October 30, 2011

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა//"ბურუსი"დან//:


ვ. ბაბეს მიერ შედგენილი
 საქართველოს რუქა, 1920 წ.
ამასთან, კავკასიაში იკვეთებოდა დიდ სახელმწიფოთა აშკარა თუ ფარული ინტერესები, რაც მკაფიოდ აისახებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ სვე-ბედზე.
საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრეს ამოცანას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და აღიარება წარმოადგენდა. ხელისუფლების ძალისხმევაც ამ კუთხით წარიმართა. დამფუძნებელი კრება, საგარეო საქმეთა
სამინისტრო, მისი დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოეთში მიზანმიმართულად საქმიანობდნენ დასახული ამოცანის ხორცშესასხმელად.


საქართველო - 1918 წ.
საქართველო და გერმანია
პირველი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ურთიერთობა დაამყარა, კაიზერული გერმანია იყო. გერმანიამ იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციის საფრთხისაგან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა 117 წლის წინ გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 1918 წლის 28 მაისს ფოთში ხელმოწერილ იქნა გერმანია-საქართველოს ხელშეკრულება, რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა.


დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით საქართველოში შემოვიდა ორი ბავარიული ათასეული, ხოლო თბილისში ბინა დაიდო გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურმა მისიამ გენერალ ფონ კრესის მეთაურობით. მალე ბერლინს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ა. ჩხენკელის ხელმძღვანელობით. მომზადდა საქართველო-გერმანიის “სამეგობრო, ეკონომიკური და სამართლებრივი ხელშეკრულება.” მიღწეული შეთანხმებით, გერმანია ცნობდა და აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ კურსს წინააღმდეგობა არც გერმანიის რაიხსტაგში შეხვედრია. საფუძველი ეყრებოდა პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორივე ქვეყნისათვის მისაღებ და ხელსაყრელ პრინციპებს ეფუძნებოდა.

მართალია, ვილჰელმ მეორეს საქართველოსთან მიმართებაში საფუძვლიანი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, მაგრამ ეს ინტერესები არ ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს, არ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ მისწარაფებებს.

გერმანელები არ ჩარეულან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტობა იკისრეს და დანაპირები პატიოსნად შეასრულეს. როცა 1918 წლის ივნისში საქართველოს სამხრეთში თურქები შემოიჭრნენ, გერმანელმა ჯარისკაცებმა, ქართველთა მხარდამხარ, სიცოცხლეც შესწირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-შენარჩუნებას. გერმანელებს უარი არ უთქვამთ საქართველოს ბუნებრივი და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე, მაგრამ ნაცვალგებითა და სათანადო ანაზღაურებით.

გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში გრაფი შულენბურგი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით იგი ამ პოსტზე დოქტორმა რაუშერმა შეცვალა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში ვ. ახმეტელაშვილი წარგზავნეს.


ფრიდრიხ ვერნერ გრაფ ვონ დერ შულენბურგს მკერდზე თამარის ორდენი უკეთია

1918 წლის ივლისში თბილისში დაარსდა გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება, ჩამოყალიბდა გერმანულ-ქართული სავაჭრო პალატა, გერმანიის მთავრობამ ქართველი მოსწავლეებისათვის დააწესა რამდენიმე სტიპენდია. განიხილებოდა საქართველოსათვის 50 მილიონი მარკის სესხად გამოყოფის საკითხი, ჭიათურის მარგანეცის კონცესიისა და ფოთის პორტის ექსპლუატაციის პროექტები გერმანული ფირმებისა და კომპანიების მონაწილეობითა და სხვ. მაგრამ ამ საქმიან ურთიერთობას გაგრძელება არ ეწერა.

პირველ მსოფლიო ომში განცდილმა მარცხმა და 1918 წლის ნოემბერში ქვეყანაში განხორციელებულმა რევოლუციამ გერმანია იძულებული გახდა თავისი სამხედრო კონტიგენტი საქართველოდან გაეყვანა. მათ ნაცვლად სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა შეეცადა ხელი შეეშალა გერმანელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. ქართველობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავის მოამაგე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს მთავრობამ ღირსეულად გააცილა თბილისიდან მიმავალი გერმანული ეშელონები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი თამარ მეფის ორდენით იქნა დაჯილდოებული.

მართალია, გერმანიასა და საქართველოს შორის ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ვეღარ განვითარდა, მაგრამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 1920 წლის სექტემბერში გერმანიამ საქართველოს სუვერენიტეტი დე იურედ აღიარა.

გერმანელთა ჯარის შემოსვლა თბილისში

ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან

საქართველო და აზერბაიჯანი
ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც თბილისში გამოცხადდა. ახლად ჩამოყალიბებული რესპუბლიკის მთავრობა ფატალი ხან-ხოელის თავმჯდომარეობით გარკვეული დროით საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობდა. შემდეგ იგი განჯაში გადავიდა, მოგვიანებით კი, ბაქოში დამკვიდრდა, რომლის ბოლშევიკთაგან განთავისუფლება მხოლოდ თურქეთის არმიის დახმარებით მოხერხდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა დე ფაქტო ცნეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად აზერბაიჯანში ნ. ქარცივაძე დაინიშნა. სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე იგი ჯერ გ. მახარაძემ, შემდეგ კი, გ. ალშიბაიამ შეცვალეს. აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში მ. ჯაფაროვს ჰქონდა მინდობილი.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის ხასიათზე საგარეო ფაქტორების გარდა (მსოფლიო ომი და მისგან გამომდინარე შედეგები), გავლენას ახდენდა რუსეთის მძიმე კოლონიური მემკვიდრეობა, სახელდობრ, ურთიერთგაუმიჯნავი და მოუწესრიგებელი საზღვრები. საზღვრების გამიჯვნას აზერბაიჯანის ხელისუფლება რელიგიური პრინციპით უდგებოდა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაქათალის ოლქს, ასევე მუსლიმებით დასახლებულ ბორჩალოსა და ახალციხის მაზრების ნაწილს ეცილებოდა. ეს მიწა-წყალი ისტორიულად საქართველოს კუთვნილი იყო, მაგრამ ახლა მეზობელთა მხრიდან სადავო გამხდარიყო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე აზერბაიჯანმა ზაქათალის ტერიტორია სამხედრო ძალით დაიკავა და მთელ ოლქზე საკუთარი იურისდიქცია გაავრცელა. საქართველოს მთავრობის პროტესტს რეალური შედეგი არ მოჰყოლია, საინგილო ფაქტობრივად აზერბაიჯანის ხელში რჩებოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიელთა რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის, კავკასიის ეკონომიკური და სამხედრო-თავდაცვითი შეკავშირების კურსს ახორციელებდა. გეოსტრატეგიული ინტერესები, სამეურნეო და ეკონომიკური საჭიროებანი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს ურთიერთდაახლოებისა და პარტნიორობისაკენ უბიძგებდა. ბაქოს ნავთობი საქართველოსთვის შეუცვლელი იყო, აზერბაიჯანისთვის კი საქართველო დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოადგენდა. ამ გარემოებებს ორივე ქვეყანაში ანგარიში ეწეოდა. 1918 წლის დეკემბერში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც აზერბაჯანსა და საქართველოს შორის თავისუფალ – უბაჟო ტრანზიტს აწესებდა, 1920 წელს გაფორმებული შეთანხმება კი საქონლის ურთიერთგაცვლის პროცედურათა გამარტივებას ითვალისწინებდა.

მეტად მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც 1919 წლის ივნისში ამ სახელმწიფოთა სამხედრო ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.

ხელშეკრულების მოქმედების ვადად 3 წელი განისაზღვრა. ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ, საგარეო საფრთხისა და აგრესიის შემთხვევაში თავიანთი შეიარაღებული ძალებით ერთად გამოსულიყვნენ ორივე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული ხელშეუხებლობის დასაცავად.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო ხელშეკრულებამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა ორივე ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დოკუმენტი ერთხმად იქნა რატიფიცირებული, აზერბაიჯანის პარლამენტში კი მისი დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ ბოლშევიკები გამოვიდნენ.

ხელშეკრულების სპეციალური პუნქტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვით კავშირთან შესაერთებლად ადგილს ტოვებდა სამხრეთ კავკასიის მესამე რესპუბლიკისთვისაც, მაგრამ სომხეთი ამ ალიანსს არ შეერთებია.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 1919 და 1920 წ.წ. აპრილში ორჯერ მოწვეულ იქნა კავკასიურ რესპუბლიკათა კონფერენცია. ტერიტორიულ პრობლემათა გარდა, განიხილებოდა ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებული მოქმედების საკითხები და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის ოფიციალური დელეგაციები პოულობდნენ საერთო ენას, ახერხებდნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, აქვეყნებდნენ ერთობლივ მიმართვებს, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის სრულად იყო დაცული დიპლომატიური ეტიკეტი. ისინი მისასალმებელ ადრესებსა თუ დეპეშებს ცვლიდნენ ერთმანეთში თითოეული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენასა და ღირსახსოვარ თარიღთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მზად იყო მიეცა აზერბაიჯანისთვის ბათუმის ნავსადგურით თავისუფალი ტრანზიტის უფლება, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური წრეები მეტს ესწრაფოდნენ, – თითქმის მთელ სამუსლიმანო საქართველოს უმიზნებდნენ და თავიანთი პრეტენზიების დაკმაყოფილებას მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს ლონდონისა თუ სან-რემოს კონფერენციებზე ცდილობდნენ. ამასთან, ბათუმის ოლქში ჩამოყალიბებული აზერბაიჯანული ორგანიზაციები (საქველმოქმედო საზოგადოება და სხვ.) მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ, ადგილობრივ მაჰმადიან მოსახლეობაში ეწეოდნენ პანისლამისტურ აგიტაციას, ხელს უწყობდნენ სეპარატიზმის გაღვივებას. საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდა, მაგრამ სიტუაციის გამწვავებას აშკარად ერიდებოდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობა მაინც დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1920 წლის აპრილის ბოლოს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების შექმნა გამოცხადდა და ქვეყანაში მთელ ძალაუფლებას ბოლშევიკები დაეპატრონენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის წითელი არმიის ინტერვენციისთვის რესპუბლიკის ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკური პარტიისათვის მმართველობის გადაცემას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ასეთ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღარ მოეთხოვებოდა აზერბაიჯანთან თავდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა. ქართული სამხედრო შენაერთების აზერბაიჯანში გაგზავნისაგან საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა. თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ბოლშევიკთაგან დევნილ აზერბაიჯანის დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები გასაბჭოებულ ბაქოში. აზერბაიჯანის რევკომის განკარგულებით თითქმის სრული შემადგენლობით დააპატიმრეს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა, დახვრიტეს აზერბაიჯანის არმიაში მომსახურე რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის გენერალი ბ. მაყაშვილი და სხვ.

1920 წლის მაისის დამდეგს საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრებიდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გამოილაშქრეს. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახერხა თავდაცვა და აგრესორი მოიგერია. იმის მიუხედავად, რომ ამ შეტაკებით ერთმანეთს რუსეთი და საქართველო დაუპირისპირდნენ, მათი დაზავების შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორისაც დაიდო. ზავი 1920 წლის 12 ივნისს აღსტაფაში გაფორმდა.

აღსტაფის ხელშეკრულებამ მეტი სიცხადე შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნაში. საზღვარი ცარიზმის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ საადმინისტრაციო ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.

საქართველო და სომხეთი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრების დადგენას ისტორიული, ეკონომიკური, სტრატეგიული და სხვ. პარამეტრებით მიუდგა. სომხეთის მმართველი წრეები კი ტერიტორიულ გამიჯვნას ეთნიკური და რეალური მოსახლეობის პრინციპით მოითხოვდნენ. სომხეთი საქართველოს ლორე-ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს ეცილებოდა. მასვე პრეტენზია ჰქონდა თბილისზე, გორზე, ბათუმსა და ბათუმის ოლქზე.

სადავო საკითხების გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობამ სომხური მხარე არაერთხელ მიიწვია კონფერენციაზე, სთავაზობდა, პრობლემები მოლაპარაკებათა გზით გადაეჭრათ, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მიემართათ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურები საბოლოო პასუხს გაურბოდნენ, საქმის საგნობრივ განხილვას აჭიანურებდნენ, ხოლო, როცა მიიჩნიეს რომ, საამისო დრო დადგა, სადავო ტერიტორიების ხელში ჩაგდება იარაღის ძალით მოინდომეს.

1918 წლის შემოდგომაზე კავკასიაში გამარჯვებულ სახელმწიფოთა სახელით ბრიტანეთის ჯარები განლაგდნენ. რეგიონში ინგლისელთა გამოჩენამ აღაფრთოვანა სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის მმართველი დაშნაკთა სოციალისტური პარტია. სომეხ პოლიტიკოსებს ინგლისელები თავიანთ მოკავშირედ ესახებოდათ. ამ განწყობას აძლიერებდა სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა, რომელიც მართლაც ამჟღავნებდა სიმპათიას სომხეთის მიმართ.

სომხებმაც არ დააყოვნეს და თუ აქამდე საქართველოს წინააღმდეგ ფარულ აგრესიასა და სომხურ პრესაში (მათ შორის თბილისურ სომხურ გაზეთებშიც) ანტიქართული სულისკვეთების სტატიების გამოქვეყნებას სჯერდებოდნენ, ახლა ღია საომარი მოქმედება წამოიწყეს.

ძალის პოზიციიდან სომხეთის მთავრობამ ლორეს მაზრაში ნიადაგი უფრო ადრეც, 1918 წლის ოქტომბერშიც მოსინჯა, მაგრამ როცა ქართული მხარის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, უკან დაიხია და მომხდარი კონფლიქტი დასანან გაუგებრობად გაასაღა.

საქართველოზე გამოლაშქრების წინ სომხეთმა ზურგი გაიმაგრა მოხალისეთა არმიასთან გაფორმებული სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმებით. გენერალმა დენიკინმა არარატის რესპუბლიკას მხარდაჭერა აღუთქვა და დახმარებაც გაუწია.

1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის რეგულარული შენაერთები ბორჩალოში შეიჭრნენ და რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებს დაეუფლნენ. ერევანში შემუშავებული საერთო გეგმის თანახმად, სომხებით დასახლებულ მაზრის ზოგიერთ სოფელში, რომლებიც დაშნაკთა მიერ წინასწარ იყვნენ აღჭურვილნი იარაღითა და საბრძოლო მასალებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საწინააღმდეგო ამბოხებებიც დაიწყო. სომხურმა ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს ახალქალაქის მაზრის სოფლებზეც.

ინტერნაციონალიზმის ერთგულ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელიც 300 ათასამდე ლტოლვილ სომეხს თავის მიწა-წყალზე უანგაროდ ინახავდა, ვერ წარმოედგინა, რომ “მოძმე” სომხეთი საქართველოსთან ომს გააჩაღებდა. მაგრამ, როცა სომხეთის მთავრობამ ქართულ მხარეს თბილისის ჩათვლით ტერიტორიის დაცლა ულტიმატუმის ფორმით ოფიციალურად მოსთხოვა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.

საქართველოს მთავრობამ 18 დეკემბერს მობილიზაცია გამოაცხადა და სახალხო გვარდიისა და ჯარის ნაწილები ფრონტის ხაზისკენ დაძრა. დაიწყო მოხალისეთა რაზმების შედგენაც. ქართველების მხარდამხარ მოხალისეთა რიგებში ერთიანდებოდა ბორჩალოს მაზრის აზერბაიჯანელი მოსახლეობაც. საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ გენერლები გ. მაზნიაშვილი, ს. ახმეტელაშვილი, ა. მაყაშვილი და სხვ. მალე ფრონტზე ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა. შულავერთან გადამწყვეტ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ მიატოვა პოზიციები და უკან დაიხია.

მოკავშირეთა არმიის სარდლობამ მედიატორობა იკისრა. მისი შუამავლობით, 1918 წლის 31 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყვეტილ იქნა.

ომი დამთავრდა, მაგრამ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას ადრინდელი სიმწვავე არ დაკლებია. იარაღმა ვერ გადაჭრა მეზობელ სახელმწიფოთა წინააღმდეგობანი. მოგვიანებით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ქაჯაზნუნი აღნიშნავდა: “ომმა დაგვაფიქრა ბევრ რამეზე. … ვიბრძოდით იმ მეზობელთან, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კონტაქტი უნდა გვქონოდა. ჩვენ ხომ საქართველოს მეშვეობით ვუკავშირდებოდით გარე სამყაროს. ჩვენ ამას ვგრძნობდით და გულწრფელად გვსურდა ქართველებთან მეგობრულად ცხოვრება, მაგრამ ვერ შევძელით. ამაში გარკვეული როლი საქართველოს მთავრობის პოზიციასთან ერთად, ითამაშა ჩვენმა უძლურებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა განუვითარებლობამ და სახელმწიფოებრივი მართვის უუნარობამ”.

1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.

საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი – 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ. საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.

1919 წლის 8 მარტს საქართველომ დე იურედ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს. მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა. ჯამალიანი.

1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა. ორივე ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა, როგორც საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ისე სომხეთის ხორვუდში (პარლამენტში).

გონივრული კომპრომისების გზით, შესაძლებელი იყო მოეგვარებინათ საზღვრებისა და ტერიტორიული გამიჯვნის პრობლემებიც, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურებს მოკავშირე სახელმწიფოების გადაჭარბებული იმედი ჰქონდათ. დიდ მხარდაჭერას მოელოდნენ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ვილსონისაგანაც (იმ დროს აქტიურად განიხილებოდა სომხეთზე აშშ მანდატის დაწესების საკითხი), რის გამოც მეზობლებს ანგარიშს აღარ უწევდნენ, პარიზის, ლონდონისა თუ სან-რემოს საერთაშორისო კონფერენციებზე თამამი მოთხოვნებით გამოდიოდნენ.

საქართველოსთან მიმართებაში სომხეთი არ კმაყოფილდებოდა მისთვის აღთქმული გარანტიით, დათმობოდა გასასვლელი შავ ზღვაზე. იგი ხან სომხეთ-საქართველოს საზღვრის მდინარე ჭოროხზე გავლების წინადადებას აყენებდა და ბათუმის ნავსადგურის ნაწილს მოითხოვდა, ხანაც სომხეთის ბათუმთან დამაკავშირებელი მომავალი სარკინიგზო ზოლის ექსტერიტორიულობასა და მის სრულ საკუთრებაში აღიარებას იჟინებდა. მეტს ვეღარც ქართული მხარე შეელია და შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის იმედი ამაო გამოდგა. სომხეთი მეზობელი ქვეყნებისაგან განმარტოებული დარჩა. მეტიც, საქართველოს შემდეგ მას სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთანაც მოუხდა (1920 წლის გაზაფხული).

ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად სასომხეთში (1917-1921 წწ.)

თვითიზოლაციის დამღუპველი შედეგი არარატის რესპუბლიკამ მალევე იწვნია. როცა 1920 წლის ნოემბერში მუსტაფა-ქემალის არმია ყარსსა და ალექსანდროპოლში შეიჭრა, სომხეთს ფაქტობრივად არავინ გამოესარჩლა. განწირული მეზობლის დასაცავად ხელი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოუღიათ. სომხეთს “შემწედ” მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთი მოევლინა. მოსკოვმა თურქთა აგრესია კი შეაჩერა, მაგრამ სომხეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო და ეს ქვეყანა კრემლის მარიონეტ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადააქცია.

საქართველო და ოსმალეთი
სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის მაისში ოსმალეთისთვის რამდენადმე მოულოდნელი, მაგრამ სავსებით მისაღები აღმოჩნდა. სულთნის კარზე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლად შექმნილი პატარა კავკასიური რესპუბლიკები ოტომანთა იმპერიის ექსპასპნსიონისტურ გეგმებს რეგიონში ხელს ვერ შეუშლიდნენ. პირიქით, მათი ძლევა ცალ-ცალკე უფრო გაიოლდებოდა, ხოლო სომხეთ-საქართველოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ოსმალეთისათვის “ნებაყოფლობით გადაცემაზე” თანხმობის მიღება ამ სუსტი ქვეყნების ხელისუფალთაგან სტამბოლს აღარ გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

1918 წლის 31 მაისს ბათუმში განახლდა რამდენიმე დღის წინ შეწყვეტილი კონფერენცია. ერთიანი ამიერკავკასიის სახელმწიფოს ნაცვლად, კონფერენციაზე ამჯერად ცალ-ცალკე წარსდგნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი ხელმძღვანელობდა, ოსმალეთისას – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი ხალილ ბეი.

4 ივნისს ხელმოწერილ იქნა საქართველოსთვის თავსმოხვეული “ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება.” საზღვრები ორ ქვეყანას შორის იმიჯნებოდა 1829 წლის ანდრიანოპოლის ზავის წინა პერიოდის რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების შესაბამისად. Eე. ი. ოსმალეთის ხელში ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების გარდა, გადადიოდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიც (აბასთუმნისა და აწყურის გამოკლებით). ეროვნულ სხეულს უნდა მოწყვეტოდა მთელი სამუსლიმანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის მთელი ისტორიული მიწა-წყალი. საქართველო კარგავდა 350 ათასს მცხოვრებს და 9500 კმ ტერიტორიას.

ბათუმის ხელშეკრულება საჭიროებდა რატიფიკაციას ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ იგი არ განხორციელებულა და ძალაშიც არასოდეს შესულა. ამ კაბალური ხელშეკრულების ერთადერთი დადებითი მნიშვნელობა საქართველოსთვის ის იყო, რომ ოსმალეთი დე ფაქტოდ აღიარებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

სულთნის მთავრობა შეეცადა ბრესტის ზავით მისთვის მიკუთვნებულ ოლქებზე თავისი უფლებები იურიდიულადაც დაეკანონებინა. 1918 წლის ივლისში მან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში რეფერენდუმი ჩაატარა და ოსმალეთის სასარგებლოდ გაყალბებული მისი შედეგები მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატულებად გაასაღა. სინამდვილეში პლებიცისტი დარღვევებით – ღია წესით, შანტაჟის, ძალადობისა და ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია ადგილობრივ მკვიდრთა დიდ ნაწილს, რადგან იგი საკუთარი სახლ-კარიდან ლტოლვილი იყო. ყოველივეს მიუხედავად, 1918 წლის 15 აგვისტოს სულთანმა მეჰმედ VI-მ გამოსცა რესკრიპტი, რომლის საფუძველზეც სამი სანჯაყი (არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები) ოსმალეთის სახელმწიფოსთან შეერთებულად გამოაცხადა.

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გააპროტესტა ბათუმის დისკრიმინაციული ზავი და მოითხოვა მისი გადასინჯვა ცენტრალურ სახელმწიფოთა მონაწილეობით. თბილისმა საპროტესტო ნოტები გაავრცელა აგრეთვე ოსმალთა მხრიდან უსამართლოდ ჩატარებული რეფერენდუმისა და სხვა უკანონო მოქმედებების გამო.

გერმანიამ გაიზიარა ბათუმის ზავის გადასინჯვის იდეა და ოსმალეთი ახალი საგანგებო კონფერენციის მოწყობაზე დაიყოლია. კონფერენცია კონსტანტინოპოლში უნდა გამართულიყო. სულთნის კარზე იგეგმებიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ხელახალი რეფერენდუმის ორგანიზებაც, მაგრამ მსოფლიო ომში ოთხთა კავშირის დამარცხების გამო აღარც კონფერენცია ჩატარებულა და აღარც რეფერენდუმი.

1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისსა და ოსმალეთს შორის დადებულმა მუდროსის დროებითმა ზავმა ვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ოსმალეთს ოკუპირებული სამცხე-ჯავახეთიდან სამხედრო შენაერთები უნდა გაეყვანა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თავისი წარმომადგენლის აბდულ ქერიმ ფაშას მეშვეობით ოსმალეთმა ოფიციალურად აცნობა თბილისს, რომ რამდენიმე დღეში თურქთა ჯარები დატოვებდნენ ლორეს, ახალციხე-ახალქალაქის მაზრებს და ამ ტერიტორიების დაკავება საქართველოს მთავრობას შესთავაზა. იმ მიზნით, რომ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთისთვის წაეკიდებინა, ოსმალეთის ხელისუფლებამ ლორეში შესვლის წინადადებით სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასაც მიმართა. სომხეთმა მიიღო ეს პროვოკაციული წინადადება, რასაც საქართველოსთან სასაზღვრო კონფლიქტი მოჰყვა. ამასთან, ოსმალეთი ცდილობდა ევაკუირებულ მაზრებში კვლავ შეენარჩუნებინა გავლენა, რისთვისაც აქაურ ისლამურ საბჭოებს ამარაგებდა იარაღით, უტოვებდა ოფიცრებსა და ასკერებს. ოსმალეთის ხელისუფლებისა და სამხედრო წრეების წარმომადგენლები სეპარატისტულად განაწყობდნენ სამცხელ-ჯავახელ ბეგებს, ხელს უწყობდნენ ანტიქართული ერთეულების ე. წ. ახალციხის მთავრობის, ყარსის რესპუბლიკისა თუ დამოუკიდებელი აჭარისტანის შექმნა-მოღვაწეობასა და სხვ.

მალე ოსმალეთს თვითონ გაურთულდა საქმე, ძლევამოსილმა პორტამ დაშლა იწყო. მის ბევრ სამფლობელოზე გამარჯვებულ მოკავშირეთა კონტროლი დაწესდა. 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ცნობილი ხელშეკრულება ოსმალეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც ფიქტიურს ხდიდა. სულთანმა ტახტი შეინარჩუნა, მაგრამ ძალაუფლებას არსებითად ანგორაში (ანკარა) ჩამოყალიბებული დიდი ეროვნული კრების მთავრობა დაეუფლა, რომელსაც სათავეში მუსტაფა ქემალი ჩაუდგა.

საბჭოთა რუსეთთან დამეგობრებულმა ქემალმა 1920 წლის შემოდგომაზე იერიში სომხეთზე მიიტანა და არარატის რესპუბლიკა საგრძნობლად შეავიწროვა. შეიქმნა თურქეთის ჯარების საქართველოში შემოჭრის საშიშროება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა.

მდგომარეობის განმუხტვის მიზნით და საქართველოს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თურქეთის მთავრობამ თბილისში ოფიციალური დელეგაცია გამოგზავნა. საქართველოს ოკუპაციის საფრთხე მოიხსნა. ორ ქვეყანას შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველოს ელჩად ანგორაში ს. მდივანი დაინიშნა, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში ქიაზიმ ბეის დაეკისრა.

თურქეთი ერთის მხრივ ნ. ჟორდანიას არწმუნებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი გაძლიერება ანგორის ინტერესებშიც შედიოდა, მეორეს მხრივ კი მის წინააღმდეგ მოსკოვთან გარიგებას აწარმოებდა. გარიგება შედგა: რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში თურქეთს ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა, რის საფასურადაც მას ქართული მიწა-წყლის ნაწილი ეთმობოდა.

1921 წლის თებერვალში, როცა წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა, ქემალმა თბილისს არტაან-ართვინიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვა. ბოლშევიკურ რუსეთთან ომში მყოფი საქართველო იძულებული გახდა ეს უსამართლო მოთხოვნა შეესრულებინა. ხსენებული ოლქები თურქებმა დაიკავეს.

ქიაზიმ ბეიმ ნოე ჟორდანიას აცნობა, რომ ამით თურქეთ-საქართველოს შორის სადავო საკითხები ამოიწურა და ანგორა მზადაა, “მეგობარ” ქვეყანას ბოლშევიკური აგრესიის მოგერიებაშიც დაეხმაროს.

საქართველოს მთავრობამ თურქეთის რეალური განზრახვა ვერ ამოიცნო და მისი შეთავაზება მიიღო. გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 1921 წლის 11 მარტს თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფები ბათუმის ოლქში შემოვიდნენ. თურქი ასკერები გამოჩნდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებშიც, მაგრამ არა საქართველოს დასახმარებლად. თურქებმა, შეთანხმების უხეში დარღვევით, ბათუმის ოკუპაცია განახორციელეს. ქიაზიმ ბეი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო დიდი ეროვნული კრების დადგენილებით სამუსლიმანო საქართველო თურქეთის ნაწილად გამოცხადდა.

ვითარება ერთობ გართულდა. საბჭოთა რუსეთისაგან ძლეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მისი მთავრობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში გაიხიზნა. წინა დღით, 16 მარტს, მოსკოვში დაიდო რუსეთ-თურქეთის “ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულება,” რომლის თანახმად, ბათუმი საქართველოს უნდა დარჩენოდა, ართვინისა და არტაანის ოლქები კი თურქთა მფლობელობაში გადადიოდა.

ხელშეკრულების მიუხედავად, თურქები ბათუმის დაცლას აჭიანურებდნენ. ქალაქის განთავისუფლებას რამდენიმედღიანი ბრძოლა დასჭირდა. ქართულმა ჯარმა გენერალ გ. მაზნიაშვილის სარდლობით მოძალადენი განდევნა და ბათუმი საქართველოს შეუნარჩუნა.

საქართველო და ინგლისი
გერმანიისაგან განსხვავებით, ინგლისის ჯარები საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას არ მოუწვევია. ბრიტანელი მეომრებით დაკომპლექტებული მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო ძალა კავკასიაში, უ. ჩერჩილის სიტყვით რომ ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომის “მემკვიდრეობით” აღმოჩნდა. ამ “მემკვიდრეობის” უფლებით, ინგლისი რეგიონის მეთვალყურედ, ფაქტობრივად კი, პატრონად იქცა. მუდროსის ზავის შემდეგ ბრიტანეთის გავლენა მთელ ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდა.

სამხრეთ კავკასიის მიმართ ინგლისის პოლიტიკურ ელიტაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა. განიხილავდნენ ამ მხარის რუსეთთან შეერთების, აქაური რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების, კავკასიის შეერთებული შტატების შექმნისა და სხვ. პროექტებს. ლონდონში ჯერ კიდევ არ გააჩნდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კურსი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალთან დაკავშირებით. აქ გამოგზავნილ სამხედრო მისიას მიცემული ჰქონდა “წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენის” დავალება.

ბრიტანეთი კარგა ხანს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ოფიციალურად არ ცნობდა, მაგრამ თბილისში ჩამოსული მოკავშირეთა სამხედრო წარმომადგენლობა თანამშრომლობდა ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობასთან.

1918 წლის ბოლოს ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება აღუთქვა. ამ ფაქტმა საქართველოს ხელისუფლებას “დემოკრატიის აკვნად” მიჩნეული ბრიტანეთისადმი ნდობა გაუძლიერა. ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველოს რესპუბლიკა მზად არის, თავისი კურსი მოკავშირე სახელმწიფოთა პოლიტიკას შეუსაბამოს და განახორციელოს მათ მიერ დეკლარირებული სამართლიანობის პრინციპები.

ამ ფონზე კავკასიაში განლაგებული ინგლისის ჯარის მეთაურთა მოქმედება ინგლის-საქართველოს დაახლოებას ხელს ვერ უწყობდა. ბრიტანელი გენერლების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელის შეშლა, თვითნებობა ბათუმის ოლქში და სხვ. ქართული პოლიტიკური სპექტრის, მთლიანად ქართული საზოგადოებრივი აზრის უარყოფით რეაქციას იწვევდა.

საქართველოში ინგლისელთა სამხედრო ყოფნის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის სამი მთავარსარდალი – ფორესტიე უოკერი, ტომსონი და კორი გამოიცვალა. არც ერთი მათგანის დამოკიდებულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი არ ეთქმოდა. მათ წარმოედგინათ, რომ იმყოფებოდნენ რუსეთის სამხრეთში და არა დამოუკიდებელ საქართველოში. ინგლისელები ესწრაფოდნენ საქართველოს ჩართვას ანტიბოლშევიკურ ფრონტში, მის დაახლოებას მოხალისეთა არმიასთან, რაც ძნელად მისაღწევი იყო. მოხალისეთა არმიისა და საქართველოს პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ თანხვდებოდა. საქართველო თავის დამოუკიდებლობას ვერ დათმობდა, ერთიანი და განუყოფელი რუსეთის აღდგენაზე მეოცნებე მოხალისეთა არმია კი საქართველოს კვლავ ამ იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნებას უპირებდა.

“ძველი რუსეთის აღდგენა” მოკავშირეთა გეგმებშიც შედიოდა. ამიტომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს – მისი სახელმწიფოებრივი არსებობა-არაარსებობის პრობლემას ინგლისის სახელისუფლო წრეებიც რუსეთის საკითხს უკავშირებდნენ. ისინი იმედს ხან კოლჩაკზე და ხანაც დენიკინზე ამყარებდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა კი ჭიანურდებოდა.

როცა რუსეთში სამოქალაქო ომის სასწორი ბოლშევიკთა მხარეს გადაიხარა, ინგლისის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ შეიცვალა.

ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1919 წლის აპრილში მიიღო, აგვისტოში კი პრაქტიკულად განახორციელა (ინგლისის არმიის ქვედანაყოფები დარჩნენ მხოლოდ ბათუმის ოლქში). პარალელურად, ლონდონმა გააძლიერა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოში. თბილისში გამოიგზავნა დიპლომატიური მისია ცნობილი ქართველოლოგის, ქართველი ხალხის მეგობრის ჯონ ოლივერ უორდროპის მეთაურობით.

1920 წლის იანვარში ლორდ კერზონის წინადადებით, მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მთავრობა დე ფაქტოდ ცნო. ამ ფაქტის გამო ინგლისის თემთა პალატა დეპეშით მიესალმა საქართველოს დამფუძნებელ კრებას. ქართველმა საზოგადოებამ მოლოცვა დიდი კმაყოფილებით მიიღო. საქართველოში ბრიტანელთა შელახული პრესტიჟი ნელ-ნელა აღდგენას იწყებდა. გაჩნდა ინგლის-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივაც, მაგრამ კავკასიიდან მხედრობის გაყვანის შემდგომ საქართველომ ბრიტანეთის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში ცხოველმყოფლობა დაკარგა. საქართველოსთან ეკონომიკურ კონტაქტებს ინგლისში სერიოზულად არც განიხილავდნენ, ხოლო მას მერე, რაც აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, რეგიონის, როგორც ბოლშევიზმის საწინააღმდეგო პლაცდარმის როლიც ამოიწურა. ალბიონზე საქართველოსადმი ინტერესი დაეცა.

ინგლისს არ ეთმობოდა მხოლოდ ბათუმი, რომლის დასაბრუნებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დიპლომატიური თუ სხვა საშუალებებით აქტიურად იღწვოდა. შავი ზღვის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნავსადგურზე თვალი ეჭირათ ანტანტის სხვა სახელმწიფოებსაც. ისინი ვერ ურიგდებოდნენ აქ ბრიტანელთა ერთპიროვნულ გავლენას და ესწრაფოდნენ თავიანთი უფლებების გაფართოებას. ბათუმისადმი დასავლეთის ქვეყნების ამგვარმა ინტერესმა განაპირობა 1920 წლის თებერვალში მისი საერთაშორისო თავისუფალ ნავსადგურად გამოცხადება.

ბათუმიდან ჯარის ევაკუაციის საკითზე ინგლისის მთავრობაში განსხვავებული შეხედულებები არსებობდა. პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი, რომელიც მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას, ბათუმის დატოვებას 1919 წლის ბოლოდან მოითხოვდა. საწინააღმდეგო აზრს იცავდა მეორე ჯგუფი ჯ. კერზონისა და უ. ჩერჩილის ხელმძღვანელობით. გაიმარჯვა ლოიდ ჯორჯის თვალსაზრისმა. 1920 წლის ივლისში ბრიტანული სამხედრო კონტიგენტი ბათუმიდან გაიწვიეს. ბათუმის ოლქი მის კანონიერ მეპატრონეს, საქართველოს გადაეცა.

ბათუმისა და მისი ოლქის შემოერთება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დიდ წარმატებად აღიქვეს, რაც მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ინგლისელთა საქართველოდან წასვლა რომ რეგიონიდან ევროპის წასვლას და კავკასიისთვის ზურგშექცევასაც ნიშნავდა, საქართველოს მმართველ წრეებში იმხანად ბოლომდე ვერ გაეცნობიერებინათ.

1921 წლის იანვარში მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ინგლისმა დე იურედ აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი. თავისთავად დიდად საგულისხმო ამ საერთაშრისო აღიარებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონია. ცოტა ხნით ადრე, 1920 წლის დეკემბერში, ინგლისმა, საფრანგეთმა და სხვ. უარი განაცხადეს საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე, რაც “რუსეთის საზღვარზე მყოფი ამ მამაცი, მაგრამ პატარა სახელმწიფოსათვის” გაწირვის ტოლფასი იყო.

საბჭოური ისტორიოგრაფია ინგლისის საჯარისო ნაწილების შემოსვლას საქართველოში ინტერვენციად აფასებდა. უნდა ითქვას, რომ ეს შეხედულება იდეოლოგიურ მოტივს ემყარებოდა და არა ობიექტურ მეცნიერულ არგუმენტაციას. გაუმართლებელია პარალელი რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიელთა მხარეზე ბრიტანელთა მონაწილეობასა და 1918-1920 წლებში საქართველოში ინგლისის სამხედრო ყოფნას შორის.

წელიწადნახევრის განმავლობაში ინგლისელ სამხედროებს ოკუპირებული ჰქონდათ ბათუმის ოლქი, მათ არაერთხელ შელახეს საქართველოს სუვერენიტეტიც, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა კარგა ხანს არ აღიარებდა, მაგრამ ინგლისელებს არ უცდიათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების არც ძალადობრივი გზით ჩამოგდება და არც სხვა ფორმით შეცვლა. მათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკული მონაწილეობა არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყოფ ინგლისის სამხედრო წარმომადგენლობას არცთუ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქვეყნის მთავრობასთან, ცალკეულ გენერალთა მოქმედება ცდებოდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ზოგჯერ არღვევდა საქართველოს სახელმწიფოებრივ უფლებასაც, ბრიტანეთის ჯარების საქართველოში ყოფნა ასრულებდა სხვა მნიშვნელოვან როლს. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ინგლისი კავკასიაში იცავდა სამშვიდობო პროცესს; იგი იყო საქართველოსაკენ ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან მომდინარე აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი, რაც თვალნათლივ გამოჩნდა 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა ევროპისაგან მიტოვებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაუყოვნებლივ ბოლშევიკური რუსეთის ძალადობის მსვერპლი გახდა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ მას აქეთკენ როგორც ერთი, ისე მეორე ბანაკი უბიძგებდა. ომის მსვლელობასა და მის შედეგებზე დიდად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისგან ჩამოშორებული იმ ქვეყნების ბედიც, რომლებიც თავისუფალ ცხოვრებას ესწრაფოდნენ.

ბოლშევიკურ რეჟიმთან დაპირისპირებულ ერთ-ერთ მთავარ ძალას მოხალისეთა არმია წარმოადგენდა. იგი ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში გენერლებმა მ. ალექსეევმა, ლ. კორნილოვმა და ა. დენიკინმა ჩამოაყალიბეს. მოკავშირეთა ფინანსებით უნაკლოდ აღჭურვილი ეს მრავალრიცხოვნი და ძლიერი სამხედრო ფორმირება დაკომპლექტებული იყო ბრძოლებში ნაწრთობი გენერლებით, ოფიცრებითა და იუნკრებით.

მოხალისენი არა მარტო ხელისუფლების დასაუფლებლად, არამედ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის აღსადგენადაც იბრძოდნენ. “თეთრ გვარდიად” სახელდებული მოხალისეთა არმია განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ. რაც მას სათავეში გენერალი დენიკინი ჩაუდგა. 1918 წლის გაზაფხულისთვის დენიკინის გავლენა მთელ სამხრეთ რუსეთზე ვრცელდებოდა, მათ შორის კაზაკთა ნების საწინააღმდეგოდ, ყუბანის რესპუბლიკაზეც, რომელიც საქართველოს აფხაზეთის მხრიდან გაუმეზობლდა. ყუბანის მთავრობასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის იმთავითვე საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. ყუბანი მზადყოფნას აცხადებდა მიეყიდა საქართველოსთვის ხორბალი და სხვ.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მოხალისეთა არმიასთან პირველი შეხება მაშინ მოუხდა, როდესაც მისმა ჯარმა აფხაზეთში შემოჭრილი ბოლშევიკური რაზმები უკუაქცია და მათ დევნაში 1918 წლის ივლისში ქალაქები ტუაფსე და სოჭი დაიკავა. ამავე პერიოდში თეთრგვარდიელებმა ქ. ეკატერინოდარი აიღეს და სტავროპოლის მხარეს დაეპატრონენ.

დენიკინმა საქართველოს ხელისუფლებისაგან არათუ სოჭისა და ტუაფსის დატოვება, გაგრის ოლქის გადაცემაც მოითხოვა. 1918 წლის სექტემბერში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელშიც ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი და გენერალი გ. მაზნიაშვილი წარმოადგენდნენ, ხოლო მოხალისეთა არმიას გენერლები ა. დენიკინი, მ. ალექსეევი და სხვ. საზღვრების საკითხი გადაუჭრელი დარჩა. გეგეჭკორმა დამაჯერებლად უარყო მოხალისეთა პრეტენზიები გაგრის ოლქზე და დაასაბუთა მისი საქართველოსთვის კუთვნილება.

დენიკინის აგენტურა საქართველოს შევიწროებას აფხაზეთსა და ბათუმის ოლქში ანტიქართული ძალების გამოყენებითაც ცდილობდა. სომხეთ-საქართველოს საომარი შეტაკების დროს მოხალისეთა არმია არარატის რესპუბლიკის მხარდამჭერად მოგვევლინა.

მსოფლიო ომის დამთავრებას კავკასიის რეგიონში მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესი საბჭოს სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დაწესება მოჰყვა. “არბიტრის” როლი დიდ ბრიტანეთს დაეკისრა. მოხალისეთა არმიასა და საქართველოს შორის შუამავლობა კავკასიაში ჩამოსულმა ინგლისის სამხედრო მისიამ ივალდებულა. ინგლისელთა მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტით, საქართველოს ჯარი უნდა გაეყვანა სოჭიდან, რომლის კუთვნილების საკითხს პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა. სოჭში დროებით რჩებოდა ქართული ადმინისტრაცია. თეთრგვარდიელთა ლაშქარი ოლქის ტერიტორიაზე არ უნდა შესულიყო.

საქართველომ შეასრულა შეთანხმების პირობა, დაიწყო სოჭიდან სამხედრო ნაწილების ევაკუაცია. ამით ისარგებლა დენიკინმა და ქალაქს სასწრაფოდ დაეუფლა. ბრიტანელებმა “ურჩი” გენერალი “ვერ შეაჩერეს.” 1919 წლის თებერვალში მოხალისეთა შენაერთები გაგრის საზღვრებშიც შემოიჭრნენ და მდინარე ბზიფის სანაპიროზე გამაგრდნენ. დენიკინი მთელი აფხაზეთის ხელში ჩაგდებას ესწრაფოდა, არწმუნებდა ინგლისის არმიის სარდლობას თეთრგვარდიელთა მიერ აფხაზეთის დაკავების აუცილებლობაში. თავის მოქმედებას მოძალადე გენერალი იმით ამართლებდა, რომ მას თითქოს დახმარებისთვის მიმართეს აფხაზი ხალხის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. სინამდვილეში ეს “ოფიციალური წარმომადგენლები” საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე თვითმარქვია პირი იყო, რომელთა ქმედება აფხაზეთის სახალხო საბჭოს თვით ანტიქართულად განწყობილმა წევრებმაც კი დაგმეს.

მოხალისენი დაკავებულ ტერიტორიებზე თავაშვებულად იქცეოდნენ, მაროდიორობდნენ, ძარცვავდნენ ადგილობრივ მკვიდრთ და სხვ. მოსახლეობის უკმაყოფილება თეთრგვარდიელთა საწინააღმდეგო აჯანყებაში გადაიზარდა.

საქართველოს მთავრობა მიმართავდა ბრიტანელთა სარდლობას, ითხოვდა დენიკინის აგრესიის აღკვეთას, პასუხად კი იღებდა დაპირებებს, რომლებიც არ სრულდებოდა. ოფიციალური თბილისი მოკავშირეთა წარმომადგენლობას სთავაზობდა, ჩაეყენებინა პიკეტი მდინარე მეხადირის გასწვრივ, ხოლო სოჭის ოლქი, პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებამდე, გამოეცხადებინათ ნეიტრალურ ზონად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარი ძალებით შეეცდებოდა მდგომარეობის გამოსწორებას.

ინგლისის სამხედრო მისია რეაგირებას არ ჩქარობდა, საქართველოს ხელისუფლებას კი ძალის გამოყენების ნებას არ რთავდა.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ გადადგა გაბედული ნაბიჯი, 1919 წლის აპრილში დაძრა ჯარი დენიკინის წინააღმდეგ, გაათავისუფლა გაგრა და პოზიციები მდინარე მეხადირის მარცხენა სანაპიროზე დაიკავა. მთავრობის მოქმედება მოიწონა დამფუძნებელმა კრებამ. მიღწეულ წარმატებას აღფრთოვანებით შეხვდა მთელი ქართველი საზოგადოება.

საქართველოსა და მოხალისეთა არმიის შეტაკება მოკავშირეთა გეგმებს არ შეესაბამებოდა. ამ ქვეყნებში ორივე ამ ძალას ჯერ კიდევ ბოლშევიზმთან დაპირისპირებული ერთიანი ბანაკის წევრებად მოიაზრებდნენ. კავკასიაში განლაგებული ბრიტანეთის არმიის სარდლობამ საქართველო ინგლისისადმი მტრულ მოქმედებაში დაადანაშაულა და სტატუს კვოს აღდგენა მოითხოვა.

1919 წლის 23 მაისს თბილისში განახლდა მოლაპარაკება მოხალისეთა არმიის დელეგაციასთან ინგლისელთა მონაწილეობით. თეთრგვარდიელთა მხარეს ამჯერად ბრიტანელი გენერალი ბრიმსი წარმოადგენდა. დენიკინის სახელით იგი კატეგორიულად სვამდა ქართული ჯარის საწყის პოზიციებზე დაბრუნების საკითხს და აცხადებდა, საქართველო არ უნდა მიისწრაფოდეს დამოუკიდებლობისაკენ, მისთვის უმჯობესია ერთიან რუსეთში შევიდეს და დენიკინისაგან ბოძებულ თვითმმართველობას დასჯერდესო.

ეროვნული თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ქართველი ხალხის არჩევანი იყო, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მოხალისეთა მოთხოვნები უარყო. მოლაპარაკება ჩაიშალა.

დენიკინმა შეტევა რამდენიმე მიმართულებით გაააქტიურა. მთიელთა რესპუბლიკა გაანადგურა,

აზერბაიჯანის საზღვრებს მიუახლოვდა და აფხაზეთის მხრიდან საქართველოს წიაღში შემოჭრა დააპირა. საფრთხე სერიოზული იყო. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მთავრობას ქვეყნის თავდაცვის მიზნით ენერგიული ზომების გატარება დაავალა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განახორციელა სათანადო ღონისძიებანი როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური კუთხით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1919 წლის ივნისში თავდაცვითი ხელშეკრულების დადებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის, რომელიც მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ერთობლივ ძალისხმევას ითვალისწინებდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეპეშით მიმართა ბრიტანეთის პრემიერ?მინისტრს ლოიდ ჯორჯს და გაგრის ოლქის დროებითი ნეიტრალიზაციის მიზნით აქ ინგლისის სამხედრო ნაწილების განლაგება ითხოვა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკების ოფიციალურმა დელეგაციებმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე პროტესტი გამოთქვეს თეთრგვარდიელთა აგრესიის გამო და მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს საქმეში ჩარევისაკენ მოუწოდეს.

ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობა წავიდა გარკვეულ კომპრომისზე, ჯარი მდინარე მეხადირიდან ბზიფს აქეთ გადმოიყვანა. მოკავშირეთა გადაწყვეტილებით დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაწესდა სადემარკაციო ხაზი.

საქართველოს დაპყრობის განზრახვა თეთრგვარდიელებმა ვეღარ აღისრულეს. საბჭოთა ჯარებით შევიწროებული დენიკინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი უფრო ლოიალური გახდა. 1920 წლის 11 თებერვალს მოხალისეთა არმიამ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტი დე ფაქტოდ აღიარა.

საქართველო და საბჭოთა რუსეთი

საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წ.

ლენინი და ბოლშევიკური პარტია დეკლარაციულად ერთა თვითგამორკვევის უფლებას აღიარებდნენ, რეალურად კი რუსეთისაგან გამოყოფილი ერების თავისუფალ ცხოვრებას ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლებას დაპატრონებული ბოლშევიკები თავგამოდებით იბრძოდნენ რუსეთის მთლიანობის აღსადგენად. განსხვავებით თეთრგვარდიელებისაგან, რომლებსაც იმპერიის რესტავრაცია თავიანთ უმთავრეს მიზნად დაესახათ და ამას არც მალავდნენ, ბოლშევიკები შეფარვით მოქმედებდნენ. ცარიზმის ბატონობისაგან თავდაღწეული ხალხების იძულებით ხელახლა იმპერიულ უღელში შებმას ისინი ამ ხალხის ნებად და სურვილად ნათლავდნენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულება იმთავითვე უარყოფითი იყო. კრემლი ახლად შექმნილ ქართულ სახელმწიფოს მტრულ ქვეყნად მიიჩნევდა, მაგრამ მის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას სამოქალაქო ომის გამო ვერ ახერხებდა. რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორს საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ გერმანიის, შემდეგ კი ინგლისის სამხედრო ნაწილების ყოფნაც წარმოადგენდა.

1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ ბოლშევიზმის პოზიციები საქართველოში საგრძნობლად შესუსტებული იყო. მისი, როგორც პოლიტიკური ძალის გავლენა და ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან. თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ ფინანსურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი ბოლშევიკები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ფართოდ ეწეოდნენ. ბოლშევიკთა გარდა საქართველოში მეხუთე კოლონის როლს რუსთა ეროვნული საბჭო, რუსი სამღვდელოება და არაქართველი მოსახლეობის (აფხაზები, ოსები და სხვ.) ის ნაწილი ასრულებდა, რომლის სეპარატისტულ მისწრაფებებს რუსეთი აქეზებდა.

ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლშევიზმს რეაქციულ, ქართველი ერის მიზნებისა და იდეალებისათვის სრულიად მიუღებელ მიმდინარეობად აღიქვამდა. დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბოლშევიკთა მიერ მოწყობილი გამოსვლების (მათ შორის აჯანყებები დუშეთის მაზრაში, აფხაზეთში, შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ თემებში და სხვ.) უკან საბჭოთა რუსეთი იდგა. რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი 1919 წლის შემოდგომისათვის საქართველოში ფართომასშტაბიან ამბოხებასაც მოსკოვთან შეთანხმებით ამზადებდა. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების შემაფერხებელ ამ გარემოებათა აღმოფხვრა აუცილებელს ხდიდა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დროულ მოწესრიგებას, მაგრამ ბოლშევიკური რუსეთი ამას გაურბოდა. უარს ამბობდა ქართული სახელმწიფოს ცნობაზე, აკრძალა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოსკოვში, ხოლო დესპანი გ. ხუნდაძე დააპატიმრა და ციხეში ჩასვა.

ბოლშევიკთა პროვოკაციებს, საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის ხან ფარულ, ხანაც აშკარა აგრესიას საქართველოში არ მოჰყოლია ანტირუსული ისტერია, რუსი მოსახლეობის დევნა და ქვეყნიდან დეპორტაცია. პირიქით, საქართველოს რუსეთის პროლეტარულ რეჟიმს გამოქცეული რუსი ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი ეკედლებოდა, აქ მყუდრო ნავსაყუდელს ჰპოვებდა და მოღვაწეობას განაგრძობდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები არ გამორიცხავდნენ საბჭოთა რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას, ეძიებდნენ კიდევაც საამისო გზებს, ოღონდ წინაპირობად რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებას ასახელებდნენ.

1920 წლის დასაწყისში ლენინმა საქართველოს მთავრობას მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის დადება შესთავაზა. ამ წინადადების მიღებით საქართველო ჩათრეული აღმოჩნდებოდა რუსეთის სამოქალაქო ომში, რაც დაარღვევდა მის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტის პრინციპს და რესპუბლიკას ახალ გართულებებს მოუტანდა. ნოე ჟორდანიამ მოსკოვს უარი შეუთვალა. კრემლის იგივე წინადადებას არც აზერბაიჯანის ხელისუფლება დათანხმდა. ლენინს თავისი უკმაყოფილება არ დაუმალავს, მაგრამ ურჩი რესპუბლიკების დასჯას ჯერჯერობით ვერ ახერხებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული საქართველო სამხედრო კავშირზე ვერ დაიყოლია, საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ქვეყნისადმი ინტერესი არ განელებია. ბოლშევიკთა მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გეგმაში საქართველოს დიდმნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. კერძოდ, “თბილისს მოსკოვის როლი უნდა ეთამაშა აღმოსავლეთში”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლშევიზმის შეღწევა მახლობელ აღმოსავლეთში კრემლს საქართველოს მეშვეობით წარმოედგინა.

რაკი საერთაშორისო რევოლუციის უმთავრესი მიმართულება აღმოსავლეთი იყო, მისკენ მიმავალი გზა კი საქართველოზე გადიოდა, რუსეთი უნდა დაუფლებოდა ამ გზას, უნდა “გაესაბჭოებინა” საქართველო. მოსკოვში ამ მიზნით ორი პროექტი იქნა შემუშავებული. დასახული ამოცანის გადაწყვეტას პირველი მშვიდობიანი საშუალებით, ხოლო მეორე სამხედრო ჩარევით ითვალისწინებდა. რომელს მიენიჭებოდა უპირატესობა, რომელი გეგმა ამოქმედდებოდა მთელი ძალით, ბევრწილად დამოკიდებული იყო საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე იმაზეც, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები თვით რუსეთსა და საქართველოში.

1920 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის XI არმია უმტკივნეულოდ შევიდა ბაქოში და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება შეძლო, კავკასიელ ბოლშევიკთა ხელმძღვანელმა ს. ორჯონიკიძემ წითელი ჯარის ნაწილები საქართველოს საზღვრისკენაც დაძრა. ორჯონიკიძეს წარმოედგინა, რომ რამდენიმე დღეში თბილისსაც აიღებდა, ამიტომ ლენინს უდეპეშა, “ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვაო.” მაგრამ შინ თუ გარეთ კონიუქტურის შეცვლამ, მას წამოწყებულ მოქმედებაზე ხელი ააღებინა.

სწორედ იმ დღეებში ბოლშევიკურ რუსეთს პოლონეთიდან პილსუდსკიმ შემოუტია და კიევი აიღო. იმავდროულად ყირიმში გააქტიურებულმა ვრანგელმა დესანტი ყუბანში გადასხა. ამას დაემატა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კერზონის მოთხოვნაც, რომ მოსკოვს შეეჩერებინა საომარი ოპერაციები ყირიმსა და კავკასიაში. თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეძლო თავდაცვა და აზერბაიჯანიდან შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის სამხედრო შენაერთები უკუაქცია. კრემლი იძულებული გახდა საქართველოსთან დამოკიდებულებაში აქცენტი დროებით მშვიდობიან ურთიერთობაზე გადაეტანა. ლენინი დათანხმდა ქართული მხარის ინიციატივას, დაეწყოთ მოლაპარაკება.

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დადებულ იქნა საზავო ხელშეკრულება რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. დოკუმენტს ხელს აწერდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გ.ურატაძე და რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანი, რომლებიც თავთავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილნი.

ხელშეკრულებით რუსეთი უპირობოდ ცნობდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ხელს იღებდა მის შინაურ საქმეებში ჩარევისაგან და უარს ამბობდა წინანდელ უფლებებზე საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის მიმართ. საბჭოთა რუსეთი საქართველოს უდავო, განუყოფელ ნაწილად აღიარებდა ადრე კავკასიის სამეფისნაცვლოში შემავალ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ყველა მაზრას, ასევე ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალის ოლქებს.

სუვერენიტეტის დამადასტურებელი ამ მუხლების გვერდით, ხელშეკრულება შეიცავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შემლახველ პუნქტებსაც (კავკასიის უღელტეხილების ნეიტრალიზება, კომუნისტური პარტიისათვის ლეგალური მოღვაწეობის უფლების მინიჭება, სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ურთიერთობის შეზღუდვა), რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის საბედისწერო გამოდგა. განსაკუთრებით საზიანო იყო ქართული სახელმწიფოს დამავალდებულებელი მუხლი, – გაედევნა თავის საზღვრებიდან ყოველგვარი ჯარი და სამხედრო რაზმები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ შედიან. მინიშნება პირდაპირ ეხებოდა ბრიტანულ შენაერთებს, რომელთა საქართველოდან გაყვანის გადაწყვეტილება ინგლისის მთავრობას უკვე მიღებული ჰქონდა, მაგრამ სამხედრო კონტიგენტს ჯერ ბათუმი არ დაეტოვებინა. ამ პირობაზე თანხმობით საქართველომ თვითონვე შეუწყო ხელი საკუთარ იზოლაციას.

1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს საზავო ხელშეკრულება, რომელიც რატიფიკაციის გარეშე, ფაქტის ძალით, შევიდა მოქმედებაში, მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ყოფილი მეტროპოლია იურიდიულად სცნობდა ყოფილი კოლონიის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გარემოება უდავოდ განამტკიცებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესტიჟს შინ თუ გარეთ, აადვილებდა მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა-აღიარებას, მაგრამ იგივე ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთს ხელ-ფეხს უხსნიდა საქართველოს დასაპყრობად. კომუნისტური პარტიის ლეგალიზებითა და მისთვის სრული თავისუფლების მინიჭებით, რასაც მოსკოვში გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებდა, საქართველოში ძლიერდებოდა ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ეწეოდა დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აშკარა პროპაგანდას.

ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოსა და რუსთს შორის დამყარდა დიპლომტიური ურთიერთობა. გაიცვალა ელჩები. რსფსრ სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოში ცნობილი ბოლშევიკი ს. კიროვი დაინიშნა (მოგვიანებით მის ადგილი ე.შეინმანმა დაიკავა), ხოლო საქართველოს მთავრობამ მოსკოვში ელჩად დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი გ. მახარაძე მიავლინა. 1920 წლის ნოემბერში თბილისში დაიდო სავაჭრო-სატრანზიტო შეთანხმება. რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთს თავისუფალი ტრანზიტის უფლება მიანიჭეს, ისახებოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონტურებიც სხვა სფეროებშიც.

საქართველომ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი (კომუნისტური ორგანიზაციების ლეგალიზაცია, უღელტეხილებიდან საგუშაგო პუნქტების გადმონაცვლება და სხვ.), მაგრამ საბჭოთა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვალში რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია მოსკოვის საზავო ხელშეკრულება, ჯარით შემოიჭრა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს ფარგლებში და ბოლო მოუღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება

მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობის გარდა, ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მისი სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო მასშტაბით. დიდ მსოფლიო თავყრილობებზე მცირე ერთა საკითხი წინათ წამიერად თუ გაკრთებოდა ხოლმე, 1919 წლის დამდეგისათვის კი მათი მომავლის გადასაწყვეტად დასავლეთის მთელი პოლიტიკური ელიტა საგანგებოდ შეკრებილიყო.

პარიზის კონფერენციაზე (1919 წ. იანვარი – 1920 წ. დეკემბერი) მიწვეული პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები მსჯელობდნენ კაცობრიობის ახლებურად მოწყობის, მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკის შედგენაზე. იმისათვის, რომ ამ რუკაზე საქართველოს დროშის ფერიც აღბეჭდილიყო, ანუ უცხოეთის წამყვან ქვეყნებს საქართველოს სახელმწიფოებრიობა ოფიციალურად ეცნოთ და ეღიარებინათ, დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ კონფერენციაზე გასაგზავნად სოლიდური დელეგაცია შეარჩია. პოლიტიკოსებით, დიპლომატებით, მეცნიერებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებულ დელეგაციას სათავეში ედგა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე.

საქართველოს წარგზავნილთა სრული შემადგენლობით ევროპაში ჩასვლა ვერ მოხერხდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის ნება მხოლოდ ნ. ჩხეიძეს, ი. წერეთელსა და ზ. ავალიშვილს დართეს. დელეგაციის სხვა წევრები კონსტანტინოპოლიდან უკან დაბრუნდნენ.

ქართული დელეგაცია პარიზში 1919 წლის მარტიდან მომდევნო წლის ბოლომდე იმყოფებოდა. დროის ამ მონაკვეთში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრესი წარმომადგენელი საზღვარგარეთ. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, დელეგაცია ეწეოდა საინფორმაციო და პროპაგანდისტულ მუშაობას, ასრულებდა საკონსულო მოვალეობებს, უფლება გქონდა ეწარმოებინა ეკონომიკური საქმეები და სხვ.

1919 წლის 14 მარტს საქართველოს დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი საქართველოს წარსულისა და თანამედროვე რეალობის მოკლე აღწერით. დოკუმენტში არგუმენტირებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აუცილებლობა. მემორანდუმით საქართველოს ხელისუფლება თხოვდა მოკავშირე სახელმწიფოებს, მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის არჩევანისთვის, ეცნოთ ქართველი ერი სხვა ერთა შორის და ეღიარებინათ მისი სუვერენიტეტი. მემორანდუმთან ერთად კონფერენციას გადაეცა ფრანგულ ენაზე შედგენილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, რომელზეც მკაფიოდ იყო მოხაზული საქართველოს ტერიტორია და საზღვრები.

საქართველო, როგორც ცალკე სახელმწიფო, დასავლეთისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო მისი ეკონომიკური რესურსებით (ტყე, მადნეული, წყლის ენერგია), ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით, ასევე სტრატეგიულად ერთობ მნიშვნელოვანი, სატრანზიტო ფუნქციით. საქართველო შეიძლებოდა გამხდარიყო გზა “ღია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობისათვის ევროპას, ცენტრალურ და წინა აზიას შორის.”

მოკავშირე სახელმწიფოები საქართველოს პრობლემას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში განიხილავდნენ, ანგარიშს უწევდნენ რეგიონში რუსეთის რეალურ ინტერესებსა და ძალთა ბალანსს, აფიქრებდათ კავკასიის ქვეყნების არასტაბილური ვითარება, მათი შეუთანხმებლობა საზღვრების გამო და სხვ.

კონფერენციის წარმმართველი ქვეყნების -ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურები განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ რუსეთის მიმართ, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო სამოქალაქო ომის ხანძარი. რუსეთის საკითხი დიდწილად განსაზღვრავდა მთელი კავკასიის, მათ შორის საქართველოს მდგომარეობასაც. თუ რუსეთში მოკავშირე სახელმწიფოთა ფავორიტი ძალა (კოლჩაკი, მოხალისეთა არმია) გაიმარჯვებდა, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საეჭვო იყო. ეს საკითხი კონფერენციაზე პრაქტიკულად არც დასმულა, ვიდრე თეთრგვარდიული მოძრაობა უიმედოდ თავქვე არ დაეშვა.

იმ შემთხვევისათვის, თუ პარიზის კონფერენცია უარს იტყოდა საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებაზე, დელეგაციის ხელმძღვანელ ნ. ჩხეიძეს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიასაგან მიცემული ჰქონდა ინსტრუქცია, მიეღოთ ინგლისის ან საფრანგეთის მფარველობა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩაურევლობის პირობით.

იმხანად სამხრეთ კავკასიაში ამგვარ როლში მოკავშირე სახელმწიფოთა სახელით დიდი ბრიტანეთი გამოდიოდა. მაგრამ 1919 წლის გაზაფხულიდან ბრიტანეთმა თავი ანება აქტიურ პოლიტიკას რეგიონში და აქედან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა. ლოიდ ჯორჯმა საქართველოზე მანდატი იტალიას შესთავაზა. იტალიის მთავრობა სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს და დაიწყო ნიადაგის მოსინჯვა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ გამოუხატავს, რადგან ოფიციალურად გაცხადდა, რომ იტალია საქართველოს შინაურ ცხოვრებაში არ ჩაერეოდა. იტალიას უფრო ეკონომიკური მოტივი ამოძრავებდა. იგი დაინტერესებული იყო საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებით (განსაკუთრებით ქვანახშირით) და სახავდა კონცესიების ფორმით მათი ექსპლუატაციის სავარაუდო გეგმებს. 1919 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდა იტალიის საგანგებო მისია პოლკოვნიკ მ. გაბბას მეთაურობით, რომელმაც ორლანდოს კაბინეტს საქართველოში საექსპედიცო კორპუსის გამოგზავნის აზრი უფრო განუმტკიცა. ასეთი შენაერთი კიდევაც მომზადდა, მაგრამ 1919 წლის ივნისში იტალიაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილების გამო, მისი გამოგზავნის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. ახალმა პრემიერმა ფ. ნიტტიმ მიიჩნია, რომ იტალიის ჯარების საქართველოში ყოფნა აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას, რაც მისთვის მიუღებელი იყო. იტალიის მანდატი საქართველოზე არ შედგა.

ამავე პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც თვალნათლივ გამოიკვეთა. პრეზიდენტი ვ. ვილსონი მზად იყო, აეღო მანდატი სომხეთზე, რისთვისაც რეგიონში რამდენიმე მისია მოავლინა (მათ შორის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯედსონი, კაპიტანი ბ. მური, გენერალი ჯ. ჰარბორდი და სხვ.).

საქართველოს მმართველ ძალას სათანადოდ ვერ გაეცნობიერებინა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი ძლიერი აქტორის – აშშ-ს როლი, ამიტომაც ამ ოკეანისგაღმელი ქვეყნის ადმინისტრაციასთან დაახლოების გზები ქართულ დიპლომატიას საფუძვლიანად არც მოუსინჯავს. თავის მხრივ, აშშ-ის ხელისუფლებაც უნდობლად უყურებდა საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისაკენ. მიუხედავად ამისა, ამერიკულ მისიებს გვერდი არ აუვლიათ საქართველოსთვის. ისინი გაეცნენ აქ შექმნილ მდგომარეობასაც და შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასიისათვის, მისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ერთი საერთო მანდატი.

საქართველოში ამერიკის დახმარება სხვაგვარად ჰქონდათ წარმოდგენილი, კერძოდ, ფინანსური თანადგომისა და დიპლომატიური მხარდაჭერის სახით. საქართველოს მთავრობას აშშ-სათვის საკუთარ ქვეყანაზე მანდატის დაწესება არ უთხოვია. “ჩვენ არა ვართ სამანდატო, საოპეკუნო ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი”-აცხადებდა ნოე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელ კრებაში გამოსვლისას. იგი მანდატში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფას ხედავდა, მაგრამ მოელოდა, რომ სომხეთის ამერიკის მფარველობაში შესვლა საქართველოსაც გარკვეულად წაადგებოდა. ეს მოლოდინი ამაო გამოდგა, რადგან ვილსონის გეგმა თვით აშშ-ს სენატმა არ გაიზიარა და საბოლოოდ უარყო.

1920 წლის დამდეგს, როცა რუსეთის შიდა დაპირისპირებაში საბჭოთა ხელისუფლების უპირატესობა აშკარა გახდა, მოკავშირე სახელმწიფოებმა საჭიროდ მიიჩნიეს, ჩაეკეტათ ბოლშევიზმი საკუთრივ რუსეთის ფარგლებში და განაპირა ქვეყნები დაეცვათ მისი შეღწევისაგან. არსებითად ამ მოსაზრებით იყო განპირობებული ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტოდ აღიარების შესახებ 1920 წლის 11 იანვარს. მოკავშირეთა ამ გადაწყვეტილებას იმავე წლის თებერვალში იაპონია, ხოლო აგვისტოში ბელგია შეუერთდა. უფრო ადრე, 1919 წლის 15 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა არგენტინის ხელისუფლებამ.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულების ძალით საქართველოს ცალკე სახელმწიფოებრიობა ცნო რსფსრ-მ. მეტროპოლის მიერ ყოფილი კოლონიაზე ხელის ნებით აღებამ გაზარდა საერთაშორისო ნდობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი. უცხოეთის არაერთი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტის იურიდიულად აღიარების გზას დაადგა.

ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც ამის შემდეგაც თავს იკავებდა, ეცნო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, იყო ამერიკის შეერთებული შტატები. 1920 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ კოლბის პასუხი იტალიის მთავრობის შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს ამერიკის ხელისუფლება რუსეთ-პოლონეთის გამწვავებულ ურთიერთობას. კოლბის ნოტა პოლონეთის გარდა ეხებოდა რუსეთის ყოფილი იმპერიის ფარგლებში წარმოქმნილ სხვა პოლიტიკურ ერთეულებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც და აცხადებდა: აშშ არ იწონებს პარიზის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ე. წ. რესპუბლიკების – საქართველოსა და აზერბაიჯანის ცნობის შესახებ. ამასთან, იზიარებდა რა რუსეთის მთლიანობის იდეას, აშშ-ის ადმინისტრაცია საერთოდ ეჭვქვეშ აყენებდა პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ საქართველოს ლტოლვის კანონიერებასაც და ცნობდა მხოლოდ ფინეთის, პოლონეთისა და სომხეთის თავისუფლებას.

აშშ-ის ამგვარი პოზიცია აბრკოლებდა ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარებას, მაგრამ დაუძლეველ წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენდა. პრეზიდენტი ვილსონი მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოზე ძველებურად ვეღარ ზემოქმედებდა, რადგან მის მთავრობას რწმუნების ვადა ეწურებოდა.

საქართველოს ხელისუფლებას არ შეუნელებია მუშაობა ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად შინ თუ გარეთ. 1920 წლის შემოდგომაზე ევროპაში გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. იგი რომსა და პარიზში შეხვდა იტალიისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურებს, ლონდონში საუბარი ჰქონდა ბრიტანელ კოლეგასთან და სხვ. ვიზიტი წარმატებული გამოდგა. მოკავშირე სახელმწიფოები საქართველოს თანადგომას აღუთქვამდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ერთგვარი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას თბილისში 1920 წლის სექტემბერში. 15 კაციან დელეგაციაში II ინტერნაციონალის ლიდერები და თვალსაჩინო წარმომადგენლები შედიოდნენ, კერძოდ: კარლ კაუცკი, ემილ ვანდერველდე, რემზეი მაკდონალდი, პიერ რენოდელი და სხვ. სტუმრებმა საქართველოში ათი დღე დაჰყვეს, გაეცნენ ქვეყნის წარსულს, კულტურას, ტრადიციებს, მიმდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მიღწევებსა თუ სიძნელეებს.

ეს ვიზიტი არ იყო მხოლოდ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის – სოციალ-დემოკრატიის მხარდაჭერა. სამშობლოში დაბრუნებულმა ევროპელმა სოციალისტებმა გარკვეული სამსახური გაუწიეს ზოგადად ქართულ სახელმწიფოს, ხმა აღიმაღლეს მისი უფლებების დასაცავად, თავიანთი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წინაშე დასვეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიულად აღიარების მოთხოვნა.

1921 წლის იანვარში მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ, რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ, გაიზიარა საფრანგეთის წინადადება და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურედ ცნობის შესახებ. მათ შორის, ვინც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი იურიდიულად აღიარა, იყვნენ: საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია, ბელგია (1921 წ. 27 იანვარი), ავსტრია, რუმინეთი, ლუქსემბურგი (1921 წ. თებერვალი), ჰაიტი, ლიბია, მექსიკა (1921 წ. მარტი-აპრილი) და სხვ.

საერთაშორისო აღიარება ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო, მაგრამ ამ რეზონანსულ მიღწევას ჩრდილს ჰფენდა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც 1920 წლის 16 დეკემბერს ჟენევაში იქნა მიღებული და საქართველოს ერთა ლიგის მიღმა ტოვებდა.

ერთა ლიგა აშშ-ის პრეზიდენტ ვ. ვილსონის იდეის თანახმად 1919 წლის აპრილში გამარჯვებული მოკავშირე სახელმწიფოების გაერთიანებით შეიქმნა. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მოწოდებული იყო სახელმწიფოთა შორის კეთილგანწყობის დასამყარებლად, საყოველთაო მშვიდობისა და უშიშროების განსამტკიცებლად. ომის თავიდან აცილების მიზნით, ერთა ლიგა მზადყოფნას აცხადებდა სადავო საკითხები მოლაპარაკებათა გზით გადაეწყვიტა, სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპების პატივისცემა კი მცირე ერთა უფლებების დაცვით გამოეხატა.

საქართველომ იმთავითვე გამოთქვა სურვილი, შესულიყო სახელმწიფოთა ახალ უნივერსალურ თანამეგობრობაში, რომელიც თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის საიმედო გარანტად წარმოედგინა. ამგვარი ილუზიის საფუძველს იძლეოდა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ორგანიზაციის წევრი ნებისმიერი ქვეყნის დაცვას გარე აგრესიის შემთხვევაში. სამწუხაროდ, სწორედ ეს მუხლი, საქართველოსთვის ხსნის ღუზად რომ მოსჩანდა, აღმოჩნდა ხელისშემშლელი ლიგაში მის შესასვლელად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერ მისწრაფებას, დაეკავებინა კუთვნილი ადგილი სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებაში, მრავალი ქომაგი და თანამდგომი გამოუჩნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორ ფ. ნანსენის (ნორვეგია), ლორდი რ. სესილის (სამხრეთ აფრიკა) და სხვ. ღვაწლი. ისინი დაბეჯითებით ასაბუთებდნენ ერთა ლიგაში საქართველოს მიღების სამართლიანობასა და აუცილებლობას, მოუწოდებდნენ მისი მხარდაჭერისაკენ, მაგრამ სამართლიანობას პრაგმატიზმმა სძლია.

საქართველოს საკითხის განხილვისას, კენჭისყრაში მონაწილე ერთა ლიგის 24 სახელმწიფოდან, უმრავლესობამ ირწმუნა ინგლისისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა თვალსაზრისი, რომ ლიგა ვერ შეძლებდა ევროპის განაპირა რთულ რეგიონში მდებარე საქართველოს დაცვას მოძალადეთა თავდასხმისაგან. ამ მიზეზით 16-მა სახელმწიფომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უარი უთხრა ერთა ლიგაში მიღებაზე და გადარჩენის მაძიებელი ქვეყანა თავის ბედის წილ უნუგეშოდ დატოვა.

წყარო: გაზეთი 24 საათი – დროთა კავშირი – 2008-05-17

No comments:

Post a Comment