October 18, 2011

ბლოგი „ტაბულა არტი“: ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან

გიორგი გძელიძე
06 იანვარი 2011
საშინელ ხანაში ვცხოვრობთ. მსოფლიო მოსალოდნელ და მოულოდნელ მოვლენათა სათამაშო ასპარეზს წარმოადგენს. განჭვრეტა ჟამთა ცვლილებათა არავის ძალუძს. კაცობრიობას დღეს არ ამოძრავებენ დიდი, საწაულ-მოქმედი იდეები, ღვთაებრივი ცეცხლი ყველგან კლებულობს, დაუცხრომელი დემონი მთელ სამყაროს დაუფლებით ემუქრება.

მსოფლიო ჭიდილის განუზომელ არეზე, ჩვენც გვაქვს მოკუთვნილი ერთი ადგილი და სწორედ აქ გვმართებს გამოჩენა გონიერებისა, ქართული საუკუნოვანი გამოცდილებისა და სიბრძნისა, რომ ამ ნიაღვარმა არ გადაგვქელოს და არ აღვგავოს პირითგან მიწისა. 
გული გიკვდება და სასოწარკვეთილება გიპყრობს, როდესაც წარმოიდგენ ნამდვილ სურათს ჩვენი მდგომარეობისა, `ზვირთებში დავცურავთ ტლუ ნავით უგზოდ და უკვალოდ`, მართლაც რომ გზა-კვალი დაგვებნა და ჩვენი ისტორიული მოვალეობა დაგვავიწყდა. დღემდე ხომ ვასრულებდით მას ერთად, შეთანხმებულად, დინჯად და მოფიქრებულად!
დღეს კი, ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, ისეთ მიუტევებელ დანაშაულს ჩავდივართ ჩვენი ერის მიმართ, რომ თუ დროზე გონს არ მოვედით, ჩვენ ვერ ჩავწერთ სასახელო ფურცლებს ემიგრაციის მიერ წარმოებულ საქართველოს განმათავისუფლებელ ბრძოლის ისტორიაში, ვერავითარი მჭევრმეტყველობით ვერ დავმალავთ შეცდომათ, ჩვენ მიერ დაშვებულთ. და ვერც ლამაზი ჩადრით დავფარავთ ცუდ საქმეთ, ჩვენ მიერ გაკეთებულთ.
ჩვენთვის ასეთ მწვავე და საბედისწერო დროს, სრულიად ბუნებრივია, რომ განზრახვა მომივიდა ვესაუბრო ჩვენ წარჩინებულ, გამოცდილ უფროსთ და მათი ნაფიქრალი აზრი გადავცე `ბედი ქართლისას~ მკითხველთ. ამ მიზნით ვესტუმრე პირველად დიდ მწერალს, ქართველი ერის თაურმდგენის მესაიდუმლეს, გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც სიამოვნებით დასთანხმდა მივაწოდო ჩვენი ჟურნალის საშუალებით ქართველ საზოგადოებას მისი შეხედულებანი, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუცხადებ.
კ.ს. ბატონო გრიგოლ, თქვენ თვითონ იცით, თუ რა დიდი დანაკლისია ჩვენთვის გარდაცვალება საქართველოს პრეზიდენტისა: ნოე ჟორდანიასი. საინტერესოა თქვენი აზრი განსვენებულის შესახებ.
გ.რ. ნოე ჟორდანია საქართველოს თავგადასავალში ფრიად მნიშვნელოვანი და ამდენადვე რთული მოვლენაა. ჩემი აზრი ამ მოვლენის შესახებ გამოვთქვი მოკლედ ჯერ კიდევ 1920 წ., როცა გაზეთში `ბარიკადა~ ნოე ჟორდანიას ლიტერატურული პორტრეტი გამოვაქვეყნე. იქ გამოთქმული აზრი ჩემში შემდგომ კიდევ უფრო განმტკიცდა. უკვე დავამზადე ვრცელი წერილი `ნოე ჟორდანია როგორც მამულიშვილი~, რომელიც თავის დროს `ბედი ქართლისაში~ გამოქვეყნდება. ვამბობ `თავის დროს~ _ რადგან თქმაც შესაფერ დროს მოითხოვს.
კ.ს. რას ფიქრობთ თქვენი ქართული საქმის ირგვლივ დღევანდელ პირობებში?
გ.რ. ქართული საქმის გაგება მოითხოვს საქართველოს გაგებას. საქართველოს გაგება მოითხოვს თავის მხრით გაგებას ცნებისა `ხალხი~.
კ.ს. საინტერესოა, მოსმენა თქვენი განმარტებისა ცნება `ხალხის~ შესახებ.
გ.რ. ხალხი _ეს ევროპაშიდაც არაა უკანასკნელი სიღრმით გარკვეული. ხალხი არაა ამა თუ იმ დროს სტატისტიკით აღრიცხული გროვა ცალკეულთა _ იგი ცოცხალი არსია ზეპიროვნული ბუნებისა. არსად არ ცხადდება ეს ისე მკაფიოდ, როგორც ენაში ….. იტყვის რომელიმე ქართველი მწიგნობარი, მაგალითად `დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება ქართველთა~. ამავე დროს ქართველი დიასახლისი ამბობს: `შვილო, ფქვილი გამტკიცე~. იქაც და აქაც ერთდაიგივე სიტყვაა, `მტკიცება~. პირველ შემთხვევაში ხმარებული მნიშვნელობით `გამაგრებისა~, მეორეში კი მნიშვნელობით `განწმენდისა~. გამოდის: რაც განწმენდილია, `მაგარია~ და რაც მაგარია `განწმენდილი~. აზრი უღრმესი: თუ ნივთიერი ელემენტი შეზავებისას დაწმენდილი არაა, მისგან გამოყვანილი ფოლადი უღრუო არ იქნება, ე. ი. `მაგარი~. (როცა ვამბობ ხოლმე, ქართული ენა უგენიალესი ქმნილებაა ენათა შორის-მეთქი, ვგულისხმობ ამ შინა-აზრს). ვინ იაზრა ეს აზრი? რომელიმე გიორგიმ, რომელიმე დავითმა? ყოველ გიორგის და ყოველ დავითს წინ ხვდება იგი უკვე გააზრებული. ავტორი ამ აზრისა _ ხალხია, ამ შემთხვევაში, ქართველი. ხალხი ადამიანის სახეობაა. ეს დებულება მომდინარეობს ძველთა-ძველი ცნებისაგან `მ ა რ ა დ ი ა დ ა მ ი ა ნ ი~. ეს სწავლა მიიჩქმალა საუკუნეთა სვლაში, სამწუხაროდ, აქა თუ იქ იელვებს ხოლმე იგი დროდადრო. ანტუან ფაბრე დ’ოლივეტ-ემ გენიალურად განმარტა ადამი, წიგნში `ებრაული ენა~, 1915, როგორც `უნივერსალური კაცი~. `გენიალურად~ ნიშნავს აქ: პლატონურად. ადამი პლატონური ცნებაა. ჩვენი დროის სახელგანთქმული ფსიქოლოგი კ. გ. იუნგი, თუმცა იგი გაურბის ყოველგვარ მეტაფიზიკას, იძულებულია გამოიყენოს კვლევის ეს ცნება. იგი ამბობს: რომ შეიძლებოდეს განპიროვნება შეუცნეველისა, ეს იქნებოდა კოლექტიური კაციო, რომელშიაც ვიხილავდით მილლიონ წელთა მანძილზე ვირტუალური სახით ყოველ რასსას, ყოველ ხალხს, ყოველ ტომს, ყოველ გვარს, ყოველ ინდივიდსა-ო. ეს `კოლექტიური კაცი~ სხვა არა არის რა, რაიცა იგივე `ადამი~. ქართულ ენას ზემოთქმული ერთს სიტყვაში ჩამოუსხამს –`ადამიანი~. `ადამი~-ანი ნიშნავს: კაცი, რომელსაც შინაგან აქვს `ადამი~. ვიტყვით ხომ: `კუდი~-ანი, `ბარდი~-ანი, `მუნი~-ანი და სხვა.
`ადამიანი~ ადამისაგან წარმოშობილს კი არ ნიშნავს _ არამედ ცალკეულს, რომელშიც `ადამია~. სხვათა შორის მხოლოდ ამ განმარტების გასწვრივაა შესაძლებელი ნამდვილი გაგება ბაგრატიონთა თქმისა: `ჩვენ დავითიანნი~. განა ეს იმას ნიშნავს, როგორც ჰგონიათ, თითქოს ბაგრატიონთ ებრაელი მეფის დავითისაგან გამოჰყავდათ მათი წარმოშობა? არა, ისინი აქ სულ სხვა რამეს იგულვებენ.
კ.ს. შეიძლება განმარტოთ, რას?
გ.რ. სახარებაში ქრისტე იწოდების როგორც `ძე ღვთისა~ და როგორც `ძე კაცისა~. როგორც `ძე კაცისა~ იგი მოევლინა ქვეყანას მეფე დავითის გვარის ხაზით. ბაგრატიონთ ისე მძაფრად სწამდათ ქრისტე, როგორც `ძე-ღვთისა~, რომ მას, `ძეს კაცისა~, ამ ხაზით იგულვებდენ. აქეთგან `ჩვენ დავითიანნი~.
აქ უნდა აღვნიშნო, რომ: არ განეცადა პლატონს უღრმესად `ადამიანი~, როგორც ეს გაუგია ქართველთა გენიას, იგი ვერა რომელი სხვა გზით `მიაგონებდა~, ე. ი. მიაგნებდა იდეას.
ამრიგად `ხალხი~, როგორც ცოცხალი არსი კრებითი პიროვნებაა. `მთლად~ არ ვლინდება იგი არცერთ ხანაში _ ხოლო ყოველ ხანაში იგი `იგივეა~. სხვანი იყვნენ ქართველნი მაგალითად მეთხუთმეტე საუკუნეში, სხვანი ვართ დღეს ქართველნი _ გარნა ისინიც და ჩვენც ერთნი ვართ და იგივენი ქართველნი, რაც ერთია და იგივე ქართველებში: ეს ქართველი ხალხია. ვითარ ცოცხალი არსი იგი მითიურ პიროვნებად გვევლინება, რომლის სახელია ქ ა რ თ უ ანუ კ ა რ დ უ. აქედგან: ქართული, ქართველი _ ანუ: კარდუელი, კარდველი (აქ ნათქვამი ჩემს ახალ წიგნშიაც საქართველოზე, ფრანგული თარგმანი მზადაა _ არის მოქცეული. ვისაც ჰსურს კონკრეტულ წვდეს ჩემს შეხედულებას, მან უნდა მიმართოს გოეტჰეს სწავლას თაურ-მცენარეზე. `გოეტჰური ხილვა საგნისა ინდოეთშიაც იყო ცნობილი, სახელით: `ლინგა-შარირა~). წარმოიდგინეთ: რომელიმე ხალხში გაწყდა ძაფი ხალხის ამგვარი შეგნებისა, რიცხვით ასი მილიონიც რომ იყოს, იგი გადაშენებისაკენ მიდის.
კ.ს. მე თქვენ შეგეკითხეთ, რას ფიქრობთ თქვენ ქართული საქმის ირგვლივ დღევანდელ პირობებში. რაც თქვენ ბრძანეთ, უაღრესად მნიშვნელოვანია და საინტერესო. მაგრამ ის არ უპასუხებს კონკრეტულად ჩემს შეკითხვას.
გ.რ. თუ ამრიგად არ იქნა `ხალხი~ შეგონებული და შეგრძნებული, მაშინ ყოველი ცდა ხალხის საქმის მოგვარებისა ყოველ პირობებში მრუდეთ წავა, როცა დღეს, ჩვენ ქართველნი, რომელიმე კონკრეტულ საქმის გასაყვანად ვიბრძვით, ზემოთქმული არ უნდა გამოგვეპაროს თვალთახედვიდან. თუ ასე იქნება შეგონებული დაშეგრძნებული `ხალხი~, მაშინ აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ დარაზმულობათა, არ იქცევა გამთიშავ უთანხმოებად.
1917 წ. `ეროვნულ ყრილობაზე~, საცა საფუძველი ჩაეყარა მაისის 26, ასეთი მთლიანი გზნება ხალხისა სუფევდა. ეს ემიგრაციაში დღეს დარღვეულია.
თუ ქართველთა პოლიტიკურ დარაზმულობათა ურთიერთშორის არ განიფინა ის სულიერი ატმოსფერო, რომელიც სუფევდა იმ ისტორიულ ყრილობაზე, ქართული საქმე უკუღმართად წავა.
კ.ს. თქვენ ალბათ წაკითხული გექნებათ წიგნაკი `საქართველო _ ევროპა~, გამოცემული ქართული ევროპიული მოძრაობის თაოსანთა მიერ. თქვენ როგორც მწერალი შესული ხართ ევროპაში და ღრმად გაგეგებათ იგი. დიდად საინტერესოა გაგვაცნოთ თქვენი აზრი იმ წიგნაკში გამოთქმული დებულებების შესახებ.
გ.რ. დიახ, ეს წიგნაკი წავიკითხე, წავიკითხე დიდი ინტერესით და დავუმატებ: დიდი სიხარულით. პოლიტიკური კონცეპტი, იმ წიგნაკში გაყვანილი, უკანასკნელად მხვედრია დღევანდელ ისტორიულ პირობებში. ამ კონცეპტით თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ როგორც რუსეთს, აგრეთვე ოსმალეთს, ასევე ყველა სხვა ხალხთ _ ყოველგვარი `ფსიხოლოგიზმის~ აცილებით. საქართველოს დღევანდელ საქმისათვის ეს კონცეპტი პირდაპირ ზეგამოჭრილია. ამავე დროს ეს კონცეპტი დღევანდელ ისტორიულ ძალებს გაუადვილებს ამ დარგში საქმიანობას.
კ.ს. დღეს ჩვენი ემიგრაციის წინაშე დგას მეტად მწვავე საკითხი რუსებთან ურთიერთობის ირგვლივ. რას გვეტყვით ამის შესახებ?
გ.რ. აქაც საერთოდ უნდა გიპასუხოთ, თუ რას ვფიქრობ რუსეთზე: ჩემთვის ყოველი ხალხი სახეობაა ღვთიური მრავალსახიერებისა. ასეთია რუსი ხალხიც. რუსთა გენიის ძლიერება ცხადდება: რწმენაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, სიმღერაში, გალობაში, თეატრში, ბალეტში. ხელმწიფებაში? ვლადიმირ ვეიდლე, გარუსებული ბალტიელი ალბათ, ამბობს რუსებზე:
ჩეტტე რესიგნატიონ ა ნე რეინ ფაირე, ლორსქუ ონ ნე პეუტ პას ფაირე ტოუტ, ეე მეპრის დე ნ’იმპორტე ქუელ ბიენ ქუი ნ’ესტ პას ლე ბეინ შუპრემე, ილს სონტ პოურ ლა ღუსსიე უნე შოურცე დე Gრანდეურ, ეტ აუსსი უნე ცაუსე დე რუინე (“Lა ღუსსიე აბსენტე ეტ პრესენტე”).
ფორმულა ზედგამოჭრილია. რუსეთის მმართველთ რომ შეეგნოთ ეს ხაზი რუსული ბუნებისა, მაშინ მათი ხელმწიფება სულ სხვა გეზით გაიმართებოდა: ფსევდო-იმპერიის მაგივრად `საკრალურ მეფობას~ განამტკიცებდენ. (ხალხი, როგორც ზეპიროვნული არსი, ვერ ნახულობს ხშირად ცალკეულში თავის ნამდვილ მსახველს. მეთაურის დანიშნულება სწორედ ისაა: მიაგნოს ხალხის შუაგულს და შეიგნოს იგი. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ ხალხს, როგორც ყოველ არსს, თავისი საკუთარი საფრთხე აქვს. მეთაურის საქმეა: განსჭვრიტოს ეს საფრთხე, რათა დაიურვოს იგი, აი ნამდვილი ფორმულა მეთაურის დაფასებისათვის). ეს მით უფრო ადვილი იქნებოდა, რომ მათ წინ არ იდგა ის გადაულახავი სიძნელე, რომელიც აღიმართა გერმანელ კაიზერთა წინ ამგვარივე მეფობის გამართვის ცდაში: კათოლიკური ეკლესიის კონცეპტით პაპი `ნაცვალია ქრისტესი~ ამ ქვეყნად და როგორც ასეთი სპირიტუალურ უფლებას ვერ დაუთმობდა მფლობელს ამ ქვეყნიური ძალისა _ რუსეთის ეკლესია, მართლმადიდებელი კი ასეთს `ნაცვალს ქრისტესი~ არა ცნობს. დავუმატოთ ამას ისიც, რომ რუსი ხალხის წიაღში მეფე წამოსახული იყო მუდამ ვითარ `კურთხეული~. შეიგნეს ეს რუსეთის მეფეებმა? `საკრალური მეფობის~ განვრცობის მაგიერ მათ იწყეს იმპერიალისტური ექსპანსია, რისათვის მათ არ გააჩნდათ ნიჭი არც რომაელთა და არცა ბრიტანელთა. აბა მითხარით: რომელ რომაელს ან რომელ ბრიტანელს მოუვიდოდა აზრად ეს უაზრობა: ეთნიური გადაგვარება იმპერიაში მოქცეულ ხალხთა? რუსეთის იმპერატორების პოლიტიკა კი რუსსიფიკაციის ხაზით იყო მიმართული. შექმნა ამ პოლიტიკამ იმპერია? უთუოდ _ გარნა ერთი განსაზღვრით: იმპერიული განვრცობა აქ სიმსივნედ იქცა, ვთქვათ ევროპული სიტყვით: `ელეფანტიაზის~-ად. ეს აშკარა გახდა ყველასათვის რუსეთ-იაპონეთის ომის დროს.
დავანებოთ თავი ყველაფერს _ განვიხილოთ არსებითად საქართველოს დაკავშირება რუსეთთან. დავუშვათ ერთი წუთით: რუსეთის მეფეებს არ გაეუქმებიათ საქართველოს სამეფო, რა იქნებოდა? რუსეთის იმპერატორი იქნებოდა _ გამოვთქვათ ფეოდის ცნებით _ `Lეჰსჰერრ ~, ქართველი მეფე – `Lეჰნსმანნ~; პირველი _ მფლობელი მოთავე, მეორე _ მფლობელი მომხრე; ორივე ერთიმეორის მიმართ: რაინდი რაინდის მიმართ. როგორ იქნებოდა გამაგრებული რუსეთი აღმოსავლეთის ბჭესთან! რუსეთის იმპერატორებს მეფე ერეკლეს შორსმჭვრეტელობა არ აღმოაჩნდათ: მათ უღალატეს საქართველოს _ ამ ღალატით თავის თავს უღალატეს.
კ.ს. უნდა მოგახსენოთ, ბატონო გრიგოლ, რომ ჩვენ რუსებთან ურთიერთობის საკითხში ვამყარებთ ჩვენ პოლიტიკას იმ ფაქტზე, რომ რუს ემიგრანტების ყველა წრეები დღესაც იმპერიალისტურ იდეებს ეტრფიან და აქედან წარმოშობილ `ველიკოდერჟავნიჩესტვოს~ სენით არიან შეპყრობილნი, რაც ხდის შეუძლებლად მათთან თანამშრომლობას. ხოლო ახლა გთხოვთ ერთი მიბრძანოთ: გამიგონია, რომ თქვენ განსაკუთრებული შეხედულება გაქვთ რუსეთის რევოლუციაზე, მართალია ეს?
გ.რ. ჩემი აზრი რუსეთის რევოლუციაზე სრულებით სხვაა ვიდრე არსებული, სულ ერთია, არის იგი: ქართველთა, არა-ქართველთა, ევროპელთა, ამერიკელთა. სულ სხვაა, ვიდრე თვითონ რუსთა. აი იგი მოკლე ფორმულით. თებერვლის რევოლუცია გამოვიდა დღე-ნაკლული, ვინაითგან კერენსკებმა ვერ შეძლეს `მეფის მითოსი~ შეენაცვლებინათ სხვა მითოსით, ახალით. (1913 წელს შევხვდი კერენსკის. გავაფრთხილე: სწორეთ `მეფის~ საკითხში. ამის შესახებ ერთ ჩემს გამოუქვეყნებელ წიგნში.) დამარცხდა `უსისხლო~ თებერვალი, გაიმარჯვა `სისხლიანმა~ ოქტომბერმა. გაიმარჯვა, რადგან ლენინმა წამოაყენა დამხობილი `მეფის მითოსის~ ალაგას სხვა მითოსი _ მართალია ყალბი, მაგრამ მაინც `მითოსი~: და მითოსი ყოველგვარი გარდატეხისას არა თუ მნიშვნელოვანი, გადამწყვეტია.
კ.ს. როგორც მოგეხსენებათ, ბატონო გრიგოლ, დღეს, მსოფლიო ორ ფრონტად არის გაყოფილი: ბოლშევიკური და ანტიბოლშევიკური, რას ფიქრობთ თქვენ ამ ფრონტების შესახებ?
გ.რ. მე პოლიტიკოსი არა ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამეგებოდეს. ის მხოლოდ ჩემი საქმე არაა! მოგახსენებთ მოკლედ ჩემს აზრს: ბოლშევიკური ფრონტი შესანიშნავად იცნობს ანტიბოლშევისტურს. ეს არ ითქმის ანტიბოლშევისტურ ფრონტზე.
.კ.ს მიუხედავად ამდენი გამოკვლევებისა, უამრავი წიგნებისა და სხვა?
გ.რ. სწორედ მიუხედავად ამისა.
კ.ს. მიკვირს, როგორ?
გ.რ. უამრავი გამოკვლევებია ბოლშევიზმზე, მრავალმხრით მნიშვნელოვანია თითქმის ყოველივე მათგანი. ხოლო ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე წვდებოდეს შუაგულს ბოლშევიზმის ფენომენისა. ზოგიერთნი ავტორნი, უმეტეს წილ დასავლეთიდან ცდილობენ ბოლშევიზმის ძირები აღმოაჩინონ. საგანთან არიან ახლო, ხოლო რუსები რომ იტყვიან, იდუტ მიმო ნეგო. ხდება ეს იმის გამო, რომ ამათ სენი, რომელსაც მე ვუწოდებ `ბოლშევიტის~, არ განუცდიათ. გასაგებია, თუ არა აქვთ მათ მეექვსე გრძნება, რაც აუცილებლად საჭიროა ბოლშევიზმის შექმნილ ატმოსფეროს გაგებისათვის. სხვებს, უმეტეს წილ საბჭოეთიდგან, განცდილი აქვთ ეს ავადობა, ხოლო მათ აკლიათ გონმეტყველური ანალიზი განცდათა. მრავალ ავტორთა საბჭოეთითგან, არ არის საჭირო ისინი დავასახელო, შეეძლოთ გონმეტყველურ აეხსნათ თავიანთი განცდანი, მაგრამ ამათ დასტოვეს საბჭოეთი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა დემონიური ფაზა ბოლშევიზმისა არ იყო დაწყებული.

კ.ს. ნება მიბოძეთ, ბატონო გრიგოლ, შეგეკითხოთ, მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ ორივე ეს გაქვთ, განცდაც და გონმეტყველური განჭვრეტაც?
გ.რ. უთუოდ. ამის საბუთი არის ჩემი რომანი, ამ ოცი წლის წინათ გერმანულ ენაზე გამოცემული `ჩაკლული სული~, საცა, ასე ვთქვათ, მოლეკულურად არის განხილული, თუ რა ემართება ადამიანს ბოლშევისტურ არეში, სულ ერთია, არის იგი ბოლშევიკი, თუ არა ბოლშევიკი. ალბათ, ამით აიხსნება ის ამბავი, რომ ამ რომანში წინასწარ ხილულია თანასახი ე. წ. საჩვენებელი პროცესთა.
კ.ს. კარგი იქნებოდა, მოკლეთ მაინც განმარტავდეთ `ბედი ქართლისა~-ს მკითხველებისათვის თუ რა არის არსი ბოლშევიკური სისტემისა.
გ.რ. ეს კითხვა გადაიჭრება, თუ გადავჭრით პირველ ყოვლისა ერთ საკითხს, ვინ ბატონობს საბჭოეთში. გაგიკვირდებათ და ყველას გაუკვირდება ჩემი პასუხი: ვინმე რომელიც არავინაა.
კ.ს. რას ნიშნავს ეს?
გ.რ. განმარტებისათვის ერთ საკითხს დაგიყენებთ. დამისახელეთ, თუ გინდ ერთი პიროვნება, რომელიც თავისუფალი იყვეს საბჭოეთში. არა მარტო არაბოლშევიკურ, არამედ ბოლშევიკურ წრეებშიაც. ერთს ვერ დამისახელებთ. მოლოტოვი შეიძლება უფრო ძრწის იქ, ვიდრე უბრალო მოქალაქე. ერთად ერთი გამოკლება არის მხოლოდ სტალინი, მაგრამ ის სოსო ჯუღაშვილი კი არ არის, არამედ პიროვნული განსახიერება იმ უპიროვნო ძალთა, რომელთაც წარმოშვეს ბოლშევიზმი. მისი სიძლიერე სწორედ იმაშია, უნდა ვთქვა უფრო მეტი, ვიდრე ლენინისა, რომ მან შესძლო გადახტილება უპირ ძალთა ძებნაში. საკმაოა ერთი წუთით, ერთი ასე ვსთქვათ, ვოლტე Fასე-ით ამოვარდეს იგი ამ სტილითგან, რომ კვლავ სოსო ჯუღაშვილად იქცეს, რომელსაც იმგვარადვე მოიცილებს ის უპიროვნო ძალა, როგორც სტალინმა მოიცილა თავისი მოწინააღმდეგენი.
კ.ს. რა არის კონკრეტულად ეს უპიროვნო ძალა?
გ.რ. ამ საკითხის განხილვა ძალიან შორს წამიყვანდა, ვიტყვი მხოლოდ ერთს: სათავე ამისა არის ერთი მხრით `რაციოდ~ გადაგვარება გონისა (ესპრი). ძველი სწავლით თუ გონს თესლი აკლია და ისე ჩაეწვეთა მატერიაში, იგი განოყიერების მაგივრად იწვევს უკანასკნელში ვაკუუმს, სიცარიელეს, და ამით ქაოსს. აქ არის ძირები ყოველი ამოხეთქისა, არის ის ომი თუ რევოლუცია. მეორეს მხრით, სათავე იმავე მოვლენისა არის დაშლა საკრალური წყობისა, რომელიც ქართველთა გენიამ ერთი სიტყვით გამოხატა იდეაში: ხელ-მწიფება. აი აქ, შვეიცარიაში, საცა მე ამ სიტყვებს გეუბნებით, დემოკრატია მტკიცეა და ურყევი. ხოლო ეს მომდინარეობს წმინდა შეფიცვისაგან შვეიცარიელთა: ღუტტი შცწურ. ეს ფიცია ძვალ-რბილი შვეიცარიის დემოკრატიისა.…
კ.ს. რა ემართება ადამიანს, რომელიც მოქცეულია ამ უპიროვნო ძალთა მიერ შექმნილ ატმოსფეროში?
გ.რ. იგი იხრწნება სულიერად.
ბოლშევიზმის გავლენა სულიერ არსში მეტად რთული მოვლენაა. იგი უფრო ატმოსფერულია, ვიდრე ფიზიურ ხელშესახები. ჩემი `Gემორდეტე შეელე~ უმთავრესად ამ ატმოსფეროს მხატვრული გადმოცემაა. ერთის მაგალითზე შეგვიძლია ნათელვყოთ ამ ატმოსფეროს გავლენა. წარმოვიდგინოთ: ვინმე მხეცადქცეულმა ვაჟმა ძალა იხმარა ქალწულზე, რომელსაც თავისი სიქალწულე საკრალურად მიაჩნია, წმინდათა-წმინდა უკანასკნელისა სამუდამოდ შელახულია, ხოლო სიცოცხლე მისი თავისი გზით მიდის მაინც. პატივაყრილი ქალწულის ქვეშეცნეულ ფენებში თავს იჩენს დროდადრო ერთი მეტად საიდუმლო და თან საგულისხმიერო პროცესი. ქალწულს უელვებს ხანდახან ფიქრი: შესაძლოა სასწაული მოხდეს და მან კიდევაც შეიყვაროს პატივამყრელი. მაშინ? მომხდარი თითქო არ მომხდარა და ქალწული აღარ იტანჯვის. იგი უახლოვდება თავის პატივამყრელს: დღითიდღე, თანდათან, თითქმის უნებლიედ, უახლოვდება, რადგან მოწადინებულია მასში რაიმე დადებითი ნახოს. ნახავს ასეთს რამეს, თუ გინდ სულ მცირეს, იგი აზვიადებს მას უზომოდ. პატივამყრელი რასაკვირველია უცვლელი რჩება, ქალწულს ხანდახან ეჭვიც ეპარება დაახლოებაში. ხოლო უკან დახევა მისთვის უკვე ძნელია. იგი განაგრძობს ერთხელ აღებულ გზას და ვერ ხედავს, რომ ყოველი მის მიერ გადადგმული ნაბიჯი დასაახლოებლად მხოლოდ უფსკრულისაკენ მიაქანებს მას. მისი არსი ორდება, მისი თვისების მთლიანობა ირღვევა. იგი ასე ვთქვათ, გულწრფელია თავის ქცევაში ყოველ წამს, ხოლო არცერთ წამს ნამდვილი, ვინაიდან მეობა მისი გაბზარულია შინაგან.
საბჭოეთის მოქალაქე, არაბოლშევიკი, ასეთს ქალწულს გვაგონებს. იგიც გაბზარულია და გაორებული და როგორც ასეთი, გულწრფელი და არა ნამდვილი (სენსერ, მე პა ვრე) ერთსადაიმავე დროს. `საჩვენები პროცესები~ მავნებელთა თუ განხრილთა, ასე გავრცელებული საბჭოეთში, ადასტურებენ მხოლოდ ამას. საოცარი და საცნაური ამ პროცესებისა აქ მარხია. ეს გაფიქრებული ქალწული ვერაოდეს იქცევა `ნამდვილად,~ ესე იგი ვერაოდეს მიაღწევს სიყვარულს გამაპატიურებელთან. მოკლედ მოვსჭრი: ვერ იქცევა `სხვად~.
კ.ს. სავლე ხომ იქცა სხვად: პავლედ?
გ.რ. ეს მაგალითი აქ მოსატანი არაა. სავლე იქცა პავლედ `ინფრა ჰუმაინ~-ის მიმართ. ეს მეტაფიზიური აზრია ადამიანის ბუნებისა, რომლის ფესვი მეტაფიზიურ არეშია. აქ კი, სადაც ადამიანი ბოლშევიკური ხაზით იხრება, სუფევს `ინფრა-ჰუმაინ~, გამანადგურებელი თვითონ ადამიანის თვისებისა. ადამიანი აქ ძირს ეშვება, ღალატობს თავის თავს, ხოლო ამ ღალატის თავის თავისა ბოლომდე გაყვანა შეუძლებელია. რა გინდ წარხდეს ადამიანი, მასში მაინც რჩება ნაპერწკალი მისი ღვთაებრივი ცეცხლისა. ეხლა აიღეთ საბჭოეთის ადამიანი. მასში შეჭრილია ბოლშევისტური ელემენტი, ხოლო ისე, რომ ამ ელემენტს ვერც შეუნთქავს მისი ადამიანური ელემენტი და ვერც განუდევნია იგი. გრაფიულად ასეთი ადამიანი წააგავს არაბულ ციფრს `8~. ერთი ნახევარი ამ ციფრისა ბოლშევისტური ელემენტია, მეორე კი ადამიანური. ამ ორ ელემენტთა შორის განუწყვეტელი ბრძოლაა გამართული. ხშირად პირველი ერევა მეორეს _ გარნა მომრევი ვერ ადგენს მთლიანობას. გამოვთქვათ ესეც გრაფიულად: პირველი ელემენტი ვერ იქცევა წრედ: `0~. იქ რჩება კიდევ `8~-ის მეორე ნახევარი, თუ გინდ ვითარ სულ პაწა მაჭიკი, შეიწროებული და მიმჭნარი. აქაა მოქცეული გაორება საბჭოელ ადამიანისა. აწვალებდა მას თავში შემოჭრილი ელემენტი _ ეხლა მას აწუხებს თავისი საკუთარი, რომელიც ერთ წუთსაც არ უთმობს უცხოს. მას აჯავრებს ეს და გაჰკივის ისტერიულად; მე უკვე გარდაქმნილი ვარო. გაჰკივის, რომ ამ კივილით ჩააჩუმოს ნელი, მაგრამ ულმობელი ხმა მიჩქმალულისა. `ეს არ იქნებაო~…… ასეთს ყოფაში ადამიანი ყოველ წუთს გულწრფელია, ხოლო არც ერთს წუთს ნამდვილი, `გულწრფელი~, თუ მას `8~-ის პირველ ნახევარში ვხედავთ _ `არანამდვილი~, თუ მის მეორე დაკნინებულ ნახევარში ვუცქერთ სენსერ, მე პა ვრე _ ვიმეორებ ფორმულას. ხმა იგი -`არ იქნებაო~ – ბნელ ძალთა მატარებელთაც ესმით. აქეთგან ორი რამ. ერთი: მათ არ სჯერათ ბოლომდე აღსარება `მოქცეულთა~ _ მეფობს უნდობლობა. მეორე: იგინივე ქვეშეცნეული გრძნობენ, საქმეს ბოლომდე ვერ გაიყვანენ _ მეფობს შიში. აი ავადობა `ბოლშევიტის~. ამ ავადობისაგან არ არიან თავისუფალნი თვითონ ბოლშევიკებიც. ამას ნათელყოფენ `საჩვენებელი პროცესები..~
……….ხანგრძლივი საუბარი მქონდა ბატონ გრიგოლთან მასთან სტუმრობის დროს ბევრ, მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ზოგ ჩემთვის საინტერესო კითხვებზე მისგან გარკვეული პასუხი არ მიმიღია. ეს გასაგებიცაა, რათგან გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური მოღვაწე არ არის და პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა.
შესაძლოა, განძრახ არ უპასუხნია. მისი სიტყვით, პასუხიც ხანდისხან თავის დროს ითხოვს, ხოლო ის ორიგინალური აზრები, რომლებიც მან გამოსთქვა, ის ღრმა და იშვიათი ანალიზი მოვლენათა, რომელნიც მან გააკეთა, უაღრესად მნიშვნელოვანია და მხვედრი, რასაც მკითხველიც დაინახავს.
ინტერვიუ დამთავრდა. გაუთავებელი კითხვებით დავღალე ჩვენი დიდი მგოსანი. ვის მოსწყინდება მასთან საუბარი და მოსმენა მისი ცეცხლით და იმედით ანთებული სიტყვებისა? დღესაც მესმის ყურში მისი ხმა, შინაგან შემარხეველი: გახსოვდეთ ყოველ წუთს, რაც მოგახსენეთ შესახებ ხალხისა. იგი ცოცხალი არსია ზეპიროვნული ბუნებისა. ყოველი ცალკეული _ იყვეს იგი მოაზრე თუ მწერალი თუ პოლიტიკოსი _ განსაკუთრებულ კვანძში არის ამ არსთან მიქცეული. გაწყდება ეს კვანძი – მაშვინ უთესლო უნაყოფო იქმნება ყოველი აქტი: აზროვნებაში თუ მწერლობაში თუ პოლიტიკაში. ამ კვანძის გაწყვეტით იწყება შინაგანი გადაგვარება- გადაშენება ხალხისა, იყვეს უკანასკნელი რიცხვით თუ გინდ ასი მილლიონი. 1917 წელს ტფილისში გამართულ `ეროვნულ ყრილობაზე~ სწორედ ეს კვანძი იყო მომქმედი და შემომქმედი. ქართულ პოლიტიკურ დარაზმულობათ უნდა ახსოვდეთ ეს. აცოცხლდება მათში კვანძი იგი _ მაშვინ მათ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა არ იქცევა გამთიშავ უთანხმოებად. არ აცოცხლდება _ მაშვინ საქმე ქართული წყალწაღებულად უნდა ჩაითვალოს.

იმედი მაქვს, არ მოხდება უკანასკნელი~.

No comments:

Post a Comment