August 6, 2012

როგორ გამოაცხადა სტალინმა ქართველები დამნაშავე ხალხად:

„ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“.

სტალინს ხელებს უკოცნიან.
მჭედლიშვილი
საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ
(სტალინი და საქართველო)

ასე და ამგვარად, როგორც ვნახეთ, რუსული არმიების მეშვეობით საქართველოს დაპყრობისა და მოდერნიზებულ რუსულ იმპერიასთან იძულებითი გაერთიანების საქმე ითავეს და სისრულეში მოიყვანეს რუსეთში გახიზნულმა და იქ მოღვაწე გადარუსებულმა ქართველმა ემიგრანტებმა – სტალინმა და ორჯონიკიძემ. ისინი თავიდანვე მტრულად შეხვდნენ იმპერიის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამისი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პირადად ლენინს და მის გარშემო შემოკრებილ კომუნისტებს მიზნად ჰქონდათ დასახული მთელი მსოფლიოს იძულებითი ბოლშევიზაცია, რაც უნდა განხორციელებულიყო რევოლუციური გადატრიალებების გზით, სადაც რუსეთის იმპერიას ენიჭებოდა დამრტყმელი ძალის როლი ისეთივე ჩარევებით, როგორადაც ეს განახორციელა ლენინმა ყოფილი კოლონიების იძულებითი შემოერთებით.

სინამდვილეში რუსის პირწავარდნილ შოვინისტსა და იმპერიალისტ ლენინს ამ გზით სურდა მსოფლიო რუსული იმპერიის შექმნა, რომლის პირველი იდეოლოგი გახლდათ, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის მოღვაწე სასულიერო პირი – ბერი ფილოფეი. ეს იდეოლოგია დაფიქსირებულია ამ წიგნის პირველ ნაწილში.