May 15, 2012

მშვენიერ და უბედურ დავით გარეჯზე და ა.შ.


 ლადო მირიანაშვილი // საქართველო – აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის  გარეჯის მონაკვეთის  ისტორია 
(ეს სტატია განსხვავებული სათაურით – „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“ გამოქვეყნდა ჟურნალში „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501)
საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრების დადგენის აუცილებლობა დააყენა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან არის შეთანხმებული. დანარჩენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში რამდენიმე სადავო უბანია. 2007 წლის დასაწყისისთვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 310 კილომეტრი იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. ეს პროპორცია დღემდე დიდად არ შეცვლილა. ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართული სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამი უმნიშვნელოვანი ძეგლი: ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები მდებარეობს. სამივე მათგანი დავითგარეჯის ერთიანი სამონასტრო კომპლექსის განუყოფელია ნაწილია. ის ტერიტორია, რომლზეც ზემორე მონასტრები მდებარეობენ, ისტორიულად ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო. აზერბაიჯანის მფლობელობაში ის დე ფაქტო მხოლოდ 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო დე იურე – 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა. საზღვრის