March 31, 2011

«კარგის მქნელი კაცი ბოლოს არ წახდების.»


 
  
დ.ზ. ჩქოტუა, რუსთაველის პოემის გმირები და მათი მსოფლმხედველობა:
      
1.  «ვეფხისტყაოსნის» გმირები :


        იმ დღეებში, როდესაც ჩვენს თვალწინ ხდება უდიდესი ისტორიული მოვლენები,როდესაც იცვლება საზღვარი ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის და ყოველი ერის წინაშე იხსნება ფართო ჰორიზონტი თვითგამორკვევისთვის,
ჩვენ,ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ მწერალი რუსთაველი, რომელმაც მრავალი საუკუნის წინ თავისი ხალხის სულში ააგიზგიზა წმინდა ცეცხლი,აზიარა ერი კაცობრიობის უმაღლეს ინტერესებს და გადაარჩინა იგი სულიერ და ეროვნულ გადაგვარებას. გავიხსენოთ ის დიადი როლიც რაც შეასრულა ქართველი ერის სულიერ განვითარებაში მისმა უკვდავმა ქმნილებამ.


               მე, როგორც ძველი ინტელიგენტური თაობის ერთ წარმომადგენელს მსურს გაგიზიაროთ ამ დიად ნაწარმოებთან მრავალწლიანი ურთიერთობისას შემუშავებული აზრები,აღძრული გრძნობები და განცდები.


           (გამოტოვებულია)


         მცირე ასაკიდან მაქვს ურთიერთობა ამ დიად ნაწარმოებთან: თავიდან მე ვისმენ მას ჩემს მშობელთა სახლში;მოგვიანებით მე თვითონ ვიწყებ კითხვას. ვუბრუნდები მას მრავალჯერ და ვსწავლობ ზეპირად; კვლავ ვკითხულობ, გადავიკითხავ და ა.შ. დღევანდელ დღემდე თითქმის სამოცი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა შთაბეჭდილებათა ძალა ამ მუდმივი კითხვის გამო არა თუ არ კლებულობს, არამედ თითქოს უფრო იზრდება. ვამბობ რა ამას ვიმედოვნებ რომ გამოვხატავ ყოველი წიგნიერი ქართველის ( რა თქმა უნდა ჩემი თაობის ადამიანების) და ვფიქრობ რომ მთელი ქართველი ხალხის განცდებს, ხალხისა რომელიც უკვე მთელი შვიდასი წლის მანძილზე განიცდის იგივეს.


             მხოლოდ ეს გარემოება სრულებით საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ «ვეფხისტყაოსნის» ავტორს მიენიჭოს ყველაზე საპატიო ადგილი დიდ მხატვართა შორის, მაგრამ თუ ეს აქამდე არ მომხდარა, არ მომხდარა იმიტომ რომ მისი არ ესმით არა მხოლოდ მის სამშობლოს გარეთ, არამედ თვითონ სამშბლოშიც. ეს გასაგებიცაა. პოემაში ასასახული სამყაროს განცდა, სამყაროსი რომელიც ჩვენი სახელგანთქმული ვარძიის ტაძრის მსგავსად საუკუნეთა შრეების ქვეშ არის მოქცეული, მისი გაცოცხლება, იმდროინდელ საზოგადოებაში გაბატონებული აზრებისა და იდეების ამეტყველება ჩვენთვის, XX საუკუნის ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე,როგორც მის შიგნით ისე მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთობათა ნათელყოფა იმ ეპოქაზე ჩვენი მწირი ცოდნის პირობებში თითქმის განუხორციელებელია. მეტიც, ჩვენ დღემდე არა გვაქვს უეჭველი ისტორიული მონაცემები ჩვენი დიდი მწერლის პიროვნებისა და ნაწარმოების შექმნის დროის შესახებ. ამიტომ « ვეფხისტყაოსნის» შესწავლის ერთად-ერთ წყაროდ დღემდე მხოლოდ მასში მოპოვებული ფაქტები გვხვდება.


           ცნობილია რომ «ვეფხისტყაოსნის» ქარგას წარმოადგენს ორი არაჩვეულებრივი პიროვნების მგზნებარე სიყვარული და მათი უდიდესი ტანჯვა ამ სიყვარულის განხორციელების გზაზე. ადამიანის ცხოვრების ამ მუდმივი თანამგზავრების (სიყვარულისა და ტანჯვის) შეუდარებელი მხატვრული ასახვა ამ ნაწარმოებს აქცევს უმაღლესი ესთეტიკური ტკბობის უკვდავ და უშრეტ წყაროდ. მაგრამ ჩვენი აზრით არა მხოლოდ ეს მხარე აქცევს «ვეფხისტყაოსანს» დიად და უკვდავ ნაწარმოებად, არამედ მის საფუძველში ჩადებული იდეა . ფაბულა ავტორისათვის თითქოს ამ იდეის გამოხატვის საშუალებაა, იარაღია. პოემის ეს ორივე მხარე, ესთეტიკური და იდეური, აკავშირებს «ვეფხისტყაოსანს როგორც წინამორბედ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ისე ხალხურ ეპოსთან რომლის მსოფლმხედველობამაც პოემაში ნახა შემდგომი ფილოსოფიური დასაბუთება.


                პოემის მთავარი გმირი ტარიელი  ადამიანის ჯიშის უმაღლესი ტიპია უეჭველად. ის ისევე გამოირჩევა უბრალო ადამიანთა მასისგან როგორც ლომი და ვეფხვი, რომლებთანაც უყვარს მას საკუთარი თავისა და სატრფოს შედარება,
გამოირჩევიან თავის ზოოლოგიურ ჯგუფში. თავისი ფიზიკური სრულყოფილებით-
-სილამაზითა და  ძალით-ტარიელი მკითხველზე ახდენს ზეადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ იგი ხალხური ეპოსის გმირი არაა. იგი არ გამოხატავს სტიქიურ ძალას, რასაც გამოახატავდა ქართულ ლიტერატურაში XII საუკუნის მწერლის მოსე ხონელის გმირი ამირან დარეჯანის ძე. გმირები ეკუთვნიან სხვადასხვა, ერთმანეთისგან შორს მდგარ კულტურულ ეპოქებს და მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფიზიკურად ისე აქტიურობის ფსიქოლოგიური მოტივებით. მაშინ როდესაც ამირან დარეჯანის ძისათვის აქტიურობის მთავარ მოტივს წარმოადგენს დიდების, გმირობათა წყურვილი და სხვების თავისი ნებისადმი დამორჩილების სურვილი ტარიელისთვის აქტიურობის იმპულსს წარმოადგენს მგზნებარე, მთელი მისი არსების მომცველი სიყვარული ნესტან-დარეჯანისადმი და ამ სიყვარულის განხორციელება იქცევა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. ამირან დარეჯანის ძისათვის ეს მოტივი სრულებით არ არსებობს. იგი მიწვეულია რა მეფის კარზე სამსახურისთვის ერკინება სხვადასხვა რაინდებს, იდენს გმირობებს რათა საცოლეები მოუპოვოს თავის უფლისწულებს. უჩვეულო გმირობათა ჩადენის, მათ შორის დევთა დამარცხებისა და ჯადოსნური ხასიათის წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ იგი თვითონაც ქორწინდება, მაგრამ ქორწინდება არა იმიტომ რომ უყვარს თავისი საბედო არამედ გამარჯვებულის უფლების ძალით. ამასთან ირკვევა რომ მის მიერ დაძლეული ყველა წინააღმდეგობა მეფის ასულთა მიერ ხელის მაძიებლებისადმი წარდგენილი გამოცდა იყო. ამდენად მეფის მშვენიერ ასულთა მიერ გმირობის მოთხოვნას უეჭველად ჰქონდა სქესობრივი შერჩევის ხასიათი. ეს როგორც ჩანს იმ შორეული ეპოქის წესი იყო რომელსაც ეკუთვნოდა თქმულება ამირან დარეჯანის ძის შესახებ. ნესტან-დარეჯანისა და თინათინის მიერ მოთხოვნა გმირობისა მათი თაყვანისმცემლებისთვის წარმოადგენს ამ წესის გამოძახილს.


      აქ უნდა შევჩერდეთ და ყურადღება მივაქციოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხისთვის მნიშვნელოვან ფაქტს. ამირან დარეჯანის ძე (ჩვეულებრივი)  ქართული გენეალოგიის საპირისპიროდ ცნობილია როგორც დედის და არა მამის შვილი. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე რომ მოსე ხონელის მიერ ლიტერატურულ ფორმაში გამოკვეთილი თქმულება განეკუთვნება ხალხური ცხოვრების ეგრეთ წოდებულ მატრიარქატის პერიოდს როდესაც ოჯახისა და გვარის უფროსი იყო ქალი და არა მამაკაცი რომელიც მხოლოდ სტუმარი იყო მისი შვილების დედასთან. სიტყვა დარეჯანი როგორც ქალის სახელი უხსოვარი დროიდან იხმარებოდა ქართველი ხალხის მიერ და დღესაც განაგრძობს არსებობას. მას იყენებენ როგორც ისტორიული პირები ისე უბრალო მოკვდავნი როგორც საქართველოში ისე მონათესავე ხალხებში. ასეთია მაგალითად სამეგრელოში გავრცელებული სახელი დარჯა. ამიტომ «ვეფხისტყაოსნის» მთავარი ქალი გმირის სახელი არაა ნასესხები ავტორის მიერ სპარსულიდან. ის აღებულია ხალხური მეტყველებიდან სადაც ის უხსოვარი დროიდან იხმარებოდა. რაც შეეხება თვითონ სიტყვა ნესტან-დარეჯანს,იგი გრამატიკული თვალსაზრისით რთულია. ნესტანი აქ როგორც ჩანს სხვაა თუ სიტყვა დარეჯანის ეპითეტი და, მაგრამ მისი მნიშვნელობა თანამედროვე ენაში დაკაგულია. ასეთი უკანდახევის შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს გმირთა შედარებას.


          თუ ტარიელის ფიზიკურ ძალას ჩვენ შევხედავთ როგორც ამირან დარეჯანის ძის სტიქიური ძალის შერბილებულ ნაირსახეობას, მისი სახით ჩვენ მივიღებთ უზარმაზარ ნაბიჯს ქართული ლიტერატურის ევოლუციაში ვინაიდან ტარიელს მთელ მის ფიზიკურ სრულყოფილებასთან ერთად ახასიათებს სილამაზის თაყვანისცემაც. იგი რომანის ნამდვილი გმირია, «ვეფხისტყაოსანი» კი ნამდვილი რომანია. ეს გარემოება, პოემის რომანტიული ხასიათი, აახლოებს ტარიელს რამისთან, სპარსულიდან ნათარგმნი « ვისრამიანის» გმირთან როგორც გრძნობათა ძალით ისე მათ გამოვლენათა ხასიათით. ცნობილია რომ ნესტან-დარეჯანის დანახვისას ტარიელმა დაკარგა გონება როგორც ელექტრონის ძლიერი დარტყმის შედეგად. ამით მან შეაშინა მეფე ფარსადანი, დედოფალი და თვითონ სამი დღე იმყოფებოდა სიკვდილ-სისცოცხლეს შორის. ზუსტად იგივე ემართება « ვისრამიანის» გმირ რამის რომელიც განსაკუთრებულ გარემოებებში ვისის სახის დანახვისას ჩამოვარდა ცხენიდან და დიდი ხანი ეგდო უგონოდ ისე რომ დამსწრეთაგან ვერავინ მიხვდა ამის მიზეზს. ტარიელი და ნესტან-დარეჯანი ბავშვობაში იზრდებოდნენ ერთად. ერთად გატარებულ დროს განვითარებული გრძნობებიდან,სიმპატიიდან და ერთმანეთისადმი ბავშვური სწრაფვიდან იბადება მათი მგზნებარე სიყვარული. ვისი და რამიც ბავშვობაში ერთად იზრდებიან და დაშორებულნი კრიტიკული ასაკის დადგომისას, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის მსგავსად,ხვდებიან ერთმანეთს განსაკუთრებულ ვითარებაში. ამასთან, მათი სიყვარულის კატასტროფული გამოვლენისას, შუამავლად ვისსა და რამს შორის გვევლინება ვისის ძიძა, ხოლო ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს შორის ამ უკანასკნელის მსახური, სახელგანთქმული ასმათი.


                 ჩვენი აზრით ყოველივე ეს არაა ორივე რომანის ფაბულათა შემთხვევითი მსგავსება. ის მიუთითებს იმაზე რომ რუსთაველის დიდი ნაწარმოები «ვეფხისტყაოსანი» ქართული კულტურის განვითარებაში არ დგას ცალკე. იგი თვით პოემის ბოლოსიტყვაობაში ჩამოთვლილ ნაწარმოებებთან მემკვიდრეობით კავშირში იმყოფება. ცნობილია რომ პოემაში ნახსენები ყოველი ავტორი აქებს და ადიდებს საკუთარ და თავისი ეპოქის იდეალს: მოსე ხონელი-ეპიური გმირი ამირან დარეჯანის ძის სტიქიურ ძალასა და მის მიერ დევების დამარცხებას, « ვისრამიანის» ავტორი-რამის მგზნებარე სიყვარულს ვისისადმი და მათ ტანჯვას, შავთელი- მეფე დავითის შეუდარებელ სიმამაცესა და გონებას, თამარ მეფის სახელმწიფოებრივ სიბრძნესა და ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას. -უკვდავი « ვეფხისტყაოსნის» ავტორმა კი  თავისი გმირების სახის შექმნით სინთეზურად, მაღალი მხატვრული ფორმით გამოხატა ყველა ეს იდეალი. ამავე დროს იგი ცხოვრებისა და ცხოვრების აზრის ახალი ფილოსოფიური გაგების მოციქულია. ყოველივე ეს მას აკავშირებს ხალხურ ეპოსთან. ყოველივე ამის ცხადსაყოფად ჩვენ მოკლედ დავახასიათებთ ჩვენს ხალხურ ეპოსს.


     ქართულ ხალხურ ეპოსს მთელ სიგრძეზე გასდევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა  ადამიანებსა და დევების სახელით ცნობილ ბოროტი საწყისის წარმომადგენელ კანიბალებს შორის. გამანადგურებელი ომი მათ შორის მიმდინარეობს როგორც მზისქვეშეთში ისე მიწისქვეშა სამყაროში. ეს მითიური არსებები, რომლებიც ადგილს ინაცვლებენ ელვის, ქუხილისა და ღრუბლების მეშვეობით, თავს ესხმიან ადამიანთა დასახლებებს და ანადგურებენ მთელ ოლქებს, იტაცებენ მეფეთა მშვენიერ ასულებს, რომელთაც მალავენ ორი მოძრავი მთის უკან, ორ ზღვას შორის მდებარე კუნძულებზე და მიწისქვეშეთში არსებულ მათ მიუდგომელ საცხოვრებლებში. მათ თავის რაშებზე (მითიურ ცხენებზე) სდევნიან სახალხო გმირები, აუცილებლად უფლისწულები. მრავალი საშინელი საფრთხის და გამოცდის დაძლევის შემდეგ ისინი მიაღწევენ დევების სამკვიდრომდე და მათი დამარცხების შემდეგ ათავისუფლებენ დატყვევებულ ულამაზეს ასულებს რომლებზეც დაბრუნების შემდეგ ქორწინდებიან კიდეც.


     ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ადამიანი თანდათანობით სძლევს დევებს. ისინი  თანდათანობით იხევენ უკან და ამირან დარეჯანის ძის გამოჩენასთან ერთად ისინი საბოლოოდ მარცხდებიან. დევები არა მხოლოდ აღარ ესხმიან თავს ადამიანის საცხოვრებლებს არამედ ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან, ხოლო მათი უკანასკნელი ნაშთი, რომელიც იმალებოდა დაუსახლებელი მხარის ველური მთების გამოქვაბულში, მოსპო ტარიელმა. ტარიელი ასმათთან ერთად სახლდება დევებისთვის წართმეულ გამოქვაბულში. დევები გაქრნენ, მაგრამ მათ მიერ კაცობრიობის ცხოვრებაში შეტანილი ავადმყოფობა დამკვიდრდა ადამიანთა სულებში. ადამიანმა, ამ მხრივ ქალები პიონერები იყვნენ, დაიწყო დევების ჯადოსნურ ხელოვნებათა ათვისება და ბოლოს იქცა ბოროტების იარაღად. ხალხს გამოეყო ადამიანთა, ჯადოსნობის (მზაკვრობა ან მეგრული მაზაკვალობა) მცოდნეთა მთელი კლასი, რომლის მეთაურია როკაპი ან როპაპი, ჯაჭვით მიბმული კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე აღმართულ სვეტზე, უეჭველად დევური ბუნებისა როგორც არაადამიანურად შემზარავი გარეგნობით ისე კანიბალური მიდრეკილებებით. მას, იგი ქალია, თაყვანისმცემლები უძღვნიან ადამიანის გულს. წელიწადში ერთხელ, კერძოდ 14-15 აგვისტოს ღამეს, მისი თაყვანისმცემლები მიემართებიან «ტაბაკონაში» ( როკაპის საბინადროში), თან მიაქვთ ძღვენი ყოველივე საუკეთესოსგან, რაც ადამიანებს აქვთ, მცირეწლოვანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ჩათვლით. აქ როკაპის თაყვანისმცემლები აღსარებას ეუბნებიან და იღებენ რა მოწონებას ბოროტ საქმეებში მათი გულმოდგინეობის ან გაკილვას უმოქმედობის გამო, ისინი მონაწილეობას იღებენ ღამის საშინელ ვაკხანალიაში. გათენებისას კი ისინი ქრებიან. ხალხური წარმოდგენა კონკრეტულად ასე წარმოიდგენს დევების მემკვიდრეებს. «ვეფხისტყაოსანში» კი ასეთად უნდა უნდა ჩაითვალოს ქაჯთა მთელი სამეფო. მათ იმდენად სრულყოფილად აითვისეს დევთა ჯადოსნობა რომ შეუძლიათ სურვილისამებრ ძლიერი ქარებისა და საზღვაო მღელვარების გამოწვევა, მზის შუქის დაბნელება და მტრის დაბრმავება.  აი ამ ქაჯებთან მოხვდა იდუმალი გზით ტყვედ მშვენიერი ნესტანი და ეწამება მათ მიუდგომელ ციხე-სიმაგრეში. აქედან ანთავისუფლებენ მას ტარიელი და მისი მეგობრები; ავთანდილი და ფრიდონი.


            ამ ელემენტთა გარდა სხვა ნიშნებიც მიუთითებენ «ვეფხისტყაოსნის» კავშირზე ამ ეპოსთან. ზემოთქმულიდან იოლი შესამჩნევია რომ ხალხური ეპოსის დევებთან მებრძოლი ყველა გმირი, განსაკუთრებით პირველი პერიოდისა, ამირან დარეჯანის ძის გამოჩენამდე აუცილებლად მეფისწულია. იგი თავის რაშზე ამხედრებული სდევნის დევებს და ტყვეობიდან ათავისუფლებს მეფის მზეთუნახავ ასულს. ტარიელიც მეფისწულია, თავის ელვისებრ შავ ტაიჭზე ის დაეძებს არა მეფის შემთხვევით გატაცებულ ასულს არამედ დევების მემკვიდრე ქაჯებთან ტყვედ მოხვედრილ თავის სატრფო ნესტან-დარეჯანს.
ტარიელის ავთანდილთან, პოემაში აღწერილი გამარჯვების უშუალო შემოქმედთან, დაახლოებაც ატარებს ხალხური ეპოსის ხერხების უეჭველ კვალს.


              ხალხური ეპოსის გმირი ნადირობისას ზოგჯერ ხვდება უცნაურ ცხოველს, ჩვეულებრივ ოქროს რქებიან შველს. მას სურს შველის ცოცხლად შეპყრობა და მისდევს ნადირს; შველი სულ უფრო და უფრო შორს მიდის. მეფისწული მიჰყვება მას. ბოლოს და ბოლოს შველი გაიტყუებს მონადირეს ძალიან შორს და ქრება. გმირი აღმოჩნდება დევის სასახლის წინ. იქ ტყვეობაში იტანჯება მეფის მზეთუნახავი ასული. მეფისწული მოჰკლავს დევს, ათავისუფლებს ქალწულს და დაბრუნებისას ქორწინდება მასზე.


            სრულებით ანალოგიური ხასიათისაა მეფე როსტევანის შეხვედრა ნადირობისას იდუმალ, ვეფხვის ტყავ მოსხმულ ახალგაზრდასთან, რომელიც ღრმა მელანქოლიით მოცული იჯდა წყალთან და ღვრიდა ცრემლის მდინარეებს. როდესაც ეს იდუმალი ჭაბუკი გამოყვანილი იქნა მდგომარეობიდან მეფის მსახურთა მიერ, რომელთაც სურდათ მისი ბატონთან მიყვანა, იგი წამოდგა, გაისწორა საჭურველი და ცხენზე შემჯდარი მეორე მხარეს გაემართა,. დაასახიჩრა რა მისი შეპყრობის მსურველი მეფის მსახურები, იგი როგორც დემონი, უეცრად ყველას თვალწინ გაჰქრა. როგორც ცნობილია ეს იდუმალი შეხვედრა იქცა მეფე როსტევანის დიდი   მწუხარების საბაბად. როსტევანს მისტიკური განწყობა დაეუფლა, რაც იქცა ტარიელისა და ავთანდილის დაახლოების და ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ტყვეობიდან დახსნის საბაბად. მეფე როსტევანისა და იდუმალი ჭაბუკის შეხვედრის მთელი ეს სცენა ჩვენის აზრით «ვეფხისტყაოსნის» ავტორმა ამირან დარეჯანიანიდან აიღო...


            როგორც დავინახეთ ქართული ხალხური ეპოსის მოკლე დახასიათებიდან,
ადამიანი ებრძვის ბოროტი საწყისის წარმომადგენლებს-დევებს, მაგრამ ამ ბრძოლაში ადამიანი როგორც ღვთაებრივი სიმართლის მატარებელი არა უბრალოდ მოკვდავი, არა ბრბოდან გამოსული კაცი არამედ ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილი ცის რჩეულია, ერთი სიტყვით «გმირია» ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით.


    როგორც ამას შემდგომში დავინახავთ ზუსტად ასეთი ხასიათისა არიან «ვეფხისტყაოსნის» გმირები: ყველა ისინი ადამიანური რასის უმაღლესი, ზეადამიანთან მიახლოებული წარმომადგენლები არიან. მათ მიაღწიეს ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას და, როგორც ასეთნი, ხალხური ეპოსის გმირთა განვითარების შემდგომ საფეხურს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით ტარიელი, რომელმაც შეინარჩუნა ეპიკურ გმირთა მითიურობის ზოგიერთი თვისება,
გარდამავალი საფეხურია, შემაკავშირებელი რგოლია ეპიკური და სრულებით რეალური ადამიანური გმირებისა რომელთაც აქვთ ადამიანური ბუნების უმაღლესად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალები. ასეთად პოემაში ავთანდილი და, ნაწილობრივ, თინათინი წარმოგვიდგებიან.


            ამდენად პოემაში ეპიკური გმირების ადგილს რეალური გმირები იკავებენ . მაგრამ ხალხი რჩება თავისი თავის ერთგული და მიჩვეული კონკრეტულად წარმოდგენილ თავისი აზრებისა და იდეებისათვის მითიური თვისებების მინიჭებას. მან თავისი საყვარელი ეპიკური გმირების, დევების დამამარცხებელთა და ურჩხულებთან მებრძოლთა იდეა და ატრიბუტები გადაიტანა ახალი კულტურული ეპოქის გმირზე, ასევე ურჩხულებთან მებრძოლ წმინდა გიორგიზე რომელსაც ირჩევს ბოროტ ძალთაგან თავის მფარველად და რომლის კულტმაც ქართველ და მის მონათესავე ხალხებში დაჩრდილა არა მარტო სხვა ქრისტიან წმინდანთა არამედ, შეიძლება ითქვას, რომ თვით ქრისტეს კულტი.


          ქართული ხალხური ეპოსის მიერ ირანული სამყაროდან ნასესხები და « ვეფხისტყაოსანში» ფილოსოფიურად განზოგადებული დუალისტური შეხედულება სამყაროზე არც იმდენად უცხოა თანამედროვე კულტურული კაცობრიობისთვის,
როგორც ეს ერთის შეხედვით სჩანს. შეხედულება მსოფლიოში ორი საწყისის ბრძოლის თაობაზე, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს ქრისტიანულ სწავლებას და მასში ყველაზე გამოჩენილი ადგილი უკავია. მაგრამ ქართულ ხალხურ ეპოსში და შემდეგ «ვეფხისტყაოსანში» ამ შეხედულებამ უფრო წმინდა სახით შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი ირანული ხასიათი ვიდრე ქრისტიანობაში  სადაც ორივე საწყისის (სიკეთისა და ბოროტების) შემოქმედად გვევლინება უზენაესი არსი, ღმერთი. ირანული თვალსაზრისითა და «ვეფხისტყაოსნის» გმირთა აზრით კი ისინი წარმოდგებიან დაპირისპირებული, ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისებიდან, რადგანაც,როგორც ამტკიცებს თინათინი, ღმერთი, სიკეთის შემოქმედი, ვერ შეჰქმნიდა ბოროტებას :


   « ბოროტი-მცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა?» (73)


                     ამდენად სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წარმოშობისა არიან და როგორც უკიდურესი ანტაგონისტები ებრძვიან ერთმანეთს. თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრებებიც სიცოცხლის აზრის თაობაზე, პესიმისტთა შეხედულებები შოპენჰაუერის მეთაურობით, ევოლუციური თეორიიდან გამომდინარე რეალისტური შეხედულება და დიდი ტოლსტოის «ბოროტისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» ქადაგება ამოდიან ფარული დუალისტური შეხედულებიდან. ყველა ეს  შეხედულება სიცოცხლეზე, « ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» გარდა, ე.ი. პესიმისტური და რეალისტური, დაედო საფუძვლად « ვეფხისტყაოსნის» ფილოსოფიურ ნაწილს.  ამაზე საუბარი შემდგომ თავში გვექნება ( შემდეგი თავი, «ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა, იქნება).