March 28, 2011

ქედუხრელი საქართველო





              
          
     კაი ყმის, გიორგი შარვაშიძის ხსოვნას                                         


 მის დაკრძალვაზე გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა :


      " გაბედულად შეიძლება ითქვას რომ გიორგი ერთად-ერთი გამონაკლისი მაგალითი იყო ჩვენს საკმაოდ მრავალრიცხოვან მთავრების მემკვიდრეთა და უმაღლესი არისტოკრატიის წევრთა შორის რომელმაც ქედი არ მოიხარა,მცირეოდნაც არ დაიმცირა თავი ერის მჩაგვრელ,თავის ხალხზედ გაბატონებულ ძლიერ სახელმწიფოებრივ მმართველობის წინაშე.


  დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ყველა მისი დროისა და მისი წრის ოჯახობა დიდ ბედნიერებად და საოცნებო ნეტარებად სთვლიდა იმ ჯილდო-წარჩინებას რომელსაც გიორგი უარყოფდა...»
        


             «მცირე მოსაგონარი»:




           1866 წელია,რომანოვთა მიერ სამთავროს გაუქმებით,მმართველობის რუსული წესებისა და ყოფა-ცხოვრების რუსული ფორმების დანერგვით ანუ ცხოვრების ისტორიული ფორმების ნგრევა-მოსპობითა და რუსიფიკაციით შეწუხებული აფხაზეთი ღელავს. აფეთქებისათვის აუცილებელ ნაპერწკლად იქცა რომანოვების მიერ აფხაზეთის გადაყენებული მთავარი მიხეილის დაკრძალვა რომელმაც გაამძაფრა ხალხის მღელვარება და აღძრა სინანული წარსულის მიმართ.


           აჯანყებულებმა მთავრად გამოაცხადეს მიხეილის შვილი გიორგი.


      ყველა თემიდან შეკრებილმა ლაშქარმა შეუტია რუსული ადმინისტრაციის ძირითად საყრდენს,სოხუმს. აფხაზებმა მოახერხეს სოხუმის გარეუბნის აღება. ბრძოლის ველზე იყვნენ: გიორგი შარვაშიძე,მისი ბიძა ალექსანდრე,
საპატიო თავკაცები და ხალხის მიერ არჩეული პირებისგან შემდგარი საბჭო.


              ჯარი ახალგაზრდა მთავარს უმღეროდა სიმღერას რომელშიც შექებული იყო გიორგის შურისძიება რუსების მიერ მოკლული მამისთვის.


           მიუხედავად სოხუმზე შეტევის ძალისა (მან კინაღამ მოუღო ბოლო რუსეთის ბატონობას საქართველოს ამ მხარეში) აჯანყება დამარცხდა. მისი მოთავენი და აქტიური მონაწილენი სიკვდილით დასაჯეს.1866-1867 წლებში 14000 კაცზე მეტი გადაასახლეს თურქეთში. მშობლიური მხარიდან გაძევებული იქნა გიორგი შარვაშიძეც.მას აუკრძალეს აფხაზეთში ცხოვრება.


            
         ძალით გამორჩეული ეს აჯანყება ერთის შეხედვით არ განსხვავდებოდა აფხაზთა თავისუფლებისათვის ბრძოლის სხვა ეპიზოდებისგან,მაგრამ მის დამახასიათებელ ნიშნად ჩანს ის რომ მის მსვლელობაში აჯანყებულებმა აფხაზეთის მთავრად აირჩიეს ნიჭით უხვად დაჯილდოებული ახალგაზრდა რომელიც გადაიქცა დაუცხრომელ მებრძოლად მთელი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის.


                  დავაკვირდეთ მის ცხოვრებასა და საქმიანობას.


            არ არსებობს არავითარი დოკუმენტური ცნობა გიორგი შარვაშიძის დაბადების შესახებ. დიმიტრი ყიფიანის ცნობით 1855 წელს ის 9 წლისა ყოფილა,ე.ი. უნდა დაბადებულიყო 1846 წელს. უცნობია მისი სიყმაწვილისა და ჭაბუკობის დროინდელი ცხოვრებაც. ვიცით მხოლოდ ის რომ იგი გაიზარდა სამურზაყანოელი თავადი ზურაბ ჩქოტუას ოჯახში,დღევანდელი აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში.


                სიმბოლურია რომ გიორგი შარვაშიძის ცხოვრება კარგად ცნობილი ხდება რომანოვთა ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული 1866 წლის დიდი აჯანყების დროიდან.


          აფხაზეთიდაბ გაძევებული გიორგი შარვაშიძე გარკვეული ხნის შემდეგ შეიწყალეს და მას მისცეს პეტერბურგში ცხოვრების უფლება და მისი მოსყიდვის მიზნით პაჟთა კორპუსში სწავლის ნებაც დართეს. გიორგი შარვაშიძე იქ სწავლობდა რუსეთის მომავალ იმპერატორ ალექსანდრესთან ერთად.  იქვე და ისევ მოსყიდვის  მიზნით მას მისცეს ფლიგელ ადიუტანტის წოდება,ერთ-ერთი უმაღლესი საკარისკაცო წოდება რუსეთის იმპერიაში.


            მაგრამ გიორგი შარვაშიძემ უარყო რუსეთის იმპერატორის კარზე აღზევების პერსპექტივა და დაბრუნდა საქართველოში.


                    აფხაზეთისგან მოწყვეტილს ( მას ისევ აკრძალული ჰქონდა აფხაზეთში დაბრუნება) მას ბინა ჩვეულებრივ ქუთაისში  და თბილისში ჰქონდა.


                სწორედ ქუთაისში გამოვლინდა მისი ბუნების ერთ-ერთი სახასიათო თვისება:


               იმპერატორ ალექსანდრე მესამის ( გიორგი შარვაშიძის «თანაკურსელის») ქუთაისში ჩასვლისას გუბერნატორმა წინადადებმა მისცა გ.შარვაშიძესა და ნ.ნიკოლაძეს,რუსეთის იმპერიისათვის სხვა არაკეთილსაიმედო პირებთან ერთად გასცლოდნენ ქალაქს.


               შეურაცხყოფილმა გიორგი შარვაშიძემ ამის საპასუხოდ დემონსტრატიულად განაცხადა უარი ფლიგელ ადიუტანტობაზე,იმპერატორის მიერ ბოძებულ წყალობაზე.


         ასე გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა მისი ქვეყნის გამანდგურებელ ოლიგარქიასთან აფხაზეთის უკანასკნელმა მთავარმა.


            მეფის ხელისუფლება არ ასვენებდა გიორგის. პეტერბურგში კარგად ახსოვდათ 1866 წლის ამბები და ყოველ ღონეს ხმარობდნენ გ.შარვაშიძის თავიდან მოსაშორებლად. სწორედ ამას ისახავდა მიზნად 1876 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის ირგვლივ ატეხილი ხმაური. აღნიშნულ წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა გიორგის ცოლისდა ნინო ანდრეევსკაია. უბედური შემთხვევა გაფორმდა როგორც მკვლელობა და დაბრალდა გ.შარვაშიძესა და მის ძუძუმტე დავით ჩქოტუას. გამოძიება უკიდურესად ტენდენციურად წარიმართა და მისი მსვლელობისას დაიღუპა მოწმე. გ.შარვაშიძეს ჩირქი ვერ მოსცხეს,
სამაგიეროდ გაიწირა მისი ძუძუმტე. დ.ჩქოტუას ტყუილუბრალოდ მიუსაჯეს 28 წლით გადასახლება.


              გამოსავალს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი ხედავდა ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენაში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად კი ის ქართველთა ცნობიერების გამომაღვიძებელ მძაფრ პუბლიცისტიკას მიიჩნევდა :




              « მართალია ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია,მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ დროს გაშეშდა რომ დაგვერღვა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ,ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ რომ იღბალის უკუღმართობას ხელი რომ არ შეეშალა ევროპის წინადაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა მაშინ ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველნი შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში. მას შემდეგ როგორც იყო ომით,მუდამ დავიდარაბით,მოვიტანეთ ჩვენი კულტურის ცხოვრება თამარ მეფის დრომდი, რომელიც იყო ივერიის ოქროს ხანა! შემდეგ კი უკუღმართად დატრიალდა ერის არსებობა. შემოსეული მტრები არ გვაძლევდნენ საშველს და ხალხი დაიღალა. ნელ ნელა ჩაქრა დიდებული გონებრივი და ქონებრივი თანხა ქვეყნისა და დაიშალა ცხოვრება თვითარსებობისა. ენა გარარიბდა,ზნეობა წაგვიხდა,ღონება-შეძლება დავკარგეთ,რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მივაღწიეთ ხანაში როცა კეთილდღეობას ვპოვნიდით ჯაშუშობასა და სამშობლოს მტრობაში!»


   აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისათვის მისი სამშობლოს ოქროს ხანას თამარის საქართველო განასახიერებდა.

            გიორგი შარვაშიძე მებრძოლი იყო თავისი ბუნებით.იგი არ ეპუებოდა ხალხის წარსულის გამყალბებელს და მისი ღირსების შემლახველს თუ იმას ვინც ცდილიობდა მიწა-წყლის მიტაცებას. ასეთ შემთხვევაში ის არც შინაურს და არც უცხოს არ ინდობდა.




              1911 წელს გაზეთში «ბერლინერ ტაგებლატ» კორესპონდენტმა ლორენცმა გამოაქვეყნა წერილი რომელშიც უდიერად მოიხსენია საქართველოს მკვიდრნი.


           გაგრაში გრაფ ოლდენბურგელთან სტუმრად უცხოელნი იყვნენ მიწვეულები. მათ მასპინძლობას ადგილობრივი თავად-აზნაურობა უწევდა.წვეულებისას ერთ-ერთ სტიმარს დაეკარგა პალტო რაც გახდა გერმანულ გაზეთში პასკვილის გამოქვეყნების საბაბი. აღშფოთებულმა გიორგი სარვაშიძემ პასუხი გაუგზავნა გერმანული გაზეთის რედაქციას ხოლო მისი თარგმანი გამოაქვეყნა რუსულ გაზეთში « ზაკავკაზსკაია რეჩ» (1911,ნ° 146):


                   « ჩვენ არვყოფთ,შესაძლოა პალტო მართლაც დაიკარგა,მოიპარეს,
მაგრამ რატომ ჰგონია კორესპონდენტს რომ ქურდობა ჩადენილია წესიერი ადამიანების,ადგილობრივ მკვიდრთა და არა რომელიმე იმ ბოგანოს მიერ რომლებითაც აავსეს ეს მხარე ვითომ კულტურის დასანერგავად.


            კორესპონდენტს ჰგონია რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის ადამიანები ვართ და დიდი დროა საჭირო ჩვენი პროგრესისთვის.


       მაგრამ კულტურა რომელსაც დღევანდლამდე ნერგავენ აქ გამოიხატება იმაში რომ ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ მიწებს და ურიგებენ გადამთიელებს რომლებმაც,მართალი ითქვას, არც კი იციან ამ სიმდიდრის გამოყენება და ვერც მდიდრდებიან,ხოლო აბორიგენები მიწის სიმცირის გამო იძულებულნი გახდნენ მიენებებინათ თავი მევენახეობისა და მეცხოველეობისთვის. ამიტომ ხალხი ღარიბდება,მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც შეინარჩუნა სტუმართმოყვარეობის კეთილშობილური ადათ-ჩვეულება რომელიც ასე ცუდად იქნა გაგებული ლორენცის მიერ.


                  ბატონ ლორენცს რომ ღრმად ჩაეხედა ხალხის ყოფაში გაიგებდა რომ ხალხს,რომელსაც ის ზიზღით მოექცა,აქვს ისტორიული წარსული. რომ ქართველნი არიან რაინდნი რომლებიც პირვანდელი ქრისტეანობის დასაცავად მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომებში, თხუთმეტი საუკუნის მანძილზე იდგნენ ამოწვართული ხმლებით კავკასიის კარიბჭესთან არა იმიტომ რომ დაელეწათ უცხო ქვეყანათა ზღუდეები არამედ ქრისტიანული კულტურისა და სამოქალაქო ყოფის დასაცავად.; გაიგებდა რომ ქართველ მეფეთა იერარქიაში გვხვდება არაჩვეულებრივ გმირთა და გენიალური სიბრძნის ადამიანთა სახელები».


              გვიხდება გამეორება,მაგრამ აფხაზეთის ისტორიაზე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შეხედულებათა ნათელსაყოფად საჭიროდ მიგვაჩნია ერთი ციტატის მოყვანა მისი 1910 წელს გამოქვეყნებული წერილიდან «ასე იწერება ისტორია»:


                  « ...იგი (აფხაზეთი) შეადგენდა ქართული სამეფოს ნაწილს....აფხაზებისთვის ზოგი ოფიციალური წყაროს მიერ მიცემული მთიელთა სახელწოდება დიდი ეთნოგრაფიული შეცდომაა. აფხაზებს უხსოვარი დროიდან ეკავათ შავიზღვისპირეთის ზოლი მდინარე ენგურიდან გაგრამდე და თავისი თავი მიაჩნდათ ქართული ეკლესიის მრევლად. მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ჩერქეზ მხედართა ძლიერი შემოტევა. ისინი იჭრებოდნენ დასავლეთ აფხაზეთში და აოხრებდნენ მას; ამავე ხანას მიეკუთვნება თურქეთის ნომინალური სიუზერენიტეტი აფხაზეთზე. ამავე დროს თურქეთის ემისარებმა ქვეყანაში გასწიეს ისლამის პროპაგანდა.


               ამ პროპაგანდამ ჩერქეზთა შემოსევებთან ერთად აიძულეს დასავლეთ აფხაზეთის ნაწილი მიეღო მაჰმადიანობა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა... 1810 წელს აფხაზეთის მთავარი თავის ხალხთან ერთად დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა...» (რუსული გაზეთი «ზაკავკაზიე», ნ°125,05.06.1910).


მერე რაც მოხდა ცნობილია: რომანოვთა იმპერიამ 1864 წელს გააუქმა მასზე მინდობილი აფხაზეთის სამთავრო რითაც მოახდინა 1866 წლის აჯანყების პროვოცირება და...დასცალა აფხაზეთი აფხაზებისგან.


               გიორგი შარვაშიძე აფხაზი იყო და ბუნებრივია რომ მას აწუხებდა რუსეთის უღელქვეშ მოქცეულ თვისტომთა ბედი. პუბლიცისტურ წერილებში იგი ამხელდა და მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის ადმინისტრაციის მიერ აფხაზებისა და ქართველებისთვის მიწების ჩამორთმევასა და ამ მიწებზე რუსი,
გერმანელი,ესტონელი,სომეხი და ბერძენი კოლონისტების დასახლებას ( საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონელები დაბრუნდნენ თავის დამოუკიდებლობამოპოვებულ სამშობლოში. აფხაზეთის რუსულმა მოსახლეობამ თავისი წიაღიდან წარმოშვა ფსევდოისტორიკოსი, «დამოუკიდებელი» აფხაზეთის «მთავრობის» ხელმძღვანელი ,ქართველთმოძულე იური ვორონოვი,მოკლული ისევ აფხაზთა მიერ. ამ «მოღვაწემ» თავის სიცოცხლეში ყველაფერი გააკეთა ქართველთა ამოსაგდებად საქართველოს ამ ძირძველ მხარეში და ქართველთა და აფხაზთა შორის მტრობისა და სიძულვილის ჩამოსაგდებად. თურქეთიდან გადმოსახლებულ სომეხთა ნაწილმა კი შექმნა ბატალიონი «ბაგრამიანი» რომელიც მუსრს ავლებდა აქა-იქ სასწაულებრივად გადარჩენილ ქართველებს).


                    გიორგი შარვაშიძე ამხელდა რუსეთის მოხელეთა უსაქციელობას,
უზომო სიხარბეს,აბსოლუტურ უმეცრებასა და სიშტერემდე მისულ ქედმაღლობას.


                ხაზგასმით აღსანიშნავია ის რომ რომანოვთა იმპერიალისტური პოლიტიკის გარდა გიორგი შარვაშიძე აქტიურად დაუპირისპირდა ბოლშევიზმსაც.            


               ე.წ. ქართულაფხაზურ ომამდე აფხაზეთის მუზეუმში ინახებოდა მისი მიმართვა აფხაზი ხალხისადმი რომელშიც იგი მოძმეებს მოუწოდებდა არ აჰყოლოდნენ მაცდური ლოზუნგებით მოსულ ბოროტებას და არ დაეგდოთ ძველი,აფხაზ-ქართველთა ერთობის გზა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის რომ ამ «ომის» დროს დაიწვა სოხუმის არქივი და მუზეუმი რომლებშიც ამას გარდა სხვა უნიკალური დოკუმენტებიც ინახებოდა).


                  გიორგი შარვაშიძე რაინდი იყო თავისი ბუნებით. ქართული საზოგადოებაც მას ასევე აღიქვამდა. შემთხვევითი არ არის რომ კონსტანტინე გამსახურდიასა და ლეო ქიაჩელის მიერ უკვდავყოფილ აფხაზთა სახეების გვერდით გრიგოლ რობაქიძემ გივი გოლენდის სახელით გამოქვეყნებული ესეს გმირად აქცია სწორედ აფხაზეთის უკანაკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. გიორგი შარვაშიძე შეამჩნია უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმაც. «ვეფხისტყაოსანის» მისეულ ინსცენირებებში, ქუთაისში და თბილისში დადგმულ ცოცხალ სურათებში ტარიელის როლს ასრულებს გიორგი შარვაშიძე.


              შემთხვევითი არ არის ისიც რომ ქართველ-აფხაზთა მტრობის გაჩაღებისა და ამ მტრობის მეშვეობით ამიერკავკასიაზე ბატონობის მსურველებმა სიკვდილის შემდეგაც არ მოასვენეს აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი,1967 წელს ააფეთქეს მოქვის ეკლესიაში მისი საფლავი.


                   გიორგი შარვაშიძე აფხაზი იყო და შესანიშნავად ფლობდა აფხაზურს. მისი შემოქმედების ( ის პოეტი,დრამატურგი,პუბლიცისტი იყო) მთავარი ენა ქართული ენა იყო და ამითაც ის აგრძელებდა თავისი წინაპრების და წრის ტრადიციას.


      აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის უდიდესი გულისტკივილი საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა იყო. სწორედ ამიტომ აღიქვა მან 1918 წლის 26 მაისი როგორც მისი სამშობლოს მომავლის გამხსნელი დიდი მოვლენა. ის დიდი სიხარულით შეეგება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იგი ვერ მოეწრო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემას.


          აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გარდაიცვალა 1918 წელს და დაიკრძალა აფხაზეთში,მოქვის ტაძარში.


             მის დაკრძალვაზე გაიჟღერა შემდეგმა სიტყვებმა :


      გაბედულად შეიძლება ითქვას რომ გიორგი ერთად-ერთი გამონაკლისი მაგალითი იყო ჩვენს საკმაოდ მრავალრიცხოვან მთავრების მემკვიდრეთა და უმაღლესი არისტოკრატიის წევრთა შორის რომელმაც ქედი არ მოიხარა,მცირეოდნაც არ დაიმცირა თავი ერის მჩაგვრელ,თავის ხალხზედ გაბატონებულ ძლიერ სახელმწიფოებრივ მმართველობის წინაშე.


         დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ყველა მისი დროისა და მისი წრის ოჯახობა დიდ ბედნიერებად და საოცნებო ნეტარებად სთვლიდა იმ ჯილდო-
-წარჩინებას რომელსაც გიორგი უარყოფდა...»




               გრიგოლ რობაქიძის ესე «გიორგი შარვაშიძე»:


              « სოხუმის ნაპირები. გაზაფხულის ხალასი პირი. მზე ვაჟური სიუხვით აყრის მიწას ნაკვერცხლებს. ალმურის მარმაშით ლაღდება ყოველი.ზღვის ფართო ზედაპირი ფირუზის ატლასით გადაშლილია. მისი ნელი მოსუნთქვა სიგრილით ეჭრის სიცხის სივარვარეს.ბუნება ზანტი თვლემით ნებივრობს. სიკვდილის ლანდი სირცხვილით მიმალულა სადღაც და უძირო საშოს წიაღით ამოხეთქილი ხალისობს წყაროსთვალა სიცოცხლე. ქუჩებზე უდარდელობა დასეირნობს. ყავახანებში ზოგი ნარდს თამაშობს,ზოგი ყალიანს ეწევა ოდნავ გაწოლილი,ზოგი უსაქმო მსმენელებს თქმულებას უყვება გმირულს. შორი-ახლო ტალღების შუილი გაისმის.


            მთავარ ქუჩაზე მოდის ვინმე ცხენოსანი. უკან მცველი მოყვება. იგიც ცხენზე შემჯდარი.ცხენოსანი ნამდვილი მხედარი: მოხდენილი ჯდომა,თითქო მბრძანებელია მგრძნობიარე ცხოველის,მაგრამ თითქოს მას ძალას არც კი ატანს,-მარჯვე დაკავება სადავის,ხოლო სრულიად თავისუფალი,-რიტმით მიშვება ცხენის სიარულის,გარნა არც თუ ძარღვებ დაჭიმულობა მხედარის:-ყოველი რაც რომ სამხედრო ჯიშს გადაუცია ადამიანისთვის. გამახსენდა არჩილ ჯორჯაძის სიტყვები: ქართველი ბელეტრისტისთვის ისიც არის საკმაო,რომ რომელიმე აფხაზის ცხენოსნობა ასწეროსო.


             გადმოხტა. გავიცანი: გიორგი შარვაშიძე,შვილი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა. რა შესანიშნავად ადგას ჩოხა. ტანი მაღლად არის აყვანილი სილაღით კიდევ,-თუმცა ეტყობა ექვს ათეულს გადასცილებია. ასეთი მოხდენილი ჩაცმულობა არავიზე მინახავს საქართველოში: აქ იყო ესთეტიკა ოსკარ უაილდის ყელსახვევისა: ქართული ყაიდა ჩაცმულობის მძაფრი სტილით ჩამოკვეთილი: სადა ძალზე და ამასთანავე რჩეული მეტად. დასხდა რესტორანის ღია ფარდულში. ჩვეული მუსაიფი ნაცნობებში. რაოდენი სიმაღლე და რაოდენი თავაზი. საოცარია მეტად ხმა: ნელი,ტკბილი,მელოდიური. კილოც ლამაზი,უცნაური, ჯადოთი გაჟღენთილი.
ხანდახან ოდნავი გაცეცხლება,-ხოლო არც ისეთი რომ პათოსში გადავიდეს. სიტყვასა და სიტყვას შორის ოდნავ ასახული ირონია მეგობრულის ტონით გამახვილებული. პაპიროზს აკეთებს: როგორი თლილი თითები: მოქნილობა სინელეში და სინელე მოძრაობაში: ხელებზე რაღაც ნათელი ეფინება ჭირვალი. ამართა სახე: -სილამაზე ივერიული; ხაზების სისწორე და სირბილე,სწორუპოვარი პროფილი-აქაც სისადავე და რჩეულობა თან. მთელი საუკუნეებია საჭირო რომ ბიოლოგიურმა შერჩევამ ასეთი სრული ტიპი წარმოშოს. უბრალო მიმოხვრაც მოწმობს მისი,რომ მის გვარში ასი წლობით ყოფილა შეუცნობელი ფიქრი ბიოლოგიური რჩეულობისა. არაფერში ეტყობა ძალდატანება: მოძრაობა,თავისდაჭერა,სიარული,
ბაასი-თავისუფალი მეტად და ამასთანავე ძალზე წარჩინებული. რაც არ  უნდა მოიმოქმედოს ,ყველაფერი ლამაზი გამოუვა,-გიელვებთ ფიქრი.


                    მეორე დღეს სადილი ნ.თ.-თან. გიორგი შარვაშიძეც იქ არის. ეხლა ევროპიულად ჩაცმული სტილით: მარტო ყელსახვევი რად ღირს? ნამდვილი ქართული სუფრა,ქართული სილამაზის ერთი საუკეთესო ხატება სუფრული ბაასი. მთავრის შვილის სიტყვა მოხდენილია ფრიად. იცის ევროპული ენები: ფრანგული,ინგლისური,გერმანული-


-განსაკუთრებით ფრანგული. ზედმიწევნით იცის რუსული,-რუსის სასახლესთან სიახლოვეც ჰქონდა. იცის ძვირფასად ქართული,აფხაზური,მეგრული.იტყვიან ლექსებს.     მთავრის შვილი ოდნავი სიამაყით გადმოსძახებს: მე,რომელიც ალფრედ დე მიუსესა და ვიქტორ ჰიუგოს ზეპირად წარმოვსთქვამ ,მაინც და მაინც არაფერი გამაკვირვებს,-მაგრამ...და ღიმილით ათავებს ფრაზას. იგი თვითონ მწიგნობარია: რუსთველი ზედმიწევნით იცის. თვითონაც სწერს: ლექსებს,
პოემებს,დრამებს. მაგრამ ამაებში არ ეტყობა ბარბაროსული ძალაყრილობა: ეს მხოლოდ გასართობია მისთვის,-თუმცა ისეთივე ლამაზი მოხდენილობით დაღვივებული,როგორც ქორითა და შავარდენით ნადირობა,-რომელიც მას უყვარს ძალზე და შნოიანათაც ეხერხება. 


          ბაასის საგანი ხშირად საქართველოა. გაბედულება მისი საკითხის გადაწყვეტაში,არავითარი კომპრომისი,სრული თავისუფლება-აი მისი ფიქრის ხვეული.
ხოლო  აქაც ნელი,რბილი,აუღელვებელი. ხანდახან ოსმალეთსაც ჩააყენებს საქართველოს საკითხში,და ეს იმ დროს როცა თუთუნს მოსწევს:-საგანგებოდ უგზავნის მას სტამბოლიდან ერთი ოსმალო,არ შეუძლია: მისთვის ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, თუ მას სილამაზე ახლავს,ნამდვილი არისტოკრატია-ამ სიტყვის რჩეული მნიშვნელობით. 


           მესამე დღეს იმავ რესტორნის ფარდულში ვნახე-ხოლო ეხლა უბრალო მწვანე «ბლუზით». მაგრამ ესეც რომ უხდებოდა! არა:ნამდვილი არისტოკრატობა ყველგან გამოჩნდება.


          ამ დღეებში ამბავი მოვიდა მისი სიკვდილის:-მოგვშორდა ქართული რასის ნამდვილი ვაჟი.» 


          შენიშვნა : გივი გოლენდის ფსევდონიმით ეს წერილი გამოქვეყნდა 1918 წლის თბილისის ერთ ორგანოში. ჩვენ იგი ამოვიღეთ პარიზში ოდესღაც გამომავალი გაზეთი «ქართლოსიდან» (ნომერი პირველი,1937 წლის თებერვალი).

5 comments:

  1. ფოტოებზე: გიორგი შარვაშიძე თავის ახლობელ-ნათესავებთან ერთად და ცალკე.

    ReplyDelete
  2. სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში სიტუაცია სრულიად საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. როგორ? რატომ? როგორ შესძლო ბოლშევიკურმა რუსეთმა ეს? ჩემი აზრით აუცილებელია ჩვენ ჩვენი წილი შეცდომები და უნიათობა გამოვიკვლიოთ და დაუფარავად ვაღიაროთ! ვაღიაროთ სახალხოდ.
    სულ მუდამ მტრის მტრობაზე ჩივილსა და წარსულის სულ მუდამ ამ კუთხით გაანალიზება–გაშუქებას არაფერი სასიკეთო არ მოაქვს ჩვენთვის, და ვერც მოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი უცნაურობაც იმ სცენარიდან მომდინარეობს, რომლის მეშვეობითაც ქართულ (ე.ი. თავისი) სახელმწიფოს ერთგული აფხფზური ელიტა ამ სახელმწიფოს სასტიკ მოწინააღმდეგედ გადააქცია (,დაყავი და იბატონე,).

    გიორგი გმადლობთ. ამდენი წელია შენ ცდილობ შეგვახსენო, დაგვაფიქრო და გიორგი შერვაშიძისნაირი ნამდვილი აფხაზების საშულებით შეგვახედო და შეგვიყვანო აფხაზეთში...

    ReplyDelete
  3. საქართველოს ერთგული აფხაზები საბჭოთა წყობის პირობებშიც იყვნენ და დღესაც არიან. 19121 წლის შემდეგ საქართველოს მხუთავი მაჯლაჯუნა ერთნაირად ხუთავდა საქართველოს ერთგულ ადამიანებს მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. "ქართულ-აფხაზური ომი" დროს ( ეს ომი იყო გორბაჩოვის გუნდის მიერ სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად გამოცხადებული საქართველოს მოსასპობად ჩაფიქრებული ოპერაცია რომლის განხორციელებაც 1988 წელს დაიწყო) ხოცეს საქართველოს ერთგული აფხაზებიც რომელთა გვამებიც ხშირად დღეების მანძილზე აფხაზეთის ქუჩებში,ორღობეებში და ნაგვის ყუთებში ეყარა. ეს იყო საქართველოს ერთგული ყველა ადამიანის და საქართველოს ყველა მეგობრის ტრაღედია და კატასტროფა. ჩვენი დანაშაული კი არა უძლურება ის იყო რომ საბჭოთა კავშირის პირობებში ვერ მოხერხდა ნამდვილი ქართული ელიტის გაზრდა. ცალკეულმა ბრწყინვალე გამონაკლისებმა ვერ შესძლეს ბედის ბორბალის შებრუნება. ეხლა თითქოს მეტი საშუალება უნდა იყოს და ვცადოთ. ცდა ბედის მონახევრეა...

    ReplyDelete
  4. dzalian minda nina sharvashidzis poto

    ReplyDelete