June 24, 2012

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი:


1. ანარქისტი და პატრიოტი ვარლამ ჩერქეზიშვილი
ანარქიზმი „უმეტესწილად, ორი მოქიშპე იდეოლოგიის – ლიბერალიზმის და სოციალიზმის იდეური თანხვედრის წერტილია, სადაც ორივე იდეოლოგია ანტისახელმწიფოებრივ დასკვნებამდე მიდის.“[1]

კეთილი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ქართველი ანარქისტები ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი და ქართული სახელმწიფოს აღორძინებისთვის იღწვოდნენ. რა იწვევდა ამ პარადოქსს?
ზემოთ უკვე გამოვარკვიეთ, რომ სათავადო სახლების წყალობით გამეფებული ანარქია გვიანი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ღრღნიდა ქართულ საზოგადოებას და სწორედ სახელმწიფოს (სამეფოს) უმოკლებდა გასაქანს.  ამ ისტორიული გამოცდილების ფონზე ქართველ თავადთა გაინტელიგენტებულ ჩამომავლებში ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის აღმსარებლების გამოჩენა, თითქოს, არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ  ქართული ანარქიზმის სახელგასმენილი ავტორიტეტის,  ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925)  „საქმენი საგმირონი“ მაინც განსაცვიფრებელია.  მისი  და მისი თანამოაზრეების  (კომანდო გოგელია, მიხაკო წერეთელი…) დაუცხრომელი მოღვაწეობა ამინდს ქმნიდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.
მოსკოვში განათლების მისაღებად ჩასული და კადეტთა კორპუსში ჩარიცხული ქართველი თავადიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი ოციოდე წლის იყო, როცა რევოლუციურმა საქმიანობამ გაიტაცა: თავდაპირველად „იშუტინელების“  ტერორისტულ ორგანიზაციას გადაეყარა, რომელსაც ვინმე დიმიტრი კარაკოზოვი ხელმძღვანელობდა; 1866 წელს კარაკოზოვმა იმპერატორ ალექსანდრე II-ს გაუხსნა ცეცხლი, მაგრამ დააცილა. კარაკოზოვი ჩამოახრჩეს, გასამართლებულთა სიაში კი ვარლამ ჩერქეზიშვილიც ერია. სასჯელის მოხდის მერე (რვათვიანი პატიმრობა – პოლიციის საქმის კურსში არჩაყენების ბრალდებით), პეტერბურგის უნივერსიტეტს მიაშურა, თუმცა 1868 წელს ისევ მოსკოვს დაუბრუნდა და „Народная расправа“-ს წევრად ჩაირიცხა. საამდროვოდ ის უკვე ბაკუნინის ანარქისტული იდეებით იყო დაინტერესებული, თუმცა  არც ერთი დოქტრინის ბრმა მიმდევარი არასოდეს გახდება. ძალიან დაუდეგარს და საქმიანს – პოლიცია  ფარულად უთვალთვალებს;  დააპატიმრეს, გააციმბირეს, მაგრამ – გამოიქცა. ერთხანს ქართველ მეგობრებთან ერთად პერმში სანთლის სარეწი ამუშავა და ფული აგროვა, მერე დაჰკრა ფეხი, საზღვარგარეთ გაიქცა და ლონდონში გამომავალ ჟურნალში – „В период“ რუბრიკა ჩაიბარა.
ამასობაში, ცარიზმმა უსამართლო საგადასახადო განაკვეთის შემოღებით აფორიაქებულ სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია მიავლინა და  მიწასთან გაასწორა სოფელი ხალდე; დატრიალებული ტრაგედიის თაობაზე ხმის ამოღება ვერვინ გაბედა, მაგრამ ამ დანაშაულს, თურმე, მიჩუმათება არ ეწერა: ვ. ჩერქეზიშვილმა  „В период“–ში სტატია დააკვესა – „სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ ხალდეში“. შემზარავი ამბავი მთელ დუნიას მოედო: ემიგრანტული წრეების გარდა, ჟურნალი რუსეთშიც შემოჰქონდათ  არალეგალურად. “ჩვენი მოწინავე საზოგადოებისათვის უთუოდ სასიამოვნო იქნებოდა რუსული ემიგრანტული ჟურნალის გამოსარჩლება ქართველი გლეხებისადმი. ერთი კია, ჟურნალის მკითხველთაგან ალბათ არავინ, ან ორიოდე მათგანმა თუ იცოდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ცეცხლოვანი წერილების ავტორი მათი თანამემამულე იყო”. [2]
70–იანი წლების ბოლოს ვ. ჩერქეზიშვილი ჟენევაში დამკვიდრდა და პირველი ინტერნაციონალის ე.წ. „იურის სექციაში“ თავმოყრილ ანარქისტებს დაუახლოვდა.  გამოსცა ჟურნალი – „Община“, მონაწილეობდა ანარქისტული ინტერნაციონალის და სოციალისტების კონგრესებში, დააარსა – სხვებთნ ერთად – „რუსეთის პოლიტიკურ დევნილთა საზოგადოება“, დაწერა მის წესდება, იყო ამ საზოგადოების მდივანი. მერე პარიზში გადავიდა და იქაური ანარქისტულ–სოციალისტური საზოგადოების სექციის წევრი გახდა, დააარსა ჟუნალი  – „le revolte”.
რუსეთის საიმპერატორო კარი შეშფოთებული ადევნებდა თვალს მსგავს აქტივობებს. ცარიზმის დამქაშებმა სადაზვერვო–დივერსიული ორგანიზაცია – “Священная дружина” შექმნეს და მისი აგენტი, ვინმე კლიმოვი, ჟენევაში გადაისროლეს რევოლუციონერთა რიგებში ჩასათესად. კლიმოვმა იქ სხვების თვალის ასახვევად ანტიმონარქისტული ჟურნალი “პრავდა” დაარსა.                              ვ. ჩერქეზიშვილი ამ ორგანოს თავისი იდეების გასავრცელებლად გამოიყენებს, ოღონდ კლიმოვს ეჭვის თვალით შეხედავს: ვერ გაგვირკვევია, რევოლუციონერი ხარ, თუ შენიღბული აგენტიო… საქმე იმაშია, რომ ქართველი ანარქისტი ემიგრანტული წრეების კონტრდაზვერვის სამსახურის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც გახლდათ  (ისე, კლიმოვს დიდხანს არ უბოგინია – გამოიჭირეს).
1882 წლიდან  საფრანგეთის და შვეიცარიის ხელისუფლებამ ანარქისტების დევნა დაიწყო და „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული ჩერქეზიშვილიც იძულებული გახდა მიმალულიყო. ერთხანს სტამბოლშიც დაუყვია, მერე თავზე ხელი აუღია და საქართველოში დაბრუნებულა, – რასაკვირველია, ინკოგნიტოდ. იქ  ანარქისტული ჯგუფები დაუარსებია;  მერე კვალში ჩამდგარი ჟანდარმერიის თვალი უცდენია, თბილისი დაუტოვებია და სოფელ მუხრანში კნიაგინია ა. მუხრანელის ბავშვების მასწავლებლად დამდგარა.
 საამდროვოდ ვარლამ ჩერქეზიშვილის მთავარ მიზანს  საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა შეადგენდა. ამ დიდი თაოსნობის ლეგიტიმურ საყრდენად მას გიორგიევსკის ტრაქტატის გამოყენება განუზრახავს. ჩანაფიქრის გონივრულობა მოვლენათა  შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა…
1890-იანი – წლებიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი, პეტრე კროპოტკინთან და ეკიზე რეკლიუსთან ერთად, ევროპული და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის აღიარებული ავტორიტეტი ხდება; უძლიერესი პოლემისტი და დაუდეგარი პრაქტიკოსია: ორგანიზებას უწევს  საერთაშორისო კონგრესებს, კონფერენციებს, შეკრებებს; ხელმძღვანელობს ლიტერატურის გამოცემას და რუსეთში მის შეგზავნას; აარსებს დამხმარე სალაროებს, მფარველობს გამოქცეულ ემიგრანტებს;  შოულობს იარაღს; უთანხმდება ილიას და, ფსევდონიმებს ამოფარებული,  „ივერიის“ ფურცლებზე განმანათლებლური წერილების სერიას ახვავებს; პუბლიკაციები ბრიტანეთის  ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება: ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას,  ფინანსებს, ტრანსპორტს…
დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი დავით ერმაკოვი
 დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო
 
გაბუნია, კომანდო გოგელია,
ვარლამ

ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, 
მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი
დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი 

დავით ერმაკოვი
“ესეც ნაკლებად იცის ქართულმა საზოგადოებამ, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი და-ძმა უორდროპებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებლობას უწევდა”.[3] მარჯორი უორდროპი ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილს გაუცვნია.
სამშობლოს ტრაგიკული ხვედრის ევროპული საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩერქეზიშვილმა აქაური პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი სტატიების ლონდონურ მედიაში ბეჭდასაც მიჰყო ხელი. ამ გარჯას მით უფრო ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, რომ სტატიების ავტორი სწრაფად ითქვამდა სახელს. მისი წიგნი:  “ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” (ფრანგულ ენაზე) იმდენად შთამბეჭდავი და გავლენიანი გამოდგა, რომ მოგვიანებით საბჭოთა რუსეთშიც კი დაიბეჭდა შეცვლილი სათაურით“მარქსიზმის დოქტრინები“.  ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული მისი  ”ინტერნაციონალის წინამორბედები” კი ლამის ყველა დიდ ენაზე ითარგმნა და არაერთგზის გამოიცა. ითარგმნებოდა მისი სტატიებიც.
“ჩერქეზიშვილამდე არც ერთი ქართველი ავტორის, მწერლის, მოაზროვნის ნაშრომები არ უთარგმნიათ უცხო ენაზე, არ გამოუციათ იმდენ ქვეანაში და იმდენჯერ, როგორც ქართველი  ანარქისტის ნაშრომები: ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, რუსულად, იტალიურად, ესპანურად, ჩინურად, იაპონურად… ეს რაც ჯერ ჯერობით ვიცით.” [4]
თავისი წიგნებით ჩერქეზიშვილი მარქსიზმს დაუპირისპირდა. დამაჯერებლად დაასაბუთა პირველი ინტერნაციონალის დაარსების საქმეში არამარქსისტი სოციალისტების დამსახურება და მარქსისტებთან შედარებით მათი უპირატესი მნიშვნელობა; სრულიად გააბათილა შაბლონად ქცეული მოსაზრება, მარქსიზმის, როგორც სოციალიზმის თეორიის ქვაკუთხედის, შესახებ:  მისი აზრით, მარქსიზმის კლასიკოსებმა და მემკვიდრეებმა  ცნობილ ფილოსოფოსთა  და ეკონომისტთა აღმოჩნილი არაერთი კანონი და კანონზომიერება მიიწერეს დაუმსახურებლად. „ჩერქეზიშვილის ბრალდებები იმდენად სერიოზული იყო, რომ მის წანააღმდეგ და მარქსიზმის დასაცავად გამოდიონენ საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიის ყველაზე გამოჩენილი ავროტრიტეტები: კარლ კაუცკი, ვილჰელმ ლიბკნეხტი, გიორგი პლეხანოვი, იოსებ სტალინი და სხვანი. ვლადიმერ ლენინი მარქსიზმის ანარქისტული კრიტიკის ნიმუშად ასახელებდა ვარლამ ჩერქეზიშვლის ნაშრომებს.”[5] ჩერქეზიშვილი “დიდძალი ლიტერატურის მოშველიებით ასაბუთებს, რომ მარქსიზმის მიერ “აღმოჩენილი” ისეთი საყოველთაოდ ცნობილი კანონები, როგორებიცაა: ხელფასის მინიმუმის კანონი, ზედმეტი ღირებულების კანონი, კლასთა ბრძოლის პრინციპი, ისტორიის მატერიალისტური ახსნა და სხვანი, სრულიადაც არაა მარქსიზმის დამსახურება, რომ მარქსიზმის კლასიკოსები ეწეოდნენ ევროპელ მოაზროვნეთა განთქმული ნაშრომების კომპილაციას, რიგ შემთხვევაში პლაგიატს და ა. შ.”[6]  ჩერქეზიშვილი აჩვენებს, რომ ენგელსის “ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა” ამერიკელი ეთნოგრაფის, მორგანის ფუნდამენტური შრომის “ძველი საზოგადოების” ადაპტირებული ვარიანტია და მეტი არაფერი, ხოლო მისივე  “მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში” – ბიურეს გადამღერება. ჩერქეზიშვილის კრიტიკის ქარცეცხლს ვერც მარქსისტების სახარება – “კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ გადაურჩა: ის ფურიეს ცნობილი მიმდევრის ვიქტორ კონსიდერანის ანალოგიური ხასიათის “მანიფესტიდან” ყოფილა გადაწერილი.
მარქსისტებმა ერთი ვაი–ვიში შექნეს! ბრალდებების გაბათილება დიდძალი ლიტერატურის და პირველწყაროების გადამუშავებას მოითხოვდა. საძნელო საქმეს სოციალ–დემოკრატიის აღიარებული მეტრები შეეჭიდნენ:  „ჩერქეზიშვილის საშინელი ბრალდებების წინააღმდეგ ზედიზედ გამოდიან რუსული დემოკრატიისა და მარქსიზმის მამამთავარი გიორგი პლეხანოვი, გერმანული სოციალ-დემოკრატიის და მეორე ინტერნაციონალის ბელადი – კარლ კაუცკი, შემდეგ – ვილჰელმ ლიბკნეხტი, იტალიელი ლაბრიოლა და სხვები.”[7]
ოპონენტები ამაოდ დაშვრნენ. აი, რას წერს ანარქიზმის თანამედროვე რუსი მკვლევარი პიოტრ რიაბოვი: “მარქსიზმის საფუძველბის და ლოგიკის ასეთმა გააზრებულმა, სისტემატურმა და ყოვლისმომცველმა კრიტიკამ არ შეიძლება ინტერესი და აღფრთოვეანება არ გამოიწვიოს და სადღეისო აქტულაობა არ შეირჩინოს…  მარქსის და ენგელსის სახელმწიფო სოციალიზმის (ისევე როგორც ლიბერალიზმის, პატრიოტიზმის და სახელმწიფოს) კრიტიკა დღემდე რჩება მთავარ  იდეურ მიღწევად ლიბერტალური აზრისა, რომლის უგამოჩინებულესი წარმომადგენელიც ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზოვი იყო”[8]
როდესაც მომავალმა ფედერალისტმა, არჩილ ჯორჯაძემ ეროვნული ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება სცადა, პირველ რიგში  გაზეთის დაარსება განიზრახა და გიორგი დეკანოზიშვილთან ერთად პარიზს მიაშურა, სადაც ფრანგმა ანარქისტ–სინდიკალისტებმა,  ვარლამ ჩერქეზიშვილის წყალობით, არაერთი პრობლემა მოუგვარეს ქართველ პატრიოტებს: უწილადეს სახსრები, ქაღალდი, გადასცეს შრიფტი, დაუთმეს კუთხე თავის სტამბაში… ასე დაარსდა 1903  წელს ორკვირეული გაზეთი “საქართველო” – ეროვნულ-რევოლუციური ორგანო, რომელმაც სახელმწიფოებრიობის აღდგენის და ავტონომიის მოთხოვნის პროპაგანდა დაიწყო. გაზეთს ფრანგული დამატებაც ჰქონდა – “La George”, რისი მეშვეობითაც ევროპული საზოგადოება საქართევლოს პოლიტიკურ მდგომარეობას ეცნობოდა.
„საქართველოს“ რედაქციამ მერე მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის  სახელმწიფოებრივი ავტონომიის იდეის გარშემო შეკავშირება დაგეგმა და ამ მიზნით 1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში კონფერენცია მოაწყო. თოასნობას, რასაკვირველია, ჩერქეზიშვილი უწევდა კოორდინირებას; ის ყველა საკითხში ცხოველ მონაწილეობას იღებდა. კონფერენციაზე სოციალ–დემოკრატებმა და მათმა თავკაცმა, ნოე ჟორდანიამ სკანადალი ატეხეს. ჩერქეზიშვილმა მაინც მოახერხა სასურველი რეზოლუციის გატანა: ანარქისტები, ესერები, ავტონომისტ-ფედერალისტები (“საქართველოს” რედაქცია), ეროვნულ-დემოკრატები და უპარტიო მონაწილენი  –  შეთანხმდნენ. ყველამ გაიზიარა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, მათ სახელმწიფოებრივი ავტონომიის მოთხოვნა აერთიანებდათ. სოციალ-დემოკრატები დამარცხდნენ და დატოვეს კონფერენცია.
ამავე კონფერენციაზე ჩერქეზიშვილის წინადადებით  გაზეთ “საქართველოს” „ქართველ სოციალ–ფედერალისტთა ორგანო“ ეწოდა. იქვე ჩაეყარა საფუძველი ახალ პოლიტიკურ პარტიას. ვ. ჩერქეზიშვილი ფედერალისტების პარტიის ცეკას წევრად აირჩიეს. პარტიაში ის ანარქისტული ფრთის ლიდერად მოგვევლინა.
ქართველ პატრიოტს მიაჩნდა, რომ ანარქისტული იდეალების რეალიზება შორეული მომავლის საქმე იყო (მის ამ მოსაზრებაში ნათლად ჩანს ანარქიზმის „მილენარისტული“ ბუნება, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი) და მიმდინარე პოლიტიკურ ამოცანად ქართული ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის ბრძოლა დასახა. ამიტომაც მოხდა, რომ 1905 წლის რევოლუციის დღებში ვ. ჩერქეზიშვილი, ხანგრძლივი დევნილობის მერე, დაბრუნდა  სამშობლოში და აქედან ატყობინებდა ევროპულ მედიას ცარისტული რეჟიმის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე; ალიხანოვ-ავარსკის მიერ აკლებული სოფლების ტრაგედიის ამსახველი მასალები, მაგალითად, მან და მისმა ჰოლანდიელმა მეუღლემ – ფრიდამ,  ამერიკაში  და ინგლისში გადაგზავნეს და “Daily Chronicle” და “Chicago Daily News”-ში დაბეჭდეს. იმავდროულად, ჩერქეზიშვილმა ქართველი ქალების მობილიზებაც მოახერხა და მათი სახელით საგანგებო პეტიცია გადააგზავნინა ბრიტანეთში; პეტიცია ბრიტანელმა ქალმა აქტივისტებმა: დრაიჰორსტმა, კობდონმა და სხვებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ორგანოებში გამოაქვეყნეს და თან ინგლისელ ქალებს მოუწოდეს, პროტესტი გამოეცხადებინათ რუსეთის მთავრობისთვის საქართველოში ჩადენილი  ბარბაროსობის გამო. რეზონანსი დიდი იყო. ლონდონში „საქართველოს მხარდამჭერი კომიტეტი“  შეიქმნა, მწერლის და უტოპისტის უილიამ მორისის შვილის თავმჯდომარეობით. ინგლისელ ქალთა  დელეგაციამ ოთხი ათასი კაცის ხელმოწერილი პეტიცია პრემიერ-მინისტრს და საგარეო მინისტრს წარუდგინა.
ასეთი აქტივობები პრაქტიკული პოლიტიკური ნაყოფის მომცემი იყო. დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი ნელ–ნელა ეგუებოდა ქართველი ხალხის პრეტენზიის სამართლიანობას. ამ ფონზე 1907 წელს ფრიდას მეგობრებმა: „საქართველოს მხარდამჭერი კომიტეტის“ აქტივისტმა დრაიჰორსტმა და ჟურნალისტმა ნევინსონმა – ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე საგანგებო პეტიციის წარდგენის ორგანიზება ითავეს და ყველა აუცილებელი ხარჯი გაიღეს. თვითონ პეტიცია, რასაკვირველია, ვარლამ ჩერქეზიშვილმა შეადგინა. ამ საქმეში მას ეროვნულ–დემოკრატი გიორგი გვაზავა და ანარქისტი მიხაკო წერეთელი თანაუდგნენ  (სამეულს მერე ხელისუფლება გაციმბირებით დაემუქრა).
პეტიციას „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ ერქვა. ვ. ჩერქეზიშვილი ტექსტის ქართული ვერსიის გარდა, ინგლისური და ფრანგული ვერსიების მომზადებაზეც გაისარჯა. ყველაფერი ფარულად კეთდებოდა. განსაკუთრებით რთული ხელმოწერების შეგროვება გამოდგა: ორიათასამდე მამაცი ადამიანი არ შეუშინდა გაციმბირების საფრთხეს და ხელმოწერებით დადასტურებულმა  მემორანდუმმა, ნევინსონის მეშვეობით, საქართველოდან ჰააგას ჩააღწია.
მემორანდუმი კონფერენციის ყველა მონაწილეს დაურიგდა; მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა, დაარღვია რა გიორგიევსკში 1783 წელს ხელმოწერეილი ტრაქტატი, საქართველო საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით და სამხედრო ძალის გამოყენებით აქცია თავის ნაწილად. ამან უცხოელ დიპლომატებზე და პოლიტიკოსებზე დიდი შთაბედილება მოახდინა; პრესამ მთელ ევროპას და ამერიკას გააცნო საკითხი. მემორანდუმის ტექსტი ამერიკის უდიდესმა გაზეთმა „Chicago Daily News“–მა დაბეჭდა. რასაკვირველია, ამ საქმეშიც, ვარლამ ჩერქეზიშვილის ხელი ერია: გაზეთის ლონდონელი კორესპოდენტი, ედვარდ ბელი, მისი მეგობარი იყო; ბელიმ სატელეგრაფო კაბელის მეშვეობით გადასცა მემორანდუმის ტექსტი, რისთვისაც საკუთარი ჯიბიდან უზარმაზარი თანხა გადაიხადა.
ეტერბურგის პასუხი, ამ ყოველივეზე,  გაიძვერული გამოდგა:  ნიკოლოზ II–მ ოფიციალურად დანიშნა საქართველოს ტახტის მემკვიდრე; მან ასეთად საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ერთ–ერთი შთამომავლის ქვრივი, ელისაბედი გამოაცხადა და დიპლომატიური არხებით აცნობა ევროპის სახელმწიფოებს. საქართველოში ეს ამბავი საერთოდ არ გახმაურებულა.
მემორანდუმის მარგი ქმედება ამით არ ამოწურულა. 1906 წელს დუშეთის მაზრის ხაზინიდან უზარმაზარი თანხა – 315 00 რუბლი – იქნა გატაცებული. ამ „საუკუნის ექსის“ მონაწილეები, ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები საქმის გახსნის მერე თავს შვეიცარიას აფარებდნენ. რუსეთმა შვეიცარიის მთვრობას მათი გადაცემა მოსთხოვა. ადვოკატებმა საქვეყნოდ ცნობილ ბელგიელ სამართალმცოდნეს, ერნესტ ნისს  (რომელიც – რა გასაკვირია და – ვარალმ ჩერქეზიშვილთან მეგობრობდა) მიმართეს შეკითხვით. სასამართლომ ნისისგან შემდეგი შინაარსის განმარტება მიიღო: რუსეთმა საქართველოსთან დადებული 1783 წლის ხელშეკრულება დაარღვია და უკანონოდ გაბატონდა ამ ქვეყანაში, რის გამოც საქართველო რუსეთთან კანონიერი ომის მდგომარეობაში იმყოფება და ქართველების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველი ქმედებაც კანონიერია; კერესელიძეების რუსეთისთვის გადაცემა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება, რადგან ისინი არა კრიმინალები, არამედ პოლიტიკური მებრძოლება არიანო. შვეიცარიის სასამართლომ ძმები გაამართლა. ჰააგის კონფერეციის მერე ქართველი ხალხის ბრძოლის სამართლიანობას უკვე საერთაშორისო აღიარება ჰქონდა მოპოვებული, რაც დიდი მიღწევა იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში.
ვარლამ ჩერქეზიშვილის კიდევ ერთი დიდი დამსახურება მშობელი ქვეყნის და ხალხის წინაშე ის არის, რომ 1914 წელს ლივერპულში „ჩაგრულ ხალხთა და ერთა“ კონგრესზე ტირიფონის ველიდან (შიდა ქართლი) ქართული სოფლების აყრის დანაშაულებრივი განზრახვა ამხილა და ამის გამო მაშინ ცარისტულმა ხელისუფლებამ ამ  მზაკვრულ გეგმაზე ხელი აიღო. გულისტკივილით დავძენთ მხოლოდ, რომ საქართელოს ჰარტლენდიდან ქართველების აყრის დაუცხრომელი წყურვილი რუსეთის სახელმწიფომ 2008 წლის აგვისტოს მერე მაინც დაიკმაყოფილა.
როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის თავგამოდებულ მებრძოლს, ეპისკოპოს კირიონს ეპარქია ჩამოართვეს და შორეულ მონასტერში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გამოკეტეს, მას ისევ ვარლამ ჩერქეზიშვილი გამოესარჩლა: ჯერ  ნევინსონს და მარჯორი უორდროპს სთხოვა, გიბრალტარის ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსისთვის ეცნობებინა დევნის შესახებ, მაგრამ აქ არ გაჩერდა და მერე „ქართულ-ინგლისური კომიტეტის“ თავმჯდომარეს, მორისს სთხოვა, კენტერბერიის არქიეპისკოპოსთვის მიემართა შუამდგომლობისათვის. არქიეპისკოპოსმა რუსეთის სინოდს მისწერა. კირიონი გაათავისუფლეს.
გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრებს მიაჩნდათ, რომ ყველა საშუალებით და მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელშიც უნდა ებრძოლათ ტირანიის წინააღმდეგ. 1905 წლის რევოლუციის დღეებში  ფედერალისტმა გიორგი დეკანოზიშვილმა იარაღის დიდი პარტია შემოიტანა საქართველოში. ამ საქმეში ფული შვეიცარიაში მყოფმა ქართველმა კომერსანტმა, ზუბალაშვილმა  გაიღო[9] –  60 000 ფრანკი. საქმეში საფრანგეთში იაპონიის სამხედრო ატაშეც იყო გარეული. ალექსანდრე ჯაბადარის ცნობით “პარიზში იაპონიის წარმომადგენელთან მოლაპარაკებაში ვარლამ ჩერქეზიშვილიც შველოდა ფედერალისტებს”[10]. იარაღის საქართველოში ჩამოსატანად ჰოლანდიაში გემის შეძენა გახდა საჭირო. გემი იაპონური ფულით შეიძინეს და აქაც ფედერალისტებს ჩერქეზიშვილი და ქრისტიან კორნელისონი (ჰოლანდიელი ანარქისტი,  ჩერქეზიშვილის მეგობარი და მისი მეუღლის ნათესავი) დაეხმარათ.
საქართველოში ჩამოსვლის მერე ჩერქეზიშვილის მთელი ყურადღება ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დაეთმო: კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა კონფერენციებზე, მიტინგებზე, თანამშრომლობდა ლეგალურად გამომავალ  ანარქისტულ გაზეთებთან – „მუშა“, „ნობათი“,  „ხმა“, იყო მათი რედაქციის წევრი; აქვეყნებდა სოციალ–დემოკრატების კრიტიკის შემცველ პატრიოტულ სტატიებს; თავადაზნაურობას მოუწოდებდა ცარისთვის ქართულ ენაზე სწავლა მოეთხოვათ და თან განუმარტავდა: მოთხოვნის გამო არავინ დაგსჯით, – გასაგებია, რომ არც მოთხოვნას შეგისრულებენ, მაგრამ ხალხში ადმინისტრაციისადმი უკმაყოფილების გრძნობა გაღვივდება, რასაც მერე ბოიკოტის მიზნით გამოიყენებთო.  “არც მეფისნაცვალთან და არც ჩინოვნიკებთან ქართველებმა არ უნდა იარონ, რუსულ სასამართლოს აღარ უნდა მიმართონ, ეკლესიებში რუსული მღვდელმსახურების დროს აღარ უნდა შევიდნენ, რუსებთან ნაცნობობა უნდა შეწყვიტონ”[11] – ამ შემთხვევაში ის დაუმორჩილებლობის, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევის იდეას ავითარებდა. 
ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების მერე, ვ. ჩერეზიშვილმა ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოსთხოვა. მენშევიკებს დამოუკიდებლობის გამოცხადება არაფრად ეპიტნავებოდათ და არც აპირებდნენ ამის გაკეთებას; აკი დამოუკიდებლობის მოთხოვნას, საიმდროოდ, ფედერალისტების პარტიაც არ აყენებდა. ასე რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი და ეროვნულ–დემოკრატები პირველები იყვნენ, ვინც დამოუკიდებლობის მოთხოვნა წამოწიეს.[12]
 გრიგოლ რობაქიძის მიერ „წმინდა შეშლილად“ და „კარდუს დონ კიხოტად“ მონათლული ანარქისტი და პატრიოტი 75 წლის მოხუცი იყო, როცა რუსული ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრების დასახმარებლად, კოჯრის აღმართებზე შაშხანით ხელში მიმავალი შენიშნეს თვითმხილველებმა;  მარტო – თანმხლები პირების გარეშე მიდიოდა!!!…
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა მძიმედ განიცადა. დანებებით მაინც არ დანებდა, თავი ისევ ლონდონს შეაფარა, სადაც 1925 წელს  18 აგვისტოს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[1] ენდრიუ ჰეივუდი  –  „პოლიტიკურ იდეოლოგიები“– გვ. 218. თბ. 2005.
[2] დ. შველიძე – “აი, ვინ იყო ქართველნო, ვარალმ ჩერქეზიშვილი” თბ. 2001. გვ. 51.
[2] იქევ –103.
[2] იქვე – 93.
[3]  იქვე – 89.
[4]  იქვე – 145.
[5]  იქვე – 148-149.
[6]  იქვე – 150.
[7] იქვე – 169.
[8] Петр Рябов – “ Мыслитель-анархист Варлаам Черкезов: «наука человечности» против «науки партии»” http://bakunista.nadir.org/index.php?option=com_content&task=view&id=305&Itemid)
[9]  ”ვარალმ ჩრქეზიშვილის ინგლისური დღიურები” -  თბ. 2010. გვ. 5.
[10] დ. შველიძე – დასახელებული ნაშრომი  – 242.
[11] იქვე –  273.
[12] “ვარალამ ჩერქეზიშვილი ერთ-ერთი ქართევლი პოლიტიკოსთაგანი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დამოუკიდებლობის გამოცხადება აუცილებლობად სცნო.“ იქვე – გვ. 273.

No comments:

Post a Comment