May 7, 2012

გაგრა,მწარე მოგონებებიდან:

KvirisPalitra.Gე
ვერსია
29-08-2011
გაგრა, 2 ოქტომბერი...
(გაგრძელება. დასაწყისი ##33-34)
"მე  ბიჭებთან ერთად მოვედი, რათა ჩვენს ძმებს, აფხაზ ხალხს დავეხმაროთ. შევაჩეროთ ეს გენოციდი, ქართველი ფაშისტების შემოსევა, რომელიც ბინძურმა პოლიტიკოსებმა, ახალგაზრდა ფაშისტებმა და ნარკომანებმა გააჩაღეს... კავკასიური ომი ჯერ არ დაწყებულა, ეს მხოლოდ მოთელვაა. ჩემი ბიჭები მზად არიან, თავი გაწირონ თავისუფალი აფხაზეთისთვის, ჩემს რაზმში არიან  მოხალისეები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები, ადიღელები - ინტერნაციონალური ჯგუფია. ჩვენ აქამდე უღელტეხილები ფეხით გადმოვიარეთ, ორი დღე მშიერ-მწყურვალნი მოვდიოდით. ძნელი იყო, მაგრამ მიზანი ყველაფერს გიიოლებს. დიახ, გაგრა მე, შამილ ბასაევმა ავიღე!"
შამილ ბასაევი,
5 ნოემბერი, 1992 წ.

1992 წლის 14 აგვისტოს გაგრაში 350-კაციანი აფხაზური სამხედრო დაჯგუფება შემოვიდა და განთიადისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი გადაკეტა. სავარაუდოდ, გაგებული ჰქონდათ, რომ იგეგმებოდა ქართული სამხედრო დესანტის გადმოსხმა ზღვიდან ლესელიძის მიმართულებით. გაგრაში იმ დროისთვის მხოლოდ  ადგილობრივი პოლიცია იდგა (გაგრის "მხედრიონი", რომელიც მანამდე სანატორიუმ "თბილისში" შეიკრიბა, ერთი კვირით ადრე შინ გაუშვეს). ,"მხედრიონმა" მობილიზაცია ორიოდე საათში მოასწრო და კოლხიდის სკოლის შენობაში ქალაქის დასაცავად პოლიციის სამსახურებთან ერთად სამხედრო შტაბი შეიქმნა.