June 13, 2011

ქართველი ექიმი აფხაზთა სიცოცხლის გადასარჩენად...




"საქართველო უაფხაზეთოდ არაფრად მიღირს და არც აფხაზეთი მინდა აფხაზების გარეშე"

ძალად ტრანსფუზიოლოგი, 10 ნომერი და შეფერებული მადლობა


ეს წერილი ახლახან აფხაზეთიდან მივიღეთ. აფხაზი ქალი გვწერს: "მინდა ეს ამბავი საქართველოს პრეზიდენტის ყურამდე მივიდეს. ცოტა ხნის წინ შვილი შემეძინა. ახალშობილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და რომ არა ქართველი ექიმი ოთარ მარშავა, ჩემს შვილს სიცოცხლე არ ეწერა. სწორედ მან მოახერხა ჩემი შვილისთვის დიაგნოზის დასმა და ერთ დღეში მისი ქუთაისის საავადმყოფოში გადმოყვანა. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად ოთარ მარშავას მიმართ. მან მრავალ აფხაზს აჩუქა სიცოცხლე... ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ქართველები ჩვენი მტრები არ არიან"....
ჯერ კიდევ 2007 წელს მითხრეს, - ერთი ქართველი ექიმი აფხაზების სიცოცხლის გადასარჩენად აფხაზეთში დადის და უანგაროდ აკეთებს ურთულეს ოპერაციებსო. ვიფიქრე, ალბათ მორიგი ზღაპარია-მეთქი. გამიკვირდა კიდეც, რა რჯის ქართველ ექიმს, აფხაზების სიცოცხლის გადასარჩენად რომ იბრძვის, ნეტავ ამით რის მიღწევას ცდილობს-მეთქი. კითხვა-კითხვით მივაგენი ექიმ ოთარ მარშავას. სწორედ იმ დღეს ისევ აფხაზეთში მიემგზავრებოდა, ისევ აფხაზის  სიცოცხლის გადასარჩენად.

- არ მიყვარს ჟურნალისტები, - მომახალა ექიმმა...
- არც მე ვგიჟდები ქირურგებზე, - უკან არ დავიხიე, მაგრამ აფხაზეთში უნდა წამიყვანოთ.
- გუნდში ექიმი ტრანსფუზიოლოგი (სისხლის გადასხმის სპეციალისტი) მჭირდება, რთული შემთხვევაა და... თქვენ ტრანსფუზიოლოგი ხართ?
 - ტრანსფუზიოლოგიას ახლა ვეუფლები და პრაქტიკისათვის საუკეთესო შემთხვევაა, - მივუგე ხუმრობით.

ენგურის ხიდი დაახლოებით 3 საათისთვის გადავკვეთეთ. ექიმების გუნდს ოთარ მარშავა ხელმძღვანელობს. გუნდის წევრებს ვერ გაუგიათ, რა ჯანდაბად სჭირდება გამოცდილ პროფესორს "ცხვირმოუხოცავი" (გავიგონე, ერთი-ორჯერ ასე შემამკეს "კოლეგებმა") ტრანსფუზიოლოგი. ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეები გვაჩერებენ, - აფხაზეთში არ შეგიშვებთო.

- თქვენ მიბრძანდით, - მიმართეს ოთარ მარშავას, - გალში ხართ დაბადებული, ესენი კი უკან უნდა დაბრუნდნენ.
ამასობაში შავი ჯიპი გვიახლოვდება. იქიდან აფხაზი პოლკოვნიკი გადმოდის:
- ჩვენს ღმერთს, ოთარს სალამი!.. როგორ ხარ, ძმაო?.. გახსენით შლაგბაუმი...

ასე მოვხვდი აფხაზეთში 2007 წელს ექიმ ოთარ მარშავას სამედიცინო გუნდთან ერთად. ოპერაცია აგუძერის საავადმყოფოში უნდა გაკეთდეს. ურთულესი შემთხვევაა. ვნერვიულობ, რადგან საოპერაციოში არასოდეს ვყოფილვარ.
პაციენტი მთხოვს, წმინდა მარიამის ხატი თავქვეშ ამოვუდო, როცა საოპერაციოში გაიყვანენ...
ის აფხაზია, მაგრამ მტრად მისი აღქმა არ შემიძლია - ახლა ის ჩემთვის უმწეო, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანია და უკვე სულერთია, რა ეროვნებისაა. ვნერვიულობ და ვლოცულობ.

ოპერაცია იწყება...

ოთარ მარშავა, პროფესორი: - აფხაზეთიდან ვარ, გალელი. ჩემი მიწა-წყალი ის არის, სხვა სამშობლო არ გამაჩნია. ომის შემდეგ გალში გადასვლა პირველად 1995 წელს გადავწყვიტე. გადასვლა და ჩემი დაჭერა ერთი იყო. აფხაზი მეომრები იყვნენ. აქ რა გინდა, რას დაეხეტებიო. რას ჰქვია, რას დავეხეტები!.. ჩემს მიწაზე სიარულს თქვენ ვერ ამიკრძალავთ, თანაც აქ მშობლები მყავს, ნათესავები, მათ  სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მე კი ექიმი ვარ-მეთქი. დამატყვევეს და წინ გამიგდეს, - თუU ვერ აგიკრძალავთ, გაჩვენებთო. სოფელ-სოფელ მატარეს. ამ ხეტიალში გზად სამი კაცი შემოგვხვდა - ექიმი სჭირდებოდათ. დაჭრილი ჰყოლიათ.

თუ ექიმი ხართ, ახლავე შეგამოწმებთო, - მითხრეს. ერთ-ერთ სოფელში მიმიყვანეს.  დაჭრილს ტყვია შარდის ბუშტში ჰქონდა მოხვედრილი. ის იყო პირველი ოპერაცია, რომელიც 1995 წელს აფხაზეთში გავაკეთე. მეომრებმა ოპერაციის შემდეგ ენგურის ხიდთან დამაბრუნეს და სასტიკად გამაფრთხილეს, მეორედ აქ გადმოსვლა აღარ გაბედო, თორემ ცოცხალს აღარ დაგტოვებთო. მეორედაც გავბედე. მეორედაც დამიჭირეს... ამჯერად აფხაზურ მილიციაში მიმიყვანეს.

გაუკვირდათ, - ხომ გაგაფრთხილეთ, არ გაბედო გადმოსვლა, ახლა რა გიყოთო? რაც გინდათ, ის მიყავით. აქ მყავს ოჯახი. ცოცხალს აქ სიარულს ვერ დამიშლით-მეთქი. ჯანდაბას შენი თავიო, - მითხრა ჩინიანმა მილიციელმა, - მაშინ ხიდით იარეო... ასე დავიწყე ხიდით სიარული აფხაზეთში. ხიდზე რომ გადავიდოდი, მილიციის უფროსთან ვრეკავდი. ის გასცემდა განკარგულებას, რომ აფხაზეთში შევეშვი. ოპერაციების გაკეთების უფლება თავდაპირველად მხოლოდ ქართველი პაციენტებისთვის მომცეს. ხშირად ისე ვაკეთებდი ოპერაციას, საჭირო ინსტრუმენტიც არ მქონდა.

გალის რაიონული საავადმყოფო გაპარტახებული იყო. როგორღაც მოვახერხე ოპერაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების შეგროვება. მალე  ენგურისპირა სოფლებში შეტაკება მოხდა ქართველ პარტიზანებსა და აფხაზებს შორის. რამდენიმე აფხაზი მეომარი დაიჭრა. იძულებული გახდნენ, ჩემთვის ეთხოვათ მათი გადარჩენა. ამ შემთხვევის შემდეგ ნება დამრთეს, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვისაც მემკურნალა.

1998 წლის მოვლენების შემდეგ აფხაზებმა შეზღუდვები ისევ დააწესეს, მაგრამ წლის ბოლოს შემომითვალეს, - ჩამოდიო. 1999 წელს 8-ჯერ წავედი აფხაზეთში ოპერაციების გასაკეთებლად.

- ოპერაციებს ვინ აფინანსებდა, საქართველოს ხელისუფლება?
- წინა ხელისუფლებისაგან არათუ დაფინანსება, დაინტერსებაც არ ყოფილა, არც იმას მეკითხებოდნენ, სად დავდიოდი და როგორ. წამლებს, საჭირო მასალას ზოგჯერ საკუთარი ფულით ვყიდულობდი, ზოგჯერ აფთიაქების დირექტორები მეხმარებოდნენ.

- ბევრისთვის გაუგებარი იქნება, რატომ აკეთებდით ამას?
- ომი უბედურებაა, მაგრამ დაპირისპირება პირველად ქართველებსა და აფხაზებს შორის არ მომხდარა. საქართველო უაფხაზეთოდ არაფრად მიღირს და არც აფხაზეთი მინდა აფხაზების გარეშე. ამას ყოველთვის პირში ვეუბნები აფხაზებს. დამიჯერეს, ეტყობა, რადგან არ არსებობს დღესასწაული, რომ აფხაზეთის მიწა-წყალზე არ დავდგა ფეხი. ერთხელ  ვერ მოვახერხე გადასვლა. შობა იყო... ამიტომ ენგური გადავცურე, გაყინულმა აფხაზეთის მიწას დავადგი ფეხი და უკან გამოვცურე...

...ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა. პროფესორ ოთარ მარშავას აფხაზი ასისტენტი გვერდით უდგას და შუბლიდან ოფლს დროდადრო ფრთხილად წმენდს. საოპერაციოში სიტუაციას შორიდან "ვაკონტროლებ" - რაიმე არ გართუUლდეს და ტრანსფუზიოლოგის ჩარევა არ გახდეს საჭირო. მოულოდნელად აფხაზი ექთანი მომიბრუნდა - ათი ნომერი, თუ შეიძლებაო...

ღმერთო, მიშველე, რა ჯანდაბაა ათი ნომერი? ოპერაცია მთავრდება და, სავარაუდოდ, გასაკერად ემზადებიან, ალბათ ნემსი უნდა იყოს, მაგრამ ათი ნომერი რომელია?

- ექიმს თავი დაანებეთ, თავად ააგეთ ძაფი, - ბრძანა პროფესორმა...
ოპერაცია დამთავრდა. კიდევ ერთ აფხაზს აჩუქა სიცოცხ ლე ქართველმა ექიმმა. საოპერაციოს კართან პაციენტის ოჯახის წევრები გველოდებიან. დაძაბულობისაგან გადაღლილი კარს ვაღებ...

- ექიმო, როგორაა ჩემი შვილი?
- ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - მე მერგო მახარობლის როლი.  მოხუცი აფხაზი მამაკაცი მიახლოვდება, ჩემს ხელს გულში იხუტებს - თქვენს ხელებს ვენაცვალე, ექიმო...
ცოტა არ იყოს, მრცხვენია, რომ ოთარ მარშავასთვის სათქმელ მადლობას ვიფერებ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ტრანსფუზიოლოგი ვარ, ბოლოს და ბოლოს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
 ხათუნა პაიჭაძე

No comments:

Post a Comment