March 14, 2011

ყმა სიმართლისა





თამაზ ნატროშვილი


ისტორიული პროზის გამოჩენილი ოსტატი ლიონ ფოიხტვანგერი აღნიშნავს, რომ ისტორიული რომანების ავტორისა და მეცნიერ ისტორიკოსს შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორც კომპოზიტორსა და აკუსტიკის საკითხებზე მომუშავე მკვლევარს შორის.
გერმანელი მწერალი გულახდილად აღიარებს, რომ არასოდეს აწუხებდა, თუ რამდენად შეესაბამება მისი მონათხრობი ამბები ისტორიას. უფრო მეტიც _ იგი ხშირად ცვლიდა სიტორიულ სინამდვილეს, დოკუმენტური სიზუსტით რომ იცოდა, თუკი ეს სინამდვილე ეწინააღმდეგებოდა მისეულ ილუზიურ სინამდვილეს. ლ. ფოიხტვანგერის აზრით, ისტორიული რომანების ავტორს, მეცნიერების საპირისპიროდ, სრული უფლება აქვს, რომ ილუზიის ხელშემწყობი “სიცრუე” ამჯობინოს ილუზიის დამანგრეველ სინამდვილეს. გერმანელი მწერალი იმოწმებს ჰომეროსსა და ბიბლიის შემოქმედებს, შექსპირსა და ისტორიულ თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა სხვა მრავალ ავტორს, ჩვენი დროის მწერალთა ჩათვლით, რომლებიც ძალზე ლიღად ეკიდებოდნენ ისტორიულ სინამდვილეს. გამარჯვებულთ არ განიკითხავენო, შენიშნავს ლ. ფოიხტვანგერი და ასკვნის, რომ მხატრული სიტყვის მსახურთა მიერ შეთხზული ლეგენდები, დრამები, რომანები, გამოგონილი ადამიანები და გამოგონილი საქმენი, მათი არსებობის “სიცრუე,” მეტწილად, უფრო სიცოცხლისუნარიანი გამომდგარა, ვიდრე სწავლულთა მიერ კრიტიკულად შესწავლილი მასალის საფეძველზე დადგენილი და ზედმიწევნით ზუსტად აღნუსხული ფაქტები.
ამ პარადოქსულ მსჯელობას, რა თქმა უნდა, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ მასში სიმართლის გარკვეული დოზა აშკარად შეინიშნება. ლ. ფოიხტვანგერი უტრირებული სახით წარმოგვიდგენს მწერალსა და მეცნიერს შორის არსებულ სხვაობას. მართლაც, ისტორიის მკვლევარი მკაცრი არტახებით არის შებოჭილი და მისი ასპარეზი შედარებით ვიწროა. მან ანგარიში უნდა გაუწიოს, უპირველეს ყოვლისა, ასტორიულ სინამდვილეს, რომელიც არხში მოწცეულ წყალს წააგავს, ხოლო მწერალს ვერავინ დაუშლის იდუმალ ხმებსაც მიუგდოს ყური, მთის მდინარესავით აბორგებულ თხრობას გაჰყვეს, კალაპოტიდანაც ამოვარდეს და ნაპირები წალეკოს. მკვლევარს შეიძლება ვუწოდოთ მონა ისტორიული სინამდვილისა, მწერალს კი - ბატონი. მკვლევარმა უნდა მიაგნოს ჭეშმარიტებას და ადვილი დასაშვებია, რომ არც გაიზიარონ მისი მსჯელობა და დასკვნები; მწერალმა უნდა გამოიგონოს ჭეშმარიტება და მკითხველის დარწმუნება უკვე მის ნიჭზეა დამოკიდებული. ვერავინ შეედავება, ვერავინ წამოუყენებს მეორე სიმართლეს. მისი სიმართლე, ფრთაშესხმული მოქმედებითი ფანტაზიით ერთადერთია და სრულყოფილი. ცნობილი გამოთქმა _ ეს არ მომხდარა, მაგრამ შეიძლება მომხდარიყო, - სწორედ ამ შემთხვევაში ავლენს ძალმოსილების ეფექტს. 
დიახ, მწერალი ქმნის თავის ისტორიას, თავის სამყაროს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრებაა. და როდესაც მწერალს დიდოსტატის ნიჭი მოსდგამს, მკითხველიც იოლად ემორჩილება მას, მხატვრულ სინამდვილეს აღიქვამს ჭეშმარიტ ისტორიად და ათასი აღიარებული მეცნიერიც ვეღარ გადაარწმუნებს.
ლ. ფოიხტვანგერის პარადოქსს თავისებურად ეხმიანება ლევან გოთუას მოთხრობა “უგზო ქარავანი”, რომელსაც ალექსანდრე ქუთათელმა ქართული პროზის შედევრი უწოდა.
მკითხველთა ფართო წრისათვის ლევან გოთუა უფრო ცნობილია თავისი ტეტრალოგიით “გმირთა ვარამი”. ოთარ ჩხეიძის სიტყვით, “გმირთა ვარამი” რომ გამოქვეყნდა, ლევან გოთუაზე უფრო პიპულარული მწერალი სხვა აღარავინ იყო საქართველოში; ყველას გაუსწრო, ყველას წააჭარბაო.
“უგზო ქარავანი’ “ პატარა მოთხრობაა და პაწია კენჭს მოგვაგონებს “გმირთა ვარამის” ვეება ლოდების ფონზე, მაგრამ თავისი არსებობის აუცილებლობით, თავისი მომხიბლაობით კენჭიც ხომ ბუნების ორგანული და დამამშვენებელი ნაწილია. (დასახელებული მოთხრობა, როგორც გვუწყებს ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, დაწერილია 1945 წელს, მაგრამ, თუ არ ვცდები, პირველად დაიბეჭდა მხოლოდ 1957 წელს, ლევან გოთუას მოთხრობის კრებულში).
მეორე მსოფლიო ომის წლებში, გასაგებ გარემოებათა გამო, ისტორიულმა თემატიკამ იმძლავრა ჩვენს მწერლობაში.წინაპართა უჭკნობ დიდებას უნდა გაემხნევებინა ხალხი სისხლისმღვრელ ბრძოლებში გასამარჯვებლად, კიდევ უფრო აემაღლებინა პატრიოტიზმის წმინდათაწმინდა გრძნობა. ისტორიკოსებიც, რასაკვირველია, აქტიურად იყვნენ ჩაბმული ამ პროცესში. მათი სტატიები და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები ასახავდა ყველაზე დიდებულ ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან, ყველაზე თავდადებულ მოღვაწეთა დაუვიწყარ ღვაწლსა და გულადობას.
თითქმის ერთდროულად გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის “გიორგი სააკაძია აღსასრული” (მნათობი, 1942, #5) და სერგი ჯიქიას “ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში” (ენიმკის მოამბე, ტ. XIII, 1943). 
სარგის კაკაბაძე თურქი ისტორიკოსის მუსტაფა ნაიმას ცნობებს (არამ საფრასტიანის თარგმანის მიხედვით) უდარებს ქართულ წყაროებში შემონახულ ინფორმაციას და საყურადღებო დასკვნებიც გამოაქვს. კერძოდ, მიუთითებს, რომ ხუსრევ-ფაშა, რომელმაც მოაკვლევინა გიორგი სააკაძე, არ ყოფილა ოსმალეთის ხონთქრის სიძე. მაგრამ მკვლევარს ქართული წყაროების ვერსიაში დასაშვებად მიაჩნია, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს ორი ფაქტი: გიორგი სააკაძეს არზრუმის ალყის დროს დიდად გამოუჩენია თავი და ხუსრევ-ფაშას მტრები სტამბოლში ცდილობდნენ მისი უნიჭობისათვია დაეპირისპირებინათ მოურავის სამხედრო წარმატებანი. ასეთ ვითარებაში სავსებით შესაძლებელია, რომ ხუსრევ-ფაშა გამსჭვალულიყო შურით ქართველი მოურავისადმი და მტრობა ჩაედო გულში, რამაც თავისი ნაყოფი მოიტანა. დიდვეზირი ეძებდა საბაბს გიორგი სააკაძის დასაღუპავად და იპოვა კიდეც, როცა, ნაიმას სიტყვით, მოურავის ამალის რამდენიმე წევრმა უმსგავსო საქციელი ჩაიდინა.
სერგი ჯიქიას პუბლიკაციაში დაზუსტებულია ნაიმას ზოგიერთი ცნობის თარგმანი, რომელიც არასწორად იყო მოტანილი სარგის კაკაბაძის სტატიაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნულ პუბლიკაციას თან ახლდა სარედაქციო შენიშვნა, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: “ამ ცნობის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რედაქციას საჭიროდ მიაჩნია განსაკუთრებით აღნიშნოს ფართო მკითხველი საზოგადოების საყურადღებოდ (სპეციალისტებს ასეთი რამ თვით უკეთ მოეხსენებათ): ისტორიული მეცნიერება მოვალეა ყოველგვარი ისტორიული ცნობა ამა თუ იმ მოვლენის შესახებ გამოავლინოს და შეუფერავად გამოაქვეყნოს. თითოეული ცნობა მეცნიერული ცოდნის მასალაა. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველგვარი ცნობა თანაბარი ნდობის ღირსია, თანაბრად მართალია. ჩვენი ისტორიული მეცნიერება ყველა ამ ცნობათა მარქსისტულ-კრიტიკული შესწავლით დაადგენს ხოლმე ერთადერთ ჭეშმარიტს, რომელიც, შესაძლებელია, არც ერთ ამ წყაროთაგანს მთლიანად არ ემთხვეოდეს. ცნობები გ. სააკაძის შესახებ მრავალნაირი მოიპოვება უცხოურსა თუ ქართულ მწერლობაში. ზეპირსიტყვაობაში. ეს ცნობები ხშირად ერთი-მეორის საწინააღმდეგო ხასიათისაა, ზოგი უფრო, ზოგი ნაკლებად სანდოა. მაგრამ ამ დიდი ისტორიული პიროვნების შესახებ მეცნიერული ცოდნის დასადგენად ყველა ისინი, როგორც მასალა, საჭიროა”. 
ცოტა არ იყოს, გაუგებარია ამგვარი შენიშვნის გაჩენა სამეცნიერო ორგანოში, რომელიც ფართო მკითხველი საზოგადოების ყურადღებით მაინცდამაინც არ იქნებოდა განებივრებული. მუსტაფა ნაიმას ინფორმაციას რატომ უნდა გამოეწვია შეშფოთებული გაფრთხილება? 
თურქი ისტორიკოსი წერს: “მოურავი ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევისღონე იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საქმეებში უმეცარი და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და ძალმომრეობისადმი”. 
შემდეგ გადმოცემულია კონიის ბეგლარბეგად დანიშნული გიორგი სააკაძის თავგადასავალი. იქაურ მცხოვრებლებს უჩივლიათ დიდვეზირ ხუსრევ-ფაშასთან და მოუხსენსბიათ ქართველთაგან ჩადენილი უწესობანი (ქონების დატაცება, ქალების მოტაცება და სხვ. ); ნაიმას მიხედვით, “მართლაც, ბევრი უსამართლობა და სიავე, რომელზედაც ხმები დადიოდა, დადასტურდა. მოურავს შეეშინდა და გაიქცა”. ავტორი იქვე დასძენს, რომ მეგობრებმა უთხრეს მოურავს, ხუსრევ-ფაშა მოსისხარი ვეზირია და შეიძლება გაგიმეტოსო. წააქეზეს გაქცეულიყო. მალათიისაკენ გაემართა. ანატოლიის ბეგლარბეგი-ზორფაშა, რომელსაც დაევალა მოურავის დაჭერა, მყისვე უკან დაედევნა და შეუთვალა, რომ გაქცევით საქმეს არაფერი ეშველებოდა და არც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა აზრი. მოურავი დაემორჩილაო. თავის ხელქვეითებთან ერთად, შებორკილი ჩაიყვანეს ალეპოში და 1629 წლის 3 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს.
ძალზე საგულისხმოა ნაიმას დასკვნა: “ხუსრევ-ფაშა სისხლისმოყვარული და მუხანათი კაცი იყო. მხოლოდ და მხოლიდ იმიტომ, რომ სისხლის დაღვრა ეწადა, მან ხონთქრისათვის შეუტყობინებლად, ვითომდა მოურავი საქართველოში წავაო, მუჰკლა ასეთი გმირი მოხუცი, რომელსაც ეგოდენ დიდი დამსახურება ჰქონდა, რომელმაც თავისი მცდარი სჯული უარჰყო და მაჰმადიანობა მიიღო. ასეთი ღონისძიებით ხუსრევ-ფაშამ სპარსეთის შაჰს შური აძიებინა მოურავზე”. 
სარედაქციო შენიშვნა, ვფიქრობ, თვითდაზღვევის სურვილით იყო ნაკარნახევი.
როგორც ჩანს, იმ ხანებში შექმნილ ვითარებაში დღის სინათლეს ვერ იხილავდა იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს “იმფორმაცია საქართველოს შესახებ”, რომლის ქართული თარგმანი ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “ივერიის” ფურცლებზე. ვინც იცნობს ამ თხზულებას, ალბათ, დამეთანხმება, რომ დიდი მოურავის პორტრეტი გაცილებით მუქი ფერებით არის დახატული და, რაც მთავარია, იქ საქართველოს ამბებია მოთხრობილი და არა – ოსმალეთისა.
ახლა პირველსავე სიტყვას მოვიდეთ. 
ლევან გოთუა რომ იცნობდა ზემოხსეხებულ პუბლიკაციებს, ამას თვალნათლივ ადასტურებს მისი მოთხრობის ქსოვილში შეჭრილი ფაქტები, რომლებიც ასახულია მხოლოდ და მხოლოდ თურქულ წყაროში. შეინიშნება ზოგიერთი დეტალის უეჭველი დამთხვევა. ასე მაგალითად, ნაიმას ცნობით, ზორ-ფაშა მოურავს დაედევნა მუჰარემის თვის რვაში (ანუ 28 აგვისტოს), ხოლო “უგზო ქარავანში” ვკითხულობთ, რომ კონიიდან მოურავის გაქცევისას “მარიამობისთვის დამლევი იყო, თურქულად_მუჰარემის თვე”.
სავსებით ბუნებრივია რომ გიორგი სააკაძის პიროვნებით დაინტერესებულ მწერალს არ გამორჩებოდა ახალი საისტორიო მასალები, ანდა ვინ იცის, ეგებ სწორედ “მნათობისა” და “ენიმლის მოამბის” პუბლიკაციებმა მისცა ბიძგი მისი მოთხრობის დაბადებას.
აეწერა დიდი მოურავის ტრაგიკული ცხოვრების უკანასკნელი ეპიზოდი, ყველაზე მწარე და გარდუვალი, სადაც მწერალს ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ ამოეცნო და გაეაზრებინა, თუ რა ხდებოდა სახელოვანი გმირის სულში იმ დროს, როდესაც ადამიანი, მოსალოდნელი აღსასრულის წინაშე, ერთგვარად აჯამებს განვლილ გზას-ამ მიზნით იყო შტაგონებული ლევან გოთუას ჩანაფიქრი.
მწერლის ყურადღება მიიპყრო აგრეთვე ერთმა ძალზე საინტერესო ამბავმა, რომელსაც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: მოურავის მხლებელს, სახელად გორგასალს, სიკვდილმისჯილი შვილის გადასარჩენათ ქრთამი მიუცია ოსმალო იასაულისათვის და უთხოვია, შვილს თუ მომიკლავ მაგის ნაცვლად მე მომკალიო, ჩემი თავი ანგარიშში ჩაგეთვლებაო. იასაულს შეუსრულებია გორგასალის თხოვნა და სიკვდილს გადარჩენილი ბეჟანი დაბრუნებულა საქართველოში.
ამგვარად ისტორიულმა მასალამ ლევან გოთუას გადაუშალა ვრცელი ასპარეზი, სადაც თავისუფლად შეეძლო თავისი მხატვრული ნიჭის გაქანება. მასალამ თითქოს უკარნახა ჩანასახი იმ მოთხრობისა, რომელიც შემოქმედებითი ფანტაზიისა და ისტორიული სინამდვილის შერწყმის შედეგად უნდა ფაჩენილიყო. 
ვიოლეტა ცისკარიძე თავის ნაშრომში “ლევან გოთუას ისტორიული პროზა” კარგად გვიჩვენებს მწერლის შემოქმედებითი მეთოდის მართებულ გეზს. გვიჩვენებს, თუ როგორი გულისყურით მუშაობდა მწერალი რთულ ისტორიულ თემაზე. “გმირთა ვარამის” ერთ-ერთ ეპიზოდში უნდა გადაეწყვიტა, საინტერესო წყაროებში შემონახული სამი ვერსიიდან რომელია ყველაზე უფრო ლოგიკური და დამაჯერებელი. ლევან გოთუა ჯერ გვევლინება მკვლევარის როლში, რასაც წარმატებით ართმევს თავს. მერე, როგორც მწერალს, თამამად შეაქვს მცირეოდენი კორექტივი ყველაზე სანდო ინფორმაციაში. მხატვრული გარდასახვა სრულიადაც არ ამახინჯებს ისტორიულ სინამდვილეს, ვინაიდან შეესიტყვება კონკრეტულ ვითარებას და პერსონაჟთAბუნებას. მწერლისა და ისტორიკოსის შრომის დახვეწილი, ყოველმხრივ გააზრებული შეთავსება-შეზავება უცილობლად ამჟღავნებს ლევან გოთუას შემოქმედებითი აზროვნების ძალასა და სიმართლეს.
რაც შეეხება “უგზო ქარავანს”, მწერალი რომ დაკმაყოფილებულიყო ნაიმას მონათხრობით და აემეტყველებინა “ქართლის ცხოვრებაში” გადმოცემული ეპიზოდიც, განა თავისთავად მშვენიერი მოთხრობა არ დაიწერებოდა მაგრამ საისტორიო წყაროში აღწერილი მოვლენების გადამღერება, თუნდაც მაღალ დონეზე, წააგავს გაკვეთილის დაზუთხვას და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას.მწერალს კი ევალება, რომ საისტორიო წყაროს საფუძველზე შექმნას ახალი სამყარო, რელურ ფაქტებზე დაყრდნობით გმირის ფიქრებიც ამოიცნოს და გაგვაცნოს. ერთი სიტყვით, საკუთარი დამოკიდებულება აისხას იარაღად, დოკუმენტური მასალა ნაპერწკალივით ისესხოს შემოქმედებით ცეცხლის გასაჩაღებლად.
ლევან გოთუა ჭეშმარიტი მწერალი იყო და საისტორიო წყაროში მოთხრობილი მისთვის მხოლოდ თიხას ნიშნავდა, საიდანაც უნდა გამოექანდაკებინა სკულპტურა, ოღონდ სხვა კომპონენტებიც მოეხმო. მწერალს არ სურდა ისტორიული სინამდვილი ტყვეობა, მიისწრაფოდა რომ გამხდარიყო მისი ბატონი და თავისი მრწამსის, სულისკვეთებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ელემენტებით გაერღვია ერთხელ უკვე შექმნილი სამყაროს ჩარჩოები, რათა დაეხატა მხატვრული სინამდვილის ზუსტი სურათი, რომელსაც ძალუძს სული შთაბეროს გარდასულ ჟამთა აცრდილებს.
ლევან გოთუას მიერ პატარა მოთხრობის შექმნა გიორგი სააკაძეს შესახებ, ცხადია, საკმაოდ თამამ ნაბიჯად გამოიყურება. მოგეხსენებათ, დიდი მოურავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. მისი მშფოთვარე ცხოვრება სქელტანიან თხზულებებშიც ვერ ეტევა. უკვე რამდენი რამ იყო დეწერილი, თითქოს ყველაფერი ითქვა, მაგრამ მწერალი მაინც მიიზიდა ამ თემამ, მადგანაც თავისი სათქმელი ჰქონდა, ჯერაც უთქმელი და მიჩქმალული. ამავე დროს, მის შთაგონებას, ეტყობა, აწვალებდა ილია ჭავჭავაძის მიერ გამოთქმული გულისტკივილიც, ჩვენს “ქართლის ცხოვრებას” რომ ეხებოდა: ხალხის ისტორია როდია, მეფეთა ისტორია არისო; ხალხი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მოქცეული. და აი, “უგზო ქარავანში” სახელგანთქმულ სარდალს მხარს დაუმშვენებს უბრალო ხალხის ღირსეული წარმომადგენელი. 
სიკვდილის წინ ადამიანი იხსენებს მთელ თავის ცხოვრებას და გაცილებით მკაცრია ჩადენილი შცდომებისა თუ ცოდვების მიმართ. ცხოვრების დინებისას, შესაძლოა, მან თვალი მოუხუჭოს საკუთAრ ბრალს; მითუმეტეს, თუკი დაუსრულებელი ბრძოლით იკაფავს გზას და სულისმიერი გაჩხრეკა ზედმეტ ტვირთად დააწვება. მაგრამ იმ ქვეყნად მიმავალი ულმობელი მზერით აფასებს ამქვეყნიურ ამაოებას.
“ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა”...
ცოდვათა აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, უცხო ხილი არ ყოფილა ძველ ქართულ მწერლობაში, რომელსაც არასოდეს ავიწყდებოდა ქრისტიანული სარწმუნოების იდიალები. საკმარისია ვახსენოთ დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი”. გულწრფელი აღსარება სულიერად განწმენდს ადამიანს, უფლისგან ცოდვათა მიტევებისა შენდობის იმედს უღვივებს (“არ არის ცოდვა ისეთი, წყალობას სძლევდეს უფლისას”,_გვარწმუნებს არჩილ მეფე). ქრისტიანული ზნეობის დაუღალავი მქადაგებელი. სულხან_საბა ორბელიანი ამგვარად მოუწოდებდა მსმენელებს: “აღიარეთ ცოდვანი თქვენნი გამოწვლილვით და ნურარას დაჰფარავთ... განიცადენით საქმენი თქვენნი, მოიკვეთეთ ცოდვანი, იწყეთ სინანული” და იქვე იმოწმებდა ბიბლიური მეფემდავითის ვედრებას: “უფალო, მე ვსცოგე, არა ერმან ამან შენმან, ესე უბრალო არიან, აწ ჩემი არს ცოდვა”.
ლევან გოთუას მოთხრობაში დიდ მოურავს ვხედავთ მისი ერთგული ყმისა და თანამებრძოლის _ გორგასალ ნასყიდაშვილის თვალით, რომელიც მხოლოდ სამ ხატს ფიცულობდა ამქვეყნად: საქართველოს მფარველ ღვთისმშობელს, გიორგი სააკაძესა და თავის შვილს ბეჟანს. მწერლის სიტყვით, გორგასალი მახვილი თვალის პატრონი იყო და მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ის უეცარი და უსიამოვნო მეტამორფოზა, მისმა ბატონმა რომ განიცადა ამ ბოლო დღეემში, როდესაც კვლვ დევნილის ხვედრი ერგო წილად, უცხო ქვეყანაში უცხოელ მდევართაგან ხაფანგში მომწყვდეულს. რამდენი ომი გადაუხდიათ, რამდენჯერ ჩავარდნილან ხიფათსა და გასაჭირში, სამშობლოდან გადახვეწა იქნებოდა თუ ბრძოლაში მარცხი, მაგრამ ასე სასოწარკვეთილი არასოდეს უნახავს გოროზი მოურავი. გორგასალს ყურში ჩაესმის მისი გაბზარული ხმა, რომლითაც სანუკვარ ხვაშიადს უმჟღავნებს: “ეჰ, გორგასალი, ერთი საქართველო მაჩვენა კიდევ და მერმე... თუნდაც...” და სიტყვა ყელიდან ვეღარ ამოსდის. გორგასალის მახვილი თვალი კი ამჩნევს გიორგი სააკაძის მოდუნებულ ვეება ზურგს და ტანის გასწვრივ უძლურად ჩამოშვებულ ვეება ხელებს.
გაბზარული ხმა, მოდუნებული ზურგი და დაუძლურებული ხელები_გორგასლის თვალყურს არცერთი არ გამოჰპარვია და ფიზიკური პორტრეტი სარდლისა მიგვანიშნებს სულიერ დაძაბუნებასაც. გორგასალი გრძნობს რომ აბჯარში უდრეკი მებრძოლი კი აღარ იჯდა, არამედ გათელილი და გზადახშული ტყვე ამ აბჯრისა, რომელსაც მკვდრის მზე უნათებდა უკანასკნელ გზას.
გორგასალს აწუხებს, მხარი ხომ არ გვეცვალაო და მისი უწყინარი დაეჭვწბა სრულიად სხვა სიბრტყეზე გადაინაცვლებს მოურავის პასუხში: “მხარი გვეცვალა?! ვგონებ, ჩვენ დიდი ხანია გვეცვალა მხარი! მთელი სიცოცხლე სწორ მხარს დავეძებდი, სამი რჯული გამოვიცვალე და ბოლოს ყველგან ცოდვილი აღმოვჩნდი. ათ გზას გავყევი და ბოლოს ყველგან მარცხი განვიცადე!.. აი, რა შემრჩა!-და გორგასალს გაუწოდა დამტვერილი და ჭუჭყმოდებული ვეება ხელი”.
მოახლოებული აღსასრულით აფორიაქებულ მოურავს ვეღარ დაუმალავს მწარე გულისნადები. მისი შინაგანი მონოლოგი ვეღარ ეტევა თავის საზღვრებში. მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარი უჭირს, ფიქრს მაინც ხმამაღლა წარმოთქმა ურჩევნია. მსმენელი სჭირდება, ვინმეს უნდა გააგებინოს სატკივარი, ეგებ ანუგეშონ და შეუსწორონ, მაგრამ მისი ერთგული ყმა მორჩილად ისმენს ბატონის აღსარებათა ნაკადს და ჯერჯერობით ვერაფერს ხვდება.
კარავს დაუდგამენ, წყალს მიართმევენ და მომცრო ხალიჩას გაუშლიან_იქნებ ნამაზის შესრულება სწადიაო. გორგასალი პირჯვარს გადიწერს და განზე გადგება. მოურავი ფეხს გაჰკრავს ხალიჩას და თავდაუზოგავად წარმოთქვამს: “ჩემი გაჭედილი ხატი ვერ ვიწამე და სხვისას რარიგად ვიწამებ, მოხუცო?!”, მერე მუზარადს გადაიძრობს, წყლით გაიგრილებს დასიცხულ შუბლს. ხმალი გაებლანდება ფეხებში და ისევ ხმამაღალი სინანული: “ხან წაღმა რომ ვიქნევდი ამ ხმალს და ხან უკუღმა, ან სიბრძნე არ მეყო, ან ზნეობა?”
გორგასალი კვლავ წაუყრუებს ბატონის ნათქვამს და ნეიტრალური ფრაზით კმაყოფილდება: “ღმერთია ჩვენი მფარველი!”
მოურავი კი აღსარების გზას მიჰყვება: “კაცად კაცმა ისე უნდა გავლო სავალი, ბოლოს არსად შეგრცხვეს და თავიდან რომ მოგიხდეს დაწყება, ისევ ის გზა ირჩიო, ისევ ის !”
ორი ქართველი კაცი, განთქმული სარდალი და მისი ერთგული ყმა თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკორენ, თითქოს აღარ ესმით ერთიმეორის ქართული. გორგასალს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით აწუხებს “გზა” და ბატონს ამშვიდებს: ბოლოს ხომ საქართველოსკენ შემოვბრუნდებითო.
მოურავი ისევ ხმამაღლა ფიქრობს: “ჩემი გზა ინდოეთიდან სტამბოლამდე გადასერილია, მაგრამ ვაი თუ მისი ნამჯა და ხვავი ერთ ქართულ კალოსაც არ ეყოს სალეწად!” 
თვითგვემის მომნუსხველ წადილს იმდენად დაუთრგუნავს მოურავის სული, რომ ავის მეტი აღარაფერი ახსენდება თავისი ცხოვრებიდან. გორგასალი ამჯერად უპასუხოდ ტოვებს მის სიტყვებს და საბოლოოდ ხვდება, რომ მოურავი საკუთარ თავს ესაუბრება. ცუდად ჰქონდა დაცდილი ბატონის ამგვარი ჩვევა და ახსენდება გონებაში დაღად დასმული ეპიზოდები წარსულიდან. მაგრამ სინათლეც ხომ ბევრჯერ უხილავთ! ნუთუ დაავიწყდა მოურავს ტაშისკარი, მარტყოფი, მარაბდა-მისი ცხოვრების კაშკაშა ნიშანსვეტები, სადაც გორგასალი “გიორგის დიდი საქმეების გულდაგული მონაწილე იყო”. არა, არ დავიწყებია და ისევ აღმოხეთქავს გულისტკივილი: “ერთხელ უკუღმა მოქნეულ ხმალს-ათჯერ წაღმა მოქნეული ხმალი ვეღარ გამოაბრუნებს. მე მარჯვენა მიჭრიდა, გული კი გაბრაზებული მქონუა. რაღაც ვერ დავთმე, მომერია, ჩანს, დამძალა. ხმლის მარჯვედ ქნევა კი რა ბედენაა?!” 
გიორგი სააკაძე თვით განსჯის სიღრმეში ჩაფლულა. გორგასალის გამჭრიახი თვალით დანახული სურათი მისმა გულახდილმა მონოლოგმა შეავსო. ყოველთვის აკვირვებდა ბატონის ორშოლტიანი მათრახი: “ერთი სამტრო იყო, მაგრამ მეორე?”; შეჰყურებს ვეება ხელებს და ფიქრობს: “ერთი მტრის შემმუსვრელი იყო, მაგრამ მეორე?”
ორშოლტიანი მათრახი გაორებული სულის სიმბოლიდ წარმოგვესახება და მისი პატრონიც უკვე სიკვდილით დასჯის წინ ამბობს: “არც ხმალი ვარგა ორპირი, არც მათრახი ორშოლტიანი. დიდ სიბრძნეს ზოგი თავში გაიგებს, ზოგი ბოლოს...” 
გიორგი სააკაძის აღსარება მწერლის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია. საამისო მასალა არცერთ წყაროში არ მოიპოვება. იოსებ ტფილელის “დიდმოურავიანი”, სადაც თვით გიორგი სააკაძის პირით არის მოთხრობილი მისი თავგადასავალი, გარკვეულ მიზანს ისახავს _ გაამართლოს გმირის ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოქმედება; უფრო მეტად თავის მართლებას და საქებარ საქმეთა ჩამოთვლას შეიცავს, ვიდრე დულწრფელ აღსარებას. ხოლო მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებზე დუმს. ამაში, ცხადია, დიდ მოურავს ვერ დავადანაშაულებთ. პოემის ავტორის განზრახვა იყო მისი რეაბილიტაცია, რამაც განაპირობა ნაწარმოების ცალმხრივობა. 
ლევან გოთუას მოთხრობაში რეაბილიტაციის უფრო პირუთვნელი და მაღალზნეობრივი ფორმაა გამოკვეთილი. ხინჯის მიჩუმათების ნაცვლად _გულწრფელი აღსარება დიდი მოურავისა, რაც მეტ ხიბლს ანიჭებს მკითხველის თვალში. სახელგანთქმული სარდალი გვესახება, როგორც კეთილშობილი პიროვნება, რომელსაც შეუგნია თავისი ცხოვრების გზის მრუდა მოსახვევებიც და არ უფრთხის გამოაშკარავებას. კრიტიკული თვალით განსჯა წარსულისა, საკუთარი ცოდვების ხმამაღლა აღიარება საგრძნობლად აღამაღლებს ჩვენს წარმოდგენაში და უფრო გვაახლოებს. აღსარებას ნაწილობრივ დაქარაგმებული ხასიათი აქვს, მაგრამ საქმეში ჩახედული მკითხველი იოლად მიხვდება, თუ რას გულისხმობს თავის გადაკრულ სიტყვებში გიორგი სააკაძე. უკუღმა მოქნეული ხმალი და არეულ დარეული გზები _ ერთობ გამჭირვალედ მიგვანიშნებს მისი ბიოგრაფიის ცალკეულ მონაკვეთებს.
მოთხრობის სიუჟეტი კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც მოურავი მთელ ჯავრს და ბოღმას თავის ხმალზე იყრის და ელვის სისწრაფით გაიძრობს, მიწაში ჩაარჭობს და მარილივით გადაამტვრევს. სასოწარკვეთილი, თითქოსდა ხავსს ებღაუჭებაო, ვედრება ნარევი ხმით წამოიძახებს: “ისეთი ხმალი მომეცით, ზად ქართული სისხლი არ ეცხოს!”; გორგასალი ჯერ დაიბნევა, მერე თავის ხმალს შეიხსნის, ემთხვევა და მიაწვდის: “ნასყიდაანთ ხმალია, მაგრამ არ გაყიდულა არასოდეს!” _ ამბობს მოკრძალებული სიამაყით. მაგრამ მოურავი იმწამსვე ჩაეკითხება იჭვნეულად: “მერმე ბაზალეთი?!” და თავისი საკუთარი აღსარების პასუხად ესმის გაუგონარი და წარმოუდგენელი აღსარება ერთგული ყმისა: “შემინდე, ბატონო! ხმალი არ გამიძვრია ბაზალეთთან. ქარქაშიანად ვირიდებდი მომხდურებს”. და ნათქვამის დასამტკიცებლად უჩვენებს ქარქაშზე აღბეჭდილ ნაჭდევებს.
დიდი მოურავი მრისხანედ შეხედავს თავის ყმას. მაგრამ ამჯერად გორგასლის მზერა პირდაპირია და თავსაც არ ხრის დანაშაულის გამოსახატავად. გაოგნებულ მოურავს მოულოდნელი სიტყვები აღმოხდება: “შენ ჩემზე ბრძენი ყოფილხარ, მოხუცო! გამეცალე! არ დამენახო!”
პლასტიკური სურათი ეხმიანება დამოწმებულ ტექსტს _ უეცრად მოიხარაო, შეიკუმშაო, ქონდრის კაცისოდენა გახდაო, კარავს შეაფარებს თავს. ახლა მარტოობა უჯობს.
ვის არ ებრძოდა თავისი ბობოქარი ცხოვრების გრძელ გზაზე: ირანის ყაენს, ოსმალთა სულთანს, ადგილობრივ მეფე-ფეოდალებსაც. მისი ხმალი შიშის ზარს სცემდა მტერს ავღანეთსა თუ არაბეთში, მარტყოფსა თუ მარაბდაში, ტაშისკარსა თუ ბაზალეთში. ხან ცამდე მართალი იყო, ვინაიდან სამშობლოს ემსახურება მისი მარჯვენა, ხანაც ეჭვს იწვევდა მისი აზღვავებული გულისთქმა. მაგრამ თვითონ ხომ ყოველთვის სჯეროდა თავისი სიმართლე. და, რაც მთავარია, ებრძოდა ტოლი ტოლს, ებრძოდა იარაღით ხელში. მისი მკლავის ძალასა და მხედართმთავრულ ნიჭზე იყო დამოკიდებული გამარჯვება. და ომში თუნდაც მარცხი ეწვნია, ეს არ მორალურ მარცხს. ახლა კი აღსარებამ გაიტიცა, ორაზროვანი გამოთქმებით გულახდილობა გააბედინა გორგასალს და “უწიგნო” გლეხმა, ერთგულმა ყმამ და ძველისძველმა თანამებრძოლმა, ორიოდე სიტყვით დაამარცხა ძლევამოსილი სარდალი. მწვავე კონფლიქტის დასაწყისი და დასასრული სულ ორიოდე წუთში ჩაეტია და გარეგნულად ჩაცხრა. უნდა ვიფიქროთ, რომ მკაცრი თვითგანსჯით გატანჯული მოურავის გონება უკვე მომწიფებული იყო ამ თითქმის ფანტასტიკური აღსარების შესაწყნარებლად.
გორგასალი ყოველთვის მხარში ედგა თავის ბატონს და თავდადებით ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მისი შინაგანი მონოლოგიც გვესმის და ირკვევა, რომ ეჭვი დიდი ხანია ჩასახლებულა გლეხკაცის სულში. მწერლის სიტყვით, გორგასალი “ხშირად თავის ბატონს სტუქსავდა კიდევაც გუნებაში. აი, როცა იგი ქართველებზე იშიშვლებდა ხმალს “. გორგასლის ფიქრი ბორგავს, ვერ მიუგნია გამჭრიახ მზერას, სად გამოკრთებოდა სიმართლე “ამ ვაზის კლერტივით დაგრეხილ ცხოვრებაში”. ვერ გაურკვევია მართალი და მტყუანი, სწორი და მრუდი, მაგრამ ალღოთი მაინც უახლოვდება ჭეშმარიტების ძნელად მისაწვდომ არსს. ლევან გოთუა ხაზგასმით გვამცნობს: “მას თავისი პატარა სიმართლე მუდამ ჰქონდა და ახლდა”.
პატარა სიმართლე! სწორედ ეს გახლავთ მოთხრობის გმირის სულიერი სამყაროს ამოსაცნობად. პატარა სიმართლე, რომელსაც შეუძლია გადაწონოს ყოველგვარი ვალი და ადათ-წესები. გორგასალი უნებურად მონაწილეობს იმ შეუპოვარ ჭიდილში, რომელიც გაუმართავთ “ძლიერთა ამა ქვეყნისა” პირველობის მოსახვეჭად, მაგრამ არ ღალატობს თავის “პატარა სიმართლეს” და ყველაფერს ურჩევნია იგი. ალბათ, გაუჭირდებოდა კანონიერ თუ უკანონო მბრძანებელთა ტვინის ხვეულებში მფეთქავ ზრახვათა ანალიზი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული გმირების არბიტრობა, ვინაიდან ყველას მოეპოვებოდა თავისი პრინციპული სიმართლე, მაგრამ გორგასალის “პატარა სიმართლე”, ვგონებ, აღემატებოდა დიდკაცთა “დიდ სიმართლეებს”, როგორც ხმა ერისა ანუ ხმა ღვთისა.
მაშასადამე, გორგასალი სიმბოლური სახეა, სინდისის ხმაა, ისევე ამოუთქმელი, როგორც გულში ჩამარხული ვარამი, უპრეცედენტო იერით რომ მოსავს ბაზალეთის ომს (არჩილ მეფის პოემაში “ გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა” ვკითხულობთ: “მივედით, ორგნით შეიქნა შეტევა, შემოტივილი, ხმის ბაიბური არ იყო, ზახილი, არცა კივილი”).
გორგასალა არ ძალუძს საჯარო პროტესტი, გაუგებარი და მიუღებელი რომ იქნებოდა მათთვისაც, ვინც მეტ-ნაკლაბად გაიზიარებდა მის ნაფიქრალს. მოვლენათა ფატალური გარდაუვალობა, ძვალ-რბილში გამჯდარი ზნე-ჩვეულებანი, პროფესიული პრესტიჟი მეომრად გადაქცეული გლეხისა _ უეჭველად უკუაგდებდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პასიური მეამბოხის პოზიციას, რომელიც ბევრი მათგანის სულსი ეგებაც თვლემდა გაუცნობიერებელი, ჩანასახოვანი ფორმით.
“სისხლის წვიმების” ეპოქაში, როდესაც ნახევრად ველური გადამთიელნი უმოწყალოდ აპარტახებენ სამშობლოს მიწა-წყალს, როდესაც მეფეები იოლად ივიწყებენ ქვეშევრდომთა ამაგს, ხოლო ფეოდალები დაჟინებით მიელტვიან უგვირგვინო მეფობას, დაუნდობლად უსწორდებიან მტერსაც და მოყვარესაც, როდასაც ყოველგვარი ადამიანური გრძნობები უკან იხევენ, სათნოება და მოყვასის სიყვარული ანაქრონიზმად გამოიყურება, სწორდ გორგასალის “პატარა სიმართლე” გამოხატავს მთელი ქვეყნის სინდის-ნამუსს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალა პირისაგან მიწისა. გორგასალი თავის სიმართლეს არ ღალატობს ბაზალეთის ომშიც, თუმცა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს მარტოოდან ქარქაშით ბრძოლა. მაგრამ სხა რა უნდა იღონოს, როცა ბატონზე მეტად სიმართლე უყვარს და ბატონის ერთგულებაზე მაღლა აყენებს სიმართლის ერთგულებას. მორჩილი ყმა არის სიმართლისა! 
მოურავის მრისხანება და ძალაუნებური აღიარება ( “შენ ჩემზე ბრძენი ყოფილხარ, მოხუცო!” ) თვალნათლივ მეტყველებს, რომ სინანულმა უფრო ძალუმად და მტკივნეულად შეძრა მისი შეძრწუნებული სული, რადგანაც გორგასალ ნასყიდაშვილის “პატარა სიმართლე” რაღაცით აღემატებოდა მისი ცხოვრების კრედოს. გორგასალის პირით ღაღადებს “პატარა ადამიანის” ეჭვმიუტანელი და შეუვალი სიმართლე, რომელსაც ვერ დაამარცხებ და ვერ მოსპობ, იგი მთელი ხალხის კუთვნილებაა. ეს პასიური წინააEმდეგობა უპირისპირდება დიდი მოურავის მოღვაწეობის მეორე მხარეს და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მისი სახელოვანი ცხოვრების ზოგიერთ, გულის სიღრმეში მისთვისაც ავად გასახსენებელ ეპიზოდებზე. თუკი ერთგულმა ყმამ, ვისთანაც ერთად ყოფილა ჭირსა და ლხინში, ფაქტიურად ზურგი შეაქცია ბაზალეთის ომს, როგორღა უნდა გაიმართლოს თავი? ეგებ იმიტომაც წააგო ეს საბედისწერო ომი, რომ მისი ძველი თანამებრძოლი მხოლოდ თავს იცავდა და მეტოქეთა წვეთი სისხლი არ დაუღვრია. მოურავის გონებაში ეჭვიც ამოძრავდებოდა: კიდევ რამდენი იყო ასეთი? ბაზალეთშივე რომ გაეგო გორგასალის დანაშაული, კარგი დღე არ დაადგებოდა თავნება ყმას.
რა თქმა უნდა, უბაზალეთოდ არ არსებობს ჩვენი ისტორია და მისი ამოგდება მეხსიერებიდან შეუძლებელია. ბაზალეთი ისეთივე მსხვილი წერტილია წარსულის რუკაზე, როგორც მარტყოფი და მარაბდა, მათივე ლოგიკური ნაყოფი. ვგონებ, ზედმეტია იმის შეხსენებაც, რომ ანალოგიები სკმაოდ უხვად მოიპოვება სხვაგანაც.
მწერალი შტამბეჭდავი და მკვეთრი შტრიხებით ხატავს დიდი მოურავის ბუნებაში წარმოქმნილ ფერიცვალებას ყოველთვის ფრთხილი და ეჭვიანი ადვილად მიენდობა ზორ-ფაშას მოციქულებს, რომლებიც ალეპოში იწვევენ კონიიდან გაქცეულ ქართველებს. მიენდობა, ვინაიდან საბრძოლო ხმალიც და სულიერი ხერხემალიც გადატეხილი აქვს. ლევან გოთუა ლაკონურად და ნაღვლიანად შენიშნავს: “სდუმდა საქართველოს მოურავ-მეფე, შაჰ-აბასის უპირველესი სარდალი, ყაჰრამან კონიის ბეგლარბეგი, კრიჭა შეეკრა _ რადგან უგზოდ ვიდოდა მისი ქარავანი”.
მკითხველისათვის ნათელი უნდა იყოს “უგზოდ მავალი ქარავნის” სიმბოლური მნიშვნელობა.
დატუსაღებული ქართველების დილეგთან ღამით მისულ გორგასალს ესმის მოძმეთა სიმღერა. “გაფრინდი, შავო მერცხალოს” მღერიან. ხმებსაც არჩევს. წამომწყები მისი შვილია, ბეჟანი. ბანს პაპუნა ეუბნება, მოძახილს _ გაგია... “ყველას ხმებს არჩევს გორგასალი. ყველასი ესმის - გარდა ერთისა. იმის ხმა არ ესმის - ყველაზე უფრო რიხიანი და ბოხი. ის აღარც მღერის. არც ხმას იღებს. არც რამ დარჩა სათქმელი. ყველაფერი თქვა - ზოგი კარგად, ზოგი ცუდად”.
რაოდენ ტრაგიკული პასაჟია _ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დადუმებული დიდი მოურავი. ვინ იცის, ეგებ გორგასლიის მიერ გამხელილმა საიდუმლოებამ უკანასკნელი და სასტიკი დარტყმა მიაყენა მის შერყეულ რწმენას, ვინაიდან ერთგულმა ყმამ დაუდასტურა ბაზალეთის ომის უკუღმართობა.
დიახ, გორგასალმა განაჩენი გამოუტანა ბაზალეთს. არ გაქცევია ბატონს, თეიმურაზ მეფისა და ზურაბ ერისთავის მხარეზე არ გადასულა, მაგრამ მისი საქციელი მაინც “ღალატად” მოინათლებოდა. ამდენი ერთგულების შემდეგ _ ერთადერთი ღალატი, რომელსაც, ღვთის წყალობით, ასაზრდოებდა არა ქვენა გრძნობები, ანგარება თუ ანგარიში, არამედ - უზენაესი სიმართლე, ესოდენ ძნელად საპოვნელი იმშავბნელსა და აწეწილ-დაწეწილ ხანაში: უზენაესი სიმართლე, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. გორგასალ ნასყიდაშვილს, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, თავისუფალი სული მოსდგამს, “უწიგნო” გლეხის გონებაში თავისუფალი აზროვნების მარცვლები აღმოცენებულა. იგი უტოლდება იმ დიდებულ სახელებს, ქართველი ხალხის სიყვარული რომ ადგას შარავანდედად. მადლობა ღმერთს, მრავალნი არიან ისინი - მეფეები და სარდლები, წმინდანები და წამებულნი, სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.
მოთხრობის აპოთეოზს წარმოადგენს გორგასალის თავგანწირვა შვილისათვის. შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხო, თუ როგორ ეხვეწება იასაულს ქართველი გლეხკაცი სიკვდილით დასჯას, რათა სიცოცხლე აჩუქოს თავის შვილს, საქართველოს მომავალი რომ ჰქვია.
ამგვარად, ლევან გოთუამ ერთ პატარა მოთხრობაში იშვიათი დრამატიზმათა და ფსიქოლოგიური სიზუსტით გამოძერწა ორი მართლაც მომხიბლავი სახე: ზნეობრივად ამაღლებული დიდი მოურავისა და გორგასალ ნასყიდაშვილისა, თავისი “პატარა სიმართლე” რომ მიუძღვის მეგზურად წუთისოფლის მტვრიან შარაზე და პირნათლად ეგებება არა მარტო მარტყოფსა თუ მარაბდას, არამედ _ ბაზალეთსაც!
ლევან გოთუამ თამამად გადალახა სოციალური იერარქიის ბარიერი; თავისი იდეური ჩანაფიქრი, მოთხრობის დედააზრი გლეხკაცის მხრებზე შეაგდო. ვკითხულობთ “უგზო ქარავანს” და ჩვენამდე აღწევს იმ უბრალო ადამიანის ხმა, იშვიათ სტუმრად რომ გვევლინება “ქართლის ცხოვრების” ფურცლებზე, თითქოს სამუდამოდ ჩაკარგული და ჩახშული, მაგრამ მწერლის მადლიანი კალმისა და დაუშრეტელი ფანტაზიის წყალობით აღმდგარა მკვდრეთით, როგორც უმაღლესი ზნეობის, ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობისა და დიდი სიმართლის მჭევრმეტყველი საყვირი.
... ლევან გოთუაც, მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ერთგული ყმა იყო სიმართლისა და, შესაძლოა, სწორედ “უგზო ქარავანი” გამოდგეს ზემოთქმულის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად.




ასალა მოგვაწოდა გიორგი მარჯანიშვილმა

2 comments: