September 30, 2012

ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.

მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.