March 20, 2011

ეროვნული კომიტეტის დეკლარაცია 1935 წ.

სოც.დემ. პარტიის ანტიეროვნულ პოლიტიკას მოყვა შედეგად ის, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელიწადი იარსება და მტრის ერთი სულის შებერვით გაჰქრა. სამშობლოდან გამოქცეულ საქართველოს მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ მას ეღიარებია თავისი შეცდომანი, დაეგმო წარსული, პარტიულ პოლიტიკაზე ხელი აეღო და
ეროვნულ გზას დასდგომოდა, თავის მთავარ პოლიტიკურ ლოზუნგად ისევ მარქსიზმის გამარჯვება დაისახა და საქართველოს ბედის გამგებლობა მარქსისტულ სულისკვეთების ქვაკუთხედით განიზრახა. . ჟორდანიამ მენშევიკური კომიტეტის თავმჯდომარეობა არჩია იმ მაღალ დანიშნულებას, რომელზედაც იგი ისტორიულმა ბრმა პირობებმა სავსებით დაუმსახურებლად მოუწოდა. გავიდა 14 წელიწადი, რაც სამშობლო დავკარგეთ, დაიხარჯა მილიონები საქართველოდან წამოღებული და ჩვენი ქვეყნისათვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ჩვენი სოც. დემოკრატებისა და მათი ინტერნაციონალის წყალობით საქართველოს საკითხი დღეს მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, იგი გარიყულია და დამარცხებული.
დიდიხანია რაც პატრიოტულ წრეებში დაისვა საკითხი ეროვნულ ძალთა შეთანხმებული მოქმედებისა ქართული მარქსიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად, რომელიც არის ერთადერთი აუცილებელი პირობა ნაყოფიერი ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ ქართველი მენშევიკების სისტემატიურმა პროვოკაციამ ეს ძალები დაქსაქსა გაუტანლობის, შურის და ერთმანეთისადმი მტრობის დათესვით.
საბედნიეროდ, დღეს თანდათანობით ევოლუციის შემდეგ ეროვნულმა შეგნებამ სძლია ბოროტი სენი, რომელიც არის პარტიული ქიშპობა, ჯგუფური კინკლაობა და სექტანტური ფსიქოლოგია. ემიგრაციაში მყოფ ეროვნულ ძალებმა, უპარტიო მამულიშვილებმა, შეფიცულთა რაზმმა, ეროვნ. დემ. პარტიის, თეთრი გიორგის და ორნატის ორაგანიზაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებზე და დააარსეს საქართველოს განმათავისუფლებელი ეროვნული კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს განმათავისულებელი ბრძოლის წარმოებას და დამოუკიდებლობის აღდგენას.
ეროვნული კომიტეტის დევიზია: ,,საქართველო უწინარეს ყოვლისადა აქედან გამომდინარეობს მისი მიმართულება და ტაქტიკა. იგი აღიარებს ეროვნული იდეალის უზენაესობას, ერის პრიმატობას სრული ანუ ინტეგრალური ნაციონალიზმის ნიადაგზე, ეროვნულ ძალთა ბელადის ხელმძღვანელობით, რომელიც ბრძოლის პროცესში წარმოიშვება.
ეროვნული კომიტეტი უარყოფს ქართველი ერის პარტიებად და კლასებად დაყოფას. აღიარებს კლასთა სოლიდარულ თანამშრომლობას თანასწორობის ნიადაგზე. ერის სიძლიერე და ნივთიერი სიმდიდრე შეადგენს ყოველი კლასის პირდაპირ ინტერესს, მუშა, გლეხი და დანარჩენ კლასთა მატერიალური მდგომარეობა ყოველთვის პროპორციონალურია ერის მატერიალურ მდგომარეობასთან და ერის გარეშე არ არსებობს არც ერთი კლასის ინტერესი. ყოველი კლასი ასრულებს საზოგადოებაში განსაზღვრულ ფუნქციას, რომელიც საჭიროა ერისათვის, ამიტომ მიზანი სახელმწიფოსი უნდა იყოს, რომ ეს ფუნქცია ერისა და თვით კლასის სასარგებლოდაც რაციონალურად მიიმართებოდეს. გლეხი, მუშა, ვაჭარი, მღვდელი და სხვა ერთგვარად ძვირფასი არიან და სწორად დასაცველნი ეროვნული სახელმწიფოსაგან.
საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ფორმა უნდა შეეგუებოდეს ჩვენი ერის სულიერ თვისებას, მისი კულტურის განვითარების დონეს, მის ტრადიციებს, მის წარსულს და აწმყოს, ხოლო სახელმწიფოს უნდა მართავდეს მტკიცე, მყარი ეროვნული ხელისუფლება დამყარებული განახლებულ დემოკრატიაზე, რეალურ, ჭეშმარიტ სახალხო წარმომადგენლობაზე, სადაც საუკეთესოდ იქნება გამოხატული მთლიანად ერის სულიერი და ნივთიერი ინტერესები, ხოლო ამ წარმომადგენლობაში შემავალ კლასთა არბიტრად და ხელმძღვანელად უნდა იყოს სახელმწიფო, .. ერი.
ეროვნული წარმატებისა და აღორძინებისათვის აუცილებელია, რომ მომავალი საქართველო აშენდეს ჩვენს საუკეთესო ისტორიულ ტრადიციებზე, წესებზე, ჩვეულებებზე, სარწმუნოებაზე, ოჯახზე და საერთოდ ყველა იმ სულიერ და ნივთიერ ფაქტორებზე, რომელიც ქართველ ერს ათასი წლების განმავლობაში ამოძრავებდა. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ სხვა ერთა გამოცდილებებით და ის დიდი ეროვნული იდეური მიმდინარეობანი, რომელიც დღეს მსოფლიოს ამოძრავებს, მოხდენილად შეუფარდოთ და გამოვიყენოით ჩვენი ეროვნული გაძლიერებისათვის.
ეროვნული კომიტეტი აღიარებს რუსეთს საქართველოს ისტორიულ მტრად. რუსეთი არის საქართველოს მტერი, როგორც ქვეყანა, როგორც ერი და არა ესა თუ ის რეჟიმი. რუსეთის გეოგრაფიული პირობები და რასიული ფსიქოლოგია ქმნის რუსეთის იმპერიალიზმის თავისებურებას; მის ინტერესს შეადგენს წინა აზიისაკენ ზრდა, ხოლო თუ წინა აზიაში ბატონობის გავლენის უმთავრესი ბაზა არის საქართველო, აქედან გამომდინარეობს რუსეთის დაპყრობითი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩვენ უნდა ჩაუნერგოთ ჩვენს ერს სიძულვილი რუსეთისადმი რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების შესწავლის ნიადაგზე.
საქართველოს კავკასიაში უჭირავს ცენტრალური ადგილი, კავკასიის მასშტაბით მას აქვს დაკისრებული დიდი მისია, ხოლო ამ მისიას ის ვერ შეასრულებს თუ მისი მეზობელი ერები არ იქნებიან დამოუკიდებელნი. ამიტომ საქართველომ უნდა შეკრას კავკასიის ერებთან მჭიდრო ეკონომიური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირი. მხოლოდ გაერთიანებული კავკასია შესძლებს ძლიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლას.
საქართველოს პარლამენტის . ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება
XX საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
მასალები სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან
Top of Form

1 comment:

  1. უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ერთადერთი რასაც ვერ ვიზიარებ მთელი რუსი ხალხის მტრად მიჩნევაა....მტერია ბოლშევიკური ინტერნაციონალი (მისი ქართველი წევრებითაც) და მისი მემკვიდრე ძალები ( მათი ქართველი წევრებითაც).

    ReplyDelete