October 27, 2011

ზოგი რამ ნიჰილიზმზე :


ა ლევ ტოლსტოი
     გი დე მოპასანმა 1880 წლის 21 ნოემბერს დაბეჭდილ ერთ წერილში სიტყვა ნიჰილიზმის გამომგონებლად გამოაცხადა რუსი მწერალი ტურგენევი და თქვა რომ ამ მოძრაობაში არსებობს ახალშობილი სექტა,  „საშიში პარტია“.
    მაგრამ ამერიკაში ამბროზ ბირსმა განსაზღვრა ნიჰილისტი როგორც „ტოლსტოის გარდა ყველაფერი დანარჩენის უარმყოფელი
რუსი“ („ეშმაკის ენციკლოპედია“). მისი მტკცებით ამ სკოლის შეფი სწორედ ტოლსტოი უნდა იყოს....

კრავჩინსკი , ნიჰილისტური რელიგია (სტეპნიაკ-კრავჩინსკი,1851-1895, რუსი რევოლუციონერი, ხალხოსან-ნაროდნიკი,ჟანდარმთა შეფი მეზენცევის მკვლელი):

 „სიტყვა ნიჰილიზმი,როგორც ვიცით, ჩვენს ენაში შემოიტანა ი.ტურგენევმა რომელმაც ამ სიტყვით აღნიშნა რუსულ ინტელიგენციაში 1850-ანი წლების ბოლოსა და 1860-ანი წლების დასაწყისში განვითარებული გარკვეული ინტელექტუალური და მორალური მიმდინარეობა...
ჩვენთვის ცნობილი ნამდვილი ნიჰილიზმი ყო ბრძოლა აზრის განთავისუფლებისათვის ტრადიციის ყოველგვარი სახეობისაგან, ბრძოლა რომელიც ხელიხელჩაკდებული მიდიოდა მუშათა კლასის ეკონომიკური მონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლასთან ერთად. 
მოძრაობას საფუძვლად ედო რადიკალური ინდივიდუალიზმი. ეს იყო საზოგადოების, ოჯახისა და რელიგიის მიერ დაძალებული ყველა შეზღუდვის უარყოფა პიროვნული თავისუფლების სახელით. 
ნიჰილიზმი იყო ემოციური და ჯანსაღი რეაქცია არა პოლტიკური,არამედ პიროვნების მის ინტიმურ და კერძო ცხოვრებაში მჩაგვრელი დესპოტიზმის წინააღმდეგ. ..
პირველი ბრძოლა გადახდილი იქნა რელიგურ სფეროში: მაგრამ ის არ ყოფილა არც ხანგრძლივი და არც ჯიუტი. გამარჯვება მოპოვებული იქნა იმთავითვე. ეს განაპირობა იმან ყველა დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებით რელიგიას ფესვი ძალიან სუსტად ჰქონდა გადგმული რუსეთის განათლებულ ფენაში. წინა თაობა,რო-
მელსაც ჯერ კდევ ჰქონდა ცოდვის განცდა, ეკლესიასთან დახევრად დაბმული იყო უფრო მართებულობისა და ზრდილობის გრძნობით ვიდრე რწმენით. მაგრამ ქრისტიანობა დაემხო მას შემდეგ რაც შეტევაზე გადავიდა ნიჭიერ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და პოზიტიური ფილოსოფიის ცოდნით შეიარაღებულ ახალგაზრდა მწერალთა პროზელიტური გზნებით აღსავსე თაობა.
მატერიალიზმის პროპაგანდა ხდებოდა ერთმანეთის ხელის შემწყობი და დამხმარე, ერთმანეთის შემავსებელი ორი მიმართულებით.ერთის მხრივ თარგმნიდნენ და წერდნენ საზოგადოდ ყოველგვარი რელიგიის,ყოველგვარი ზებუნებრივის წინააღმდეგ არგუმენტების შემცველ ნაშრომებს.ცენზურისაგან თავის დასაცავად მიმართავდნენ ბუნდოვან და ეზოპეს ენას რომელიც არავის ატყუებდა და ყურადღებიანი მკითხველი ხვდებოდა ყველაფერს. ეს ყურადღებიანი მკთხველი ამ ენას უკვე მიაჩვიეს რუსული ლიტერატურის ავანგარდის წარმომადგენლებმა. პარალელურად ეწეოდნენ ზეპირ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ექცეოდა მეცნიერებებიდან მომავალ მონაცემთა არეში : მას აქედან გამოჰქონდა საბოლოო დასკვნები და ნაკლებად აქცევდა ყურადღებას ცენზურას რომლისთვისაც ანგარიში უნდა გაეწიათ მწერლებს.
ათეიზმი გადაიქცა რელიგიის სახეობად და ამ რელიგიის თავგამოდებული მიმდევარნი ქადაგთა მსგავსად გაიფანტნენ გზებზე და შარებზე. ისინი ცდლობდნენ შემხვედრთა ხსნას ქრისტიანთა კლანჭებისაგან. მიმართეს იატაკქვეშა პრესას. გამოსცეს ბიუხნერის წიგნი „ძალა და მატერია“-ს ლითოგრაფიული თარგმანი,რამაც მოიპოვა უზომო პოპულარობა. ამ წიგნს კითხულობდნენ ფარულად და და ყურადღებას არ აქცევდნენ ამის თანმხლებ საშიშროებას. წიგნი გავრცელდა ათასობით ეგზემპლარად. 
ერთხელ მე ხელში ჩამივარდა ძველი ნიჰილიზმის მთავარი ორგანო „რუსული სიტყვა“-ს თანამშრომელი ვ.ზაიცევის ერთი წერილი. იატაკქვეშა გამოცემისათვის განკუთვნილ ამ წერილში ავტორი ლაპარაკობდა თავის ხანაზე და მისი თანამედროვე ნიჰილისტების მიერ ძველი ნიჰილისტებისთვის წაყენებულ ბრალდებებზე და წერდა: „მე ვფიცავ ვყელაზე წმინდას რაც მაქვს რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ეგოისტები როგორც თქვენ ამბობთ.ეს იყო შეცდომა, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში რომ ვიბრძვით მთელი კაცობრიობის ბედნიერებისთვის; ყოველი ჩვენთაგანი ავიდოდა ეშაფოტზე და თავს დასდებდა მოლეშოტისთვის და დარვინისთვის“. ამ სიტყვებზე გამეცინა, მაგრამ უეჭველია რომ ისინი გულწრფელად იყო ნათქვამი. აქამდე რომ მისულიყო საქმე მსოფლიო გახდებოდა ტრაღიკომიკური სპექტაკლის მოწმე : ადამიანები თავს გასწირავდნენ იმის დასამტკიცებლად რომ დარვინი სწორია და კუვიე ცდება. ისინი თავს გასწირავდნენ არქიმღვდელი აბაკუმისა და მისი მიმდევრების მსგავსად, რომლებმაც 200 წლის წინ გასწირეს თავი და არ მოერიდნენ კოცონში დაწვას იმის გამო რომ ჰქონოდათ იესოს სახელის მათი აზრით სწორად დაწერის უფლება....
რუსულ ბუნებას ძალიან ახასიათებს ასეთი ემოცური, ფანატიზმამდე მიმავალი ქცევა იმ საკითხების გამო რომლებიც უმრავლეს ჩვენთაგანში გამოიწვევდა უბრალო მოწონებას ან მოუწონლობას. 
არავინ აღარ იცავდა საკურთხევლებს რომლებსაც ჩვენ ვარყევდით. ჩვენში და ძალიან საბედნიეროდ!- სამღვდელოება არასოდეს არ ახდენდა მორალურ გავლენას ხალხზე. 
რაც შეეხება მთავრობას, რა უნდა გაეკეთებინა მას წმინდა ინტელექტუალური, გარეგნული გამოხატულების არმქონე მოძრაობის წინააღმდეგ? 
ასე მოხდა რომ გამარჯვება მოპოვებული იქნა თითქმის თითის გატოკების გარეშე, საბოლოოდ,შეუქცევადად. 
მატერიალიზმი იქცა წერა-კითხვის მცოდნე კლასის გაბატონებულ რელიგიად. და განა საჭიროა ხაზგასმა იმისა თუ რაოდენ ძლიერი გავლენა მოახდინა რელიგიურ ცრურწმენათა მოსპობამ რევოლუციური მოძრაობის შემდგომ განვითარება-
ზე? 
მაგრამ ნიჰილისტმა ომი გამოუცხადა არა მარტო რელიგიას არამედ ყველაფერს რაც არ იყო დაფუძნებული წმინდა და პოზიტიურ გონებაზე. 
ეს ტენდენცია, რა ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს ის, აბსურდამდე მიიყვანეს 60-ანი წლების ნიჰილისტებმა.
ისინი უარყოფდნენ ხელოვნებას როგორც იდეალიზმის გამოხატულებას. მათმა ერთ-ერთმა ქადაგმა თქვა რომ მეწაღე ჯობია რაფაელს, უფრო მაღლა დგას რაფაელზე იმიტომ რომ მეწაღე აკეთებს სასარგებლო რამეებს, მაშინ როდესაც რაფაელის სურათები უსარგებლოა. 
მართლმოეწმუნე ნიჰილისტის რწმენით თვითონ ბუნებაც იყო ქიმიისთვის და ტექნოლოგიისთვის მასალების მიმწოდებელი რამ და მეტი არაფერი :
სტეპნიაკ-კრავჩინსკი   
„ბუნება არაა ტაძარი, ისაა სახელოსნო სადაც ადამიანი არის მუშა», ამბობდა ტურგენევის ბაზაროვი“  (სტეპნიაკ-კრავჩნსკი, „იატაკვეშა რუსეთი“)
მალე იატაქვეშეთიდან გამოსულმა და რუსული ცივილიზაციის მომსპობმა რუსულმა ნიჰილიზმმა გავლენა მოახდინა თანამედროვეობაზეც, რაზეც შეიძლება მოწმობდეს ლბერტარიზმიც.

ლიბერტარი:
ამ ცნების მნიშვნელობა ახლოსაა ცნება ანარქისტის მნიშვნელობასთან როდესაც ის აღნიშნავს იმას ვინც აბსოლუტური თავისუფლების სახელით უარყოფს ნებისმიერ გარეშე ავტორიტეტს. ბუნებრივი უფლების განხორციელების სახელით ლბერტარი თეორეტიკოსები უარყოფენ ჯარის, ოჯახის, სახელმწიფოს, ეკლესიათა ინსტიტუციურ ხელისუფლებას.
მაქს შტირნერმა ყველაზე რადიკალ ნიჰილისტებთან ერთად მოითხოვა საზოგადოების შემქმნელი ყველა კავშირთა დაწყვეტა. 
ბაკუნინი და კროპოტკინი კი ებრძოდნენ სახელმწიფოს და არა სამოქალაქო საზოგადოების ძალას.მათი აზრით პიროვნების აყვავება შსაძლებელი იყო მხოლოდ საზოგადებრივი ცხოვრების სამართავად პიროვნებათა შორის თავისუფლად, ნებაყოფლობით დამყარებული ურთერთობების პირობებში. 
მათი აზრით სახელმწიფო როგორც ასეთი არის ადამიანთა დამშინებელი და დამმონებელი კლასობრივი სტრუქტურა და ლეგიტიმურია აჯანყება ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ჩაგვრის წინააღმდეგ. 
მათი მტკიცებით სახელმწიფო როგორც ასეთი არის თავისუფლების წართმევა და «უზარმაზარი სასაფლაო სადაც იმარხება ინდივიდუალური ხოვრების ყველა გამოვლინება » ( ბაკუნინი, ფედერალიზმი,სოციალიზმი,ანტთეოლოგიზმი)....

ნიჰილზმის მემკვიდრე მწერალი ემილ სიორანი ( Emile Cioran,1911-1995) :

„ციხეში დაბადებულები, ბეჭებზე ტვირთითა და ჩვენი აზრებით ერთი დღის გავლას ვერ მოვუცდიდით მისი დამთავრების შესაძლებლობა რომ არ გვაძლევდეს მომდევნო დღის დაწყების ძალას...
სააქაოს, ამ ქვეყნის, ამ სამყაროს ჰაერი, რომლითაც სუნთქვა შეუძლებელია და ბორკილები ჩვენ ვართმევს ყველაფერს თვითმკვლელობის თავისუფლების გარდა.; და ეს თავისუფლება გვავსებს ისეთი ძალით და სიამაყით რომ ისინი ბოლოს და ბოლოს ამარცხებენ ჩვენს დამრთგუნველ სიმძიმეს..“ („ემილ სიორანი, ხრწნის ნარკვევი“)
ასე მთავრდება ნიჰილზმის და აბსოლუტური თავისუფლების ქადაგება აპოლოგია თვითმკვლელობის აპოლოგიით...
(ნაწყვეტები ვლადიმირ ბიაგგი-ს ნაშრომიდან „ნიჰილიზმი",ფლამარიონი, პარიზი,1998)

Partager

No comments:

Post a Comment