March 18, 2011

მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)



ქართული სული
ისევ ამოძრავდა ქართული სული. სწორედ 26 ვარდობისთვიდან იწყო ვარდივით ფშვა.
არემარეს მოჰფინა სურნელება, დამატკბობელი გამხარებელი გულისა.
ჩაედგა სული კლდეს, მთას, ბარს, უტყვს, მეტყვს.
ქართული სული უკვე დაქროლავს მატარებლით, მოსცურავს ნავით, მოზუზუნებს მავთულით, მოსჩქეფს მდინარის მჭევლზე, მოფრინავს ზენაქარზე, წკრიალებს ურმულში, გუგუნებს ჰოპუნასა და მრავალჟამიერში.

აღვიძებს ყრუ არსებათაც კი:კონცხებს, ფრიალოებს.
ახუვლებს სპეკალ ჩანჩქერებს, აზვირთებს მოდუდუნე ხევებს, არაკრაკებს წანწკარა წყაროებს.
და ყველას აგალობებს ერთს კილოზე:საქართველოს სული, გარინდული უხეშობის ძალმომრეობით ასი წლის სავალზე ამოძრავდა, გაშალა მკლავნი ძლიერნი თავისუფალ ქართულ ცხოვრების მოსაწყობად, საკუთარის ტვინითა და საკუთარის გულით საკუთარ წესწყობილების შესაქმნელად, გიხაროდენ, ქალაქო, მხიარულ იქმენ, დაბა სოფელო! საქართველოს მოლოდინი აღსრულდა:
ბაზალეთის ძირს აკვანში მწოლარემ იკმარა ძილი, ამოვიდა, და შვილებს მოუტანა ლოცვა-კურთხევა მამებისა. იქიდგან შემოეთვალათ:
შოთას: მზე უკვე მზეობს თქვენთვისა დარიცა დარობს დარულად, რადგან სამშობლო ტკბილი ცა წყალობისა, მთოველი გაგიხდათ. სიკვდილი სახელოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა.
ნინოს: ნათლით გაგანათლეთ და ეგ ნათელი დაგიშრიტეს არათუ მანდ თქვენ, არამედ მეც აქ:ჩემსავე სავანეში მესმოდა რაღაც გაუგებარი ჟღურტული ტკბილ ქართულ ლოცვის მაგიერ. გმადლობთ, რომ მომაშორეთ არამკითხე სულის მცხონებლები.
თამარ მეფეს: ზღვაში ჩაუშვი ხომალდი, ხმელეთი ჩემკენ მოვიგდე, არზრუმსა დავსდე ბეგარა, ისპაანს ხარჯი ავიღე.
ილიას: თქვენ საკუთარი მიწა-წყლის მიჯნები მაინც დაიცავით, სულ ამას ვიმღერი:მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვად მონობისა, თანაც ვუმატებ”კვლავ ჩემ წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვგრძნობ მშობლიურს გრგვინვას. ვაშა, თქვენ.
რაფიელს:სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა:ორივ ტკბილია, მირჩევნის ორსავ თვალზედა. არ გავსცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
აკაკის: ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, სხვა და სხვა კუთხის მცხოვრებნი, ოდელა, დელა, დელაო!” ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ სინათლე დაგვიბნელაო… შორიდგან შემოგვეპარა მტერი ვით ტურა მელაო და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს, არ მოსწონს ,,დელა, დელაო!” ერთობა ჩვენთვის ტახტია მტრებისთვის სახრჩობელო”… შინაურ მტერს უფრო სასტიკად მოეპყარით, ვიდრე გარეშეს. გამარჯვებულებს გაგიმარჯოთ!
ნიკოს (ბარათ.): მე სულ ამას ვლოცულობ:გულთა მხილავო, შენ უწყი რაც დღეს საქართველოსა ჭირნი მოადგეს! მრავალ არიან, უფალო, მტერნი, და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი! გვესწრაფე, ჩვენო ხელთ აღმპყრობელო, და აღადგინე დღეს საქართველო”.
ვიმეორებ ქართული სული კვლავ ამუშავდა, იგი ცხოველობს ამერეთს და იმერეთს, იგი ფშვის სატახტო ქალაქებში-თფილისსა და ქუთაისს, იგი მშვენიერობს სოფლად და დაბად, იგი ბზინავს პალატებსა და ქოხებში, იგი დიადობს, იგი ძლიერობს, იგი ზარს სცემს. და, ქართველო, მომავალი შენია…
,,სახალხო საქმე” 1918, N 330, 13 სექტ, გვ. 3

2 comments:

  1. მოსე ჯანაშვილი 1918 წლის 26 მაისზე

    ReplyDelete
  2. მაგარია!
    გიორგი ჩემდა სამარცხვინოდ, სულ არ ვიცნობ მოსე ჯანაშვილს. რა კარგად და გულით აქვს ნათქვამი!
    გმადლობთ!

    ReplyDelete