August 22, 2011

ზვიად გამსახურდია: აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობა

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.


კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა” ძირითადად იმით ამოიწურება, რომ მისი სისტემა იჯარით აქირავებს ეკლესიების შენობებს, სადაც კონცერტებს აწყობენ აფხაზეთის ასსრ ფილარმონიცა და სხვა და სხვა ორგანიზაციები. ეს კი ძეგლთა მტრობა უფროა, ვიდრე ძეგლთა დაცვა. ფაჩულიასაგან საქ. სსრ ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში არ მოდის არავითარი სიგნალები აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა მდგომარეობის შესახებ, რომელთა ხსნა, როგორც სჩანს, მის ინტერესებში არც შედის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს აფხაზეთში ძეგლთა დაცვის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ასე მაგალითად, 1976 წელს აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილემ შ. აბუთიძემ საქმის კურსში ჩააყენა საქ. სსრ კულტურის მინისტრყ ო. თაქთაქიშვილი შემდეგი წერილით: “აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტრო გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ასსრ არქიტექტურულ ძეგლებზე გაკეთებული ანოტაციები, რომელნიც დამზადებულნი იყვნენ არამყარი მასალისაგან, გამოვიდნენ წყობიდან. ანოტაციების შინაარსსაც განახლება ესაჭიროება. გთხოვთ, მოაწესრიგოთ საკითხი ტურიზმისა და ექსკურსიების საზაფხულო სეზონის დადგომამდის. აქვე წარმოგიდგენთ სიას კულტურის ძეგლებისას, რომელთაც სჭირდებათ ასეთი ანოტაციები”. ამ წერილზე აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს არავითარი პასუხი არ მიუღია. წერილი ვნახე საქ. სსრ კულტურის სამინისტროში, სადაც მაშინ ვმსახურობდი. მართალია, აბუთიძის წერილშიც შეიძლება მოიძებნოს ხარვეზები, კერძოდ, იქ ქართული არქიტექტურული ძეგლების აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე იწოდება “აფხაზეთის ასსრ არქიტექტურის ძეგლებად”, რაც დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს შედეგია აფხაზეთის ასსრ-ში დამკვიდრებული მცდარი ნომენკლატურისა და ისტორიის იმ გაყალბებისა, რომელსაც ეწევიან აფხაზეთის ზოგი ვაიმეცნიერები. მაგრამ საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო უნდა გამოხმაურებოდა ამ წერილს და უნდა ჩამოესხა სათანადო დაფები მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტით და არა იმგვარი ტექსტით, როგორიც აქვს დღეს, სამწუხაროდ, კულტურის ძეგლთა უმრავლესობას, როგორც, მაგალითად, ბესლეთის ხიდს, სადაც სიტყვა “ქართული” წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ “წარწერა”, ან ბედიის ტაძარს, რომელსაც უბრალოდ აწერია “არქიტექტურული ძეგლი” და არა “ძეგლი ქართული არქიტექტურისა”. საერთოდ, დროა ბოლო მოეღოს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას და იმის მტკიცებას პრესაში და ლიტერატურაში, თითქოს ეს ძეგლები შექმნეს არა ქართველებმა, არამედ ადიღეური მოდგმის აფსუებმა, რომელნიც ამ ტერიტორიაზე სინამდვილეში დამკვიდრდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერევნენ ადგილობრივ მოსახლეობას და რომელთაც დღეს აფხაზები ეწოდებათ. ასე მაგალითად, გ. გულია მოსკოვში 1972 წელს გამოცემულ კულტურის ძეგლთა ღია ბარათის წინასიტყვაობაში (“გოვორიაშჩიე კამნი აბხაზიი”) ბედიის, მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის, დრანდის ქართულ ტაძრებს “აფხაზურ ძეგლებს” უწოდებს იმის საფუძველზე, რომ თურმე ამას ამტკიცებდა მისი 118 წლის ბებია ასინეთი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება დიდ ზიანს აყენებს ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობას, საერთოდ სსრკ ხალხთა მეგობრობას, ამიტომ ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას ეს მავნე ტენდენცია.

ძალზე ცუდად მიმდინარეობს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება, რასაც ადასტურებს აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრის მოადგილის შ. აბუთიძის წერილი 1976 წ. მარტისა საქ. სსრ კულტურის მინისტრის მოადგილისადმი. თბილისიდან არ იგზავნება სათანადო სპეციალისტები ძელგთა მდგომარეობის შესასწავლად და სათანადო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად. იმჟამად იყო მოთხოვნა შემდეგი 10 ძეგლის სასწრაფო რესტავრაციისა:

გალის რაიონი: სათანჯოს ციხე, ოცარცეს კოშკი; ოჩამჩირის რაიონი: ბედიის არქიტექტურული კომპლექსი, ილორის ეკლესია, მოქვის ტაძარი; ქ. სოხუმი: ბაგრატის ციხე, დიოსკურიის ციხე-სიმაგრე; გულრიფშის რ-ნი: დრანდის ტაძარი, კელასურის კედელი; სოხუმის რ-ნი: დოლმენების ჯგუფი (ზემო ეშერა), ბესლეთის ხიდი; გაგრის ზონა: ძვ. გაგრა-ა) ციხე, ბ) ქართული ეკლესია შუა საუკუნეთა, რომელშიც დღეს აფხაზური იარაღის მუზეუმია. ბიჭვინთის ტაძარი, აკვედუკი, ყორე და კუთხის კოშკი; გუდაუთის რ-ნი: ამბარის ტალარი (მუჰუძირის ს. საბჭო), სვიმონ კანანელის ეკლესია, ანაკოფიის არქიტექტურული კომპლექსი (“ივერიის მთა”), ლიხნის ტაძარი, ლიხნის სასახლე, ახალი ათონის ტაძარი.

ამ ძეგლების მდგომარეობა (დრანდის გარდა) დღესაც საგანგაშოა. საქართველოს სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დღევანდელი მესვეურნი გვპირდებიან, რომ ლიხნის, მოქვის, ბედიის ტაძრები შეკეთდებიან მომავალ წელს, მაგრამ სატიტულო სიაში მათი ხსენებაც არ არის. გარდა ამისა, ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ში” მისახედია სხვა მრავალი უნიკალური ძეგლი ქართული კულტურისა, როგორც მაგალითად, გალის რაიონში: შუასაუკუნეთა ძეგლები-მუხურის ეკლესია, საბერიოს ეკლესია, კულანურხვას ეკლესია; გულრიფშის რაიონში-ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი, კელასურის კოშკი და ეკლესია, ოქტომბრის (ოლგინსკოეს) კოშკი, გვირაბი და გალავანის ეკლესია, ჩიახიშის მთის ეკლესია (XII ს.), ჩხალთის ეკლესია; ოჩამჩირის რაიონში-აბააჟვახუს ციხე და ეკლესია, აძიუბჟის ბაზილიკური ეკლესია “მარმალაბაა” (XIII ს.), ბესლახუბის ეკლესია, ზაგანის ეკლესია, მიშველის “ფიჭვის ეკლესია” (“ფიჭუ ოხამე”), ჭლოუს ეკლესია და გალავანი, ჯღერდის ეკლესია (VI ს.), ჯირღულის ეკლესია; სოხუმის რაიონში-ბესლეთის ეკლესია, ზემო ეშერის აბგირზიხის ეკლესია (XII ს.) და სხვა ეკლესიები, ციხეები და კოშკები. აქედან გამომდინარე, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმს ვთხოვ:

1. შეარჩიოს სათანადო კომპეტენტური და საქმიანი მუშაკი კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილების ხელმძღვანელად;

2. დაავალოს საქ. სსრ კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს და საზოგადოებას მომზადება სათანადოდ მეცნიერულად დასაბუთებული დაცვითი დაფებისა აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლებისათვის და უახლოეს ხანში უზრუნველყოს მათი გაკეთება სახელმწიფო დაცვაზე აყვანილ ძეგლებზე.

3. აღმოფხვრას სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა შესახებ.

4. უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ასსრ ძეგლთათვის გამოყოფილი თანხის ათვისება ოჩამჩირის სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის, ასევე ძელგთა გასამაგრებელი სამუშაოებისათვის.


5. დაწესდეს აფხაზეთის ასსრ-ში მდიდარი ორგანიზაციების შეფობა კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებზე, რითაც ისინი შეიძლება გადაურჩნენ საბოლოო დაშლასა და განადგურებას.

გთხოვთ, წაიკითხოთ ამ წერილის ტექსტი ყრილობაზე საჯაროდ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ზომები, მე მივმართავ საკავშირო მთავრობას და ფართო საზოგადოებას.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაკი საზოგადოებრივ საწყისებზე
1980 წელი

No comments:

Post a Comment