August 11, 2012

საქართველოს ნაღვლიანი და სამწუხარო ისტორიებიდან:

Добавьте подпись
"ბოლშევიკებთან კარგი ურთიერთობის გამო პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, გრიგოლ რობაქიძეს სასტიკად აკრიტიკებდა კონსტანტინე გამსახურდია. მათ წლების განმავლობაში ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და არც ესალმებოდნენ ერთმანეთს."
ჟურნალი თბილისელები, 2010, ნომერი 52 
როგორ შეაპარა პაოლო იაშვილმა დაშლილი სანადირო თოფი მწერალთა კავშირის შენობაში და თვითმკვლელობა ამ თოფით ჩაიდინა 
2011-02-07
ეკა სალაღაია

ბრწყინვალე პოეტის, საზოგადო მოღვაწის, უბადლო თამადის, წარმოსადეგი, მჭევრმეტყველი მამაკაცისა და უბრალოდ, პოპულარული პაოლო იაშვილის ცხოვრება 45 წლის ასაკში თვითმკვლელობით დასრულდა მწერალთა კავშირის შენობაში. ამ ამბავთან დაკავშირებით ჩვენს ინტერვიუში პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

– 1937 წლის ივლისში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. თვითმკვლელობა მოხდა მაშინ, როდესაც სხდომა მწერალთა კავშირის კლუბში მიმდინარეობდა. მე, ამ ამბავთან დაკავშირებით მახსოვს უფროსი თაობის მწერალთა გადმოცემები. ისინი იხსენებდნენ, რომ იმხანად მწერალთა კავშირის შესასვლელში მდგარა მილიციელი, რომელიც შენობაში არავის უშვებდა, ვინც კავშირის წევრი არ იყო. პლუს ამას, ამოწმებდნენ, თუ რა შეჰქონდათ დაწესებულებაში შემსვლელთ. ამიტომაც, პაოლო იაშვილს სანადირო თოფი დაშლილი შეუტანია მწერალთა კავშირის შენობაში.

სიმონ ჩიქოვანი მოგონებაში წერს: „სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დამიჯდა, მელაპარაკა სხვადასხვა თემაზე, თან დროდადრო მიმეორებდა: მე მართალი ვარ, იცოდეო. მერე, სხვასთან გადაჯდა და იმასთან დაიწყო საუბარი“.