November 23, 2012

გიორგი გვაზავა, "წმინდა გიორგი":


     


ვენაცვალე მის სახელსა! ის მზად არის მოგვეშველოს,
თუ რაიმე ავი სული ემუქრება საქართველოს.
თუ ღრუბელი, ძალა ბნელი, იკრიბება კამარაში,
მის ციური თავლიდანა მას გამოჰყავს თავის რაში,
მოახტება, გააჭენებს,ბრძოლის ცეცხლით წანაქეზი,
რაშის ნალი მიბრჭყვიალებს, ნაპერწკლებსა აყრის დეზი.

ვენაცვალე მის სახელსა! ნაპეწკლებში იგი მიჰქრის,
რომ ბურუსი განაბნიოს შიშისა და შავი ფიქრის,
აჰა,ჭოროხს გადასცილდა, ისმის, ისმის მის გრიალი,
ჩამოშორდა ბეზობდალსა - ახმაურდა დარიალი!
ჰდევნის ყველგან ავსა სულსა,მიჰქრის,მიჰქრის
გმირთა-გმირი,
სანამ წინ არ გაეშლება შავი ზღვისა განაპირი.

ვენაცვალე მის სახელსა! აჰა,დეზი გაჰკრა კიდე,
იელვა და ნაპერწკლებით წამოენთო ცისა კიდე;
ქუხილია? მაშინ დოღი იმართება კამარაში:
ავსა სულსა უკან მისდევს აქაფებულ მისი რაში,
თუ მიასწრო, დაეწია და ბორზალი თვისი ჰფრიწა,
გავარდება მაშინ მეხი, იბზრიალებს დედა-მიწა.

ვენაცვალე მის სახელსა! მხოლოდ მაშინ მშვიდად არი,
თუ კამარა იწმინდება, საამური ჰდგება დარი.
ის რომ არ ყოფილ-იყო სასწაულის შემოქმედი,
დიდი ხნიდან განწირული იქნებოდა ჩვენი ბედი,
ბედი კრული, ბედი ბნელი, უმწეო და უსაშველო.
ამიტომაც მას ადიდებს მარადიულ საქართველო.