალი დანიშნულებაა პირველ ყოვლისა, ჭეშმარიტებას ემსახუროს და შემდეგ სხვა საგნებს. აი ასეთია ადამიანის მოწოდება და, თუ ცხოვრებაში დავინახეთ ისეთი მაგალითი, რომ ადამიანი მართლაც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ყოველ თავის საყვარელ და კერძოთ სათაყვანო ინტერესებს ივიწყებს და ჭეშმარიტებას ანაცვლებს, ეს გვახარებს, ეს გვიამება და რაღაც იმედს გვისახავს, რომ ადამიანი მართლაც ადამიანი გამოდის, და ის შესაფერ სიმაღლეზე გვეჩვენება.
ერთი ასეთი მაგალითი სწორეთ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორეთ თითით საჩვენებელია.