August 6, 2012

როგორ გამოაცხადა სტალინმა ქართველები დამნაშავე ხალხად:

„ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“.

სტალინს ხელებს უკოცნიან.
მჭედლიშვილი
საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ
(სტალინი და საქართველო)

ასე და ამგვარად, როგორც ვნახეთ, რუსული არმიების მეშვეობით საქართველოს დაპყრობისა და მოდერნიზებულ რუსულ იმპერიასთან იძულებითი გაერთიანების საქმე ითავეს და სისრულეში მოიყვანეს რუსეთში გახიზნულმა და იქ მოღვაწე გადარუსებულმა ქართველმა ემიგრანტებმა – სტალინმა და ორჯონიკიძემ. ისინი თავიდანვე მტრულად შეხვდნენ იმპერიის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამისი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პირადად ლენინს და მის გარშემო შემოკრებილ კომუნისტებს მიზნად ჰქონდათ დასახული მთელი მსოფლიოს იძულებითი ბოლშევიზაცია, რაც უნდა განხორციელებულიყო რევოლუციური გადატრიალებების გზით, სადაც რუსეთის იმპერიას ენიჭებოდა დამრტყმელი ძალის როლი ისეთივე ჩარევებით, როგორადაც ეს განახორციელა ლენინმა ყოფილი კოლონიების იძულებითი შემოერთებით.

სინამდვილეში რუსის პირწავარდნილ შოვინისტსა და იმპერიალისტ ლენინს ამ გზით სურდა მსოფლიო რუსული იმპერიის შექმნა, რომლის პირველი იდეოლოგი გახლდათ, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის მოღვაწე სასულიერო პირი – ბერი ფილოფეი. ეს იდეოლოგია დაფიქსირებულია ამ წიგნის პირველ ნაწილში.

სტალინისა და ორჯონიკიძის მიერ სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატის მიზეზთა შორის არ შეიძლება გამოირიცხოს მათი კარიერისტული მისწრაფებებიც.

როგორც ცნობილია, სტალინი და ორჯონიკიძე რუსეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, როგორც უცხო ქვეყნის ემიგრანტები, და თუ ისინი კვლავაც ამ სტატუსით დარჩებოდნენ იქ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეუფლებოდნენ იმპერიის სამეთაურო პოსტებს. ხოლო რუსეთის კანონიერი მოქალაქის სტატუსს ისინი მხოლოდ მაშინ მიიღებდნენ, თუ საქართველო კვლავ რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა.

აი, რატომ ეჩქარებოდათ ორივეს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და რატომ ეხვეწებოდნენ ლენინს, ნება მიეცა რუსული არმიებით შესეოდნენ საკუთარ სამშობლოს.

რა თქმა უნდა, სტალინიც და ორჯონიკიძეც, საქართველოს ერთნაირი მოძულენი იყვნენ და ერთნაირად მტრობდნენ საკუთარ სამშობლოს, მაგრამ გადამწყვეტ როლს სტალინი ასრულებდა. ორჯონიკიძე, სტალინთან შედარებით, არარაობა გახლდათ, იგი სტალინის ნების უსიტყვო შემსრულებელი იყო.

სტალინის მტრობა საქართველოს მიმართ იქიდან დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთს ჩამოსცილდა, ანუ, როცა საქართველომ სტალინის პირადი, კარიერისტული ვნებების [150] დასაკმაყოფილებლად არ გასწირა თავისი ეროვნული ინტერესები და არ თქვა უარი თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე.

რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორე ანექსიიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, სტალინი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშებმა და ცნობილმა რევოლუციონერებმა მას საპროტესტო შეხვედრა მოუწყვეს ნაძალადევის კლუბში.

ამ შეხვედრის შესახებ მოგონება დაგვიტოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილმა მოღვაწემ ვლასა მგელაძემ. იგი ასე მოგვითხრობს ამ შეხვედრის ამბავს: „საქართველოს დაპყრობის შემდეგ სტალინი პირველად ესტუმრა ტფილისს და ისურვა ტფილისის მუშებთან საუბარი. ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში მთელი რევოლუციონური მუშათა კლასი შეიკრიბა. დარბაზში ტევა არ იყო. ეზო მშრომელი ხალხით აივსო. ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ზღვა ხალხში დაძვრებოდნენ, მრისხანე მუშების სახეებს შემკრთალი შეპარვით აკვირდებოდნენ… კრება გაიხსნა. სცენის კუნჭულები ჩეკისტებმა დაიკავეს… ნელის ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თბილისის მუშების კარგა ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი – „კობა“ შემოიპარა, ფარდებიდან გამოძვრა… მთელი დარბაზი სამარისებური სიჩუმით, კრიჭაშეკრული ზიზღით შეხვდა… სტალინი აქ არ გავს მაღალი, საკაცობრიო იდეალით გატაცებულ მებრძოლს… იგი ნაძალადევათ იღიმება, გაუბედავათ ლაპარაკობს. მობოდიშებული კილო აქვს. ნახევრად თვალდახუჭული, შეპარვით ათვალიერებს თბილისის რევოლუციონერ მუშებს… აქ მას ყველა იცნობს, მათ ოჯახებში იმალებოდა, რამდენ დედას მისთვის საჭმელი უჭმევია, დაუმალავს, შვილივით მიუღია… დღეს კი თავისუფლება მოუსპო, სიცოცხლე გაუმწარა… მიუხედავად ფრთხილი და მორიდებული მოხსენებისა, სტალინს სიტყვას აწყვეტინებენ. ყოველი მხრიდან უყვირიან, უსტვენენ – მოღალატევ! გამყიდველო! ამ შეძახილებით უმასპინძლდებიან მუშები. მამაკაცებს, არც ქალები ჩამორჩებიან – წყეულო! შეჩვენებულო! მელაკუდავ! – უძახიან მოხუცი დედები. სტალინი კი, ვითომც არაფერი, შეურაცხყოფას არ იმჩნევს, თავს იკატუნებს. შურისსაძიებლად სხვა დროს უცდის…“ ზოგიერთის თქმით, სტალინს აქვე განუცხადებია: „დარბაზში ვინ უსტვენდა, ძნელია მისი დადგენა, ამიტომ, დარბაზში მყოფი ყველა დაიხვრიტებაო!“

ისევ ვლასა მგელაძეს მოვუსმინოთ: „მეორე დღეს შურისძიებით შეპყრობილი, ღვარძლიანი სტალინი სასახლეში თავის ხელქვეითებს ეუბნებოდა: „თბილისს ოქტომბრის რევოლუციის უთო უნდა გადაესვასო“. და მაშინვე მის სისრულეში მოყვანას შეუდგნენ. მოულოდნელად ძველი მუშები დააპატიმრეს, ჩეკას სარდაფებში ჩაყარეს, პოლიტიკური მოღვაწეებით აავსეს მეტეხის საგუბერნიო ციხე. ყოველივე ქართული საქმე ეჭვის ქვეშ დააყენეს, ჯაშუშები მიუჩინეს ხალხს სამსახურში, [151] რკინისგზაზე, დეპო-სახელოსნოებში და თვით ოჯახებშიც-კი…

მთელი ღამის განმავლობაში ჩეკის სარდაფებიდან, ციხეებიდან ტუსაღები გაყავდათ, ხელებგაკრულებს საბარგო ავტომობილებზე ყრიდნენ, ცხენოსანი რაზმით ალყაშემორტყმულებს ორთაჭალისა და საბურთალოს მინდვრებზე ხვრეტდნენ, ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს ერთად მარხავდნენ…“ (გაზეთი „თბილისი“, 1990 წ. 17 ოქტომბერი, ღალატის შემდეგ… „ბელადი“ თანამედროვის თვალით).

ამგვარად, სტალინმა ქართველი ხალხის ხოცვა-ჟლეტას 1921 წლიდანვე მისცა დასაბამი. თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებული სტალინი ოფიციალურად აცხადებს: „სანამ საქართველო არსებობს, სოციალიმზი სასიკვდილო საფრთხეშია!“ და ამ „საფრთხის“ სალიკვიდაციოდ იგი იწყებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლას – ქართული მიწა-წყლის გასხვისებას და დარჩენილის დაჩეხვას ავტონომიებად.

ამასთან, იგი ცდილობს თეორიულადაც დაასაბუთოს ქართველი ხალხის უღირსობა. აი, კერძოდ, რამხელა ღვარძლი დევს ქართველი ერის მისამართით სტალინის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებში და თვით ქართველი ერის უკიდურესად ყალბ და მტრულ განსაზღვრებაში: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“.

ჯერ ერთი, აიეტიდან და ფარნავაზიდან მოყოლებული, საუკუნეთა მანძილზე, როცა დედამიწის ზურგზე რუსის სახსენებელიც არ იყო, მაშ როგორ არსებობდა საქართველო?! ანდა, დავითისა და თამარის ეპოქაში, როგორ მიაღწია საქართველომ თავისი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო და პოლიტიკური მასშტაბებით უმაღლეს მწვერვალს, რუსის ჩექმა რომ არ დაბრაგუნობდა ქართულ მიწაზე?! უკიდურესი ცინიზმი, შხამი და ღვარძლია ჩაქსოვილი, აგრეთვე სტალინის იმ სიტყვებში, როცა იგი აჭარლებს აცალკევებს ქართველებისგან, არაქართველი მოსახლეობის მჩაგვრელებად გვაცხადებს ჩვენი საქვეყნოდ ცნობილი ტოლერანტობის მიუხედავად და შემთხვევით შეკოწიწებულ ხალხთა გროვას გვიწოდებს მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ სამიათასწლოვანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცივილიზაციის მქონე ქართველ ხალხს.

ამ ფაქტიდან გამომდინარე, სტალინის სიყვარული ქართველთა მხრიდან, ესაა პატრიოტიზმის მახინჯი გამოვლინება, რაც შინაარსს უკარგავს ნამდვილ, ეროვნულ პატრიოტიზმსა და თვით ერის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი თავდადებული, ნამდვილი ეროვნული მოღვაწეების მიმართ. სტალინს კი, არათუ არაფერი აკავშირებდა ეროვნულ სიყვარულთან, პირიქით, იგი ილაშქრებდა ერების არსებობის წინააღმდეგ და მოითხოვდა კაცობრიობის გაერთნაირებას ენით, ზნით, აზროვნებით, ხასიათითა და ა. შ., რაც სავსებით დაუკარგავდა ყოველ ერს საკუთარ სახეს და პირველყოფილ ჯოგად გადააქცევდა ხალხს, რომლის [152] დროსაც თითოეული ადამიანის საზრუნავი, ვითარცა ცხოველის, მარტოოდენ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება იქნებოდა. რა გამოლევს სათქმელს იმ ბოროტებისა და მტრობის შესახებ, რაც სტალინმა საქართველოს მიმართ ჩაიდინა, მაგრამ მოდით, მოვლენებს მივყვეთ თანმიმდევრობით. რუსული წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და მენშევიკური ხელისუფლების დამხობის შემდეგ კომუნისტები შეუდგნენ საქართველოში მანამდე არსებული დემოკრატიული სახელმწიფო აპარატის ნგრევასა და უნიტარულ-დიქტატორული სახელმწიფო აპარატის შექმნას.

მათ სავსებით მოშალეს არჩევითობაზე დამყარებული ერობები და საქალაქო თვითმმართველობები, სასამართლო ორგანოები მოსპეს, საქართველოს დამფუძნებელი კრება დაითხოვეს. ნაცვლად ამისა, შექმნეს ძალისმიერი სამმართველო აპარატი, რომელსაც „რევოლუციური კომიტეტები“ ანუ შემოკლებით „რევკომები“ ეწოდებოდათ. შეიქმნა სათემო, სამაზრო, საქალაქო და საგუბერნიო რევკომები. მის შექმნაში გამორიცხული იყო ხალხის მონაწილეობა, რევკომის თავმჯდომარეები ინიშნებოდნენ ზემოდან. რევკომის იმდროინდელ წევრთა უმრავლესობა სრულიად შეუფერებლები იყვნენ დაკავებული თანამდებობისათვის. ბევრ მათგანს არ გააჩნდა ელემენტარული განათლებაც-კი. ისინი ინიშნებოდნენ ძირითაად კომუნისტური ხელისუფლებისადმი ერთგულების ნიშნით – ვინც ჯერ კიდევ რევოლუციამდე ცნობილი იყო ტერორისტული აქტებით, ხოლო ახლა თავს იჩენდნენ უკმაყოფილო ხალხის დაბეზღებებით.

ამგვარად, რევკომებში აღმოჩნდნენ ყოფილი ბანდიტური დაჯგუფებების წევრები – კერძოდ, ისეთები, როგორიც იყო „წითელი რაზმელები“, „ტყის ძმები“ და სხვა. მაგალითად, ფილიპე მახარაძის რეკომენდაციით, მუხრანის რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა იმ ხანად სპარსეთიდან დაბრუნებული აქტიური წითელრაზმელი, ილიას მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი, რომელიც შემდეგ, კვლავ ფილიპეს წარდგინებით ინიშნება თბილისის ღვინის ქარხნის დირექტორად.

საქართველოს რევკომი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ საქართველოს დაპყრობის წინა დღეებში – 1921 წ. 16 თებერვალს ფილიპე მახარაძის, მამია ორახელაშვილის, შალვა ელიავას, ალექსანდრე გეგეჭკორის, ა. ნაზარეთიანის, ბესარიონ კვირკველიას და სხვათა შემადგენლობით. საქართველოში კომუნისტების გახელისუფლების შემდეგ რევკომების უმთავრეს მიზანს შეადგენდა დაეთრგუნათ რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალები და განემტკიცებინათ კომუნისტური წესწყობილება.

რევკომების ხელში ერთიანდებოდა მმართველობის მთელი სისტემა – სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლება. რევკომები, როგორც ითქვა, შემოღებული იყო საგანგებო ღონისძიებისათვის, რომელსაც უნდა განემტკიცებინა ბოლშევიკთა ძალაუფლება და შეემზადებინა პირობები საბჭოთა ხელისუფლებისათვის. [153] ერთი სიტყვით, ეს იყო გარდამავალი ღონისძიება. რევკომებმა ეს მისია წარმატებით შეასრულეს. დათრგუნეს, დაატერორეს, დაამონეს ხალხი და აი, უკვე საქართველოს დაპყრობის წლისთავზე 1922 წ. 25 თებერვალს შეიკრიბნენ საბჭოების ყრილობაზე, რომელსაც გზა დაუთმო რევკომებმა.

ყრილობამ მიიღო პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომელშიც უშურველად იყო დახვავებული ადამიანის „დემოკრატიული უფლებები“ ყველაფრის ამტან ქაღალდზე. შეიქმნა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი – „ცაკი“, ანუ უზენაესი საბჭო, რომლის პირველ თავმჯდომარედ დასვეს ერთ-ერთი ხანდაზმული რევოლუციონერი მიხა ცხაკაია. ეს ის მიხაა, რომელმაც ერთ-ერთ ხალხმრავალ მიტინგზე დიდის პათოსით განაცხადა: კაპიტალისტური ქვეყნების იმპერიალისტებს სურთ ჩვენი სოციალისტური სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის დამხობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან! პირიქით, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება – თუ დღეს საბჭოთა კავშირი დედამიწის ერთ მეექვსედს მოიცავს, მალე ერთი მეათედი გავხდებითო! „ცაკი“, ანუ შემდეგ უზენაესი საბჭო იყო საკანონმდებლო ხელისუფლების კარიკატურა. შეიქმნა აღმასრულებელი ხელისუფლებაც – სახალხო კომისართა საბჭოს სახელწოდებით. სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ფილიპე მახარაძე, საგარეო საქმეთა კომისრად მ. ორახელაშვილი, შინაგან საქმეთა კომისრად ბ. კვირკველია და სხვ. სინამდვილეში საქართველოს ეგრეთწოდებული ხელისუფლება იყო მოსკოვის მარიონეტი და მის დიქტატს ექვემდებარებოდა. კერძოდ და უშუალოდ საქართველოს კრემლიდან მეურვეობდა სტალინი, კვლავაც სერგო ორჯონიკიძეზე დაყრდნობით, რომელიც „კავბიუროს“ ედგა სათავეში. ამ ორმა კაცმა დაიწყო აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული ნგრევა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ლენინი მამა აბრამის ბატკანი იყო, მაგრამ ამ ბოროტულ საქმეში ეს ორი ქართველი „ინოროდცი“ ლენინზე უფრო მეტ რუსობას იჩენდა. მაგალითად, „ავტონომიზაციის“ ყბადაღებული იდეის ავტორი იყო არა ლენინი, არამედ სტალინი. მაგრამ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოვახსენებ მკითხველს.

სტალინმა საქართველოს სახელმწიფოებრივი ნგრევა დაიწყო, პირველ რიგში, ქართული მიწა-წყლის გაჩუქებით. უნდა ვიცოდეთ, რომ თვით ლენინი ტერიტორიული მოწყობის საკითხს – ავტონომიების ჩამოყალილებებას და თვით ტერიტორიების ჩამოჭრას და ა. შ. სტალინთან ერთად წყვეტდა, რამეთუ იგი იყო ეროვნებათა საქმეების კომისარი.

აი, კერძოდ, როგორ გაიცა ლენინისა და სტალინის მიერ საქართველოს ძირძველი მიწა-წყალი: 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ყარსის ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი), ასევე, ართვინის და არდაგანის ოლქები, რომელთა ტერიტორიული მოცულობა შეადგენდა 10-ათასამდე კვადრატულ კილომეტრს 160 ათასი მცხოვრებით. [154]

 რაც შეეხება შინაური მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის დაჯილდოებას ქართული მიწა-წყლით, ეს უშუალოდ სტალინმა და ორჯონიკიძემ განახორციელეს. კერძოდ, იმავე 1921 წელს სომხეთს გადასცეს ლორე-ალავერდის მხარე, სულ 2367 კვადრატული კილომეტრი 38-ათასი მოსახლით. 1922 წელს აზერბაიჯანს გადასცეს ზაქათალის ოლქი (ისტორიული საინგლო), გარეჯის ველი და ყარაიაზის სექტორი, ელდარი – 4553 კვადრატული კილომეტრის ფართობი და 92600 მცხოვრებით. რუსეთს დაუმტკიცეს (ტერიტორიულ ნაკლებობას განიცდიდა და იმიტომ) არა მარტო ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის მხარე, არამედ აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი (პილენკოვო). სულ, საქართველოს გასხვისებული ტერიტორიის ოდენობა 15 853 კვ. კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო მასზე მცხოვრებთა რიცხვი 292 257 სულს შეადგენდა (იხ. საქართველოს ისტორია, აკ. სურგულაძე, გვ. 245-246).

აი, ვის სადღეგრძელოს ვსვამთ ქართველები ქორწილ-ქელეხებში ფეხზე ადგომით! არაო, გვარწმუნებენ სტალინის ფანატიკოსი თაყვანისმცემლები – საქართველოსს მიწა-წყალი სტალინმა კი არა ორჯონიკიძემ გასცა ისე, რომ სტალინისათვის არაფერი უკითხავსო, ხოლო როცა ეს შეიტყო დიდმა ბელადმა, სასტიკად გაკიცხა ორჯონიკიძე, მას თითი დაუქნია ძალიან მაგრათ და თანაც დააყოლა – რატო შენი ღორეშა არ გაეციო?

პირდაპირ გეტყვით, ერი (ძირითადად სოფლის მოსახლეობა), რომელიც ასეთი ანეკდოტებით საზრდოობს, დასაღუპავადაა განწირული. არა, ბატონებო! ორივენი ერთნაირად მტრობდნენ საქართველოს, თუმცა გადამწყვეტ როლს მაინც სტალინი ასრულებდა.

სტალინმა და ორჯონიკიძემ მარტო მიწა-წყლის ჩამორთმევა როდი აკმარეს საქართველოს. ამ საქმეს რომ მორჩნენ, ანუ, უფრო სწორად, მის პარალელურად – დაიწყეს მისი ტერიტორიული დაჩეხვა. მაგრამ ამ საკითხის განხილვამდე, მინდა ერთი ასეთი შენიშვნა გავაკეთო მკითხველის გასარკვევად. თვით ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსები, რომლებიც ადრინდელთან შედარებით რეალურად გადმოსცემენ მოვლენებს, ფაქტებს ასე აფიქსირებენ: „საქართველოს რევკომმა მიიღო!“, „საქართველოს რევკომმა გადაწყვიტა!“ და ა. შ. ვინ ჰკითხავდა საქართველოს რევკომს?! იგი საკითხებს წყვეტდა იმ დირექტივების მიხედვით, რასაც მოსკოვის ხელისუფლება, ანდა უშუალოდ სტალინი და ორჯონიკიძე კარნახობდნენ.

აი, ქართველი ხალხის როგორის აბუჩად აგდებით დაიწყეს ლენინმა, სტალინმა და ორჯონიკიძემ დანარჩენ საქართველოსთან დასაპირისპირებლად ავტონომიური ერთეულების ჩამოყალიბება. მართალია, რუსი ბოლშევიკ-მარქსისტების განაყოფი ძმები – ქართველი მენშევიკი-მარქსისტებიც აღიარებდნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ უფლებებს, ხოლო იმ დროს ჯავაში და მის შემოგარენში კომპაქტურად დასახლებული ოსებისათვის „კულტურული ავტონომიის“ უფლებებს, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით სავსებით კანონიერი იყო, რამეთუ ოსებს ჰქონდათ ჩრდილო კავკასიაში თავიანთი ისტორიული [155] სამშობლო და, უპირველეს ყოვლისა, იქ უნდა ეზრუნათ თავისი სახელმწიფოებრივი ერთეულის შესაქმნელად და არა საქარათველოს მიწაწყალზე.

ლენინმა და მასთან ერთად, გადარუსებულმა ქართველმა ბოლშევიკებმა – სტალინმა და ორჯონიკიძემ კი აი, როგორის უკუღმართობით გადაწყვიტეს ეს საკითხი: 1921 წლის 21-მაისის დადგენილებით, აფხაზეთი სავსებით ჩამოაცილეს საქართველოს და იგი დამოუკიდებელ სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს.

ეს იყო გაუგონარი რამ ამ ძირძველი ქართული მიწა-წყლის მიმართ. ბოლოს, როგორც იქნა, შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და 1921 წლის 16- დეკემბრის ხელახალი განჩინებით, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით კვლავ შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში. ასევე, აჭარასაც მიენიჭა ავტონომიის სტატუსი, რასაც საფუძვლად დაედო განსხვავებული სარწმუნოებრივი ფაქტორი, რაც ასევე ნაკარნახევი იყო მოსკოვ-ანკარის გარიგებით.

გაცილებით უფრო უსამართლო იყო ეგრეთწოდებული „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ერთეულის შექმნა ზემო ქართლის, ანუ ისტორიული დვალეთის მიწა-წყალზე, მაშინ, როცა იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახიღა თუ ბოგინობდა.

საქმე ის გახლავთ, რომ 1920 წლის აჯანყების უსასტიკესი ჩახშობის შემდეგ, რასაც სავსებით იმსახურებდნენ ოსები მათი ავანტიურისტული მოთხოვნების – ამ მხარის საქართველოდან ჩამოცილებისა და მისი საბჭოთა რუსეთთან შეერთების საპასუხოდ. მათი უმრავლესობა თავიანთ ისტორიულ სამშობლოში – ჩრდილოეთ ოსეთში გადაიხვეწნენ. ამის გამო იმ დროს არავითარი საფუძველი არ არსებობდა ამ ტერიტორიაზე ოსური პოლიტიკური ერთეულის შესაქმნელად. ამის მიუხედავად სტალინმა და ორჯონიკიძემ მაინც შექმნეს აქ „სამხრეთ ოსეთის რევკომი“. კურიოზი ის იყო, რომ შეიქმნა ოსური ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ არ იყო იქ ოსური მოსახლეობა. ამ ვაკუუმის შესავსებად საბჭოთა რუსეთის მიერ ფინანსური და სხვა სახის დახმარებით უკან დააბრუნეს ერთის მხრივ დვალეთიდან გახიზნული ოსები, მაგრამ რამდენადაც ეს არ იყო საკმარისი რეგიონში ოსური უმრავლესობის შესაქმნელად, თვით ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი მოსახლეობაც ჩამოათესლეს სამაჩაბლოში. ამის გარდა, ოსებისათვის ფართო დასასახლებელი რეგიონის შექმნის მიზნით, „სამხრეთ ოსეთს“ მიაკუთვნეს გორის, დუშეთის, შორაპნისა და რაჭის მაზრების 40 ქართული სოფელი. ასევე უსაფუძვლოდ დაუდგინეს დედაქალაქად ქ. ცხინვალი, სადაც იმ დროს ოთხი თუ ხუთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა მხოლოდ. და აი, უკვე 1921 წლის 6-8 სექტემბერს, ზემოდან მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტკომის გაერთიანებულმა სხდომამ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის“ სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნისა და მისი „კონსტიტუციის“ დამტკიცების შესახებ. გადაწყდა ისიც, რომ ამ ნიადაგზე შექმნილ „სამხრეთ ოსეთს“ და საქართველოს ერთმანეთთან უნდა დაემყარებინათ „ფედერაციული“ ურთიერთობა. [156]

ამრიგად, საქართველოს და მის ერთ-ერთ ნაწილს ფაქტობრივად ერთნაირი სტატუსი ენიჭებოდათ. ოსებს ამდენი თვითნებობის საფუძველს ის აძლევდა, რომ 1920 წლიდან მოყოლებული საბჭოთა რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, მის წამქეზებლურ ნებას ასრულებდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც მათგან ყოველგვარ მხარდაჭერას ელოდა.

სწორედ ამ მხარდაჭერის იმედით იყო, რომ, როდესაც 1924 წელს „ჩრდილო ოსეთის“ ავტონომიური ოლქიც შეიქმნა, 1925 წლის იანვარში ჩრდილო ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე დაისვა საკითხი ორი ოსური ერთეულის გაერთიანების შესახებ. ეს აზრი ერთხმად მოიწონეს საქართველოსა და ამიერკავკასიის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტებმა, მაგრამ, რამდენადაც ეს გაერთიანება საქართველოს ფარგლებში უნდა მომხდარიყო, რის გამოც რუსეთი კარგავდა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიას, მოსკოვმა მას მხარი აღარ დაუჭირა და დაკმაყოფილდა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნით, საქართველოს იურისდიქციაში (იხ. ფარნაოზ ლომაშვილი, საქართველოს ისტორია 1918-1991, გვ. 68-69).

საქართველოს ისედაც მცირე მიწა-წყალზე ავტონომიური ერთეულების შექმნა იყო იმპერიალისტური რუსეთის სამსახურში მყოფი სტალინ-ორჯონიკიძის „შორსგამიზნული აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსალოდნელი აღდგენის საპირისპიროდ და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მას ხანგრძლივი მოქმედების ნაღმის დანიშნულება ჰქონდა“ (იხ. აკ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, გვ. 246).

ახლა სტალინმა, როგორც ეროვნებათა საქმეების კომისარმა, რა თქმა უნდა, ლენინის მხარდაჭერით, ასევე, სერგო ორჯონიკიძის თანადგომით, წამოიწყო ავტონომიზაციის დიდმპყრობელურ-შოვინისტური პროცესი, რომელიც მიმართული იყო ძალით შემოერთებული არარუსი ხალხის სახელმწიფოებრივი უფლების მოსასპობად და რუსულ იმპერიულ წიაღში მათ გასათქვეფად.

ამ სამეულმა განსაკუთრებით შეუტიეს ამიერკავკასიის რესპუბლიკებს საერთოდ, მაგრამ მათ შორის ყველაზე უფრო ნიშანში ჰყავდათ საქართველო, რომლის მიმართაც სტალინს თბილისში მარცხიანი ვიზიტის შემდეგ უკვე ჰქონდა გამოტანილი ასეთი განაჩენი – „საქართველო წაღმაუკუღმა უნდა გადაიხნასო“.

სტალინის ეს ყბადაღებული ავტონომიზაცია იმას ითვალისწინებდა, რომ მანამდე რუსეთთან „სამოკავშირეო ხელშეკრულებებით“ დაკავშირებული რესპუბლიკები ახლა უშუალოდ უნდა შესულიყვნენ რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებით, და ამგვარად შექმნილიყო ერთიანი და განუყოფელი რუსეთის ფედერაციული სახელმწიფო.

უპირველეს ყოვლისა, ჯერ შექმნეს ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანება, რომელშიც შეიყვანეს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ხოლო შემდეგ ისინი ჯოგურად შერეკეს რუსეთის ფედერაციაში. ამ ვანდალისტური პოლიტიკით უაღრესად დაამცირეს თითოეული ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობა და მისი არსი, რამეთუ ამ ფედერაციაში ჩაკარგეს თითოეულის ეროვნული სახელმწიფოებრიობა და მისი ეროვნული ვინაობა. ფედერაციის დედაქალაქად თბილისი გამოაცხადეს. აქ იყო თავმოყრილი ფედერაციის მმართველი ორგანოები, სადაც მართვა-გამგეობა მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს კი ხელს უწყობდა საქართველოს ისტორიული დედაქალაქის გარუსებაგადაგვარებას.

სტალინის მიერ წამოწყებული ავტონომიზაციის პოლიტიკას წინ აღუდგნენ ქართველი ბოლშევიკები – ფ. მახარაძე, ბ. მდივანი, მ. ოკუჯავა, კ. ცინცაძე, ლ. დუმბაძე და სხვები, ანუ ისინი, ვინც ცოტა ხნის უკან წინ მოუძღოდნენ რუსის ოკუპანტებს. ამიტომ მათი მიჩნევა პატრიოტმამულიშვილებად ყოვლად გაუმართლებელია. ისინი, უბრალოდ, წინ აღუდგნენ ავტონომიზაციას იმ პრინციპით, რომ რამდენადაც ამის შედეგად იქმნებოდა რუსეთის უნიტარული სახელმწიფო, სადაც არარუსული რესპუბლიკები მისი უბრალო პროვინციების მდგომარეობაში ექცეოდნენ, ამ შემთხვევაში კარგავდნენ ისინი ადგილებზე ძალაუფლებას და ცენტრის ნება-სურვილის შემსრულებელ მარიონეტებად იქცეოდნენ. ასე რომ, მათი გამოსვლები ავტონომიზაციის წინააღმდეგ გამოწვეული იყო არა მამულიშვილური გულშემატკივრობით, არამედ უფლებრივ-თანამდებობრივი ამბიციებით. ასე რომ არ ყოფილიყო, განა ისინი თავის დროზე ილიას და მის ეროვნულ კურსს დაუპირისპირდებოდნენ და რუსის ბოლშევიკებს დაუდგებოდნენ გვერდში?

მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრმა თავისი გაიტანა, ხოლო სტალინმა ისინი ნაციონალ-უკლონისტებად მონათლა და შემდეგში ყველანი დახვრიტა.

აი, კონკრეტულად ვინ მოჰყვა სტალინის ხორცსაკეპ მანქანაში: მ.ორახელაშვილი და მისი ცოლი, ბუდუ მდივანი, მ. კახიანი, ლ. ღოღობერიძე (1924 წლის „გმირი“), ს. მამულია, თ. ჟღენტი, მ. ტოროშელიძე, ვ. აღნიაშვილი, შ. მათიკაშვილი, გ. დევდარიანი, გიორგობიანი, გოგლიძე, კეკელია, ბედია, ალავერდაშვილი, ხანეიშვილი, ქართველიშვილი, ელიავა, კილაძე, ჟორჟიკაშვილი, ლორთქიფანიძე, ჟორჟოლაძე, კანდელაკი, კუჭაიძე; გენერლები – თუხარელი, ქუთათელაძე, ბუაჩიძე, მიროტაძე… ლენინმა კი გაუმართლებლად ჩათვალა შემდგომისათვის რუსეთის სახელწოდების მქონე იმპერია, რამდენადაც მასში აშკარად ჩანდა რუსეთი, როგორც დანარჩენი რესპუბლიკების ზემდგომი, დამპყრობელი ძალა, რის გამოც შეუცვალა მას სახელი და ეს ახალი იმპერიული გაერთიანება შენიღბა „საბჭოთა კავშირის“ სახელწოდებით.

No comments:

Post a Comment