February 1, 2012

მიწის და ცის გარეშე ცაში შეკიდული ალექსანდრ ბლოკი:

უზნეო, ურჯულო და აღვირახსნილ სამყაროში მოხვედრილი ნიჭის უბედურება.



“მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან, მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.

რა უქნა პოეტს რევოლუციის მუსიკის სმენამ...

ბლოკმა პოემა "თორმეტი" 1918 წელს დაწერა. ეს იყო საშინელი დრო, გავლილია ომის ოთხი წელი, თებერვლის რევოლუციის თავისუფლების განცდა, ოქტომბრის გადატრიალება და ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა. ბლოკის წრის ინტელიგენტებმა, ყველა ეს მოვლენა განიცადეს როგორც ეროვნული ტრაგედია, როგორც რუსული მიწის დაღუპვა. 

ამ ფონზე თვალშისაცემ კონტრასტად გამოიყო ბლოკის პოემა. პოეტის ბევრმა თანამედროვემ ის არა მარტო მოულოდნელობად, არამედ მკრეხელობადაც კი აღიქვა. როგორ შეეძლო მშვენიერი მანდილოსნის მეხოტბეს "პუტკუნასიფათიან" კატიაზე ლექსების დაწერა?

როგორ შეეძლო რუსეთზე ემოციური ლირიული ლექსების ავტორს, რუსეთისთვის საშინელ დღეებში დაეწერა სიტყვები:"აბა ვესროლოთ ტყვია წმინდა რუსეთს"?(ძალადობით, ტრადიციული ეროვნული სიწმინდეებისადმი ასეთივე დამოკიდებულებით და სისხლით სავსე დღევანდელობაშიც ღირს ამაზე დაფიქრება. მთარგმნელი)
თანამედროვე განმმარტებლები პოემაში რევოლუციაზე სატირის დანახვას ცდილობენ. მათი აზრით, პოემის ქრისტე სინამდვილეში ანტიქრისტეა. მაგრამ განა ეს მართლაც ასეა? ბლოკი ამბობდა, რომ პოემის პოლიტიკური მოტივებისთვის მეტისმეტი მნიშვნელობის მიცემა საჭირო არაა. მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს.
ნაწარმოების ცენტრში სტიქიაა. თარეშობენ ბუნების სტიქიური ძალები და ბლოკისთვის როგორც პოეტი-რომანტიკოსისთვის და პოეტი სიმბოლისტისთვის ეს თარეში ყველაზე დიდ საშინელისთვის, ობივატელური სიმშვიდისთვის და მყუდროებისთვის წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლო არის. პოემაში არის თოვლი, ქარი, ქარიშხალი და ქრიშხლის ღრიალში ბლოკმა რევოლუციის მუსიკა გაიგო.

თავის სტატიაში - "ინტელიგენცია და რევოლუცია", ბლოკი მოუწოდებდა:
"მთელი სხეულით, მთელი გულით, მთელი გონებით უსმინეთ რევოლუციას!"

პოეტს ამ მუსიკაში ესმოდა მთავარი, მისი მრავალხმიანობა. მუსიკალური მელოდიების შეცვლაზე აგებულ პოემაში, ისმის საბრძოლო მარშიც, ყოფითი საუბარიც, ძველი რომანსიც და ჩასტუშკაც. მთელი ამ მუსიკალური მრავალხმიანობის უკან, ავტორს ძლიერი მუსიკალური დინება, მოძრაობის მკაფიო რიტმი ესმის, რომლითაც პოემა მთავრდება.

ნაწარმოებში სტიქიურია სიყვარულიც. ესაა ბნელი ვნება ბნელი მთვრალი ღამეებით, საბედისწერო ღალატით და კატკას უაზრო დაღუპვით. უმიზნებენ ვანკას და კლავენ კატკას და არავინ ნანობს ამის გამო, ჩადენილსარავინ ინანიებს. ბლოკმა ძალიან ზუსტად განიცადა ცხოვრებაში შემოსული საშინელება - კანონით დაუცველი სიცოცხლის სრული გაუფასურება (ადამიანებს თავშიც არ მოსდით, რომ კატკას მკვლელობაზე შეიძლება ვიღაცას პასუხის გაცემა მოუხდეს). მკვლელობას არც ზნეობრივი განცდა უშლის ხელს. ზნეობრივი ღირებულებები სრულიად გაუფასურდა. ქალის დაღუპვის შემდეგ, თავაშვებულობა და ღრეობა იწყება. ახლა ყველაფერი ნებადართულია:

"დახურეთ სართულები, იწყება ძარცვა, გააღეთ სარდაფები, ეხლა გოლიტბას, გაღლეტილთა ღრეობაა!" ადამიანის სულის აღვირახსნილობის ბნელი, საშინელი გამოვლინებებისგან დაცვა არც რწმენას არ შეუძლია. რწმენაც დაკარგულია და ეს თვითონ თორმეტ წითელარმიელს ესმის:
"პეტკა ნუ ჩმახავ, განა რისგან გიხსნა ოქროს კანკელმა?"-და უმატებენ:"განა კატკას სიყვარულის გამო ხელები სისხლიანი არა გაქვს?"


აგრამ არა მარტო სიყვარულისთვის კლავენ, ჩანს სხვა, სოციალური სტიქიაც. ბურჟუების საუბედუროდ მსოფლიო ხანძრის გაჩაღებით იმუქრებიან.
და აი აქ გაჩნდა და ისევ ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ამ ყაჩაღობის და ღრეობის, კულტურის, სხვათა შორის, თვითონ მისი კულტურის მოსპობის განდიდება?
საქმე იმაშია, რომ პოლიტიკისგან მუდამ შორს მდგარი ბლოკი აღზრდილი იყო მე-19 საუკუნის რუსულ ინტელიგენტურ კულტურაში მისთვის დამახასიათებელი "ხალხთაყვანისმცემლობით" და იმის განცდით, რომ ინტელიგენცია ხალხის წინაშე დამნაშავეა. ამიტომ პოეტი რევოლუციურ სტიქიის თარეშს უყურებდა როგორც ხალხურ შურისძიებას მამების ცოდვათა მზიდი ინტელიგენციის წინააღმდეგაც. პოემაში "თორმეტი", რუსეთი მიწიური ვნებების და ყველაფრის ნებადართულობის თარეშის მოცულ, ზნეობრივი ორიენტირების დამკარგავ ქვეყანად წარმოდგება.
1918 წლის იმ საშინელ და სასტიკ ზამთარში ბლოკი ხედავს როგორც შურისძიებას, ისე ჯოჯოხეთში, ქვესკნელში ჩაშვებას, მაგრამ ამაშივე არის რუსეთის განწმენდაც. ფსკერზე დაშვებული რუსეთი ცად უნდა ამაღლდეს. და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩნდება პოემის ყველაზე იდუმალი ხატი, ქრიშხლის ზედა გზით მიმავალი ვარდების თეთრი გვირგვინით დაგვირგვინებული იესო ქრისტე. ასე მთავრდება პოემა ბლოკისა, რომელსაც სწამდა გამხეცებული რუსეთისა და გამხეცებულ ადამიანში ადამიანურის აღორძინებისა, აღდგომისა....
2. მიწის და ცის გარეშე ცაში შეკიდული ალექსანდრ ბლოკი

1921 წლის აპრილში ბლოკმა თავი ცუდად იგრძნო. 17 მაისს ის სიცხით ჩაწვა.78 დღის შემდეგ, 7 აგვისტოს კი გარდაიცვალა და გაოცებული დატოვა ნათესავებიც და ექიმებიც. პოეტმა გიორგი ივანოვმა იმ დღეებში დაწერა, რომ ბლოკის მკურნალმა ექიმებმა ვერ გაიგეს რა სჭირდა ბლოკს. ისინი მისი გარეგნულად უმიზეზო დაუძლურების შველას ცდილობდნენ, შემდეგ კი როდესაც ბლოკი გასტანჯა გაუგებარმა, უცნობმა რაღაცამ, მას მორფს უკეთებდნენ... მაგრამ რამ მოკლა ბლოკი?

" პოეტი კვდება მაშინ როდესაც ის ვეღარაფრით სუნთქავს", თქვა ბლოკმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ პუშკინის საღამოზე. ეს შეიძლება მისი ავადმყოფობის სწორი დიაგნოზი იყოს.

1921 წლის მძიმე, უფულო და უპურო ზამთრის შემდეგ, ბლოკი გაზაფხულზე ცუდად გრძნობდა თავს, მას ცინგა და ასთმა სტანჯავდა. მაგრამ ის ძველებურად მუშაობდა და მისი მეზობელო ექიმი პეკელისი განსაკუთრებულ საშიშროებას ვერ ხედავდა.

პოეტს მაისის დასაწყისში მოსკოვში გამგზავრება არ გადაუდია. აი რას იხსენებს კორნეი ჩუკოვსკი, რომელიც მას მგზავრობისას ახლდა:"ჩემს წინ იჯდა არა ბლოკი, არამედ ვიღაც სხვა ადამიანი, მკაცრი, გაღრღნილი, ცარიელი თვალებით, თითქოს აბლაბუდათი დაფარული, თითქოს თმებიც და ყურებიც კი სხვანაირები გახდა. ის სულაც არ ჰგავდა ბლოკს".

ბლოკის საღამაოზე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სკანდალი მოხდა. ვიღაცამ იღრიალა, რომ მისი ლექსები მკვდარია. ატყდა ალიაქოთი. პოეტი დაიცვეს და გაიყვანეს მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა.

პეტროგრადში მას მეუღლე - ლიუბოვ დმიტრიევნა (დიდი ქიმიკოსი მენდელეევის ქალიშვილი შეხვდა): "მას არც ჩემთვის და არც არაფრისთვის არც ერთხელ არ გაუღიმია. ეს ადრე ვერ მოხდებოდა".

პოეტის მეუღლის მოგონებებიდან:"17 მაისი, სამშაბათი, როდესაც მე საიდანღაც მივედი, ის ალექსანდრა ანდრეევნას (ბლოკის დედის, რედ.) ოთახში ტახტზე იწვა. დამიძახა და მითხრა, რომ მას ალბათ სიცხე აქვს. გავუზომეთ, აღმოჩნდა 37,6. დავაწვინე ლოგინში. საღამოს ექიმი იყო.სტკიოდა მთელი სხეული, განსაკუთრებით ხელ-ფეხი, რაც მთელ ზამთარს გრძელდებოდა. ღამე უძილობა, მძიმე სიზმრები, განსაკუთრებით სტანჯავდა კოშმარები". ექიმის თქმით, ჰქონდა 39 გრადუსი სიცხე, საერთო სისუსტე და მძიმე თავი. მას მოსკოვში გრიპოზული ავადმყოფობა დაემართა და ალბათ აქედან მწვავე ენდოკარდიტი განუვითარდა...

ბლოკი ხან უკეთ იყო და ხან უარესად. ერთხელ ღუმელთან დაჯდა. მეუღლემ ლოგინში ჩაწოლაზე მისი დაყოლიება სცადა. საპასუხოდ ბლოკი ატირდა და რაც ხელში მოხვდა ყველაფრის მტვრევა დაიწყო. გატეხა მეუღლის მიერ ნაჩუქარი ლარნაკი, სარკე...

მეუღლის მოგონებებიდან: "ავადმყოფობის დასაწყისში, მას მტვრევა-მსხვრევის საშინელი მოთხოვნილება უჩნდებოდა. ერთხელ დილით ბინაში ისევ გაღიზიანებული დადიოდა, შემდეგ თავის ოთახში შევიდა, დახურა კარი და მაშინვე დარტყმების ხმა გაისმა, ხმაურით რაღაცა ჩამოიფშვნა. მე მეშინოდა, რომ ის თავის თავს რაღაცას დაუშავებდა და შევედი. ის კარადაზე მდგარი აპოლონის რაღაც რკინით მტვრევას უკვე ამთავრებდა... მან წყნარად მიპასუხა: "მინდოდა იმის ნახვა, ეს ბინძური სიფათი რამდენ ნაწილად დაიმსხვრეოდა". როცა ცოტა უკეთ იყო, ბლოკმა არქივების გარჩევა და თავისი ბლოკნოტების, ჩანაწერების მოსპობა დაიწყო.

პოეტი გეორგი ივანოვი იხსენებს: "განუწყვეტლად ბოდავდა... იმეორებდა ერთსა და იმავეს "დამწვარია თუ არა "თორმეტის" ყველა ეგზემპლარი? ლუბა, კარგად მოძებნე, დაწვი ყველფერი, დაწვი".

ექიმი პეკელისი და მისი კოლეგები უახლოეს ფინეთში პოეტის სამკურნალოდ გაშვებას ცდილობდნენ. შუამდგომლობდნენ მაქსიმ გორკი და სახალხო კომისარი ლუნაჩარსკიც კი. დრო ძალიან ცოტა იყო... პოლიტბიურომ წასვლის ნება დართო, მაგრამ მეტისმეტად დაგვიანებით. ბლოკი გარდაიცვალა სწორედ იმ დღეს, როდესაც მისი საზღვარგარეთის პასპორტი მზად იყო.

ლიტერატორი ევგენია კნიპოვიჩი იგონებს: "აგვისტოს დასაწყისისთვის, ის უკვე თითქმის სულ უგონოდ იყო, ღამით მას აბოდებდა, ის საშინილი ყვირილით ყვიროდა, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. მას უკეთებდნენ მორფს, მაგრამ ეს დიდად არ შველოდა..."

ოჯახის მეგობარი სამუილ ალიანსკი წერდა: "ჩემ კითხვას, თუ როგორაა ავადმყოფი, პეკელისმა არაფერი უპასუხა. მან მხოლოდ ხელები გაშალა, რეცეპტი გადმომცა და მითხრა:" სცადეთ ამ რეცეპტით პროდუქტების შოვნა. კარგი იქნებოდა შაქრის, თეთრი ფქვილის, ბრინჯის, ლიმონის მიღება". ბლოკისთვის ამ პროდუქტების საშოვნელად, ალიანსკიმ ჯერ სხვადასხვა ნაჩალნიკ-უფროსების რეზოლუციების მისაღებად ირბინა და შემდეგ რაც შესძლო ის ბაზარზე იყიდა.
კვირას, 7 აგვისტოს, დილით ლიუბოვ დმიტრიევნამ დარეკა:"ალექსანდრ ალექსანდროვიჩი გარდაიცვალა, მობრძანდით თუ შეგიძლიათ". ოფიციალური ვერსიის თანახმად, ბლოკი მოკლა ცინგამ, შიმშილმა და დაუძლურებამ. ეს იმ წლებისთვის უნივერსალური დიაგნოზი იყო. შიმშილი და ცინგა ადამიანებს ცელავდა. მაგრამ ბლოკის შემთხვევაში, როდესაც დახმარება მას ხეირიანადაც კი ვერ გაუწიეს, ეს საკმარისი არაა.
შემდეგ ავტორიტეტულმა ლენინგრადელმა ლიტერატურათმცოდნემ თქვა და ბეჭედიც დაასვა: ეს იყო სიფილისი (საქმე იმაშია, რომ სიფილისით მოკვდა ლენინი და არა ბლოკი). ვიღაცა "ექსპერტების" თქმით, ბლოკი მოკლა იმ წამლებმა, რომლებითაც მკურნალობდნენ. ეს ვერსიები საბედნიეროდ ვერ გაიგეს ვერც პოეტის დედამ და ვერც მეუღლემ. პირველი გარდაიცვალა შვილის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, მეორე - 1939 წელს. იყო კიდევ პეკელისის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბლოკი გადატანილი გრიპის მიერ გამოწვეულმა მწვავე ენდოკარდიტმა მოკლა. უკვე ბრეჟნევის დროს, ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ექიმები დაასკვნიან, რომ პეკელისი სწორია და ბლოკი გულის შიდა გარსის ანთებამ მოკლა, რომელიც ანტიბიოტიკების მიღებამდე ვერ იკურნება.

ბლოკი 7 აგვისტოს გარდაიცვალა. 10 აგვისტოს მის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე მივიდა. მისი კუბო სმოლენსკის სასაფლაომდე 6 კილომეტრი ატარეს. ეს საოცარი იყო ავადმყოფი, აოხრებული პეტროგრადისთვის, სადაც გადატანილმა უბედურებებმა რევოლუციამდელი მოსახლეობის ორი მესამედი მოკლა. 1944 წლის სექტემბერში პოეტის ნეშტი ვოლკოვის სასაფლაოზე გადაასვენეს.

მაგრამ პოეტის სიკვდილი მარტო ამითაც არ აიხსნება. პოემა "თორმეტი" ვერ გაიგო და ვერ მიიღო ბევრმა. საგვარეულო მამული შახმატოვო გადაწვეს, დახვრიტეს მეფის 800 ყოფილი ოფიცერი, 1919 წელს, ერთი ღამე ბლოკიც იჯდა ჩკ-ში. ხუთი ნაფოტი განაწილებით ბინის გასათბობად, პურის ულუფები ორდერებით. ბინაში "12 მატროსის" ჩასახლების საფრთხე გაჩნდა.

ბლოკი ცოლთან ერთად ორი სართულით ქვევით დედას ბინაში გადავიდა და უყურებდა, თუ როგორ ჩხუბობდნენ ცოლი და დედა იმაზე, ვისი ჯერი იყო ჟანგიანი ქაშაყის გაწმენდა. ეხლა ნებისმიერი იტყოდა - სტრესი. 1917 წელს ბლოკი ამბობდა:

"წინ ვერაფერს ვხედავ, თუმცა ოპტიმიზმს ყოველთვის არ ვკარგავ. ყველანი ისინი. "ძველები" და "ახლები" არიან თვითონ ჩვენში, ყოველ შემთხვევაში ჩემში. მე კი ვკიდივარ ჰაერში - ეხლა არც მიწაა და არც ცა"...
საუბრობს ექიმი-რევმატოლოგი ოლგა კრელი, სანკტ-პეტერბურგის კლინიკური მედიცინის და სოციალური მუშაობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "შეიძლება ლაპარაკი ენდოკარდიტის შედეგად გაჩენილი გულის უკმარისობის მიერ გამოწვეულ სიკვდილზე. ცნობილია, რომ სტრესი, მით უმეტეს ქრონიკული, ორგანიზმში მრავალ პათოლოგიურ პროცესს იწვევს. მიუხედავად ამისა, ენდოკარდიტის დიაგნოზის დასმა დღესაც ძნელია. ავადმყოფთა თითქმის ნახევარში ავადმყოფობა ვერ ამოიცნობა...
ენდოკარდიტის ყველაზე სავარაუდო მიზეზია ინფექცია.
ავადმყოფობა ძლიერდება და ვრცელდება სოციალური მდგომარეობის გაუარესების პერიოდებში. ასე მაგალითად, ომის შემდეგ, განსაკუთრებით ბლოკადის გადამტან ლენინგრადში, დაავადება 3-4-ჯერ გახშირდა.

დღეს ენდოკარდიტი ავადმყოფთა დაახლოებით 50 პროცენტს კლავს. და ეს მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკები არსებობს. ბლოკის დროს ანტიბაქტერიული თერაპია არ ყოფილა. პირველი ანტიბიოტიკი, ბლოკის სიკვდილიდან 18 წლის შემდეგ გამოუშვეს.

No comments:

Post a Comment