უმბერტო ეკო |
ის რომ დღეს მივდივართ მთვარეზე, ფეხბურთის მატჩებს რომ გადავცემთ თანამგზავრით და რომ ვიგონებთ ახალ ნივთიერებებს ძალიან კარგად შეესაბამება შუა საუკუნეების იმ უცნობ ასპექტს რომელსაც როგორც წესი უწოდებენ პირველ ინდუსტრიალურ რევოლუციას:
ჯერ საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაცია არ დამთავრებულა და უკვე ახალი შუა საუკუნეები იწყება ?
უმბერტო ეკო, ახალი შუა საუკუნეები-1:
ბოლო ხანს ცოტა ცოტა ყველგან დაიწყეს ლაპარაკი ახალ შუა საუკუნეებზე და ეხლა საცოდნელია ეს წინასწარმეტყველებაა თუ კონსტატაცია. სხვა სიტყვებით : უკვე შევედით ახალ შუა საუკუნეებში თუ გველის გარდაუვალი შუა საუკუნეები ? ინჟინერი რობერტო ვაკა თავის წიგნში « ილ მედიოევო პროსსიმო ვენტურო » ლაპარაკობს ტექნოლოგიური ხანის ტიპიური მეტისმეტად დიდი სისტემების მოშლაზე რამაც უკან უნდა დასწიოს მთელი ინდუსტრიული ცივილიზაცია.
მოკლედ მიმოვიხილოთ ვაკას მიერ წარმოდგენილი ყველაზე აპოკალიფსური ჰიპოთეზა, გარეგნულად დამაჯერებელი ფუტურისტული სცენარი.
აპოკალიფსის პროექტი :
ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო გზების გადაჭედვა დაემთხვა რკინიგზების პარალიჩს რამაც შემცვლელ პერსონალს ხელი შეუშალა დიდ აეროპორტამდე მისვლაში. დასტრესილმა და გადაქანცულმა კონტროლიორებმა რომლებიც არავინ შეცვალა გამოიწვიეს ავარიები და კატასტროფები რამაც რამოდენიმე დღით გააჩერა მოძრაობა. თოვს, გზები გადაჭედილია მანქანებით ; კაბინეტებში გასათბობად ანთებენ ცეცხლს და ჩნდება ხანძრები. მეხანძრეები ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას და ხანძრების ჩაქრობას. სატელეფონო ქსელი მოიშალა იმიტომ რომ 50 მილიონი იზოლირებული ადამიანი ცდილობს დარეკვას. დამიანები იწყებენ თოვლში წასვლას და გარდაცვლილებს გზაში სტოვებენ.
არაფრის მქონე მიგრანტები ცდილობენ თავშესაფრების დაკავებას და საკვების ხელში ჩაგდებას სროლას იწყებს ამერიკაში გაყიდული ათიათასობით ცეცხლსასროლი იარაღი. მთელ ძალაუფლებას იპყრობენ შეიარაღებული ძალები რომლებიც იმწუთში ემსხვერპლებიან საყოველთაო პარალიჩს. ძარცვავენ სუპერმარკეტებს, სახლებში აღარა აქვთ სანთლები, საავადმყოფოებში იზრდება სიცივისაგან, შიმშილისაგან და უპატრონობისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.
რამოდენიმე კვირის შემდეგ როდესაც ყველაფერი ძლივს მოწესრიგდება ქალაქებში და სოფლებში გაფანტული მილიონობით გვამი იწყებს ეპიდემიების და XIV საუკუნეში ევროპის მოსახლეობის 2/3-ის მომსპობი შავი ჭირის მსგავსი ავადმყოფობების გავრცელებას. გაჩნდება დაავადების ფსიქოზური შიშები და დაიწყება პირველ მაკარტიზმზე ბევრად უფრო სისხლიანი მაკარტიზმი.
ჯუჯა შთამომავალი მიცოცავს ბუმბერაზ წინაპარზე.შუა საუკუნეების ხელნაწერი. |
იქნება დიდი მიგრაციები,რასიული შერევები და აღრევები,ახალი იდეოლოგიების ცირკულაცია და გავრცელება. აღარ იქნება კანონები და კადასტრები და საკუთრება დაეფუძნება უზუკაპიას (ფლობის ხანგრძლივობას) :
სწრაფი დეკადანსი ქალაქებს გადააქცევს მეტ-ნაკლებად დასახლებული ნანგრევების სერიად. მათში იცხოვრებენ ისინი ვინც მოახერხებენ მათ დაკავებას მაშინ როდესაც წვრილ-წვრილი ლოკალური ხელისუფლებები შეინარჩუნებენ გარკვეულ ძალაუფლებას გალავნებისა და ციხე-სიმაგრეების აგებით.
ამ დროს უკვე იქნება გაქანებული ფეოდალური სტრუქტურა : ლოკალურ ხელისუფლებათა ალიანსები დაეფუძნება კომპრომისებს და არა კანონებს ; ინდივიდუალური ურთიერთობები დაეფუძნება აგრესიას, მეგობრულ კავშირებს ან საერთო ინტერესებს ;ისევ გაჩნდება ემიგრანტისთვის სტუმართმოყვარეობის პირველყოფილი ზნე-ჩვეულებები.
ამ პერსპექტივის პირისპირ მდგომი ვაკა გვეუბნება რომ ერთადერთი გამოსავალი იქნება მონასტრების მსგავსი თემების დაარსება. Aამ თემებმა ეხლავე უნდა დაიწყონ სწავლა იმისა თუ როგორ მოახერხებენ ისინი ამ ნანგრევებში და დეკადანსში ახალი აღორძინებისთვის სასარგებლო ტექნიკური და მეცნიერული ცოდნის გადარჩენას და გადაცემას. როგორ უნდა მოხდეს ამ ცოდნათა ორგანიზება ? როგორ არ უნდა დავუშვათ ცოდნის დამახინჯება გადაცემის პროცესში ან მისი გამოყენება ზოგი თემის მიერ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ?
სწორედ ამ პრობლემებს ეხება « მედიოევო პროსიმო ვენტუროს » მნიშვნელოვანწილად საკამათო ბოლო თავები.
მაგრამ პრობლემა როგორც უკვე ვთქვით სხვაგანაა.
უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ ვაკას სცენარი აპოკალიპტური ხილვაა თუ ასახვა იმისა რაც რაღაცნაირად უკვე დღეს არსებობს.
შემდეგ საჭიროა შუა საუკუნეების ცნების განთავისუფლება აღორძინების ხანის მიერ შთაგონებული ნეგატიური აურასაგან. და ბოლოს ვცადოთ იმის გაგება თუ როგორ გვესმის ცნება « შუა საუკუნეები » (გაგრძელება იქნება).
(ეს მშვენიერი ნარკვევი ფრანგულად დაიბეჭდა უმბერტო ეკოს წიგნში «სიყალბის ომი» რომელიც პარიზში გამოიცა 2008 წელს).
უმბერტო ეკო, ახალი შუა საუკუნეები-2 :
ახალი შუა საუკუნეებისთვის :
დავიწყოთ იმის შენიშვნით რომ ეს ცნება აღნიშნავს ორ დიდად განსხვავებულ ისტორიულ მომენტს : პირველი მომენტი მიდის დასავლეთის რომის იმპერიის დაცემიდან 1000 წლამდე : ესაა კრიზისის,დეკადანსის პერიოდი. Mმეორე 1000 წლიდან მიდის სკოლაში « ჰუმანიზმად » წოდებულ ხანამდე ; მრავალი ისტორიკოსი არც თუ უმიზეზოდ ამ ხანას მიიჩნევს კულტურული აყვავების ხანად და ლაპარაკობენ, არც მეტი და არც ნაკლები, სამ რენესანსზე : კაროლინგურ რენესანსზე, XI-XII საუკუნეების რენესანსზე და მესამეზე რომელიც ჩვენთვის « უბრალოდ » რენესანსის სახელითაა ცნობილი.
დავუშვათ რომ ჩვენ მოვახერხეთ შუა საუკუნეების სინთეზი ერთგვარ აბსტრაქტულ მოდელად, ნახსენები მომენტებისგან რომელი შეიძლება შეესაბამებოდეს ჩვენს ხანას ? სიტყვასიტყვით დაახლოების ცდა გულუბრყვილობა იქნებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ დაჩქარების, აქსელერაციის საუკუნეში და ის რაც ხდება ხუთ წელიწადში შეიძლება შეესაბამებოდეს იმას რაც ხდებოდა ხუთი საუკუნის განმავლობაში. Aამას გარდა მსოფლიოს ცენტრი გავრცელდა მთელს დედამიწაზე. დღეს თანაარსებობენ განვითარების სხვადასხვა დონის კულტურები და სახელმწიფოები და ჩვენ შუა საუკუნეების მდგომარეობას ვხედავთ ბენგალიის მოსახლეობებში, ნიუ იორკს ვუყურებთ როგორც აყვავებულ ბაბილონს და პეკინს მივიჩნევთ ახალი რენესანსის მოდელად.
მაშ საჭიროა გარკვეული პარალელის დადგენა ჩვენი პლანეტარული ცივილიზაციის ზოგ მომენტსა და ვითარებას და V-XIV საუკუნეების ისტორიულ პროცესს შორის.
ცხადია რომ გარკვეული ისტორიული მომენტის (დღევანდელობის) შედარება თითქმის ათას წელზე გაშლილ პერიოდთან უაზრობა იქნება თუ კი ამაზე შევჩერდებით. ჩვენ მიზნად ვისახავთ შუა საუკუნეების ჰიპოთეზის შემუშავებას.
ამ ჰიპოთეზას თუ მოდელს ექნება ლაბორატორიული ქმნილების ყველა დამახასიათებელი ნიშანი : ეს იქნება გარკვეულ მიზანზე დამოკიდებული არჩევის,გაფილტვრის შედეგი.
ჩვენი მიზანია აგება ისტორიული ხატისა რომელსაც შევადარებთ ჩვენი ხანის ტენდენციებს და ვითარებებს.
ეს იქნება ლაბორატორიის თამაში მაგრამ არავის უთქვამს რომ თამაშები უსარგებლოა. პირიქით, სწორედ თამაშით სწავლობს ბავშვი სამყაროში ქცევას იმიტომ რომ ის ბაძავს იმას რაც ოდესმე მართლა უნდა გააკეთოს.
რა უნდა გაკეთდეს კარგი შუა საუკუნეების მისაღებად ? პირველ რიგში საჭიროა დიდი მშვიდობა რომელიც ირღვევა, დიდი საერთაშორისო ხელისუფლება რომელმაც გააერთიანა მსოფლიო ენის,ზნე–ჩვეულებათა,იდეოლოგიათა,რელიგიათა,ტექნოლოგიებისა და ხელოვნებათა თვალსაზრისით. საჭიროა ამ ხელისუფლების დამხობა მისი საკუთარი უმართავი სირთულის გამო.
ის ემხობა იმიტომ რომ მის საზღვრებთან მოგროვდნენ ბარბაროსები რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ველურები მაგრამ რომელთაც მოაქვთ ახალი ზნე-ჩვეულებები და ახალი მსოფლმხედველობები. Eეს ბარბაროსები შეიძლება შეიჭრნენ ძალადობით იმიტომ რომ მათ უნდათ სიმდიდრე რომლის მიცემაზე ნებაყოფლობით მათ უარს ეუბნებიან. მათ შეიძლება უხმაუროდ შეაღწიონ გაბატონებული მშვიდობის სოციალურ და კულტურულ სხეულში და შეიტანონ ახალი სარწმუნოებები და ცხოვრების ახალი პერსპექტივები.
დეკადანსის დასაწყისში რომის იმპერია არაა დანაღმული ქრისტიანული ეთიკით ; მან უკვე თვითონ დაინაღმა თავი იმით რომ თავის კულტურაში ჩართო ალექსანდრიული კულტურა, მითრას და ასტარტას აღმოსავლური კულტები,გაერთო მაგიით, ახალი სექსუალური ეთიკებით,სხვადასხვა იმედებითა და ხსნის სხვადასხვა ხატებით.
რომის იმპერიამ მიიღო ახალი რასიული კომპონენტები და დაანგრია სოციალურ კლასებს შორის აღმართული ბევრი ბარიერი.
ამით რომის იმპერიამ გააუქმა განსხვავებები მოქალაქეებს და არამოქალაქეებს,პლებეებსა და პატრიციებს შორის ქონებრივი განსხვავებების გააუქმებლად და გააბუნდოვანა განსხვავებები სოციალურ როლებს შორის.
ჩანს აკულტურაციის ფენომენები, მაღალ წოდებებზე ხვდებიან წარმომადგენლები რასებისა რომლებიც სულ ორი საუკუნის წინ დაბალ რასებად ითვლებოდნენ. დაშვებული იქნა მრავალი თეოლოგია. მთავრობამ შეიძლება თაყვანი სცეს კლასიკურ ღმერთებს,მითრას და იესო ქრისტეს.
ჯუჯა შთამომავალი ბუმბერაზ წინაპარზე. თანამედროვე ქანდაკება. |
დიდი სამხედრო,სამოქალაქო და კულტურული მშვიდობის დასასრულს მოყვა ეკონომიკური კრიზისი და ხელისუფლებათა უუნარობა. Mმაგრამ ბნელი საუკუნეები ესოდენ « ბნელი » ჩანს მხოლოდ ანტიკლერიკალური რეაქციის გამო ; სინამდვილეში ადრეული შუა საუკუნეები, ალბათ კიდევ უფრო მეტად ვიდრე 1000 წლის მომდევნო ხანა, იყო დაუჯერებლად სიცოცხლისუნარიანი ინტელექტუალური ცხოვრების ხანა. ბარბაროსული ცივილიზაციების საუბრები ერთმანეთთან, რომაული მემკვიდრეობა და იუდეურ-ქრისტიანული ნაკვესები,მოგზაურობები და შეხვედრები ; ხანა როდესაც ირლანდიელი ბერები სერავდნენ ევროპას,ავრცელებდნენ იდეებს,ახალისებდნენ კითხვის სურვილს და იგონებდნენ ყველანაირ ექსტრავაგანტულ რამეებს.
სწორედ ამ დროს გამოიჭედა დასავლელი კაცი და სწორედ ამ გაგებით გვეხმარება შუა საუკუნეების მოდელი დღევანდელი მოვლენების გაგებაში.
დიდი მშვიდობის გაკოტრებამ გამოიწვია დაუცველობა და კრიზისი,ცივილიზაციების შეჯახება და და მოხაზა ახალი ადამიანის ხატი რომელიც უფრო ცხადი გახდა მოგვიანებით მაგრამ რომლის მთავარი ელემენტებიც უკვე ციმციმებს დრამატულ ქვაბში.
პითაგორას მავულგარიზებელი და არისტოტელეს გადამკითხველი ბოესი ზეპირად არ იმეორებს წარსულის გაკვეთილს : ის იგონებს კულტურის ქმნის ახალ ხერხებს და თამაშობს რა უკანასკნელი რომაელის როლს ის სინამდვილეში იმუშავებს ბარბაროსულ სამეფო კართა პირველ სკოლას (გაგრძელება იქნება).
თუ კი გინდათ კარგი დანის ყიდვა იყიდეთ ის აფრიკაში იმიტომ რომ ამერიკაში ნაყიდი დანა პირველივე გამოყენების შემდეგ ტყდება.
უმბერტო ეკო,ახალი შუა საუკუნეები-3 :
პაქს ამერიკანას,ამერიკული მშვიდობის კრიზისი :
პაქს ამერიკანა,ამერიკული მშვიდობა თუ ამერიკული სისტემა რომ კრიზისს განიცდის ეს დღეს თანამედროვეობის ისტორიოგრაფიის მოარული თემაა. Mმაგრამ ძალიან ძნელია « ახალი ბარბაროსების » სახის წარმოდგენა. ჩვენთვის ცნება « ბარბაროსი » ისევ ნეგატიური და მატყუარა აზრის მატარებელია.
ძნელია იმის თქმა ვინ არიან ეს ბარბაროსები, ჩინელები,მესამე სამყაროს ხალხები,პროტესტის გამომთქმელი თაობა თუ სამხრეთიდან მოსული იმიგრანტები. ძნელია იმის თქმა მოადგნენ თუ არა ისინი საზღვრებს (რომლებს ?) თუ ისინი უკვე მოქმედებენ სოციალური კორპუსის შიგნით.
რომის სამსახურში მდგარი ბარბაროსი სტილიქონი. რომის გენერალი და პოლიტიკოსი. |
ერთადერთი რაც სრულიად აშკარად ქრებოდა იყო რომაელი როგორც ფენომენი. სწორედ ასე ქრება დღეს ლიბერალი, ანგლოსაქსურად მეტყველი ბიზნესმენი რომლის პირველი მხატვრული ნაწარმოები იყო “რობინზონ კრუზო” და რომლის ვირგილიუსი არის მაქს ვებერი.
დიდი ქალაქების გარეუბანთა სახლებში საშუალო მოხელე ისევ ჰგავს ტრადიციული ზნე-ჩვეულებების რომაელს, მაგრამ მისი შვილი თმებს ივარცხნის როგორც ინდიელი,ატარებს მექსიკურ პონჩოს,უკრავს აზიურ სიტარზე. ის კითხულობს ბუდისტურ ტექსტებს თუ ლენინისტურ პამფლეტებს, გატაცებულია ჰესეთი,ზოდიაქოთი,მაოთი,ალქიმიით, მარიხუანათი და საუცხოოდ ფლობს ქალაქური პარტიზანული ომის ხერხებს და მეთოდებს.
ეს გადარჩენილი რომაელი მამამისიც კი როცა მოწყენილია ერთობა ეშანჟიზმით ( მეგობარ-ნაცნობ-უცნობებთან ცოლების ან საყვარლების დროებითი გაცვლით) და კრიზისში აგდებს პურიტანული ოჯახის მოდელს.
დიდ კორპორაციაში ( დეგრადაციის განმცდელ სისტემაში) ჩართული ეს თანამედროვე რომაელი უკვე განიცდის აბსოლუტურ დეცენტრალიზაციას და ცენტრალური ხელისუფლების კრიზისს. ცენტრალური ხელისუფლება გადაიქცა ფიქციად და დაყვანილია სულ უფრო და უფრო აბსტრაქტულ პრინციპებზე.
ჟურნალისტი და ესეისტი ფურიო კოლომბო ნაშრომში “პოტერე გრიპპი ე კონფლიტო ნელლა სოციეტა ნეოფეოდალე” აჩვენებს ჩვენი ხანის ნეოშუასაუკუნეებრივ ასპექტს. სოციოლოგიის შესწავლის გარეშეც ყოველმა ჩვენგანმა იცის რომ ჩვენში მთავრობის გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილებებია დიდი ეკონომიკური ცენტრების გარეგნულად პერიფერიულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. Aარაა შემთხვევითი რომ დიდი ეკონომიკური ცენტრები იწყებენ დაზვერვის მათი კერძო სამსახურების შექმნას და მათ შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო სამსახურის ძალები. ისინი ქმნიან თავის საკუთარ უნივერსიტეტებს რომელთა წარმატებაც აშკარაა განათლების ცენტრალურ სისტემებთან შედარებით.
ინფორმაცია ყოველ დღე გვიჩვენებს რომ პენტაგონის,გამოძიების ფედერალური სამსახურის და თეთრი სახლის მოქმედებები აბსოლუტურადაა დამოუკიდებელი ერთმანეთისგან.
“ტექნოლოგიურმა ხელისუფლებამ მათი შინაარსისაგან დაცალა ინსტიტუტები და ზურგი შეაქცია სოციალური სტრუქტურის ცენტრს », ამბობს კოლომბო რომელიც უმატებს რომ ხელისუფლება ეწყობა სოციალური კორპუსის ცენტრალური ზონის გარეთ და მიემართება ამოცანებისგან და პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ზონისკენ...
Mმოწოდებები აღარ ყალიბდება იერარქიის თუ კოდიფიცირებული ფუნქციების ცნებებში. მიმართავენ პრესტიჟის ან რეალური ზეწოლის ცნებებით. Kკოლომბოს მოჰყავს 1970 წლის ოქტომბერში ნიუ იორკის ციხეთა აჯანყების შემთხვევა როდესაც ინსტიტუციურ ხელისუფალს,მერ ლინდსეის შეეძლო ჩარევა მხოლოდ მოწოდებებით თავშეკავებისკენ მაშინ როდესაც მოლაპარაკებები ტარდებოდა ჯერ პატიმრებსა და მეციხოვნეებს და შემდეგ ჟურნალისტებსა და ციხეების ხელმძღვანელობას შორი. Eეს შესაძლებელი გახადა ტელევიზიის რეალურმა შუამავლობამ.
ტერიტორიის ვიეტნამიზაცია :
კერძო თვითმმართველი ინტერესები ახერხებენ ურთიერთობას და ერთგვარი წონასწორობის და კომპრომისის მიღწევას. მათ სამსახურშია თავდაცვის საკუთარი საშუალებების მქონე კერძო პოლიციები.
ამაში კოლომბო ხედავს დაქირავებულთა კომპანიებით (ვინ არიან მინიტმენები ან შავი პანთერები?)სავსე ტერიტორიების ვიეტნამიზაციას.
სცადეთ ნიუ იორკში ჩასვლა ტვას თვითმფრინავით და თქვენ მოხვდებით აბსოლუტურად კერძო სამყაროში რომელსაც არაფერი აქვს საერთო პანამ-ის ტერმინალთან.
ცენტრალური ხელისუფლება განიცდის ტვა-ს ძლიერ ზეწოლას და ამ კომპანიას აძლევს სხვა კომპანიებთან შედარებით ვიზების და საბაჟოების უფრო სწრაფ სამსახურს. ტვა-თი მოგზაურობისას თქვენ აშშ-ში შეხვალთ ხუთ წუთში და სხვა კომპანიებით დაგჭირდებათ ერთი საათი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ მფრინავ ფეოდალთან დაიჭერთ საქმეს...
იტალიური ბანკები გადაიქცა ციხე-სიმაგრეებად რთული შიდა კონტროლით და საკუთარი პოციებით. იტალიაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქარხნების დაცვა სიმაგრეებით და პარამილიტარიზაცია. ხშირია დაქირავებულთა ( და არა სახელმწიფო დაცვის,მთარგმნელი) რაზმები.
ერთხელ საქმე იქამდე მივიდა რომ სახელმწიფოს მოუხდა შეჭრა მილანის არქიტექტურის ფაკულტეტში რომელიც ციტადელად იყო გადაქცეული, მაგრამ ეს გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ რაც სახელმწიფოს თხოვნით მიმართეს სხვადასხვა ფეოდალმა (მეწარმეებმა,ჟურნალებმა,ლოკალურმა ქრისტიანულმა დემოკრატიამ)...
იტალიელმა გეოგრაფმა ჯუზეპე საკომ ერთი წლის წინ განავითარა ქალაქის გაშუასაუკუნეების თემა.
ინტეგრაციაზე უარის მთქმელ უმცირესობათა სერიები შექმნიან კლანებს; ყოველი კლანი შეარჩევს კვარტალს რომელიც იქცევა მის ხშირად მიუდგომელ ცენტრად.
კლანური სულისკვეთებით არიან შთაგონებული მესაკუთრე კლასებიც: იზიარებენ რა ბუნების მითს, ისინი გარბიან ქალაქებიდან და თავს აფარებენ ბაღებად ქცეულ და ავტონომიური სუპერმარკეტის მქონე ( ხშირად საგანგებოდ დაცულ და საკუთარი პოლიციის მყოლ,მთარგმნელი) კვარტალებს.
ვაკოც ავითარებს ტერიტორიების ვიეტნამიზაციის თემას.
კონსენსუსი წყდება და ამის გამო ტერიტორიები იქცევა მუდმივი დაძაბულობების და კონფლიქტების თეატრად... მუდმივი სამოქალაქო ომის ვითარებაში ერთმანეთს ებრძვიან ცენტრს მოკლებული უმცირესობები. ქალაქები სულ უფრო და უფრო გადაიქცევა იმად რასაც უკვე ვხედავთ ლათინური ამერიკის ზოგ დასახლებაში. ისინი კი მიჩვეული არიან ქალაქურ პარტიზანულ ომს და სოციალური კორპუსის ფრაგმენტაციას. Yყოველივე ამის სიმბოლოს წარმოადგენენ საცხოვრებელი სახლების მცველები რომლებიც როგორც წესი ტყვიამფრქვევებით არიან შეიარაღებულნი.
ამავე ქალაქებში სახელმწიფო შენობები ჰგვანან ციხესიმაგრეებს და ზოგჯერ გარშემორტყმულები არიან მიწაყრილებით რომლებმაც ისინი უნდა დაიცვან ბაზუკით შეტევისაგან (ისევე როგორც პრეზიდენტების სასახლეები).
ბუნებრივია რომ ჩვენი შედარება შუა საუკუნეებთან საკმაოდ უნდა იყოს ხაზგასმული რათა არ გვეშინოდეს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ხატებისა. სხვა შუა საუკუნეებში მოსახლეობათა რაოდენობის შემცირება, შიმშილი სოფლებში,რომაული გზების და პოსტების მოშლა და ცენტრალური ხელისუფლების კრიზისი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.
ეხლა კი ვიტყოდი რომ პირიქითაა (ცენტრალური ხელისუფლების კრიზისთან დაკავშირებით). მეტისმეტად ჭარბი მოსახლეობაა და იწვევს კომუნიკაციათა და ტრანსპორტის ექსცესს რაც ცსოვრებისთვის აუტანელს ხდის ქალაქებს არა ნგრევისა და მიტოვების არამედ საქმიანობათა პაროქსიზმის მიზეზით. ძველი კონსტრუქციების მღრღნელი ფათალო ეხლა შეცვალა ატმოსფერულმა პოლუციამ და ნაგვის დაგროვებამ რაც ამახინჯებს და სუნთქვისთვის უვარგისს ხდის ახალ დიდ ანსამბლებს.
ქალაქი ივსება იმიგრანტებით და მისი ძველი მაცხოვრებლები საცხოვრებლად გადადიან გარეუბნებში და ქალაქებში ჩადიან მხოლოდ სამუშაოდ. . ბელ ერის სასკლაოს შემდეგ კი გარეუბნებს ამაგრებენ.
მანჰეტენში თითქმის მხოლოდ ზანგები ცხოვრობენ,ტურინში-მხოლოდ სამხრეთელები.
მეზობელ ბორცვებზე და ველებზე კი შენდება ციხე-
-სასახლეები რომლებიც ერთმანეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ამყარებენ. ჩნდება ორმხრივი უნდობლობა და შეხვედრებს დიდი ამბით აღნიშნავენ.
ეკოლოგიური გაუარესება:
ამას გარდა დიდ ქალაქებს რომლებიც დღეს არაა დაპყრობილი მეომარი ბარბაროსების მიერ და არც გადამწვარია, სტანჯავს წყლის ნაკლებობა, ელექტრობის კრიზისები, ცირკულაციის პარალიჩები...
ადრეულ შუა საუკუნეებსაც ახასიათებს ძლიერი ტექნოლოგიური დეკადანსი,სოფლების გაღატაკება. ძალიან იგრძნობა რკინის ნაკლებობა და თუ კი გლეხს მისი ერთადერთი ნამგალი ჩაუვარდა ჭაში ლეგენდების თანახმად უნდა დაელოდოს წმინდანის სასწაულებრივ ჩარევას და თუ ეს ჩარევა არ ხდება მაშინ ყველაფერი მთავრდება.
მოსახლეობის შთამბეჭდავი კლება ნელდება მხოლოდ 1000 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც დანერგეს ლობიოს,ცერცვის და ოსპის კულტურები. Aამის გარეშე ევროპას მოკლავდა დაუძლურება. Lლობიოს კავშირი კულტურულ აღორძინებასთან გადამწყვეტია.
ჩვენს საზოგადოებასთან პარალელი შეიძლება გაგრძელდეს ვინაიდან გარეგნული დაპირისპირების მიუხედავად შედეგები იგივეა: უზომო ტექნოლოგიური განვითარება იწვევს ცუდ ფუნქციონირებას და საკვების ინდუსტრიის ექსპანსია იწვევს შხამიანი და კიბოსგამჩენი საკვების წარმოებას.
მეორეს მხრივ წრეგადასული მოხმარების საზოგადოება ქმნის ცუდ და იოლად გაფუჭებად საგნებს და არა სრულყოფილ ნაწარმს. თუ კი გინდათ კარგი დანის ყიდვა იყიდეთ ის აფრიკაში იმიტომ რომ ამერიკაში ნაყიდი დანა პირველივე გამოყენების შემდეგ ტყდება.
და ტექნოლოგიური საზოგადოება დაა დაადგა ნახმარი და გამოუსადეგარი ობიექტების საზოგადოებად გადაქცევის გზას.
სოფლებში იჩეხება ტყეები,ბინძურდება წყლები და ატმოსფერო, ქრება ცხოველებისა და მცენარეების სახეობები, და ა.შ. ამიტომაა რომ ლობიოს არქონის პირობებში სულ უფრო და უფრო საჩქარო ხდება ჯანსაღი ელემენტების შეტანა ( გაგრძელება იქნება).
უმბერტო ეკო, ახალი შუა საუკუნეები-4:
ნეომომთაბარეობა, დაუცველობა,შიშები, გარემომცველი სინამდვილისგან განდგომა :
ჰიპების "ორდენი" |
ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ შუა საუკუნეებში მოგზაურობა ძალიან საშიში იყო და წასვლა ნიშნავდა ანდერძის დაწერას; მოგზაურობა ნიშნავდა ყაჩაღებთან, მაწანწალების ბანდებთან თუ მტაცებელ მხეცებთან შეხვედრას.
მაგრამ უკვე გარკვეული ხანია რაც მარცხი განიცადა თანამედროვე მოგზაურობის როგორც უსაფრთხო კომფორტის შედევრის იდეამ. დღეს ეშინიათ რომ ვიღაცამ მოულოდნელად შეიძლება მოინდომოს თვითმფრინავის,გემის,ავტობუსის თუ მატარებლის გატაცება და შემოიღეს ელექტრონული კონტროლი და მგზავრებს ჩხრეკენ. ისევ განვიცდით მოულოდნელობებით სავსე დაუცველობის გრძნობას და ეს გრძნობა შეიძლება გაძლიერდეს.
დაუცველობა:
ეს მართლაც მთავარი სიტყვაა რომელიც უნდა ჩაიწეროს მილენარისტული თუ “ხილიასტური” ღელვის კონტექსტში: სამყარო უახლოვდება თავის დასასრულს და საბოლოო კატასტროფა ბოლოს მოუღებს მილენიუმს. Aამიერიდან დადასტურებულია რომ 1000 წელს გაბატონებული შიშები მხოლოდ ლეგენდაა ისევე როგორც დადასტურებულია რომ მთელი X საუკუნე გაჟღენთილია დასასრულის შიშით და ამ ფსიქოზმა გაიარა მხოლოდ მილენიუმის დასასრულისთვის.
რაც შეეხება ჩვენს ხანას ბირთვული და ეკოლოგიური კატასტროფების ფართოდ გავრცელებული თემები (რასაც დაემატა პანიკა მაიას კალენდრის 2012 წლის გამოც,მთარგმნელი) უკვე მოასწავებენ ძლიერ აპოკალიპტურ მიმდინარეობებს.
ეპოქის უტოპიური კორექტივი იყო იმპერიის განახლების იდეა. დღევანდელი კი დაიყვანება “რევოლუციის” საკმაოდ ცვალებად იდეაზე. Oორივე იდეას საწყის პროექტებთან აცდენის მიუხედავად აქვთ რეალური პერსპექტივები (იმპერია არ განახლებულა მაგრამ აღორძინდნენ კომუნები და ეროვნული მონარქიები რომლებიც უფრო უსაფრთხოს გახდიან არსებობას).
მაგრამ დაუცველობა ფსიქოლოგიურიცაა და არა მარტო ისტორიული. ის დაკავშირებულია ადამიანის ურთიერთობასთან პეიზაჟთან და საზოგადოებასთან.
ადამიანები ღამ-ღამობით დაეხეტებოდნენ მათი აზრით ბოროტი ძალებით დასახლებულ ტყეებში და ისე იოლად ვერ გადიოდნენ დასახლებების გარეთ. ისინი სახლიდან შეიარაღებულები გადიოდნენ.
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას დღეს ნიუ იორკის მკვიდრზე რომელიც საღამოს 5 საათის შემდეგ ფეხს აღარ ადგავს სენტრალ პარკში ან ეშინია ჩაჯდომა მეტროში რომელიც მას შეცდომით წაიყვანს ჰარლემში ან არ ჯდება მეტროში შუა ღამის შემდეგ ან უფრო ადრეც კი თუ ის ქალია.
პოლიციამ ყველგან დაიწყო მძარცველთა მოსპობა და სპობს ბოროტებსაც და უბოროტოებსაც და ამის პარალელურად დამკვიდრდა რევოლუციური ქურდობის და ელჩთა გატაცების პრაქტიკა.
ნებისმიერ რობინ ჰუდს ასევე შეუძლია ვიღაც კარდინალის და მისი ამალის გატაცება რათა ისინი გაცვალოს თავის ტყიურ კოლეგებში რომელთაც ელის სახრჩობელა ან ელექტრული სკამი.
კოლექტიური დაუცველობის სურათისთვის ბოლო შტრიხის დასამატებლად ჩვენ შეიძლება დავუმატოთ რომ ისევე როგორც მაშინ და თანამედროვე და ლიბერალური სახელმწიფოების მიერ დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ აღარ აცხადებენ ომს (გარდა კონფლიქტის დასასრულისა, იხ.ინდოეთი და პაკისტანი) და კაცმა აღარ იცის ომობს ის თუ არა. რაც შეეხება დანარჩენს საკმარისია წახვიდეთ ლივორნოში,ვერონაში თუ მალტაზე და დაინახავთ რომ იმპერიის ჯარები სხვადასხვა ეროვნულ ტერიტორიაზე დარჩნენ გარნიზონებში; ლაპარაკია მრავალენოვან ჯარებზე სარდლებით რომლებსაც მუდამ აცდუნებს საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალის ომისთვის ან პოლიტიკისთვის გამოყენების აზრები.
“ვაგანტები”:
ამ დიდ დაუცველ ტერიტორიებზე დაეხეტებიან მარგინალთა, მისტიკოსთა თუ ავანტურისტთა ბანდები. Aამას გარდა უნივერსიტეტთა საერთო კრიზისის პირობებში სრულებით შეუსაბამო სტიპენდიების მქონე სტუდენტები გადაიქცნენ მოხეტიალეებად და მიმართავენ მხოლოდ არაბინადარ მოძღვრებს, ზურგს აქცევენ მათ “ბუნებრივ აღმზრდელებს”. ჩვენ გვყავს ჰიპების, ბანდები, ნამდვილი მათხოვარი ორდენები რომლებიც არსებობენ საზოგადოებრივი მოწყალების წყალობით.
ეს “ორდენები” ეძებენ მისტიკურ ბედნიერებას და მათთვის დიდი განსხვავება არაა ნარკოტიკსა და ღვთაებრივ მადლს შორის განსაკუთრებით იმიტომ რომ ქიმიური ბედნიერების უკან დაიწყო გამოჩენა მრავალმა არაქრისტიანულმა რელიგიამ.
ლოკალური მკვიდრები მათ ვერ იტანენ და დევნიან და როდესაც მას გააგდებენ ახალგაზრდობის ყველა თავშესაფრიდან ყვავილების ძმა დაწერს რომ სწორედ ამაშია სრულყოფილი ბედნიერება. ისევე როგოც შუა საუკუნეებში განსხვავება მისტიკასა და თაღლითობას შორის უმნიშვნელოა. მენსონი სხვა არაფერია თუ არა ბერი რომელმაც მისი წინაპრების მსგავსად მეტისმეტი მოინდომა სატანური რიტუალებით. Dდა მაშინაც როდესაც პოლიტიკოსი ჩრდილს აყენებს ლეგიტიმურ ხელისუფლებას მას ითრევენ ცისფერი ბალეტების სკანდალში ისევე როგორც ფილიპე ლამაზმა უქნა ტამპლიერებს. მისტიკური აღტკინება და დიაბოლური რიტუალები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ჟილ დე რაისი სომელიც ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან შთანთქა მრავალი ბავშვი მართლაც არის ჟანა დარკის თანამებრძოლი.
მათხოვარი ორდენების მსგავს სხვა ფორმებს იძენენ პოლიტიზებული ჯგუფებიც. მარქსისტ-ლენინისტთა კავშირის მორალიზმს მისი მოწოდებით სიღარიბისკენ,ზნე-
-ჩვეულებათა სიმკაცრისკენ და ხალხის სამსახურში ჩადგომისკენ აქვს მონასტრული ფესვები.
ეს შედარებები უწესრიგონი ჩანან მაგრამ გავიხსენოთ თუ რამდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მჭვრეტელი ბერები და მონასტრებს შეფარებული მათხოვრები, აქტიური და პოპულისტი ფრანცისკანელები, დოქტრინარი და შეურიგებელი დომინიკანელები.
მაგრამ ყველანი განზე გამდგარი იყვნენ მათ მიერ დეკადენტურად, დიაბოლურად, ნევროზის წყაროდ მიჩნეული გარემოს სოციალური კონტექსტისგან.
ეს მონასტრული, ინოვაციის, გაჭირვებულთა სამსახურში პრაქტიკულ საქმიანობასა და მძაფრ თეოლოგიურ დისპუტებში ჩაბმული თემები ერთმანეთს ბრალად სდებდნენ მწვალებლობას, განკვეთავდნენ ერთმანეთს. ყოველი ჯგუფი აჩენს თავის დისიდენტებს და ერეტიკოსებს.
ყველაფერი ეს ჰგავს ტროცკისტების და სტალინისტების დავას და ბრძოლას.
ეს არაა უმიზნო უწესრიგობის ნიშანი, პირიქით,ესაა ნიშანი საზოგადოებისა სადაც ახალი ძალები ეძებენ კოლექტიური ცხოვრების ახალ ფორმებს და აღმოაჩენენ რომ მათ დამკვიდრება შეუძლიათ მხოლოდ არსებულ სისტემებთან ბრძოლით, შეგნებული და პრინციპული თეორიული და პრაქტიკული მიუღებლობის პრაქტიკით (გაგრძელება იქნება).
არავინ ამბობს რომ ახალი შუა საუკუნეები არის მხიარული პერსპექტივა. ძველ ჩინელებს როდესაც სურდათ ვიღაცის შეჩვენება ეუბნებოდნენ მას : »დაე გეცხოვროს საინტერესო ხანაში »...
ჯუჯები ბუმბერაზთა ბეჭებზე,
მბერტო ეკო, ახალი შუა საუკუნეები-5 :
ავტორიტეტი :
შუა საუკუნეების ცივილიზაციას აქვს ერთი ასპექტი რომელსაც პოლემიკური გადაჭარბებით ამახინჯებს და არასწორად აფასებს საერო და ლიბერალური თვალსაზრისი :
ესაა ავტორიტეტის მოხმობა. შუა საუკუნეების სწავლული ისე იქცეოდა თითქოს მას არაფერი გამოეგონა და მას მუდამ მოჰყავდა წინამორბედი ავტორიტეტის აზრი. ხან ლაპარაკია აღმოსავლეთის ეკლესიის მამებზე,ხან წმინდა ავგუსტინეზე, არისტოტელეზე, წმინდა წერილებზე ან გასული საუკუნის სწავლულებზე, მაგრამ არასოდეს არ უნდა ეთქვათ ახალი იმის უთქმელად რომ ეს უკვე ნათქვამი იყო ვიღაც წინამოირბედის მიერ.
Dდეკარტედან დღემდე კი სულ პირიქით, მნიშვნელობა აქვს იმას ვისაც მოაქვს რაღაც ახალი და ჯერ არნახულ-
-გაუგონარი.
შუა საუკუნის აზრი გარედან ჩანს როგორც ერთი განურჩეველი მონოლოგი ვინაიდან ყველა ცდილობდა ერთი და იგივე ენაზე ლაპარაკს,ერთი და იგივე რამის ციტირებას,ერთი და იგივე არგუმენტების მოყვანას და ერთი და იგივე ლექსიკის ხმარებას. თითქოს გვესმის ერთი და იგივე რამის გაუთავებელი გამეორება ზუსტად ისევე როგორც სტუდენტები კითხულობენ ექსტრემისტთა პატარა ჯგუფების პრესას ან კულტურული რევოლუციის ნაწერებს.
ჯუჯა შთამომავალი ბუმბერაზ წინაპარზე. შუა საუკუნეების ვიტრაჟი |
სინამდვილეში შუა საუკუნეების ავტორი ძალიან კარგად არჩევს ფუნდამენტურ განსხვავებებს. მან ძალიან კარგად იცის ავტორიტეტისთვის იმის გაკეთება რაც უნდა : « ავტორიტეტი არის ცვილის ცხვირი რომლის ფორმის შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია ისე როგორც გვინდა »,თქვა ალენ დე ლილმა XII საუკუნეეში.
მაგრამ მასზე უფრო ადრე ბერნარდ დე შარტრმა თქვა :
« ჩვენ ვართ როგორც ჯუჯები ბუმბერაზთა ბეჭებზე ».
ბუმბერაზები არიან უეჭველი, უკამათო, ჩვენზე ბევრად უფრო შორსმჭვრეტელი და ნათელმხილველი ავტორიტეტები ;
მაგრამ რა პატარები და ჯუჯებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ როდესაც ვეყრდნობით ბუმბერაზების ბეჭებს ამ ბუმბერაზებზე უფრო შორს ვხედავთ. მაშ ერთის მხრივ ესმოდათ რომ ისინი რაღაც სიახლეს ქმნიდნენ და წინ მიდიოდნენ და მეორეს მხრივ აუცილებელი იყო ამ სიახლის დაფუძნება კულტურულ კორპუსზე რომელიც ამკვიდრებდა ზოგ უკამათო შეხედულებას და საერთო ენას. ეს არ იყო დოგმატიზმი, თუმცა ხანდახან იღებდა მის სახეს.
შუა საუკუნეების ადამიანი ასე ახდენდა რეაქციას გვიანი იმპერიის უწესრიგობაზე,
კულტურულ ფლანგვაზე, იდეათა და რელიგიების აღრევაზე და ელინისტური საზოგადოების ატომიზაციაზე.
იმ საზოგადოებაში სადაც ყოველი ადამიანი იყო მარტო თავისი ცოდნის განძთან ერთად საჭირო იყო ყველასათვის საერთო თემატიკის,საერთო რიტორიკის და საერთო ლექსიკის აღდგენა. Aამის გარეშე შეუძლებელი იყო საკუთარი თავის შეცნობა, ურთიერთობა და, რაც უმთავრესი იყო, ხიდის გადატყორცნა ინტელექტუალსა და ხალხს შორის. არადა სწორედ ამ უკანასკნელს აკეთებდა შუა საუკუნეების ინტელექტუალი ბერძენი და რომაელი ინტელექტუალების საწინააღმდეგოდ.
ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდა პოლიტიკურ ჯგუფებს ; ესაა რეაქცია რომანტიულ-
-იდეალისტური ორიგინალობის გაფლანგვაზე და ლიბერალური პერსპექტივების სიმრავლეზე რომელიც თითქოს უნდა ნიღბავდეს ეკონომიკური დომინაციის მასიურ ერთიანობას.
წმინდა ტექსტების ( თუ გნებავთ მარქსის,მაოს,ჩე გევარას თუ როზა ლუქსემბურგის ტექსტების) ძიების უპირველესი მიზანია საერთო საფუძვლის, იოლად საცნობ ავტორიტეტთა კორპუსის დადგენა. ამან უნდა გახადოს შესაძლებელი განსხვავებათა და მებრძოლ ლოზუნგებად გამოსაყენებელ წინადადებათა თამაში.
ყველაფერი ეს კეთდება სავსებით შუასაუკუნებრივი თავმდაბლობით ; წინადადების შემომტანის და წამომყენებლის პიროვნებას აღარა აქვს მნიშვნელობა და წინადადება უნდა ჩაითვალოს მუდამ მკაცრად ანონიმური კოლექტიური გადაწყვეტილების ნაყოფად და არა ინდივიდუალურ მიგნებად,ეს კი სრულებით უპირისპრდება აღორძინების ხანიდან გამოსულ თანამედროვე ბურჟუაზიულ სულისკვეთებას. კრება ხდება როგორც საკითხების განხილვა. ის უცხოელს უქმნიდა მონოტონური და ბიზანტიური თამაშის შთაბეჭდილებას მაშინ როდესაც კამათობდნენ არა მხოლოდ ადამიანის ბედის დიდ პრობლემებზე არამედ საკუთრების, სიმდიდრეების განაწილების,მეფესთან დამოკიდებულების, მოძრავ მიწიერ საგანთა ბუნების და უძრავ ზეციურ სხეულთა საკითხებზე...
მონასტრები :
სოფლად ჩაკარგულ,შემოზღუდულ,ბარბაროსების და უცხოელების გვერდით არსებულ,ამქვეყნისგან მოწყვეტილი და კერძო ძიებებით დაკავებული ბერებით დასახლებულ მონასტრებს ყველაზე მეტად ჰგავს ამერიკული კამპუსი.
ზოგჯერ მეფე თავის მრჩევლად ნიშნავს ერთ-ერთს ამ ბერთაგან,აგზავნის მას ელჩად გატაიში და ისიც აუღელევბლად გადადის მონასტრიდან საერო ცხოვრებაში
,ხდება ხელისუფლების კაცი და ცდილობს ქვეყნის მართვას ისევე სრულყოფილად როგორც აგროვებდა ბერძნულ ტექსტებს. Eერქმევა მას გერბერტ დორიაკი თუ მაკნამარა, ბერნარდ კლერვოელი თუ კისინჯერი,ის შეიძლება იყოს მშვიდობის კაციც და მეომარიც (ეიზენჰაუერი,
მაგალითად,რომელმაც მოიგო ბრძოლათა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ შევიდა მონასტერში და გახდა კოლეჯის დირექტორი მაგრამ ის ისევ ჩადგა იმპერიის სამსახურში როდესაც ბრბომ მას უხმო როგორც ქარიზმატულ გმირს).
მაგრამ უცნობია ექნებათ თუ არა ამ სამონასტრო ცენტრებს წარსულის კულტურული ფონდის დაცვისა და გადაცემის ფუნქცია...
შუა საუკუნეებმა ბოლოს გააჩინა ერთგვარი აღორძინება რომელიც ერთობოდა არქეოლოგიით მაგრამ სინამდვილეში შუა საუკუნეებს არაფერი დაუცავს და შეუნახია სისტემატურად. ის უწესრიგოდ ანგრევდა და ინახავდა :
შუა საუკუნეებმა დაკარგა არსებითი ხელნაწერები და გადაარჩინა სასაცილოები, მან გადაფხიკა საოცარი ლექსები რათა მათ პერგამენტზე დაეწერა გამოცანები და ლიცვები. მან გააყალბა საკრალური ტექსტები პასაჟების ტექსტში ჩართვით და ასე დაწერა « თავისი » წიგნები.
შუა საუკუნეების ხანამ მოიგონა კომუნათა საზოგადოება ისე რომ არ ჰქონია ზუსტი წარმოდგენა ბერძნული პოლისის შესახებ. შუა საუკუნეების ადამიანები ჩავიდნენ ჩინეთში იქ ცალფეხა და მუცელზე პირის მქონე ადამიანების საძებრად. ისინი ალბათ ქრისტოფორ კოლუმბზე უფრო ადრე ჩავიდნენ ამერიკაში პტოლემეს ასტრონომიის და ერატოსთენის გეოგრაფიის გამოყენებით...
მუდმივი გადასვლა :
ამ ახალ შუა საუკუნეებზე ამბობენ რომ ის იქნება « მუდმივი გადასვლის » ხანა რომლისთვისაც საჭირო იქნება ადაპტაციის ახალი საშუალებების გამოყენება :
ლაპარაკი იქნება არა იმდენად წარსულის მეცნიერულად კონსერვაციაზე რამდენადაც კონფლიქტის ლოღიკაში შესვლით უწესრიგობის გამოყენების ჰიპოთეზათა შემუშავებაზე.
გაჩნდება მაგრამ ის უკვე არსებობს ჩანასახების სახით უტოპიით ნაკვები უწყვეტი რეადაპტაციის კულტურა.
სწორედ ასე გამოიგონა უნივერსიტეტი შუა საუკუნეების ადამიანმა. სწორედ იგივე სითამამე უბიძგებს დღეს მომთაბარე კლერკებს უნივერსიტეტის ნგრევისკენ,შეიძლება მისი გარდაქმნისაკენ.
შუა საუკუნეებმა წარსულის მემკვიდრეობა შეინარჩუნა არა ხელუსლებელი კონსერვაციით არამედ უწყვეტი ხელახალი თარგმნით და ხელახალი გამოყენებით: მიხალტურების უზომო ოპერაცია ნოსტალიგიის,იმედის და სასოწარკვეთილების წონასწორობის პირობებში.
გარეგნულად უძრავი და დოგმატური შუა საუკუნეები პარადოქსულად იყო “კულტურული რევოლუციის” მომენტი.
მთელ ამ პროცესის დამახასიათებელი მოვლენები იყო ეპიდემიები,სასაკლაოები და სიკვდილი.
არავინ ამბობს რომ ახალი შუა საუკუნეები არის მხიარული პერსპექტივა.
ძველ ჩინელებს როდესაც სურდათ ვიღაცის შეჩვენება ეუბნებოდნენ მას: “დაე გეცხოვროს საინტერესო ხანაში”.
(ამით ვამთავრებთ უმბერტო ეკოს შესანიშნავი ნარკვევის ოდნავ შემოკლებულ თარგმანს).
მართლაც ძალზე საინტერესო და დასაფიქრებელი თემაა. უმბერტო ეკოს თვალით თუ შევხედავთ ბევრი რამ გასაგები ხდება (უკანასკნელი ტრაგიკული მოვლენები ნორვეგიაში, ინგლისში...)
ReplyDelete