June 24, 2012

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი:


1. ანარქისტი და პატრიოტი ვარლამ ჩერქეზიშვილი
ანარქიზმი „უმეტესწილად, ორი მოქიშპე იდეოლოგიის – ლიბერალიზმის და სოციალიზმის იდეური თანხვედრის წერტილია, სადაც ორივე იდეოლოგია ანტისახელმწიფოებრივ დასკვნებამდე მიდის.“[1]

კეთილი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ქართველი ანარქისტები ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი და ქართული სახელმწიფოს აღორძინებისთვის იღწვოდნენ. რა იწვევდა ამ პარადოქსს?
ზემოთ უკვე გამოვარკვიეთ, რომ სათავადო სახლების წყალობით გამეფებული ანარქია გვიანი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ღრღნიდა ქართულ საზოგადოებას და სწორედ სახელმწიფოს (სამეფოს) უმოკლებდა გასაქანს.  ამ ისტორიული გამოცდილების ფონზე ქართველ თავადთა გაინტელიგენტებულ ჩამომავლებში ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის აღმსარებლების გამოჩენა, თითქოს, არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ  ქართული ანარქიზმის სახელგასმენილი ავტორიტეტის,  ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925)  „საქმენი საგმირონი“ მაინც განსაცვიფრებელია.  მისი  და მისი თანამოაზრეების  (კომანდო გოგელია, მიხაკო წერეთელი…) დაუცხრომელი მოღვაწეობა ამინდს ქმნიდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.