March 13, 2011

კახის ეკლესიის უახლოესი ისტორია

მინდა გაგაცნოთ, ადამიანი, რომელმაც მიუხედავად თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა, მან აქ, საინგილოში, თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ. არ არის აუცილებელი ადამიანი ღრმად მოხუცდეს, გარდაიცვალოს და მერე დავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდ ვერც დავინახოთ). ის ახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჯინის მონასტერში განაგრძობს მოღვაწეობას. ყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ახლა, ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობით, მომეცა ამის გაკეთების საშუალება.


როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა (განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმის აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ მღვდლებს, პატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ან ჩამოდიოდა, ატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).
მას აღმშენებლობის საოცარი უნარი გააჩნდა. მოკლე დროში შესძლო სიტუაციის კარდინალურად შეცვლა. ეკლესიის ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობა შეაკეთა და იქ კელიები მოაწყო. შემდეგ ეკლესიის მეზობლად მდებარე სახლი შეიძინა, შეაკეთა და კეთილმოაწყო. ააშენა ქართული პურის საცხობი (ყველა გაჭირვებულს პურს უფასოდ ურიგებდა). სანთლის ჩამოსასხმელი პატარა საამქრო. სანთლები ყველა მლოცველს უფასოდ ეძლეოდა.
ცდილობდა ეკლესიის ტერიტორიის გაფართოებას. მუნიციპალიტეტისაგან შეიძინა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და აპირებდა საკვირაო სკოლის და სხვა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობას. (მისი გადაყვანისშემდეგ ეკლესიამ დაკარგა ეს ტერიტორია და არა მარტო ტერიტორია…).
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მას აქტიური ურთიერთობები ჰქონდა მთელი რაიონის ქართულ სოფლებთან (სწორედ მისი დმსახურებაა, ს. მეშაბაშის,  ქოთოქლოს ეკლესიების შეკეთება და იქ ხატების შეტანა (ქოთოქლოსა და ალიბეგლოს ეკლესიებში კანკელების დაყენება, პერიოდულად წირვა–ლოცვების გადახდა). კარგი ურთერთობა ჰქონდა აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც.
ასევე მისი დამსახურებაა ალიბეგლოს ეკლესიის ამოქმედების სტიმულირება და ეკლესიის შეკეთების დაწყება, უფრო მეტიც, მისი მცდელობით, ჯერ კიდევ 2006-ში (თარიღი შეიძლება მეშლებოდეს) ალიბეგლოში მღვდელიც კი დაინიშნა (მამა კახაბერი).
მამა იოანე აქტიურად ცდილობდა, ქურმუხის დიდი საყდრის აღდგენა ეკლესიის უშუალო ზედამხედველობით წარმართულიყო(რომელსაც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო ანხორციელებდა. რამდენად გამოუვიდა მარტოდ-მარტოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია ეკლესია მთლიანად ალაბანური ,,პირველსახით” რომ ვერ,,აღადგინეს” ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა!)
პერიოდულად დადიოდა გიშის ეკლესიაში და შეიძლება ითქვას ერთგავარ მონიტორინგს ანხორციელებდა იქ არსებულ სიტუაციაზე და ამავე დროს ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა იქაურ აზერბაიჯანელებთან. ქტიური ურთიერთობა ჰქონდა ბაქოს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იქაური მრევლი ხშირად ჩამოყავდა კახში (ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან კახის ქართული ეკლესია ამით ცდილობდა, მართალია მცირედ, მაგრამ მაინც მთელი ქვეყნის რელეგიურ და საზოგადოებრივი პროცესების მონაწილე ყოფილიყო ). ეს ყველაფერი ეკლესიის ამოქმედების დღიდანვე რომ დაწყებულიყო, დღეს ბევრი პრობლემა არც შეიქმნებოდა, მათ შორის დიდი საყდრისაც.
სწორედ მის კახში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა, კულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი საყდრის ტურისტულ ობიექტად გადაკეთების მცდელობები და პროვოკაციები. რომ არა მისი პირადი მხარდაჭერა მოსახლეობას შორის ექსცესები გარდაუვალი იქნებოდა (მისი მხარდაჭერით შევძელით ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობაში არსებული დაძაბულობის განეიტრალება).
რომ არა მამა იოანე, კულტურის სამინისტროს უკვე დიდი ხანია განხორციელებული ექნებოდა თავისი ბოლშევიკური პროექტი და დღეს დიდი საყდარიც მუზეუმად იქნებოდა გადაკეთებული (კახის ცენტრში მდებარე ,,პატარა ალავერდის” წმ. გიორგის ეკლესიის მასგავსად).
აი ასეთი ადამიანი, რომელსაც ყველა ეკლესია თუ კუთხე ინატრებდა, 2006 წლის დასაწყისში, მოულოდნელად, მრევლისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს საქართველოში. ეს ძალზე დიდი დარტყმა იყო ქრისტიანული მისიისათვის საინგილოში. მიზეზებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი-გადაყვანამდე სულ რაღაც 6-8 თვის წინ, გაწეული სამუშაოებისათვის, პატრიარქმა ის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა, შემდეგ რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა ძალზე ბევრისმთქმელია ის ფაქტი, რომ მამა იოანეს გადაყვანის შემდეგ, ქართველი ქრისტიანების მხრიდან, დიდი საყდრის თაობაზე, არც ერთი განცხადება აღარ გაგზავნილა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ყველაფერი რაღაც გაყინულ რეჟიმში გადავიდა და ეს ასე დღესაც გრძელდება.


ეკლესიებისა და კახის პეიზაჟების ფოტოების უმრავლესობა მისი გადაღებულია (კახის ალიბეგლოს, ალათემურის,ლექითის, ქოთოქლოს, ყარამეშის, პატარა ალავერდის, დიდი საყდრის ფოტოები. კახის პეიზაჟები).
იგი მეხმარებოდა ჩვენებური ძველი წინდების სახეების შეგროვებაში, კულტურის ცენტრში ხალხური სიმღერებისა და საგალობლების წრეების ბავშვებთან მუშაობაში. ცდილობდა ბავშვებიც ჩაერთო წირვა-ლოცვებში და ბერი სხვა რამ.


მალხაზ ნუროშვილი
კახი 20.02.2011


No comments:

Post a Comment