October 28, 2011

თემო ჯაფარიძე,ფიქრები საქართველოზე:

თემო ჯაფარიძე
ქართველის ეროვნულ თვისებრიობას საქართველოს ის მკვიდრები განსაზღვრავენ, რომლებმაც თავიანთი პიროვნება და ცხოვრება ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ყოფიერების საფუძველზე ააწყვეს. მაგრამ ადამიანის ქართული სახეობის მიზანი ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ქართველი იყოს, არამედ ის არის მიზანი, რომ თავისი

ქართველობა ისე სრულყოს, რომ ზოგად ადამიანურობამდე აიყვანოს. და მაინც, უპირველეს ყოვლისა, თუ ნამდვილი ქართველი არ გახდა ქართველად დაბადებული ადამიანი, ალბათ, ვერც ზოგადი ადამიანის დონეს ვერ ააღწევს.
ქართული კულტურა და თავისიანი თუ ვერ შეიყვარა, ვერც უცხო კულტურასა და ვერც უცხოს შეიყვარებს. ზოგადი ადამიანი, როგორც ზეეროვნული არსება, არსად და არასდროს არ დაბადებულა. ყველა რომელიღაც კონკრეტული ერის, ტომის ან სახელმწიფოს არეალში იშვება. ზოგადი ადამიანი გონითი ცნებაა და ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღნიშნავს. იგი არ წარმოადგენს ფიზიკურ სინამდვილეს. ამ მდგომარეობამდე ადამიანი ეროვნული ყოფიერების გზით ადის. ზოგადი ადამიანი გულისხმობს რომელიმე ერის ან სახელმწიფოს ისეთ წარმომადგენელს, რომელმაც შეძლო კაცობრიობის სატკივარი თავის პიროვნულ მგრძნობელობით და გონით ფაქტორებად გაეთავისებინა. ამ აზრს მაღალფარდოვნება ჩამოსცილდება, როცა წარმოვიდგენთ, თუ რა უბრალოდ პოულობს პიროვნება თავისი ყოფიერების არეალში პირადი ინტერესების დონეზე ზოგადადამიანურ პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრობლემები თვალში ეჩრება ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ვაჟა-ფშაველა თავისი ცხოვრებით, ენით, პოეზიით, ზნე-ჩვეულებებით ჯერ აბსოლუტურ ქართველად ჩამოყალიბდა და მხოლოდ მერე აიყვანა თავისი ქართული წარმომავლობა ზოგადადამიანურ დონეზე. ამას მოწმობს მისი პოემების გმირების ზეეროვნული სიყვარულის უნარი. ალუდა ქეთელაურს უყვარს “მტერი” მუცალი, ჯოყოლას უყვარს “მტერი” ზვიადაური. ამით ვაჟა-ფშაველამ გადალახა ეროვნებებს შორის შუღლი და მტობა. მან თავისი ქართველობა ისეთ ზეეროვნულ, ზოგად დონეზე აიყვანა, რომ ყველა უცხოელი სრულფასოვან ადამიანად და მოყვასად აღიარა. იმავეს თქმა შეიძლება ნიკო ფიროსმანზეც. მის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებში ჩანს, რომ ქართველებზე არანაკლებად უყვარდა მალაკნები, სომხები და საქართველოში მცხოვრები სხვა უცხოტომელები. ყველას ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ფიროსმანის დონის ადამიანობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ეს ზოგადი ადამიანები ყოველ ქართველს უჩვენებენ შინაგან ორიენტაციას, სულიერ გზას, საქართველოს არსებობის ყველაზე ძირეულ დანიშნულებასა და მისიას. მიატოვე შვილები, მშობლები, ოჯახი, სამშობლო და შეიყვარე კაცობრიობა (ე.ი. ადამიანი) და ღმერთი, ანუ გამომყევი მე, მე ვარ ჭეშმარიტება და ხსნა-ასეთი შინაარსის გამომხატველი სიტყვებით მიმართავდა იესო ნაზარეველი იუდეველებს იმის შემდეგ, რაც ზეეროვნული, ანუ ზეებრაელი გახდა. მაგრამ სანამ ზეებრაულ ზოგადობამდე ავიდოდა, მან სრულიად გამოსცადა მოსეს იუდაიზმი და ებრაული ყაიდითYმოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ. ღმერთი ყველა ადამიანისა, და არა-მხოლოდ ებრაელისა: ასეთი სრულყოფილება მისცა მან ღვთის გაგებას, როცა ეროვნულ საწყისზე ამაღლდა. თუ ასეთ სულიერ გზას კაცობრიობის ყველაზე მთავარ მიზნად ვირწმუნებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ყველა ის კედელი, საზღვარი, ნაციონალური ტაბუ და წინააღმდეგობრივ-კონფლიქტური განსხვავებულობა, რომელიც ყოფიერების სირთულემ შექმნა ადამიანებს შორის, როგორმე უნდა გადაილახოს. მაგრამ თუ მზერას ისტორიის ამჟამინდელ ეტაპზე გადმოვიტანთ, იმასაც დავინახავთ, რომ ქრისტიანული მრწამსის და, საერთოდ, რელიგიის და არა მხოლოდ რელიგიის, არამედ ადამიანურობის დიდი კრიზისი გამოსავლის ძიების აუცილებლობის წინაშე აყენებს კაცობრიობას და ცალკეულ პიროვნებას. მეოცე საუკუნეში ადამიანის მახინჯმა გამოვლინებებმა აშკარა გახადა, რომ ადმიანურობის და სულიერების გარეშე კაცობრიობა აგრესიული მხეცის მდგომარეობაში ვარდება.

დიდი კრიზისიდან გამოსავლის ძიების საწყის ფორმებად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის კოდექსი, ბუნების დაცვის ე. წ. “მწვანეთა”მოძრაობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, სიტყვის თავისუფლების, განსხვავებული აზრის პატივისცემისა და განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის შემწყნარებლობის პრინციპები. ეს დემოკრატიული პრინციპები ჯერჯერობით სრული ეფექტურობით ვერ ხორციელდება, მაგრამ ისინი ნაციონალურია ბუნებით და სავსებით შესრულებადია, განსხვავებით რელიგიური ცნებებისაგან, რომელთა განხორციელებადობაში მეოცე საუკუნის საშინელების შემდეგ ეჭვი იქნა შეტანილი. ადამიანმა არა მხოლოდ მტრის, არამედ მოყვასის შეყვარებაც ვერ შეძლო. მეოცე საუკუნემ ადამიანი არა მხოლოდ ანტირელიგიურ “ურჯულოდ”, არამედ ანტიადამიანურ ცხოველად გამოაჩინა. ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმებით და “კონცლაგერებით”, რევოლუციებით, ხუნვეინბინებით, დიქტატურებით მსოფლიოზე ბატონობისთვის ბრძოლით, ტექნიკის არანორმალურად სწრაფი პროგრესით და, აქედან გამომდინარე, ადამიანებზე ჩატარებული არაადამიანური ექსპერიმენტებით, ბირთვული იარაღის ცოცხალ ქალაქებზე გამოყენებით, თეორიებით, რომელთა მიხედვითაც ადამიანი შემთხვევით წარმოშობილი უსულო არსებაა, სულიერების და ადამიანურობის უკიდურესი დაქვეითებით და დეფიციტით, არსებობისათვის გააფთრებული არაკეთილსინდისიერი ბრძოლით, არსებობის მთავარ ფასეულობად ფულის გადაქცევით, ნარკომანიით, ჰომოსექსუალიზმით, ეთიკის სექსუალური თეორიების მიხედვით გადაფასებით, ტერორიზმით, ტერორიზმთან ბრძოლის გარდუვალობით, ინფორმაციული სივრცის ფაქტის ადეკვატურად შეკუმშვით, ტელევიზიის მასობრიობით და, საერთოდ, მასობრივი კულტურების მიერ სუბიექტის და ინდივიდის დაჩრდილვით, კიბერნეტიკული აპარეტების რიგითY ადამიანზე ილუზიური უპირატესობით და ტექნოკრატიული უცხო პლანეტელების რეალობის აგიტაციით- მეოცე საუკუნემ ადამიანს ისეთი გამოცდილება შესძინა, რომელმაც უაღრესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ჩააგდო. ადამიანს სურს, რომ წამდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მას Uჭირს რწმენისა და აბსოლიტურად უღმერთო ქაოსური, სინამდვილის შესაბამისობაში მოყვანა. მეოცე საუკუნის ადამიანმა თავისი თავი უფრო გონებამახვილ და გაბოროტებულ მხეცად გამოამჟღავნა, ვიდრე გონიერ ადამიანად. ნაცისტების მიერ ჩადენილი სისასტიკეების შეცნობის შემდეგ ზედმიწევნით საფრთხილო გახდა ხსენება ცნებებისა: “გენი”, “ეთნოსი” და ”პატრიოტიზმი”.სამშობლოზე პათოსით ლაპარაკი გაუცნობიერებელი ნაციონალიზმის ელფერით აღიქმება. ასევე საფრთხილო და ლამაზ სპეკულაციად შეიგრძნობა სიკეთეზე, სულსა და ღმერთზე მხოლოდ თეორიული, არაგანხორციელებადი, პათეტიკური მსჯელობა, რადგან მეოცე საუკუნის ადამიანმა სულიერებაზე მეტად ველური ინსტინქტები, პრაქტიკული გონი, ძალაუფლებისთვის ფიურერისტული ბრძოლა, ძალადობა და გაბოროტება გამოავლინა. არსებობს ფრანკფურტის ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის ადორნოს გამონათქვამი: მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ ლექსების წერა გაუგებარია (პერიფრაზირება, თ.ჯ.). ეს სიტყვები ტრაგიკულად გამოხატავს ჰუმანურობის და სულიერების აბსოლიტურ კრიზისს.

პარალელურად იმისა, რომ ცალკეული ადამიანი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს მოაწესრიგოს და გააკეთილშობილოს (რელიგიის ან ფილოსოფიის საშუალებით) რთული ყოფიერება, დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სულიერებისა და ადამიანური კრიზისიდან გამოსავლის ძიების საწყისი ფორმები, ერთადერთი განხორციელებადი საყოველთაო შუქია კრიზისის ბნელში მყოფი ადამიანისთვის. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ცალკეული ქვეყანა ვერ შეძლებს ამ საყოველთაო დემოკრატიული პრინციპების გარეშე იზოლირებულად და სხვა თვითმყოფადი გზით განვითარებას.

კაცობრიობის ასეთი შეჭირვებული მდგომარეობის ფონზე და დახვეწილი საჰაერო ნავიგაციის, ტელევიზიის, კომპიუტერული აპარატურის, ინტერნეტის და კინოს საშუალებებით მსოფლიოს კულტურათა დიდი დაახლოების პროცესის მიმდინარეობაში გაუგებარი იქნებოდა ქართველ ადამიანს, ქართველობის დაკარგვის შიშით, კაცობრიობისგან მოწყვეტილად, იზოლირებულად არსებობის გზა რომ აერჩია. მით უმეტეს, უცნაური იქნებოდა ასეთი არჩევანი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მეოცე საუკუნის ყველა მახინჯი კრიზისი შეეხო უმწვავესად. ისიც გასათვალისწინებელია,რომ დასავლეთის, კერძოდ, ევროპის და ამერიკის მფარველობის გარეშე საქართველო კვლავ რუსეთის ქვეშევრდომ,ანუ უცნობ ქვეყანად დარჩება. ქართველობის დაკარგვის შიში რომ უსაფუძვლო განცდად მივიჩნიოთ, უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს სიტყვა ქართველი. ეროვნული წარმომავლობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა პირადად ჩემში ასეთ ხატს იწვევს: სხვადასხვა მოძალადე დამპყრობლის მიერ თავის სახლშივე დატყვევებული და შეჭირვებული ადამიანი რთული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს, თავისუფლებისთვის იბრძვის, ცდილობს დაღუპვას გადაარჩინოს ქართული ენა და კულტურა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა,იღწვის, რომ თავისი თავი და სახლი თვითონვე ეკუთვნოდეს, სურს სრულფასოვან, თავისუფალ ადამიანად იქცეს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს კაცობრიობის მიერ ზოგადი ადამიანურობის მშენებლობაში. თავისუფლებისთვის ბრძოლა და რთული ვითარებიდან გამოსავალის ძიება ქართველის პირველადი, თითქმის ბუნებრივ ინსტიქტადქცეული მენტალიტეტია. ჩემთვის იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველს შესწევს უნარი თავისი Qქართველობა ზოგადი ადამიანურობის დონეზე აიყვანოს, ვიდრე იმას, რომ მუდმივად ტყვეობაში ყოფნამ მას მტერთან შეგუების და ცბიერი ლავირების ჩვევა გამოუმუშავა, რაც ბევრ ქართველში, განსაკუთრებულად პოლიტიკოსებში და თანამდებობის პირებში, გაიძვერობის თვისებად გაფორმდა. იმას უფრო აქვს მნიშვნელობა, რომ მცირერიცხოვან ერთეულებში კრიზისიდან გამოსავლის ძიების ქრონიკული ჩვევა სულიერი სისუფთავის და სრულფასოვანი ადამიანურობის Mმიღწევის მიზანდასახულობად ჩამოყალიბდა. ფაქტიურად, ეს რჩეული ერთეულები ქმნიან ქართულ აზრს, სულიერებას და კულტურას. ამ ხატის გარდა სხვა სიმბოლოები და აზრებიც წამოიჭრება ხოლმე სიტყვა “ქართველთან” დაკავშირებით. გავრცელებული აზრია, რომ ქართველი “სიცოცხლის ადამიანია”. რას ნიშნავს ცნება “სიცოცხლის ადამიანი”? იმას ნიშნავს, რომ ქართველი უფრო სიცოცხლისკენ არის მიმართული, ვიდრე სულიერებისაკენ? მაგრამ სად არის სულიერი, იგივე ზეციური ერი? რომელი ერი არ არის სიცოცხლისთვის განწყობილი? გერმანელებს აბსტრასქტული აზროვნებისაკენ, იდეალიზმისაკენ მიდრეკილება ახასიათებდათ. და რწმენის ფორმალურობა ალბათ უფრო ეპოქით არის გამოწვეული და არა ქართველის ხასიათია შინაგანი სპეციფიკით. ერთი რამ ცხადია: დღევანდელ ქართველს ისევე ესაჭიროება სულიერების კრიზისიდან გამოსავლის ძიება, როგოც მსოფლიოს სხვა ხალხებს.

რამდენადმე არქაულ დონეზე ქართველის ყველაზე ხალხური, ყველაზე თვალსაჩინო ხატი ასეთი იყო: ქართველი კაცი ვაზს ისე ევლება, თითქოს სულს უვლიდეს, თითქოს ჩვილ ბავშვზე ზრუნავდეს. უდიდეს რას ნიშნავს ეს, რომ ისინი ნაკლებსიცოცხლისეულებ
ი არიან?ასე რომ, ცნება “სიცოცხლის ადამიანი”სპეციფიურ თუ ინდივიდუალურ თვისაბას ვერ გამოხატავს.ქართველები ქრისტიანული რჯულის დასაცავად სიცოცხლეს რომ წირავდნენ, ეს “ სიცოცხლის ადამიანობა” იყო თუ სხვა რამ? მიუხედავად იმისა, აშკარაა, რომ თანამედროვე ქართველმა რწმენა ფორმალურ პოზიციად, საპაექრო პოზიციად გადააქცია. მაგრამ ურწმუნობა ზრუნვას დებს ვაზის მოვლაში. შემდეგ კი, როცა ღვინოს დაწურავს, დამაშვრალი დაჯდება ახლობლებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად სუფრასთან და ღვინით ხელში ლოცავს ადამიანებს, გარდაცვლილთა სულებს, მშვიდობასა და ღმერთს, შიგადაშიგ კი “მრავალჟამიერს” მღერის: ეს პურთან და ღვინოსთან სითბოს და სიყვარულის მოფენის რიტუალია, დიდი შრომის შედეგია. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მეცნიერული დროის და ტექნოკრატიული ყოფიერების ფონზე ამ ხატს პირველყოფილების გულუბრყვილობა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, ნაწილობრივ, იგი ჯერ კიდევ გამოხატავს დღევანდელი ქართველის მეგობრებთან ერთად სუფრასთან ჯდომის ტრფიალს.

საქართველო მრავალი ეთნიკური კუთხის ერთიანობაა. თითოეული კუთხე წმინდა ქართულია, მაგრამ მათ შორის ხასიათობრივი განსხვავება თვალსაჩინოა. ეს ფაქტორი ართულებს ქართველის ხასიათს, თუ იგი ზოგად ქართველად არ იქცა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობით თუ არ განახორციელა თავის თავში ყველა კუთხის წარმომადგენლობა, თავის კუთხის პროვინციალად დარჩება და სახელმწიფოებრივი შეგნება ნაკლებ განუვითარდება. ამგვარად, საზოგადოებისაკენ სწრაფვა ქართველის ბუნებრივი თვისებაა. წესით მას არ უნდა აშინებდეს საკაცობრიო საზოგადოებისაკენ სვლა. მაგრამ, ხშირად ქართული ხასიათის სირთულე ქართველთა ერთმენეთისგან განკერძოების, გათიშვისა და განხეთქილების მიზეზი გამხდარა. ქართველებს მეტწილად უჭირთ გაერთიანება, შეთანხმება და რომელსამე მოვლენაზე, ვთქვათ, სახელმწიფოებრივ გეზზე, ერთიანი აზრის შემუშავება. ქართველებს უჭირთ ერთმანეთის გატანა, სხვადასხვა იდეების და შეხედულებების აკვიატების გამო ხშირად კლანებად ნაწევრდებიან და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ასეთი შეუთანხმებელი ერი შეიძლება მეორე არც იყოს მსოფლიოში. ამგვარ შინაგან კონფლიქტურობას მოხერხებულად იყენებდა და იყენებს მტერი. ფიგურალურად რომ ითქვას, საქართველოში ყველა თავისას “მიერეკება” და ამის გამო ქართული საქმე დამარცხებული გამოდის.

ბევრ ქართველს თავისი კუთხის სიმყუდროვე მიაჩნია საქართველოს მთავარ ღირსებად და ყოველივე განსხვავებულისა და მასშტაბურის ეშინია. სიცოცხლის პრინციპი- შეიცანი თავი შენი- მისთვის ასე ჟღერს: დააფასე თავი შენი. ხშირად იგი მარტივად ემოციური და ყოვლად უაზროდ პატივმოყვარეა. გაუნათლებლობა ან არაორგანიზებული განათლებულობა, თავისი რაობის არასწორი გაგება, ქრონიკულად ჩამორჩენილ ადამიანად ან პროგრესულ ყეყეჩად წარმოაჩენს მას.განათლება არ არის აუცილებელი. თანდაყოლილი, ბუნებრივი შინაგანი ტაქტი ე.წ.შინაგანი განათლებულობაც საკმარისია, რომ ადამიანი შეგნებული იყოს. ქართველები თავიანთ გენიოსებს სასტიკად წირავენ, საშუალო ნიჭის “ჩალიჩებს” კი ეთაყვანებიან. ქართველების მრავალი ნაკლის ჩამოთვლა შრიძლება, მაგრამ კიდევ კარგი, რომ საქართველოს არსებით რაობას ის მცირერიცხოვანი ერთეულები ქმნიან, რომლებიც კულტურას აშენებენ. ქართული კულტურა კი უთუოდ იძლევა იმის საშუალებას, რომ მის საფუძველზე შეგნებულმა ქართველმა თავისი პიროვნება ააგოს.

მაგრამ, ნაკლოვანებები ყველა ერის ადამიანებს აქვთ. Mმაშინ რას ნიშნავს, კერძოდ, ქართველი? რითია იგი განუმეორებელი? ქართველის ყველაზე სწორი მახასიათებელი, ალბათ, საქართველოს ისტორიაა. ისტორია ყოფიერების და კულტურის სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. განსაკუთრებით განსაზღვრავს ქართულ მენტალიტეტს ენისა და სარწმუნოების სფეროები. ენა, დამწერლობა და მწიგნობრობა წმინდად ქართულია(წარმოშობითაც და ისტორიითაც) და აზროვნების ქართულ სტრუქტურას ქმნის საქართველოს ახალ და ახალ თაობებში. ქრისტიანობა იმიტომ არ მიუღიათ ქართველებს, რომ მას ქართულ რელიგიად თვლიდნენ. იმიტომ მიიღეს, რომ საყოველთაო ჭეშმარიტება ირწმუნეს მასში. მაგრამ საქართველოს ისტორიამ მოაქართულა, უფრო მეტიც, ქართულ სჯულად აქცია ეს საყოველთაო ზეეროვნული რელიგია. შეუძლებელია, საქართველოს ისტორიაზე იფიქროთ და ქრისტიანული მრწამსისთვის თავდადებული და წამებული მეფეები და დედოფლები, სასულიერო პირები და ასიათასობით ადამიანი არ დაინახოთ. მათმა დაღვრილმა სისხლმა ქართული თვისებრიობა შესძინა ქრისტიანობას საქართველოში.შეუძლებელია, საქართველოს ბუნებაზე ფიქრი, ბუნების სხვადასხვა წალკოტებიდან ამოზიდული ეკლესიების ან კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსების გარეშე.

საკუთარი ისტორია, ქართულ სჯულად ქცეული ქრისტიანობა, საკუთარი ენა, დამწერლობა და მწიგნობრობა, საკუთარი კულტურა, იქნებ, საკუთარი ტერიტორია და მრავალფეროვანი ბუნებაც განსაზღვრავს ქართველს სირთულის ნიშნით. არის ამაში სიმართლის მარცვალი. იქნებ წმინდად ბიოლოგიური სახეობის დონეზე (და არა ნაციონალური უპირატესობის ასპექტით) გენეტიკური კოდიც თავისას აკეთებს? ამაში შეიძლება იყოს რაღაც. თუ ასეთი მდიდარი დამოუკიდებელი ხასიათი აქვს ქართველს, რატომღა უნდა ეშინოდეს მსოფლიოს კულტურათა დიდი დაახლოების პროცესის, რომელიც ამჟამინდელმა ტექნოკრატიულმა ეპოქამ წარმოშვა? ნუთუ კომუნისტურ ტოტალიტარიზმზე საშიშია დემოკრატიული წყობა და მისი ღირებულებები? საქართველო ძალით თუ არ დაიპყრო რომელიმე კანიბალისტურ იმპერიამ, ქართველს გადაგვარება და გაუსახურება არ ემუქრება. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ქართველს ძლიერი ხასიათი აღმოაჩნდა. იმდენ და ისეთ ძალადობებს, დაღუპვის ისეთ რეალურ საფრთხეებს გაუძლო, რომ სხვანაირად ვერ ვიფიქრებთ. კულტურათა დიდი დაახლოებით გამოწვეული დროებითი უარყოფითი ზეგავლენებისგან იოლად გათავისუფლდება ქართველი. მეოცე საუკუნეში უაღრესად ბილწი კომუნისტური ზეგავლენა განიცადა ქართველმა და ამის გამო ბევრი კეთილშობილი სისხლი დაიღვარა, მაგრამ სადღა არის კომუნისტები და კომუნისტურად გონებაგამრუდებული ქართველები? საქართველო კი კვლავ ცოცხალია და კვლავ განაგრძობს თავისუფლებისათვის ბრძოლას.

 მაგრამ ქართველთა მხრიდან ახალი ტექნოკრატიული მსოფლიოს მიმართ შიში იქნებ კულტურათა დიდი დაახლოების პროცესით არ არის გამოწვეული? იქნებ, ამ სიფრთხილის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო ინგლისური ენის პირველადობის პირობებში ქართული ენის ფუნქციას შეზღუდვა და, იქნებ, შეწყვეტაც კი ემუქრება. დღევანდელი მსოფლიო ისტორიული პროცესი რომ უთუოდ ემუქრება მცირერიცხოვანი ერების ენებს, ეს საკამათო არ უნდა იყოს. არადა, ქართული კულტურა ქართულ ენას არის მიკედლებული. ენის ფუნქციის და თავისუფალ-იმპროვიზაციული ყოფიერი ენერგიის შეზღუდვა კულტურის ხარისხის და მასშტაბის შეზღუდვას გამოიწვევს.

რა ელის ქართულ პოეზიასა და ლიტერატურას, საერთოდ, მწიგნობრობას? ასეთი ისტორიულად ობიექტური ვითარებით შეჭირვებული ქართველი ფიქრობს: ნუთუ, ფუჭი ცდა იყო ის, რომ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ქართველებმა წამოიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და, რაც მთავარია, ერის ჩამოყალიბება? ხომ გაქრენ დიდი იმპერიები: ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომი, ბიზანტია. რატომ არის შეუძლებელი, რომ პატარა საქართველოც გაქრეს? ნუთუ, მხოლოდ დროებითი ექსპერიმენტი იყო ის, რომ არქაულ ხანაში დამწერლობა და მწიგნობრობა შექმნეს ქართველებმა? ნუთუ, ამაოდ მიიღეს ქრისტიანობა და ამაოდ ეწირებოდნენ მას? ნუთუ, ამაოდ და შემთხვევით შემოინახა ისტორიამ ეს მრავალნატანჯი პატარა ქვეყანა და დღემდე ამ შემონახვას არავითარი საიმედო აზრი არ ააქვს? ნუთუ, საქართველო მხოლოდ იმიტომ წარმოიშვა, რომ მუდამ დაპყრობილი ყოფილიყო მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებისაგან? Nნუთუ, სამუდამოდ ტყვედ გაჩნდა ქართველი? ნუთუ, მისი განუწყვეტელი ტკივილის და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის სამაგიერო წმინდა აზრი არ არსებობს? ნუთუ, მუდმივი და რთული კრიზისიდან გამოსავლის ძნელი ძიებისტვის გაჩნდა ქართველი? ნუთუ, მსოფლიოს სხვა კულტურები თავიანთი წარმატებული ეკონომიკური იარაღით შთანთქავენ ქართულ ენას და კულტურას?

ეს შეჭირვებული შეკითხვები უფრო ქრონიკული ქართული სიფრთხილის შედეგია, ვიდრე სხვა კულტურათა მიმართ შიშის ან აგრესიის. ამ შეკითხვებსჯერჯერობით პასუხები არ მოეპოვებათ, რადგან ისტორიული დიდი ცვლილებების დღევანდელი პროცესი რა შედეგს გამოიღებს არავინ არ იცის. სიფრთხილესტან ერტად სულიერების და ადამიანურობის დიდი კრიზზისიდან გამოსავლის ძიება ქართველებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, კრიზისიდან გამოსავლის ძიება ქართველებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც მთელი მსოფლიოსათვის. რა თქმა უნდა, კრიზისიდან გამოსავლის ძიება მხოლოდ იმ ფორმით არ შემოიფარგლება, რომლებიც საერთაშორისო დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა და მოძრაობებმა შექმნეს. ცალკეულ ადამიანს გამოსავლის ძიების საკუთარი, შინაგანი გზაც აქვს, მაგრამ ერთია კერძო პირის გზა და მეორეა კაცობრიობის გეზი. ესეც რომ არ იყოს, ანონიმის შინაგან გზასა და საყოველთაო დემოკრატიულ ღირებულობებს შორის ურთიერთდამოკიდებულებ
ასთან დაკავშირებით შემდეგი შეკითხვები წარმოიშვება: თუ ადამიანის უფლებებს არ იცავ, როგორღა ხარ ქრისტიანი და რას გულისხმობ, როცა ამბობ: “ადამიანი მიყვარს”? თუ ბუნებას არ იცავ, როგორღა გიყვარს სამშობლო, ბუნება და სამყარო საერთოდ? თუ სიტყვის თავისუფლებასა და სხვის აზრს პატივს არ სცემ, როგორღა ხარ ეგოცენტრიზმისა და აგრესიისგან თავისუფალი? თუ კუკტურის ძეგლებს არ იცავ, როგორ გიყვარს კულტურა და ისტორია? თუ განსხვავებულ რელიგიურ აღმსარებლობას არ იწყნარებ, როგორღა ხარ შემწყნარებელი? რად უნდა ქართველს ქართველობა, ენა, მწიგნობრობა და კულტურა, თუ ადამიანურობა და სულიერება არ გააჩნია.

  2
ულიერებისა და ადამიანურობის საყოველთაო კრიზისიდან გამოსავლის ძიება დღევანდელი ქართველების პირველადი მოვალეობა უნდა იყოს. ყველაზე მართებულად ამგვარ ძიებაში განხორციელდებოდა მისი ქრისტიანული მრწამსი. ყველაზე მეტად ამ გზით დაძლევდა თავისი რწმენის ფორმალურობას, ანუ ქართული ტრადიციული აღმსარებლობის მექანიკურ ინერციულობას. ყველაზე მეტად ამ გზით უპოვიდა იგი ქართულ ენას ფუნქციას, ქართულ აზრს – დანიშნულებას და ქართულ კულტურას – მიზანდასახულობას. ეს ურთულესი ძიება უნებლიედ მიიყვანდა ქართველს დემოკრატიულ ღირებულობამდე.

მაგრამ იმისთვის, რომ სულიერების და ადამიანურობის კრიზისიდან გამოსავლის ძიება ფორმალურ და სპეკულატურ დევიზად არ იქცეს, ქართველმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა ქართულ თვისებას კარგავს და რას იძენს მსოფლიოს კულტურათა დიდი დაახლოების პროცესში ჩართვის შედეგად. ამისთვის მან თვითშეცნობის ხედვით უნდა განსაზღვროს, რა არის მასში ორგანულად ქართული და არის მოჩვენებითითად ქართული. მაგალითად, მოჩვენებიტად ქართულია ქართული ეროვნული საწყისის მარად უცვლელ მოვლენად წარმოდგენა. როგორც ყველა ადამიანი, ქართველიც ექვემდებარება ისტორიული უწყვეტი ცვალებადობის პროცესს. მასაც ცვალებადი „მე“ აქვს. არიან ქართველები, რომლებიც მიუხედავად საქართველოს ქრისტიანული ხანგრძლივი გამოცდილებისა, ქართველებს უფრო წაარმართებად მიიჩნევენ, ვიდრე ქრისტიანებად. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ წარმართობა ქართული სპეციფიური და ორგანუკი რელიგია კი არ იყი, არამედ საკაცობრიოდ საყოველთაო ისტორიული ეტაპი. წარმართობის ქრიატიანობასთან შერწყმა ყველა იმ ქვეყანაში მოხდა, რომელმაც ქრისტიანული აღმსარებლობა მიიღო. წარმართული ხასიათობრივი ნიშნები ყველა ჯურის ადამიანში შემორჩა, როგორც კაცობრიობის კვალი, როგორც არაცნობიერად დამახსოვრებული წარსული. გარდა იმისა, თითოეული ახალი თაობის ადამიანს ცინცხალი ენერგიით ახლავს თან ქვეცნობიერი სამყარო, რომელიც თავისი ბუნებით წარმართულია. ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა ადამიანურ ფენომენსა და ცხოველურ საწყისს შორის. ასე რომ, ქართველი ვერ განსაზღვრავს თვის ეროვნულ ხასიათს წარმართული მსხვერპლშეწირვის ნიშნით და, საზოგადოდ, რომელიმე ისტორიული ეტაპით. ეს ქართველის თავის თავზე მოჩვენებითი წარმოდგენა იქნებოდა. რაც შეეხება წარნართულ კულტურას, იგი ხალხებიდან ხალხებში გადადენადი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ქარტულ სინამდვილეში წარმართობამ ქართული ნიშნები შეიძინა, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, ქართველი სამუდამოდ წარმართად დარჩა. იყო დრო, ქართველები ქრისტინული მრწამსის დასაცავად მასობრივად წირავდნენ თავს. მათ ვერ წარმოედგინათ არაქისტიანული საქართველოს არსებობა. მაგრამ მერე, მეოცე საუკუნეში, ქართველთა უმრავლესობა განუდგა ქრისტიანობას და მარქსისტი გახდა. წინაპართა მიერ ნაგები ეკლესიები საწყობებედ და აბანოებად გადააკეთა. ე.ი. ქართველის ბუნება შეიცვალა. ადრე ქრისტიანული მრწამსის ერთგულებით განსაზღვრავდა თავის ქართველობას, მერე კი, პირიქით კოსმოპოლიტური ათეიზმით (მარქსიზმით) განმარტავდა თავის „პროგრესულ“ რაობას. არავის არ დაუძალებია ქართველებისთვის მარქსისტობა. ისინი თავის ნებით იქცნენ მენშევიკ და ბოლშევიკ კომუნისტებად. თავისი ნებით უწოდებდნენ ქრისტიანობას და მისდამი რწმენას სიბნელეს და ხალხის ოპიუმს. (სიტყვა “ხალხი“ სპეკულატურ მცნებად აქციეს. მასში თავიანთი პოლიტოკური პოზიციის არგუმენტული ტიპის იარაღს უფრო გულისხმობდნენ, ვიდრე მართლა ხალხს. ხალხის სახელით პოლიტიკური სტრატეგიისთვის აპელირება მავნა ჩვევად იქცა ქართველ პოლიტიკოსებში.) მარქსისტი მენშევიკები, ბოლშევიკები, სტალინი, ორჯონიკიძე და სხვები ისევე განსაზღვრავდნან ქართველის ხასიათს, როგორც ქრისტიანობისთვის თავდადებული წმინდანები. საკუთარ ჯიშისგან და მებეტალობისგან გაუცხოება, სხადქცევა არანაკლებ ახასიათებს ქართველს, ვიდრე ილია ჭავჭავაძისეული სამშობლოს ერთგულობა. სტალინი, ორჯონიკიძე და ბევრი სხვა გადაგვარებული ქართველი ეროვნულისაწყისის წინააღმდაგ წავიდა, რუსეთის წითელი იმპერიის ყურმოჭრილი მსახური და მშენებლი გახდა, საქართველოსთვის კი კარგი არაფერი გაუკეთებია. ქართული ეროვნული საწყისისგან გაუცხოებული ქართველების რაოდენობა იძლევა უფლებას გადაგვარება ქართველის თვისებად ჩათვალოს, უფრო ზუსტად: ეს მოვლენა ქართული მენტალიტეტის ნაწილობრივ პოტენციად შეიძლება იქნას მოჩნეული. ქართველისათვის ილია ჭავჭავაძისეული ეროვნული ორგანულია და სტალინისტური გაუცხოების გეზიც. მხოლოდ ეს არის, რომ გაუცხოებული ქართველები რაკი ერის სუბიექტის გარეთ აღმოჩნდებიან, ვეღარც განსაზღვრავენ ქართულ ფენომენს. ქართველი, რომელიც უცხო არაქართულ კულტურას იღებს სამშობლოდ, იმ კულტურის მსახური ხდება და ქართული წარმომადგენელი ვეღარ იქნება. უამრავი ქართველი გარუსდა მეოცე საუკუნეში. აქ გამოჩნდა ქართველთა ნაკლოვანი თვისება, კერძოდ: წარმატებული და ძიერი დამყრობლის და, საერთოდ, უცხოელების მიმართ ქედმოდრეკილობა, მათი კულტურების წამხედურობა, მათი ენის და ლიტერატურის ასიმილირებულ ლაქიებად გადაქცევა. ოღონდ უცხოელივით გამოიყურებოდეს და აღიქმებოდეს, დამამცირებელ სამუშაოსაც იტვირთავს უცხოეთში ქართველი. სამშობლოში ასეთ სამსახურს არ იკადრებს. იცხოვრებს ქართველი უცხოეთში 5 ან 10 წელი და უკვე ქართულად ვეღარ მეტყველებს. ინტონაციაც უცხო აქვს, ე.ი. გაუცხოვდა. (დღესაც ახასიათებს ბევრ ქართველს გადაჯიშების ტენდენცია, ევროპისა და ამერიკის ავტორიტეტის აბსოლუტური გაკერპება. ქართული მენტატილეტისთვის უცხო ყოველივე ევროპულის და ამერიკულის თაყვანისცემა. საკუთარი ქვეყნის გასაჭირისგან პირადი ინტერესებისთვის გაქცევა.) კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ბევრ ქართველს რუსულ სკოლაში შეყავდა შვილები. ეს წმინდად პრაგმატული ნაბიჯი იყო მშობლების მხრიდან. რუსული ენით უფრო კარგად მოეწყობა ცხოვრებაში, ფიქრობდნენ ისინი. ასე სცემდნენ პატივს ქართულ ენას! ბევრი იმ დასკვნამდეც მივიდა, ვითომ ღრმა აზრის, ფილოსოფიური თუ მეცნიერული აზრის გამოსახატავად რუსული ენა უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე ქართული. ასეთ ქართველებზე წარმატებით ხორციელდებოდა რუსული ასიმილირების პოლიტიკა. საქართველოში დღესაც არსებობს თვითგაუცნობიერებელი ადამიანების ფენა, რომელიც თავის თავს იმ ჩვენებით აღიქვამს, რომლებიც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ნაძალედევად შექმნილი ყოფიერების ფორმების განხორციელების დროს შემუშავდა. კომუნისტი სტალინისტი, რუსოფილი ქართველები თვლიან, რომ საქართველოს ხსნა რუსეთის ქვეშევრდომობაშია. რამდენად დასაშვებია ამ მცდარი თვალსაზრისის ქართული ეროვმული მენტალიტეტის ნიშნად მიჩნევა?

დღეს ზოგი ქართველი დიდი პათოსითა და თავგამოდებით იცავს ქართული ენის სიწმინდეს. დაცვის მეთოდი მხოლოდ ხმამაღალი და პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლება. ისტორიული დიდი ცვლილების პროცესი, რომელიც დღეს ხორციელდება საქართველოში, არ ითვალისწინებს ამგვარ განცხადებებს. ენა ყოფიერების ცვლილების ფორმებს აირეკლავს და არა პოპულისტურ პანიკას. “მცველებს“ მაინცდამაინც ევროპული ენების ზეგავლენა მიაჩნიათ ქართული ენისათვის დამღუპველად მათ ავიწყდაბათ, რომ საუკუნეების განმავლობაში სპარსმა, არაბმა, თურქმა და რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს ძალად მოახვიეს თავს თავიანთი ენების ზეგავლენები. ქართული ლექსიკა სავსეა მათი ენების ათვისებული სიტყვებით (ქართული ენა საქართველოს ძნელი ისტორიის სარკეა). შეიძლება ითქვას, რომ ეს მოძალადეობრივი გლობალიზაციის შედეგია. მაგრამ რამდენად სწორი იქნება იმის წარმოდგენა, რომ ქართული ლექსიკის ამ მეტად ხანგრძლივი აღრევის შემდეგ ქართველმა დაკარგა თავისი ჭეშმარიტი მენტალიტეტი და ნაკლებად ქართველი გახდა? ეს საკითხი მეტად რთულია და დაკვირვებულ შესწავლას მოითხოვს, მაგრამ მარტივად და უშუალოდ შეიძლება ერთი თვალსაჩინო ფაქტის დანახვა: ქართული აზროვნების სტრუქტურამ ე.ი. ქართულმა ზმნობამ და გრამატიკამ მოაქართულა, ანუ ქართული სიტყვების თვისებრიობა შესძინა უცხო სიტყვებს. საერთოდ, სიტყვები მსოფლიოს მთელი ისტორიის განმავლობაში გადადიოდნენ ხალხებიდან ხალხებში, ტომებიდან ტომებში და ქვეყნებიდან ქვეყნებში. ამ განუწყვეტელი გადადენადობის პროცესში სიტყვები სახეს იცვლიდნენ და ხშირად მათი პირვანდელი მდგომარეობა შეუცნობი ხდებოდა. სიტყვები სემანტიკურადაც გარდაიქმნებოდნენ ხოლმე მრავალგზის. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ადამიანის გონება ყველა სიტყვის შედეგია, რომელიც არქაული ეპოქებიდან მოყოლებული დღემდე შექმნა კაცობრიობამ. აქ ორმხრივი მიმართების ფორმულა მოქმედებს: სიტყვა გონების შედეგია და გონება სიტყვის შედეგი. რა თქმა უნდა, ენის სიწმინდის დაცვა სასურველიც არის და აუცილებელიც, მაგრამ ეს შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება, ალბათ. თუ რომელიმე მოვლენის ან საგნის აღმნიშვნელი ქართული სიტყვა არსებობს, სწორედ ის უნდა იქნას გამოყენებული და არა უცხო სიტყვა. მაგრამ შეუძლებელია ქართულ ენას არ დაეტყოს ქართული კულტურისა და ევროპული კულტურის დაახლოების პროცესი. ინგლისური ტერმინების გარეშე ქართული ენა ვერ აითვისებს კომპიუტერულ ტექნიკას. ამ ტექნიკური სფეროს ჩამოყალიბებაში ქართულენოვან აზროვნებას მონაწილეობა არ მიუღია. ასევე შეუძლებელია მედიცინის მეცნიერების, ფილოსოფიის, ლიტერატურათმცოდნეობი
ს და ესთეტიკის თეორიის დარგებში ევროპულენოვანი ( განსაკუთრებით ლათინური) ტერმინების თავიდან არიდება. მეცნიერებისა და ფილოსოფიის, აგრეთვე რელიგიისა და თეოლოგიის ევროპულენოვანი ტერმინები საერთაშორისო და საყოველთაო ხასიათის ცნებებად იქცნენ და ალბათ არც არის საჭირო მათი ქართულად იმ მიზნით თარგმნა, რომ ქართული ენის ხელშეუხებელი ქართულობა დამტკიცდეს. ანდა, რა აუცილებელია ქართულად შემდეგი სიტყვების თარგმნა: ფსიქიკა, ეგზისტენციალიზმი, ესთეტიკა, კომიზმი, ფორმა, იდეალიზაცია, სტრეპტოციდი, ქვანტი და სხვა მრავალი. ენას აზროვნება იცავს და ავითარებს და არა ენის სიწმინდის შენახვის პოპულისტური პოლიტიკა. განსაკუთრებით ეროვნული და პატრიოტული ადამიანის ხარისხები რომ მიიწეროს, ზოგი პოპულისტი ქართველი თავისი ხმამაღალი და მაღალფარდოვანი აჟიოტაჟით აფუჭებს და აიაფფასებს ქართულ ზრუნვის ნამდვილ მეთოდებს. Qქართული ენის პოპულისტური კეკლუცობის გარეშე მოყვარული ადამიანი, ალბათ, ასე ეტყოდა თავის თავს: იაზროვნე, თუ გინდა, რომ ქართული ენა განვითარდეს, გამდიდრდეს და დახვეწილი და მოქნილი გახდეს. მაგრამ იმისთვის, რომ იაზროვნო, უნდა გასუფთავდე. მხოლოდ განწმენდის მცდელობა მოგცემს იმის უფლებას, რომ ქართულ ენაში არსებული ღრმა აზრების შესაძლებლობები აღმოაჩინო. ეძებე უაზრობიდან და სულიერი კრიზისიდან გამოსავალი.

ენა რომელიმე ისტორიულ ეტაპზე მიღებულ მდგომარეობაში ვერ გაიყინება და კონსერვირებულ მარადიულ სტრუქტურად ვერ გადაიქცევა. იგი ყოფიერების გარდაქმნების შესაბამისად განიცდის ცვლილებებს. ახალი სიტყვების წარმოქმნა ქართულ ენაზე მეტყველი ადამიანების ყოფიერ, რელიგიურ, ფილოსოფიურ მეცნიერულ და ლიტერატურულUაზროვნებაზე და წიაღსვლებზეა დამოკიდებული.

მაგრამ ენაზე ზრუნვა საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა განვითარდეს მწიგნობრობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყოველგვარი გადასახადისგან უნდა გაათავისუფლოს გამომცებლობები. რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა გამოიცეს. ელექტრომედიამ პროპაგანდა უნდა გაუწიოს წიგნის კითხვის უპირატესობას. გაუნათლებლობა არამწყობრი მეტყველებით ენაბრგვილობით ვლინდება ხალხში, მოდური ზერელე „განათლება“ კი ქარაფშუტული და ზედაპირული ყალბობით. სწორედ გაუნათლებლობა და ნაკლებაზროვნება იწვევს ბევრ ქართველში თავისი ეროვნული იდენტურობის არასწორ შეფასებას. თავიანთი ანარქისტული Mმოშვებულობა და უკულტურო ჩამორჩენილობა მიაჩნიათ კაცობრიობის დიდ მიღწევად და ეჭვის თვალით უყურებენ დასავლურ საყოველთაო ღირებულებებს. საქართველოში რუსეთის ორასწლოვანმა დესპოტურმა ბატონობამ, ჭარბმა ტკივილმა და გამოუვალობამ რამდენადმე გაამარტივა და უნიათო გახადა Qქართველი ხალხი. ახლა ძველი ქართული ენერგიისა და კულტურის Aაღდგომის დრო დადგა. საკუთარი უამრავი ნაკლოვანებისგან განთავისუფლების ჟამი მოიწია. ქართული სიცოცხლისუნარიანობის ენერგიის ჟანგებისგან და მინარევებისგან განწმენდის დრო მოვიდა. საუკუნეების განმავლობაში ტკივილსა და ბორგვაში ნანატრი თავისუფლება დღეს რეალობად იქცა და ამ თავისუფლების გარანტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. იმ ქართველმა, რომელსაც აფრთხობს ევროპული კულტურა, როგორმე უნდა შეიგნოს, რომ ქართველი ევროპასთან ურთიერთობაში თავის თავს პოულობს, ხოლო მუსლიმანურ ქვეყნებთან და რუსეთთან ურთიერთობაში კარგავს. ამ აზრის დამამოწმებელი უამრავი ფაქტი არსებობს საქართველოს ისტორიაში. უმთავრესი კი ის არის, რომ რუსეთისგან და მაჰმადიანურ ქვეყნებისგან ძალადობის და ქართველთა ასიმილირების ცდის გარდა, არაფერი ახსოვს საქართველოს. გამუსლიმანებული ქართველი უფრო თურქია, ვიდრე ქართველი, მხოლოდ წარმომავლობით არის ქართველი. რუსეთმა ცბიერი პოლიტიკური „თამაშით“ ააწყო ქართველთან ურთიერთობა: იგი აიძულებს ქართველს რუსულ საკრავზე აეწყოს, თან კი ეუბნება: შენ ვერასოდეს გახდება ჩემისთანა რუსი, ყოველთGვის მეორეხარისხოვანი იქნები, ყოველთვის უმნიშვნელო ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლად დარჩები.

არიან ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის საქართველოში შემოსვლის პროცესში ქართული ტრადიციების დაკარგვის საფრთხეს ხედავენ. მაგრამ ტრადიციებად წოდებულ ზოგიერთ ხალხურ ჩვევას თუ სწორედ შევაფასებთ, მათში ვერავითარ კულტურულ ფასეულობას ვერ აღმოვაჩენთ. მაგალითად, თბილისურიUპომპეზური ქელეხები- რამდენად ტრადიციული და ძვირფასია სოფლიდან ქალაქში გადმოტანილი ეს ჩვეულება? ან იქნებ, რელიგიურ დღესასწაულებზე მსხვერპლშეწირვის ჩვეულებაა ძნელად შესალევიL ტრადიცია? უცნაური თვალსაზრისით ახდენს ხალხი ცხოველთა დაკვლას რელიგიურ დღესასწაულზე. მიიყვანს კაცი ცხოველა ეკლესიასთან, ვითომ ღმერთს უნდა შესწიროს, მაგრამ დაკლავს, შეწვავს და თვითონვე მიირთმევს. გაუგებარია, რატომ ჰქვია ამ ჩვეულებრივ ქეიფს ღმერთვისთვის მსხვერპლის შეწირვა, მით უმეტეს, რომ ქრისტიანული ღმერთი არ ითხოვს მორწმუნისგან სისხლის დაღვრას. ხალხი, რომლებმაც თავისი ეროვნული საწყისის ყველაზე ყფრო განმსაზღვრელი მოვლენის-დამწერლობის შექმნის თარიღი ვერ დაიმახსოვრა, შემთხვევით, უგემოვნებო და უაზრო ჩვევებს მისტირის. ქართული დამწერლობის შექმნის დროსთან დაკავშირებით იმდენი მეცნიერული და ფსევდომეცნიერული ვარაუდი არსებობს, რომ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახდა. „ქართლის ცხოვრებაში“ შემონახული ცნობა, რომლის მიხედვითაც ქართული მწიგნობრობა მეფე ფარნავაზის სახელთან არის დაკავშირებული, რატომღაც უგულებელყვეს თანამედროვე მეცნიერებმა.

ყველაზე მტკიცე ტრადიცია ქეიფი, სუფრული წესები, სადღეგრძელოები და თამადის ინსტიტუტია. ამ ტრადიციას ალბათ ვერავითარი უცხოური ზეგავლენა ვერ გადაავიწყებს ქართველებს. მაგრამ რატომ ცდილობს მასობრივი ქართველი ყოფიერების პირველყოფილი ეგზოტიკური ფორმებით ჭარმოაჩინოს თავი? რატომ არ სურს, კულტურულობით, ინტელიგენტიზმით და შეგნებულობით მოჰქონდეს თავი? ქართველები თვლიან, რომ სხვა ხალხებს შორის ყველაზე ადამიანურები და თბილები არიან. მაგრამ ერთია სუფრაზე ღვინის გრადუსებით განპირობებული სითბო, მეგობრებზე და სამშობლოზე ბრტყელ-ბრტყელი და პათეტიკური საუბრები, მეორეა ფხიზელი და მძიმე სინამდვილე, რომელშიც ქართველები ისევე ანგარიშიანად ექცევიან ერთმანეთს, როგორც სხვა ხალხები.

დავით კლდიაშვილის სულმდაბალი და მეწვრილმანე პერსონაჟები კარგად გამოხატავენ ქართველთა სულიერ კრიზისს. დ. კლდიაშვილის შემდგომ ეპოქაში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო დამცირდა ქართველთა სულიერება და ადამიანურობა. ისევ მცირერიცხოვანი ერთეულების ძალისხმევით, ღვაწლით და შემოქმედებითობით გადარჩა ქართული აზრი და სული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველო ერთეულების ქვეყანა იყოს. არადა, სასურველია, რომ საქართველოში ხალხურ დონეზე შეიქმნას სისტემურად და მენტალურად კულტურული გარემო. იმედია, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში დაამკვიდრება ქვეყანაში მოქალაქეობრივ კულტურულ სისტემას. რა თქმა უნდა, საუკეთესო იქნებოდა, საქართველოს დასავლეთის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად რომ შეეძლოს განვითარება და სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევა, მაგრამ Dდღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ნატვრა უტოპიად აღიქმევა. საერთოდ, დღევანდელი საქართველოს ყოფიერების მიხედვით თუ წარმოვაჩენთ ქართველების მენტალიტეტს, მეტად უსიამოვნოდ საჭვრეტელი ხატი აიგება. მდიდარი თანამდებობის პირების, პარლამენტარებისა და ბიზნესმენების გვერდით, მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად ღატაკია. სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ და უმუშევრად ტოვებენ შუა ხნის და ხანში შესულ კადრებს, სპეციალისტებს, პროფესიონალებს. შეიძლება, მომავალში ამჟამინდელ ქართულ ისტორიულ ეტაპს ასაკოვნებთან ყმაწვილების ომი დაერქვას (სამოქალაქო ომის უსისხლო, მაგრამ რეალური, ჯერ არნახული ფორმა). არაკანონიერი ფორმებით და განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარე კორუპციაში ეჭვმიტანილების დაპატიმრება. მათ აწამებენ, ფულს ძალავენ და ათავისუფლებენ. ამას „სახელმწიფო რეკეტი“ შეერქვა. ყოველნაირად ირღვევა ადამიანის უფლებები. მკაცრად იზღუდება სიტყვის თავისუფლება და საჯაროობა. ყოველივე ეს კომუნიზმის მშენებელი ყალბი მგზნებარების მსგავსი გაუგებარი მხიარული აღგზნების და ისტერიული შოუების ფონზე ხდება. ტელეარხები ამაზრზენად მლიქვნელ სამთავრობო კომპანიებად გადაიქცნენ. შეჭირვებულ და შეშინებულ მოსახლეობაში ხელისუფლების სისასტიკის ადეკვატურმა გაბოროტებამ და დამნაშავეობამ იმძლავრა. ისევ მცირერიცხოვანი ერთეულები, ჩრდილში მყოფი ინტელიგენტები და შემოქმედები, წესიერი მშრომელები ინარჩუნებენ პატიოსნებას, ადამიანურობასა და სულიერებას. მაგრამ ეს, ამჟამინდელი ყოფიერების ფონზე, უიღბლო და არაბრძოლისუნარიანი ადამიანების სისაწყლის ნიშნად ითვლება. ასე რომ, დღევანდელ საქართველოში სულიერებისა და ადამიანურობის კრიზისს დემოკრატიულობის კრიზისიც ემატება. მით უფრო აუცილებელია, კრიზისიდან გამოსავლის ძიება და ევროპისკენ სვლის მიზნის მიხედვით შინაგანი მდგომარეობის და გარეგნული ქმედების ზნეობრივად განწმენდა.

  3
 XX საუკუნის დასასრულს „ბოროტების იმპერიის“ დარღვევის შემდეგ ახალი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა მსოფლიოში. სიახლე საქართველოსაც შეეხო. მას მიეცა შანსი გათავისუფლებულიყო რუსეთის იმპერიის ორასწლოვანი ძალადობისგან, კოლონიის დამამცირებელ სტატუსისგან და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეულიყო. ასეთი დროის დადგომაზე ყოველთვის ოცნებობდნენ ქართველები, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს დამპყრობლურ პოლიტიკას იმისთვის, რომ საქართველოს ძველებირად ფლობდეს, მან ძალადობით ჩამოაჭრა ისედაც პატარა ქვეყანას აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის მიწები. თან ეს ისე გააკეთა, რომ ორივე ტერიტორიაზე ომის წამოწყება ქართველებს აიძულა. ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაწილობრივია და ფსევდოდემოკრატიული რუსეთის ფედერაცია კვლავ “ბოროტების იმპერიად” რჩება მისთვის. საქართველოს დღევანდელი უპირველესი ამოცანა ამ წართმეული მიწების დაბრუნებაა. მაგრამ დამოუკიდებელმა სახელმწიფოებრიობამ ქართველებს უამრავი სხვა საზრუნავიც გაუჩინა. აღმოჩნდა, რომ ქართველებს უჭირთ თავიანთი ქვეყნის მართვა, უჭირთ საგნებზე და მოვლენებზე, პოლიტიკურ გეზზე და ეროვნული საწყისის ინტერპრეტაციაზე ერთიანი აზრის შემუშავება. ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა. დიდმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ენერგეტიკული რესურსების სრულმა გაქრობამ ცხადყო, რომ წარმატებული და მდიდარი დასავლური ქვეყნების მფარველობა და დახმარება აუცილებელი იყო. ამის გარეშე საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა. ქართველებმა მოახერხეს და შეწყვიტეს სამოქალაქო ომი. მოახერხეს და ამერიკა და ევროპა დააინტერესეს საქართველოთი. რუსეთის ძალადობისგან თავის დახსნის მიზნით, გაიჩინეს დასავლეთის “ მეგობარი ქვეყნები”. შესძინეს საქართველოს საერთაშორისო სტატუსი. აღდგენილ იქნა “აბრეშუმის გზა”. წამოწყებულ იქნა “ტრასეკას” პროექტის განხორციელება. ამერიკის დახმარებით ქართველებმა დაიწყეს ქართული ჯარის მშენებლობა. ყოველივე ეს ხდებოდა დემოკრატიული ღირებულებების ათვისების ფონზე. შეუზღუდავად განვითარდა სიტყვის თავისუფლება და საჯაროობა. დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასთან ერთად ქვეყანაში სტიქიურად შემოიჭრა დასავლური კულტურა. ამ პროცესს ხელს უწყობს გახსნილი საზღვრები, ტელევიზია და ქვეყნის კომპიუტერებით აღჭურვა. ტელევიზია უმთავრეს მასსობრივ საგანმანათლებლო საშუალებად იქცა. საბჭოთა პერიოდში ტელევიზიას ავტორიტეტი არ გააჩნდა. ყველამ თუ არა, ბევრმა იცოდა, რომ ტელევიზია კომუნისტური პროპაგანდის იარაღი იყო. ახლა, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ტელევიზიამ ავტორიტეტი შეიძინა. კერძო ტელეარხები ჯერ კიდევ დასავლეთის საქართველოთი დაინტერესებამდე უჩვენებდნენ ყოველივე დასავლურს: ფილმებს, მუსიკალურ კლიპებს, კონცერტებს, შოუებს, შემეცნებით სამეცნიერო – პოპულარულ ფილმებს, მოდელიორებს და ა.შ. ახალგაზრდა თაობები თავშეუკავებლად და უკომპლექსოდ ამჟღავნებდნენ დასავლეთისაკენ ლტოლვას. ევროპელებისა და ამერიკელების მიბაძვა არა მხოლოდ მასობრივ კულტურებში იყო საყოველთაო, არამედ პარლამენტარიზმისა და კონსტიტუციონალიზმის სფეროებშიც. ვერევითარი ქართული ეროვნული მუხრუჭები და თვითშეზღუდვები ვერ შეაჩერებდა დასავლურ კულტურაში ამ სტიქიურ ინტეგრაციას. რითი აიხსნება დასავლეთისაკენ ქართველთა ეათი აშკარა მიდრეკილება? ერთი მხრივ, ალბათ, იმით, რომ ცივილიზებულ სამყაროდ წოდებული ევროპული და ამერიკული კულტურები დიდი სარგებლობდნენ მსოფლიოში. მეორე მხრივ, რუსეთის მიერ დაცაგრული ყველა ქვეყანა რუსეთისგან ხსნას, თავისუფლებას და განვიტარებას ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობაში ხედავდა. მესამე მხრივ, საქართველო მაჰმადიანი დამპყრობლებისგან თავდაცვის ეპოქებში მარტომყოფ ევროპად აღიქვამდა თავს. ყოველ შემთხვევაში, ქრიატიანობის მთავარ არეალთან და საყრდენთან ევროპასთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე მტრულად განწყობილ მუსლიმანურ აღმოსავლეთთან. ევროპული კულტურის ტრფიალი ძალიან ადრე ჩაისახა ქართველებში. ევროპული ლიტერატურის, ფილოსოფიის, მუსიკის, ხელოვნების, კინემატოგრაფიის, მეცნიერების აღიარება და სიყვარული არც საბჭოთა პერიოდში განელებულა მოსახლეობაში. აშკარა იყო, რომ ქართველ მოსახლეობას მოყირჭებული ჰქონდა პროპაგანდისტული კულტურა, რომელშიც ცენტრისტული რუსეთი თან ძლევამოსილ ზესახელმწიფოდ და თან სხივმოსილი სიკეთის მქონე ქვეყნად გამოისახებოდა. იდეალიზებული “ ბოროტების იმპერიის” ხატისდამი არაირონიულად და არასიძულვილით განწყობა შეუძლებელი იყო. 90-იანი წლებიდან დამოუკიდებელი საქართველოს ტელეარხებიდან გაქრნენ რუსი დემაგოგი პოლიტიკოსები, გენერლები, ჟურნალისტები და რუსული ფილმები. ახალგაზრდა თაობები აღარ სწსვლობდნენ რუსულ ენას, ისინი ახლა ევროპულ ენებს სუფლებოდნენ. რუსეთის პპოლიტიკური და კულტურული ზეწოლისგან გათავისუფლების პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოში. რუსეთის იმპერია უმალავდა მსოფლიოს საქართველოს არსებობას, რუსეთის პერიფერიად სახავდა მას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრძალავდა საქართველოს ევროპასთან დამოუკიდებელ ურთიერთობას, ქართველებმა თვით რუსეთის საშუალებით შეძლეს ევროპის შეცნობა – იგულიცხმება, რუსულ ენაზე თაარგმნილი ევროპული კულტურის ათვისება. რუსული ევროპეიზმი მაინც პანრუსულ სუროგატს წარმოადგენდა და არა თვით ევროპას, მაგრამ რუსულ ენაზე თარგმნილი ევროპული ფილოსოფიური, მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურა ევროპასთან ქართველის უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას იძლეოდა. როგორც ყველა რჯულის ადამიანს, ქართველსაც ახასიათებს პროგრესისკენ სწრაფვა. არქაულ ხანებში, ვიდრე ევროპა ჩამოყალიბდებოდა, ქართველები ძველ ბერძნებთან, რომის იმპერიასთან, სპარსეთთან, ასურეთთან და სხვა პროგრესულ ქვეყნებღან ურთიერთობდნენ ხან მხოლოდ შინაგანად, ხან გარეგნულადაც. რომთან ურთიერთობის პერიოდში საქართველო საბედისწერო არჩევანი გააკეთა: ქრისტიანობა მიიღო და ამით სამუდამოდ დაუკავშირა თავი დასავლეთს. ბიზანტიის იმპერიის არსებობის ხანაში მკვეთრად გამოიკვეთა საქართველოს დასავლური ორიენტაცია. აღმოჩნდა, რომ საქართველო საბერძნეთის აუზის ქვეყანა იყო და არა მუსლიმანური აღმოსავლეთის ნაწილი. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა საქართველოს ტრაგიკული ბედი: აღმოსავლეთი აგრესიულად და დაუნდობლად სცდილობდა დასავლური თვითშეგრძნება ამოეშთო ქართველებში. მნიშვნელოვანია შოთა რუსთაველის და იოანე პეტრიწის ინტელექტუალურ-მსოფლმხედველობრივი ნათესაობა ძველ ბერძნულ ფილოსოფიასთან, განსაკუთრებით ნეოპლატონიზმთან. აზროვნება ისე წარიმართა, რომ აზროვნების და კულტურის პროგრესის არეალი ევროპა გახდა. ქართველების დასავლურ თვითშეგრძნებას ამოწმებს დავით აღმაშენებლის მეტაძრეობა “ ტამპლიერობა”, მისი ჯვაროსნებთან კავშირი და მის მიერ გელათის აკადემიის დაარსება. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ სასტიკი აღმოსავლეთის ხანაში აღმოჩენილ საქართველოში ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობას ევროპაში. მის მცდელობაში დაეინტერესებინა ევროპა საქართველოთი აშკარად გაცხადდა ქარტველთა დასავლური თვითშეგრძნება, მაგრამ მაშინ ახალჩამოყალიბებული ევროპა შინაგანი წინააღმდეგობის რკვევით იყო დაკავებული ჯერ არ იყო მზად იმისთვის, რომ საქართველოს დახმარებოდა. სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება ევროპული განმანათებლური სტილით ხასიათდება. აქ გავლენა და მიბაძვა კი არ განიჭვრიტება, არამედ ის, რომ ქართული აზროვნების სტრუქტურა ევროპული აზღოვნების წყობის მონათესავეა. ეგზისტენციალიზმი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულიყო და პოპულარული ევროპულ ფილოსოფიაში, როცა ვაჟა ფშაველამ თავის პოემებში აშკარად გამოხატა ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი კონცეპტი, კერძოდ, პიროვნების წასვლა საზოგადოებრივი შეხედულებების ქინააღმდეგ. ამ ფაქტში ჩანს ევროპული და ქართული აზროვნების ნათესაობა. ილია ჭავჭვაძეზე უფრო ეროვნული პიროვნების წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ ნიკოლოზ ბარატაშვილის შემდეგ იგი პირველი იყო, ვინც ევროპეიზმი დაამკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. რომანი, სატირა, ესეი, კრიტიკული აზროვნება ევროპული ლიტერატურის ჟანრები და ფორმებია. ნიკოლოზ ბარათაშვილის რომანტიკულ პოეზიაში სიმბოლიზმის ცხადი ნიშნებიც ჩანს. რომანტიზმიც და სიმბოლიზმიც ევროპული მხატვრული მიმართულებებია. XX საუკუნის დასაწყისში ევროპულ მხატვრობაში წარმოქმნილი მიმდინარეობის ნეოპრიმიტივიზმის წყალობით გახდა შესაძლებელი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მასშტაბურობის დანახვა და მისი ხალხური პრიმიტივიზმიდან შემოქმედებითი ინდივიდუალობის სახით გამოყოფა. თავად დაზგური ფერწერა, როგორც სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი დარგი, ევროპაში ჩამოყალიბდა. მხატვრული მიმდინარეობები: რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ფოვიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი ევროპულ მხატვრობაში წარმოიქნა და მათ ყოველგვარი ეროვნული კომპლექსების გარეშე მიმართავდნენ ქართველი მხატვრები თვითგამოსახატავად. განსაკუთრებით გალაკტიონ ტაბიძემ და ვალერიან გაფრინდაშვილმა განმსჭვალეს თავიანთი პოეზია ევროპული ინტონაციით. თუ ვაჟა-ფშაველას და ნიკო სამადაშვილს პოეტური ენა ქართულად ევროპულია, გალაკტიონ ტაბიძის და ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური ენა ევროპულად ქართულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გალაკტიონ ტაბიძემ ქართველობა დათმეს და უცხოელებად იქცნენ. ისინი, როგორც ჩანს, პროგრესულად აზროვნებდნენ და თვლიდნენ, რომ ევროპამ აზროვნების და მხატვრული ობიექტივაციის ისეთი ფორმები შექმნა, რომლებიც ზეეროვნული და საყოველთაო იყო თავისი ხასიათით და ზოგადურობის დონით. ისინი კი არ გაუცხოცხოვდნენ, არამედ ქართული ევროპულობა, უფრო სწორად, ქართული საყოველთაოობა გამოავლინეს. ერთი რამ ცხადია ევროპული კულტურის მიერ შექმნილი სააზროვნო თუ ესთეტიკური ფორმები (ფილოსოფია, მეცნიერება, რომანი, ესეი, ტრაქტატი, სონეტი, სიმფონია, დაზგური ფერწერა, დოკუმენტური და მხატვრული კინო) არაფრით არ ეწინააღმდეგება ქართულ ხასიათს. პირიქით, ისინი საშუალებას აძლევენ ქართველს გამოხატოს ქართული ფენომენი. ფილოსოფია, როგორც აზროვნების წესი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა და ჩამოყალიბდა. იგი რომ წარმოშობით ქართული არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ფილოსოფოსი ნაკლებად ქართველია. იმავეს თქმა შეიძლება მათემატიკის, ფიზიკის, გეომეტერიის, ქვანტური ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ასტრონომიის, ფსიქოლოგიის და სხვა მეცნიერული საგნების შესახებ. ეს მეცნიერული საგანები საქართველოში არ წარმოქმნილა, მაგრამ ისინი საყოველთაო ხასიათის დარგებია და ქართველს ისევე აქვს უფლება იყოს ასტრონომი და ფიზიკოსი, როგორც ფრანგს ან გერმანელს ან ყველა დანარჩენი ერის წარმომადგენელს. კლასიკური მუსიკის და ნოტების ენებს ნებაყოფლობით და უკომპლექსოდ იყენებენ ქართველი მუსიკოსები თვითგამოვლენისთვის. მათ არა აქვთ განცდა, რომ ამის გამო თვისი ეროვნული საწყისისგან უცხოვდებიან. ძნელი დასაჯერებელია, განსაკუთრებით ეროვნული საწყისისგან უცხოვდებიან. ძნელი დასაჯერებელია განსაკუთრებული ეტროვნულობით მოკეკლუცე ქართველი მიჩნევდეს, რომ ქართველი მხოლოდ მაშინ არის ქართველი, როცა ღვინით ხელში სადღეგრძელოს წარმოთქვამს. საერთოდ, ქართველი უნდა გათავისუფლდეს იმ ნაციონალისტური კომპლექსისგან, რომ საქართველოში ყველაფერი ქართული წამრმომავლობის უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმასაც იკითხავს, თუ რომელი ერის წარმომადგენელმა წარმოთქვა პირველად სიტყვა, ვინ დაიწყო პირველად ფიქრი, ვინ აღმოაჩინა პირველად ხორბალი და ცეცხლი, ვინ მოიშინაურა ცხენი, ვინ გამოიყვანა პირველად კულტურული ვაზის ჯიში და ვინ დაწურა ღვინო.

საქართველო არ არის ინდუსტრიული ქვეყანა, მაგრამ არასერიოზული იქნება, ქართველი ადამიანი თავისი ქართველობის დაკრგვის შიშით უარს ამბობდეს ტექნოკრატიული ქვეყნების ნაწარმოები საგნების მოხმარებაზე. ტელევიზია, კომპიუტერი, თვითმფრინავი, სამხედრო იარაღი, მაცივარი, ვიდეოკამერა, სამედიცინო აპარატურა, ავტომობილი და მრავალი სხვა ისეთი საგნებია, რომელთაც ქართველი ყოველგვარი ეროვნული ჭირვეულობის გარეშე მოიხმარს.

თბილისი უკვე დიდი ხანია ევროპული ქალაქია, თბილისის სახლების უმრავლესობა ევროპული სტილითაა ნაგები. ისინი არავითარ კონტრასტს არ ქმნიან ქართველის ხასიათთან, არავინ არ წუწუნებს, რომ ევროპულმა არქიტექტურამ შთანთქა ქართული ხუროთმოძღვრება. პირიქით, ევროპული, ანუ საყოველთაო არქიტექტურა ქართველ ხუროთმოძღვრებას აძლევს საშუალებას გამოავლინონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები. ქართველი თვლის, რომ ნაკლებად ქართველი არ გახდება, თუ ევროპული ყაიდის სახლში იცხოვრებს. არც იმ შემთხვევაში გრძნობს ქართველი ადამიანი ნაკლებად ქართველად თავს, როცა ევროპულ სამოსს ატარებს.

ასე რომ, საქართველოში ევროპული კულტურის დამკვიდრებას და ქართული ევროპულობის განვითარებას უკვე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ცხადად უნდა იქნას გაცნობიერებული, რომ ქართველებმა თავიანთი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე მოარგეს თავიანთ დასავლურ თვითშეგრძნებას ევროპაში ჩამოყალიბებული საყოველთაო კულტურული ღირებულებები. ალბათ, არ იქნება სწორი, ქართველების მიერ ქართული ევროპულობისა და ევროპული ევროპულობის სინთეზირებას, ანუ ევროპული საყოველთაო ღირებულებების გაქართულებას გლობალიზაცია ეწოდოს. კატეგორიულად უნდა განსხვავდეს ერთმანეთისაგან გლობალიზაციის პროცესი და საყოველთაო ნებაყოფლობითი ათვისება. კულტურათა დაახლოების პროცესი ორმხრივია და კულტურათა ურთიერთზემოქმედებას გულისხმობს. ამისგან განსხვავებით, გლობალიზაცია შეიძლება ცალმხრივიც იყოს, ანუ ძლიერ იმპერიულ სახელმწიფოს თავისი მდიდარი ეკონომიკური იარაღით შეიუძლია, თავს მოახვიოს ეკონომიკურად სუსტ სახრლმწიფოს საკუთრი კულტურის ისეთი მონაცემები, რომლებიც საყოველთაო ღირებულებებს ვერ წარმოადგენენ და რომლებიც სუსტი სახელმწიფოს ხალხისთვის ნაკლებმისაღებია. მაგალითად, რუსეთის წითელმა იმპერიამ, მცირერიცხოვანი ათეისტი ქართველების საშუალებით, ძალადობით მოახვია თავს მთელ ქართველ ხალხს მარქსიზმ-ლენინიზმი. ეს ძალადობრივი გლობალიზაციის ნიმუში იყო. რუსებმა არ დაუტოვეს მორწმუნე ქართველებს უფლება, ჰქონოდათ საკუთარი პიროვნული მსოფლხედვა. საერთოდ, რომელიმე ფილოსოფიური თეორიისის სახელმწიფოს მაგისტრალურ კონცეფციად და გეგმად დაკანონება ყოველთვის შეიცავს ძალადობისა და ტოტალიტარიზმის საფრთხეს. იგი მოქალაქეებს არ აძლევს არჩევნის, განსხვავებული აზრისა და თავისუფალი აზროვნების უფლებას. ყოველი ფილოსოფური თეორია, მარქსიზმი იქნება ის, ადამიანის წარმოშობის შემთხვევითობის თეორია თუ ფროდისტული სექსუალური თავისუფლების თეორია, კერძო და სუბიექტურია თავისი ბუნებით, რადგან თითოეული მათგანის ალტერნატიული თეორიაც არსებობს. თუ დღევანდელი კაცობრიობის პროგრესად დემოკრატიული ღირებულებები და, მათ შორის, განსხვავებული აზრის პატივისცემაა აღიარებული, ალბათ, დაუშვებელია დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკურ იდეოლოგიად ადამიანის წარმოშობის შემთხვევითობის თეორია იქცევს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრიც არსებობს. ასევე აბსურდული იქნება, თუ დემოკრატიული ქვეყანა სექსის საჯაროობის პროპაგანდას გაიხდის თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად. ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, თვითონ აირჩიოს, ათეისტი იყოს თუ მორწმუნე, ფროიდისტი იყოს თუ იუნგისტი, მარქსისტი იყოს თუ სოკრატისტი, ნიცშეანელი იყოს თუ ქრისტიანი.

ამერიკანიზმი, როგორც სიცოცხლის კონცეპტუალური ორიენტაცია, თვითონ ამერიკაში, ალბათ, ამართლებს, მაგრამ სხვა ქვეყანაში მისი განხორციელება შეიძლება უარყოფითი ან დამღუპველი აღმოჩნდეს. ყოველივე ამერიკული და ყოველივე ევროპული არ წარმოადგენს საყოველთაო ღირებულებებს. არსბობს წმინდა ამერიკული, წმინდა ინგლისური, წმინდა ფრანგული, წმინდა გერმანული ყოფიერი ფორმები და კულტურული ფორმები, რომელთა მექანიკური გადმოტანა საქართველოში საღ აზრრს მოკლებული იქნებოდა. ასეთ არასაყოველთაო, რეგიონალურ მოვლენებს ქართველები თავიანთი წმინდა ქართული მენტალიტეტის გამო ვერ მიიღებენ. ცალმხრივი (მხოლოდ ამერიკის მხრიდან მომართული) გლობალიზაცია უთუოდ წარმოშობს საქართველოში ალტერნატიულ პოზიციას. ქართველებს ბუნებრივად და სტიქიურად გამოუმუშავდებათ კრიტერიუმი, რომლის საშუალებითაც განარჩევენ, რა არის უცხო კულტურებშუ საყოველთაოდ ღურებული და მისაღები და რა არის მათში არასაყოველთაო და მიუღებელი. მსოფლიო მრავალფეროვნებითაა მდიდარი. მოსი მრავალეროვნების დაფარული აზრი ჯერჯერობით ამოუკითხავია. ერთი კონცეპტუალური სისტემით აწყობილი და მართული კაცობრიობა მეტად ღარიბი გახდებოდა გრძნობითაც, აზრითაც და სულითაც. საქართველოს მიზანი ის არ არის, რომ პერიფერიულ და მეორეხარისხოვან ქართულ ამერიკად იქცეს. ქართველთა მიზანია- ქართული ფენომენი იმ დონეზე განაზოგადონ და სრულყონ, რომ საყოველთაო ღირებულებებით გააუმჯობესონ მსოფლიო. ამისთვის კი ადამიანურობის და სულიერების კრიზისიდან გამოსავლის ძიებაა ყველაზე სწორი გეზი. შინაგანი განწმენდის გარეშე კრიზისიდან გამოსავლის შესაძლებლობების ძიება ფორმალურ მცდელობად დარჩება. მაგრამ ადამიანების მასობრივად განწმენდა ალბათ შეუძლებელია. მასებისთვის დემოკრატიული ღირებულებების განხორციელება უფრო რეალურია. კარგი სანახავი იქნებოდა, თუ რიგითი ქართველი სამშობლოს ეთიკურობითა და კულტურულობით წარმოაჩენდა, ადამიანის უფლებებს დაიცავდა, განსხვავებულ აზრს პატივს ცემდა, სხვა რელიგიური აღმსარებლობისადმი აგრესიულად არ განეწყობოდა, ბუნებაზე იზრუნებდა, წარსული კულტურის მემკვიდრეობას მოუვლიდა, სხვა ერის წარმომადგენლებს შეიწყნარებდა.

ეს ხატი ჯერჯერობით მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნება. ჯერჯერობით ქართველები თავიანთი ნაკლოვანებების ტყვეობაში იმყოფებიან. მაგრამ, ამასთან ერთად, არსებობს განსაკუთრებული ქართული ტკივილი, რომელშიც ასევე განსაკუთრებული ოცნება წარმოიშვა. ეს ოცნება არანაკლებ ენერგიულია, ვიდრე სიცოცხლის სიყვარული. ამ ოცნებაში ქართველი გამუდმებით ილტვის სრულყოფისკენ, ადამიანურობისკენ და სულიერებისკენ. ამ ოცნების ენერგია ეძლევა იმედს, რომ ქართველი ადამიანი გულმოდგინებით გააგრძელებს ადამიანურობის და სულიერების კრიზისიდან გამოსავლის ძიებას.

No comments:

Post a Comment