თამაზ ნატროშვილი
ლიტერატურული საქართველო, 5 თებერვალი, 1988


ქართველი ხალხის მეხსიერებაში სამარადისოდ აღბეჭდილია ტრაგიკული ლეგენდა სვეტიცხოველის ტაძრის ხუროთმოძღვარზე.
“ხეკორძულას წყალი მისვავს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია”, _ გვამცნობს ხალხური ლექსი. როგორც ფიქრობენ, ამ ლექსის შექმნას ბიძგი მისცა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეზე გამოქანდაკებულმა ადამიანის ხელმა, რომელსაც უჭირავს გონიო _ სიმბოლო ხუროთმოძღვრისა.
მაგრამ არაა აუცილებელი, რომ ხელის გამოსახულება მოკვეთილ მარჯვენას გულისხმობდეს. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ტაძრის კედელზე ხელის გამოსახვის ჩვეულება იცის ჩვენმა წარსულმა და სვეტიცხოვლის გარდა სხვა ქართულ ტაძართა კედლებზეც გვხვდება მსგავსი გამოსახულება.
ლეგენდა კი გადმოქვცემს, რომ ცვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი მცხეთაში აგებულია ერთი გეგმით, პირველი _ შეგირდის მიერ, მეორე _ ოსტატის მიერ. ტაძარი უკეთესი გამომდგარა, ვიდრე მონასტერი და შურით აღვსილ უცხოელ ოსტატს თავისი შეგირდისათვის მარჯვენა მოუკვეთია. ამ ლეგენდას ერთგვარად ეხმიანება ტაძრის კედელზე გამოსახული რელიეფი, სადაც ვხედავთ ქართულ ჩოხაში გამოწყობილ მომღიმარ ახალგაზრდას და მის გვერდით _ დანაღვლიანებულ კაცს, უცხოური სამოსელი რომ აცვია და თითქოს სპარსელს წააგავს.