თანამდევი სული-მთავარი კომიტეტის პერსონალური შემადგენლობა და ლენინ-სტალინის როლი ილიას მკვლელობაში
24 საათი 09.11.10
მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი, ვლადიმერ ულიანოვი – ლენინი.
ამიერკავკასიის მთავარი კომიტეტი, როგორც, საზოგადოდ, სოციალ-დემოკრატების, ისე ბოლშევიკთა და მენშევიკთა ფრაქციებისა, ძირითადად დაკომპლექტებული იყო ქართველებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მუშათა მცირერიცხოვანი რაოდენობა იყო, ვთქვათ, ბაქოსთან შედარებით, ამიერკავკასიაში პროლეტარიატის პარტიის მექად მაინც თბილისი იქცა. ლენინი იძულებული გახდა V ყრილობის შემდეგ ქართველი ბოლშევიკებისათვის დაევალებინა, ბაქოში გაეშალათ მუშაობა, სადაც ნამდვილად იყო პროლეტარიატი და ამიტომ მიაშურეს 1907 წლის ზაფხულ-შემოდგომიდან ყველამ ბაქოს.
იყო სხვა მიზეზიც. თბილისში, როგორც ამიერკავკასიის ცენტრში, უფრო ძლიერი იყო ხელისუფლება და ბოლშევიკებს აქ აღარ დაედგომებოდათ. მთავარი კი ის იყო, რომ ნავთობის წყალობით ბაქო მილიონერების ქალაქად ქცეულიყო და საყაჩაღოდ დიდ ასპარეზს წარმოადგენდა. კიდევ ერთი – ბოლშევიკებმა თბილისში ისედაც ვერ გაშალეს ფრთები.მენშევიკებისაგან განსხვავებით, მათ 1907 წლისათვის არც თანამგრძნობი ჰყავდათ ბევრი, სულ 500-მდე მხარდამჭერს ითვლიდნენ მთელ საქათველოში. არც ავტორიტეტები ჰყავდათ.
თუ პირველ სათათბიროში სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის თავმჯდომარე ქართველი მენშევიკი ნოე ჟორდანია იყო,
თუ მე-2 სათათბიროში ფრაქციის თავმჯდომარე ქართველი მენშევიკი კაკი წერეთელი იყო (გიორგი წერეთლის ვაჟი, სახელგანთქმული ორატორი),
თუ მე-3 და მე-4 სათათბიროში (და სხვა სათათბირო აღარც არჩეულა) ფრაქციის თავმჯდომარე ქართველი მენშევიკი კარლო ჩხეიძე იყო, ბოლშევიკები იქ რიგითი წევრების გაყვანასაც კი ვერ ახერხებდნენ.
მაშ რაში იყო ქართველი ბოლშევიკების ძალა? შეიარაღებულ ფორმირებებში და ტერორში, ამით სცემდნენ ისინი შიშის ზარს ყველას. “სტალინის აზრით, მას ლენინის შემდეგ ყველა სხვა დელეგატთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა: ყველა ამ ყბედს შორის მხოლოდ მე მქონდა შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;” – იკვეხნიდა ის (იხ. საიმონ სებაგ მონტეფიორე, “ახალგაზრდა სტალინი”, თბ. 2009წ., გვ. 155).
ბოლშევიკებს არ ირჩევდნენ არათუ სათათბიროში, არამედ ისინი ვერ გავიდნენ 1907 წელს თავისივე პარტიის მე-5 ყრილობის დელეგატებადაც კი. ამიტომ მათი არჩევა ყრილობის დელეგატებად მოხდა მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით (ლონდონის ყრილობაზე გადამწყვეტი ხმის უფლებით მხოლოდ სტ. შაუმიანი ყოფილა არჩეული ბორჩალოდან)
აი, ამ არჩევნების შედეგად ვგებულობთ, ვინ იყვნენ მაშინ თბილისში მთავარი ბოლშევიკები.
ბერიასაგან გაყალბებულ პარტიის ისტორიას ვერ დავეყრდნობით, ამიტომ წავიკითხოთ მიხა ჩოდრიშვილის მემუარები. აი, რას წერს ის: “1907 წელს ჩემს ბინაზე მიხეილის ქუჩაზე (შემდეგ პლეხანოვის, ამჟამად აღმაშენებლის ქ. – ნ.გ.) მოეწყო ამხ. ბოლშევიკების კრება, ამის შესახებ თუ ვინ ამოგვერჩია ლონდონის სიეზდზე გასაგზავნად. კრებას დაესწრნენ: ამხ. მიხა ცხაკაია, ფ. მახარაძე, ს. ჯუღაშვილი, ს. შაუმიანი, მ. ტოროშელიძე, ვ. ნანეიშვილი, ზ. ჩოდრიშვილი, მ. ბოჭორიძე, მ. ჩოდრიშვილი, ასატ კახოიანი და სხვა ბევრი ამხანაგები, რომელთა გვარები აღარ მახსოვს.
ამ კრების დამსწრე ამხანაგების აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: ქუთაისიდან ამხ. მიხა ცხაკაია, ტფილისიდან სოსო ჯუღაშვილი და ბორჩალოს მაზრიდან სტეფანე შაუმიანი და ასატ კახოიანი”. (იხ. მ. ჩოდრიშვილი, “ჩემი თავგადასავალი”, თბ. 1927წ.) სხვათა შორის, ყრილობის დელეგატად საქართველოდან აირჩიეს მაქსიმ გორკიც.
ამ ჩამონათვალიდან ჩანს, ვინ იყო მაშინ ბოლშევიკთა ელიტა, ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის გვაქვს მეორე უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერი. კერძოდ, 1907 წელს ჟანდარმერიისათვის თვალის ასახვევად შექმნილა თბილისის ლიტერატურული ბიურო, რომელიც სინამდვილეში იყო ბოლშევიკების მთავარი კომიტეტი. ამ “ლიტერატურული ბიუროს” წევრები არიან მიხა ცხაკაია, სოსო ჯუღაშვილი, ფილიპე მახარაძე, მიხეილ ბოჭორიძე, სტეფანე შაუმიანი, მიხეილ დავითაშვილი. ბიუროს შემადგენლობას დაახლოებით ადასტურებს ძველი ბოლშევიკი ვიქტორ ნანეიშვილი: “თბილისში მე ჩამოვედი 1907 წლის იანვარში. რა მდგომარეობაში დამხვდა ბოლშევიკური ორგანიზაცია? ბოლშევიკურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდნენ თვალსაჩინო მუშაკები კობა ჯუღაშვილი, სტ. შაუმიანი, მიხა ცხაკაია, მ. დავიდოვი, მ. ოკუჯავა და სხვა. ბიუროში შედიოდა 6-7 კაცი”. (“რევ. მატიანე” 1928წ. ¹1)
ი. ჯუღაშვილი, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, მ. ბოჭორიძე, სტ. შაუმიანი, მ. დავითაშვილი.
აი, ეს არის მთავარი კომიტეტის ის შემადგენლობა, რომელიც 1921 წლის შემდეგ გახდა ცნობილი და რომელიც თავის დროზე მეფის მთავრობამ ვერ აღმოაჩინა.
აი, ეს არის მთავარი კომიტეტის ის შემადგენლობა, რომლის მითითებითაც დუშეთის რაიონულ კომიტეტს ის ავადსახსენებელი ბეჭედდარტყმული დადგენილება უნდა მიეღო. (სავარაუდოდ, ამ სიიდან შეიძლება ამოირიცხოს მ. ცხაკაია, რომელიც აპრილის ბოლოდან 10 წელი საქართველოში აღარ ყოფილა).
ეს არის დასკვნა მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკიდან გამომდინარე.
კვლავ გავიმეორებ.
1) ტერაქტს რომ აწყობს ტერიტორიული პრინციპით რაიონული ორგანიზაცია, ამას ადასტურებს მრავალი ბოლშევიკის მოგონება. კონკრეტული სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ იმჟამინდელი ტერორისტის არშაკ მემრაბიანცის წერილში – “როგორ მოკლეს გენერალი გრიაზნოვი 1906 წელს.” (იხ. “რევ. მატიანე” 1923წ. ¹4, გვ. 202)
2) ის, რომ 1907 წლის მაისის შემდეგ რაიონულ ორგანიზაციას აღარ ჰქონდა დამოუკიდებლად ამის გაკეთების უფლება, შეგიძლიათ წაიკითხოთ 1907 წლის 2 სექტემბრიდან წლის ბოლომდე მენშევიკების გაზეთ “ჩვენი გზის” თითქმის ყოველ მეორე ნომერში.
3) ის, რომ მთავარი კომიტეტის წევრი ი. ჯუღაშვილი არათუ განიცდიდა რაიონული კომიტეტის “გადაწყვეტილების” “შეცდომას”, არამედ არაპირდაპირ თავად იყო ილიას მკვლელი, შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ძველი მეგობრის იოსებ ირემაშვილის გერმანიაში გამოცემულ წიგნში – “სტალინი და საქართველოს ტრაგედია” (ბერლინი, 1931წ. თავი XII).
4) ის, რომ მთავარი კომიტეტის წევრმა ფილიპე მახარაძემ არათუ დაგმო ქვემდგომთა “მცდარი გადაწყვეტილება”, არამედ 7 სექტემბრის სოციალ-დემოკრატების კრებას, (მენშევიკ-ბოლშევიკების კრებას) ერთი ხმის უპირატესობით დადგენილება გამოატანინა, არ მიეღოთ ილიას დაკრძალვაში მონაწილეობა, არ გაეგზავნათ არავითარი გვირგვინი, შეგიძლიათ წაიკითხოთ იმდროინდელი აქტიური სოციალ-დემოკრატის ვლასა მგელაძის წიგნში “მოგონებები” (პარიზი, 1972წ. გვ. 97)
5) ის, რომ ბახვის კრებაზე ითქვა ილიას მკვლელობაზე დავალება პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მოდისო, ეს დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ თვით პ. გუგუშვილის წიგნში – “ილია ჭავჭავაძის მკვლელობა” (თბ. 1938წ.)
ვინ იყო იმ დროს ქართველ ბოლშევიკთა შორის მთავარი ფიგურა? ყველაზე პოპულარებულები იყვნენ მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე, მაგრამ ყრილობის შემდეგ ცხაკაია დარჩა ლენინთან საზღვარგარეთ, ჟენევაში. 10 წელი ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.
საქართველოში პირველ ბოლშევიკად იქცა 28 წლის სოსო ჯუღაშვილი. მართალია ფილიპე უფრო პოპულარული იყო, მაგრამ პარტიაში პირველობა პოპულარობას არ მოაქვს.
6) მახარაძისაგან განსხვავებით, სტალინი 1905 წლიდან უკვე პირადად იცნობს ლენინს. ყრილობის წინ შეხვდა საიდუმლოდ. ყრილობის შემდეგ კამოს ხელით უგზავნის ერევნის მოედნიდან წამოღებულ უზარმაზარ თანხას. სტალინს უკვე უწოდებენ კავკასიის ლენინს და, რაც მთავარია, არის ლენინის დამფინანსებელი. (ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, ნაძარცვ ფულს თავად არ იტოვებდა).
ზოგჯერ დეტალი ძალიან ბევრს ამბობს. მაგ. ტერორისტი მონასელიძე იხსენებს, რომ იმავ ფილიპე მახარაძეს, იმავ პერიოდში ჯუღაშვილმა, რომლის თანარედაქტორი იყო ფილიპე, როგორ დაუთათხანა და კბილების ხრჭიალით უთხრა – გაზეთისთვის შეპირებული მასალა რატომ არ დაწერეო… სიტყვასიტყვით ასე წერს: “კარგად მახსოვს, როგორ დაავალა სოსომ მახარაძეს (თავის თანარედაქტორს) ორი სტატიის დაწერა. (ლაპარაკია 1907 წელზე, ნ.გ.) მახარაძე დილის 9 საათზე უნდა მოსულიყო, მაგრამ მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა და თქვა, რომ ჯერ არაფერი დაუწერია. ამ დროს სოსო შემოვიდა და იკითხა, რატომ არ ვიწყებდით გაზეთის გამოცემას. მე მიზეზი ვუთხარი. კბილები გააღრჭიალა, სიგარეტს მოუკიდა და მახარაძეს ეჩხუბა. მერე ჯიბიდან სტატიები ამოიღო და გაზეთში ისინი ჩავსვით”.
ყოველივე ამას გიამბობთ იმის გამო, რომ ხშირად ისმის კითხვა, ვინ იყო მაშინ ახალგაზრდა სტალინი, რა შეეძლო მას? აი, ბატონო, ვინ იყო, უფრო მაღლა მდგომი ვიდრე თვით ფილიპე. ის კი არა, როგორც იმჟამად ემიგრაციაში მყოფი, ძველი ბოლშევიკი, მწერალი დავით სულიაშვილი, წიგნში “დღენი ჩემი ცხოვრებისა”, იგონებს, სოსოს საშინელი აღშფოთება გამოუთქვამს მიხა ცხაკაიას საზღვარგარეთ დარჩენის გამო, ანუ ის უკვე ცხაკაიაზე მეტადაც გრძნობს თავს.
შორს წაგვიყვანს. ბევრი ჩანაწერის მოყვანა შეიძლება. ძირითადი ის არის, რომ შეიარაღებულ ფორმირებებს ხელმძღვანელობს კობა. ძალა არის მის ხელში. ახლა მკითხველმა განსაჯოს, ვინ არის იმ დროს ქართველ ბოლშევიკთა მთავარი ფიგურა? ტერორისტი ბაჭუა კუპრეიშვილი იხსენებს: “სტალინის ინიციატივითა და ბრძანებით ჩამოყალიბდა მუდმივი შეიარაღებული ბანდა. ჩვენ გვევალებოდა იარაღის შოვნა, ციხიდან გაქცევის ორგანიზება, ბანკებისა და არსენალების გაძარცვა და მოღალატეების დახოცვა”. ეს მოგონება ეხება 1907 წლამდე პერიოდს.
და მაინც, ვიღაც ფიქრობს, რატომ გაწირავდა ილიას ის კაცი, რომლის პირველი ლექსები სწორედ ილიამ დასტამბა “ივერიის” ფურცლებზე? ვისურვებდი, დაფიქრდეს შემდეგზე: საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 4 წლისა და 1 თვის განმავლობაში სარევოლუციო ტრიბუნებმა სიკვდილით დასაჯეს 19 000 კაცი.
XVIII საუკუნის ინგლისში, ელისაბედის მეფობის 45 წლის მანძილზე, სიკვდილით დასაჯეს 18 000 კაცი.
მე-19 საუკუნეში იმავე ინგლისში 1810-1826წ.წ. სიკვდილით დაისაჯა 15 652 კაცი.
მე-19 საუკუნის ბოლოს მონაცემები კლებულობს. მაგ. ინგლისში 1888 წელს 36 განაჩენიდან სისრულეში მოიყვანეს 22. საფრანგეთში 1881-1890 წლებში სულ 84 განაჩენიდან აღასრულეს მხოლოდ 4. თვით რუსეთში მხოლოდ პოლიტიკურ დანაშაულზე 1868-1891 წლებში 134 განაჩენი გამოიტანეს. 1891-1900 წლებში 126 განაჩენი (მონაცემები იხ. ჟურნ. “კატორღა და ციმბირი”, 1924წ. ¹1 გვ. 48)
XX საუკუნეში, სტალინის მეფობის პირველსავე წელს, მცირერიცხოვან საქართველოში მხოლოდ 1924 წელს სიკვდილით დასაჯეს 15 000 კაცი.
ეპოქების და მშრალი ციფრის შედარებისას გამოკვეთილ ტრაგიკულ შინაარსს, გაგრძელება აღარც კი უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ სჭირდება ამ ყიამეთგამოვლილ საქართველოში.
კი, ჯუღაშვილმა იცოდა ილიას ფასი, მაგრამ სიყვარულით მას თავისი პირველი თანამეცხედრე უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ სწორედ 1907 წლის ნოემბერში, როცა მის ახალგაზრდა ცოლს, სვანიძის ქალს მარხავდნენ, ჯუღაშვილი კუბოს ჩაყვა და ზევით ძლივს ამოათრიეს (სხვათა შორის, ამ ამბავს ზემოხსენებული იოსებ ირემაშვილი იხსენებს, რომელიც საფლავზე სტალინის გვერდით იდგა). მერედა, განა ამ სიყვარულმა ხელი შეუშალა იმაში, რომ, როცა საჭიროდ ჩათვალა, მთელი ოჯახი დაეხვრიტა მეუღლისა? არც მეორე ცოლი ალილუევა სძულდა. იმის ოჯახის წევრებიც დახვრიტეს.
ამ ფაქტების შემდეგ (ათეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანის დახოცვას რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ მისთვის სტატისტიკა იყო) რატომ არ დავიჯეროთ ეს სიტყვები, რომელიც მონტეფიორეს მოჰყავს თავის წიგნში? კამენევმა სტალინს მაკიაველის “მთავარი” მისცა, რაც ნაკლებად კეთილგონივრული საჩუქარი იყო იმისთვის, ვისაც ისედაც მაკიაველისტური ბუნება ჰქონდა. ხმაურიან სადილზე კამენევმა ყველას სთხოვა, მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნების შესახებ მოეყოლათ. ზოგიერთმა ქალები დაასახელა. შემდეგ სტალინის ჯერი დადგა და თქვა: “ჩემთვის უდიდესი სიამოვნება მსხვერპლის შერჩევა, უმოწყალო შურისძიების სწრაფი დაგეგმვა, განხორციელება და შემდეგ მშვიდად დაძინებაა”.
დაბოლოს, “გადახანით საქართველო”, – ეს ხომ სტალინის ფრაზაა შავით თეთრზე დაწერილი?
არა, თუ დასჭირდებოდა ილიას რატომ ვერ გაწირავდა? ცალკეულ მკვლევართა აზრი შესახებ იმისა, რომ სტალინი ილიას მკვლელობის დროს ბაქოში იყო, არაფერს ნიშნავს. ასეც რომ ყოფილიყო, არანაირ ალიბს ეს არ წარმოადგენს.
ალიბი მაშინ იქნებოდა, ვინმე რომ წერდეს, ბერდენკა პირადად მას ეკავა ხელშიო.
გადაწყვეტილების მიღება ბაქოშიც შეიძლებოდა. ესეც არ იყოს, სტალინი ყრილობის შემდეგ საქართველოში სწორედ 4 ივნისს დაბრუნდა. ის პირადპირ ბაქოში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიოგრაფები ამას მალავენ, ფაქტია, რომ მეუღლე სწორედ ზაფხულში წაიყვანა თბილისიდან ბაქოში. ის აქ იყო ივნისში კამოს მიერ 250 000 მანეთის გატაცების დროს. ტერორისტ კუპრეიშვილის ცნობით, ამ ძარცვაშიც მონაწილეობდა.
ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს სტალინის დადანაშაულებისა ილიას მკვლელობაში, მაგრამ მისი გამორიცხვა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის არ იყო ფილიპესთან, ცხაკაიასთან, ბოჭორიძესთან, შაუმიანთან, დავითაშვილთან ერთად მთავარი კომიტეტის წევრი (ნანეიშვილი 6-7 კაცს ასახელებს. თუ მეშვიდეც ჰყავდათ, ეს უნდა იყოს სპანდარიანი, სტალინის განუყრელი მეგობარი და ტერორისტი, V ყრილობის დელეგატი), ხოლო ცხაკაიას შემდეგ, მთლად ამ კომიტეტის ლიდერი… ფაქტია, რომ იყო. ფაქტია ის, რომ პარტიული მკვლელობა მთავარი კომიტეტის ორგანიზებით ხდებოდა, განსაკუთრებით V ყრილობის შემდეგ.
მაგრამ არის ერთი მაგრამ, რასაც ახლა მოგახსენებთ, ეს ჩვენი აზრია და არა ფაქტი. არც სტალინს, არც მახარაძეს და მათი კომიტეტის არცერთ წევრს, ძალიანაც რომ სდომოდათ, ილიას მოკვლა ხელს არ აძლევდათ. 13 ივნისის ექსპროპრიაციის შემდეგ, სტალინის პარტიიდან გარიცხვის საკითხის დასმის შემდეგ, და იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში მე-3 სათათბიროს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ილიაზე ხელის აღმართვა პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავდა. ამას მიხვდნენ მენშევიკები. ამიტომ იყო მათი ყოველდღიური გაზეთის – “ჩვენი გზა”, თითქმის ყველა ნომერი პირველ გვერდზე რედაქციის სამგლოვიარო განცხადებას რომ ბეჭდავდა.
ამიტომ იყო, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, თბილისის მთავარი კომიტეტის დადგენილებას რომ არ დაემორჩილენ და დაკრძალვაზე სიტყვაც წარმოთქვეს კარლო ჩხეიძემ და ვლასა მგელაძემ.
ამიტომ იყო, მენშევიკები გააფრთებულნი რომ იცავდნენ თავს და იცავდნენ ბოლშევიკებსაც – ილია ჩვენ არ მოგვიკლავსო… სულ მალე არჩევნებზე გასვლა ელოდათ.
მაშინდელი ქართული საზოგადოების სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ილიას მკვლელობიდან თვე ნახევრის შემდეგ მე-3 სათათბიროს არჩევნები ისევ სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს!
და მიანც, თუ ბოლშევიკებმა 1905 წელს ვერ მოჰკლეს ილია, მხოლოდ იმის გამო, უცხოეთში სახელი გაგვიტყდება, რადგან უცხოეთში ილიას დემოკრატად და დიდ მწერლად იცნობენო, განა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ უცხოეთში უფრო ცნობილი არ გახდა ჭავჭავაძე?
ახლა რატომ გაეხვია პარტია ამ სკანდალში?
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყო შურისძიება მე-2 სახელმწიფო სათათბიროს გარეკვის გამო, როცა სოციალ-დემოკრატთაგან ბევრი დაპატიმრებულ იქნა კიდეც. აკი წინასწარ იმუქრებოდნენ – ამონარიდი ერთი წერილიდან, სათაურით “შეთქმულება მზადდება”: “თავად-აზნაურობას უნდა დუმის გარეკვა. რუსეთის სახელოვან წოდებას ამ მზადებაში ერთი რამ ავიწყდება. სახელდობრ ის, რომ მათი გულმოდგინების წყალობით ხელახლა დაბერავს მათი გამანადგურებელი, დღეს მიწყნარებული რევოლუციის გრიგალი. მაშ, დაე, ეცადნონ თავად-აზნაურებმა”. (გაზ. “ლახვარი”, ¹2, 1907წ. 9 აპრილი).
ჩემი ფიქრით, ბოლშევიკები ამჯერადაც იმ კაცთან შეთანხმდნენ, ან იმ კაცის დავალება მიიღეს, ვის შესახებაც 1870 წლის მოვლენების აღწერისას ვწერდი, სწორედ ამ წელიწადს დაიბადა ილიას მთავარი მკვლელი-მეთქი. ეს იყო ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი – ლენინი!
შემთხვევითი არ არის, რომ ილია საქართველოში დიდი თანამდებობის პირთაგან ბოლშევიკების უკანასკნელი მსხვერპლი იყო მეფის რუსეთის დროში.
მე-5 ყრილობამ ექსპროპრიაცია და თვითმოქმედება კი აკრძალა, მაგრამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კლასთა ბრძოლის უარმყოფელებს და ნაციონალისტებს. ეს რეზოლუცია პირადად ლენინის ხელით დაიწერა.
ვინ უარყოფდა კლასთა ბრძოლას საქართველოსა და რუსეთში?
საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო ილია ჭავჭავაძე, რუსეთში ლევ ტოლსტოი. ერთისთვისაც კლასთა ბრძოლის თეორია კუდიანების თეორია იყო და მეორესთვისაც.
ორივე ერთნაირ დღეში ჰყავთ რევოლუციონერებს იმ აზრით, რომ ფულს ორივესგან მოითხოვენ. ილია არ აძლევს, არ აქვს ეს ფული. ტოლსტოი გაზეთით გამოუცხადებს, მე დიდი ხანია საკუთრებაზე ხელი ავიღე, თუ ეს ტყუილი გგონიათ, ასეთი მატყუარის ფული რად გინდათო. (ტოლსტოისებური გენიალური გულუბრყვილობა).
ქართველმა ბოლშევიკებმა ილია მოკლეს, ერთი თვის შემდეგ რუსებმა ტოლსტოი ვერ გაიმეტეს, მაგრამ მის სახლს თოფები დაუშინეს.
ვინ იყო ყველაზე დიდი ნაციონალისტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, საქართველოში? – ილია ჭავჭავაძე.
კადეტებსა და პოლონელ ნაციონალისტებს ლენინი დუჟმორეული ახსენებდა ყრილობაზე და მათთან დაუნდობელ ბრძოლას ითხოვდა. ილია სახელმწიფო საბჭოში სწორედ კადეტებთან, ნაციონალისტებთან ერთად მოღვაწეობდა. არცერთი ქვეყნის სოციალისტი, თავისი სამშობლოს ნაციონალურ ლიდერს სასიკვდილოდ არ იმეტებდა და არც თავისი ქვეყნის სეპარატისტულ მისწრაფებებს ებრძოდა ისე თავგამეტებით, როგორც ამას ქართველი ბოლშევიკები სჩადიოდნენ. ქართველმა ბოლშევიკებმა ვალი მოიხადეს ახალი დროის ჩინგიზ ხანის, სიბირსკელი ულიანოვის წინაშე და მასთან შეთანხმებით თავიდან მოიცილეს ქართული ნაციონალიზმის მედროშე.
თუმცა, როცა ვამბობთ, ქართველმა ბოლშევიკებმა, მგონია, რომ ვცოდავთ სიტყვა “ქართველის” წინაშე. ესენი ხომ თავად უარყოფდნენ ქართველობასაც და საქართველოსაც როგორც სამშობლოს. 10 წელიწადი ბოლშევიკების უხუცესმა ბელადმა მიხა ცხაკაიამ უცხოეთში გაატარა. მოხდა მისი ოცნების რევოლუცია და უკან ბრუნდება.
კითხვაზე, სამშობლოში მიდიხართო? – ის პატიოსნად პასუხობს.
- მე მივდივარ კოსმოსის ერთი წერტილიდან მეორეში!..
ამათთვის საქართველო, სამშობლო კოსმოსის ერთი წერტილი იყო.
ილიასთვის – სიცოცხლე და ბედისწერა.
ეს ბედისწერა ზოგჯერ გათქმევინებს, – “მაშა რაისათვის ცოცხალ ვართ?” და თავს გაგაწირვინებს.
კოსმოსის მხოლოდ ერთ წერტილად სამშობლოს შეგრძნება კი “პატარ-პატარა” საზრუნავიდან გათავისუფლებს.
წამკითხველო, “შენა გწადს აწ რომელითა?”
ბოლოთქმა
როცა დიდი ილიას სულიერ მემკვიდრეს ივანე ჯავახიშვილს კრძალავდნენ, შემთხვევით თბილისს ხევსურნიც ყოფილან. დამწუხრებულ ზღვა ხალხის დანახვაზე, გაოცებულებს უკითხავთ, ვის გლოვობს ქართველი ერიო?
აუხსნეს.
მაშ, ჩვენი მეფე მომკვდარაო, თქვეს ხევსურებმა. მივიდნენ და თავთით დაუდგნენ ცხედარს. შინსახკომელებს უთქვამთ, აქ გაჩერება არ შეიძლებაო.
არც გაჩერებულან…
იქიდან რომ არ დაეთხოვათ, ხევსურები, შეუჩერებლივ გარს უვლიდნენ ძვირფას ნეშტს.
ერთი ემიგრანტი პოეტის არ იყოს, იმ მთის ჯვაროსნებივით მუდმივად უნდა ვიაროთ ილიას გარშემო. აწ უკვე დედა ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მგოსნის ირგვლივ.
ვიღაც მადლიანს ერთ ფოტოსურათზე ილია ასე აღუბეჭდავს – სულიერი მამა ერისა განმარტოებით დგას, მარცხენა ხელი შეუმართავს და საჩვენებელი თითით ვიღაცას უხმობს.
ის გვიხმობს ჩვენ!
წყარო: ჰტტპ://24საატი.გე
No comments:
Post a Comment