March 21, 2011

არდასავიწყი ხალხი

 არდასავიწყი ხალხის და ამბების გახსენება :          
   «...1870-ან წლებში   ზოგი აფხაზი ახალგაზრდა გაიტაცა მაშინ საქართველოში გაჩენილმა ხალხოსნობამ. მამაც ქართველ ხალხოსანთა მძიმე ხვედრი  გაიზიარეს მათმა აფხაზმა მოძმეებმა-ალექსანდრე მარღანიამ,ელისაბედ ( ლიზა) და მარიამ შერვაშიძემ. 
          ალექსანდრე მარღანია იყო  გამოჩენილი ქართველი ხალხოსნები ისიდორე ქიქოძის და მიხეილ ყიფიანის მიერ 1875 წელს ქუთაისში დაარსებული რევოლუციური წრის ერთ-ერთი მთავარი მოღვაწე. ეს იყოსაქართველოს ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია. 


         აფხაზეთის ბოლო მთავარი მიხეილ შერვაშიძის ძმა ალექსანდრე შერვაშიძის ასულები ელისაბედ და მარიამ შერვაშიძეები მაშინ ცხოვრობდნენ ქართლის სოფელში ხოვლე, სადაც გადასახლებულები იყვნენ აფხაზთა 1866 წლის აჯანყების შემდეგ.ელისაბედი ცოლად გაჰყვა მიხეილ ყიფიანს, რომელიც 1876 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. ცოტა ხნის შემდეგ მას გაჰყვა ელისაბედიც. 
           1881 წელს მეუღლეები დაბრუნდნენ საქართველოში და დასახლდნენ გორში, სადაც ისევ ჩაებნენ რევოლუციურ მუშაობაში. ელისაბედი იყო კონსპირაციული კომიტეტის აქტიური წევრი. ეს კომიტეტი იყო გორის ხალხოსანთა ხელმძღვანელი ბირთვი. გამოჩენილ რევოლუციონერად თანამედროვენი თვლიდნენ მარიამ შერვაშიძესაც. 
         1883 წელს მ.ყიფიანი ისევ დააპატიმრეს და გააგზავნეს პეტერბურგში. ცოტა ხნის შემდეგ ის გადაასახლეს სემიპალატინსკში, სადაც აქტიური რევოლუციური საქმიანობის გამო გადაასახლეს მარიამ შერვაშიძეც. ელისაბედ შერვაშიძე რაღაცნაირად გადაურჩა პატიმრობას მაგრამ ის თვითონ გაჰყვა ბავშვებთან ერთად თავის მეუღლეს. 
1887 წელს მ.ყიფიანი გაანთავისუფლეს. ის დაბრუნდა სამშობლოში ოჯახის დანარჩენი წევრების საქართველოში ჩამოსაყვანად ფულის შესაგროვებლად,მაგრამ მან მალე გაიგო ამბავი თავისი მეუღლისა და მეგობრის გარდაცვალების შესახებ. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალნენ მისი შვილებიც (შალვა,ვახტანგი და სალომე)...

დაახლოებით ამ დროს განეკუთვნება აფხაზი რევოლუციონერი ქალების ბიძაშვილის, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შარვაშიძის მოღვაწეობის გაფურჩქვნა. ის თავისი მოღვაწეობის დაწყებიდანვე იყო ილია ჭავჭავაძის ირგვლივ შეკრებილი ქართველი მოღვაწეების წრის წევრი. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა უპირველეს ყოვლისა ქართული ლიტერატურის, ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის გავლენით.
გიორგი შარვაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული თავადაზნაურობის ლიბერალურ მოძრაობაში... 
 ამავე საზოგადოებრივ-კულტურულ წრეს მიეკუთვნებოდა  გიორგი შარვაშიძის ძუძუმტე, ნიჭიერი პუბლიცისტი და კრიტიკოსი დავით ჩქოტუა ( ისიც ვერ გადაურჩა გადასახლებას და გადასახლებაში მყოფმა  და «ვეფხისტყაოსანის» ზეპირად მცოდნემ დაწერა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი « რუსთაველის პოემის გმირები და მათი მსოფლმხედველობა", რუსთველოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწარმოები,მთარგმნელი)...
მაგრამ დემოკრატიული და ლიბერალური საქართველოს და ქართველ-აფხაზთა მეგობრობის და ძმობის მტრებსაც არ ეძინათ.
 « ...აფხაზეთის მშრომელთა რევოლუციურ ბრძოლაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა სერგო ორჯონიკიძემ. 
ბოლშევიკთა მუშაობა განსაკუთრებით გააქტიურდა აფხაზეთში და მათი გავლენა აფხაზ მასებზე განსაკუთრებით გაიზარდა 1903 წელს აფხაზეთში ორჯონიკიძის ჩასვლის შემდეგ. 
გუდაუთაში სამუშაოდ მოწყობილი ორჯონიკიძე აქტიურად მუშაობდა აფხაზ გლეხებთან. ის სასურველი სტუმარი იყო ყველა სოფელში (ლიხნი, დურიფში,აჩანდარა,აბგარხუკი, კალდახვარა,ოთხარა და სხვ.). 
ორჯონიკიძემ ლიხნეში გამართა იატაკქვეშა ბოლშევიკური ტიპოგრაფია.ის გავლენას ახდენდა აგრეთვე ხალხურ მასათა მჩაგვრელების ( ასეთები კი ბოლშევიკების აზრით სწორედ შერვაშიძეები და ჩქოტუები იყვნენ) მასხრად ამგდებ აფხაზ  მომღერალ-სატირიკოს ჟან აჩბაზე... ( ამის და ბევრი სხვა რამის წაკითხვა შეგიძლიათ 1981 წელ თბილისის გამომცემლობა მეცნიერების მიერ რუსულად გამოცემულ აფხაზი სწავლული გიორგი ძიძარიას  და ქართველი სწავლული ი.მ.ქარჩავას წიგნში « ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ბრძოლის ისტორიიდან).
             *****************************************************************
 

მთარგმნელის შენიშვნა: სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ევრაზიაში, საქართველოში მთლიანად და აფხაზეთში კერძოდ გაიმარჯვა ლენინ-სტალინ-ორჯონიკიძე-ლაკობას ბოლშევიზმმა. ლაკობამ სტალინის დავალებით თუ ნებართვით გამოაცხადა «დამოუკიდებელი აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა». შემდეგ ეს რესპუბლიკა იგივე ბოლშევიკებმა დაასამარეს რითაც ჩამოაგდეს მტრობა და სიძულვილი ქართველთა და აფხაზთა გარკვეულ წრეებს შორის. მერე ბოლშევიკები დიდად აქეზებდნენ და ამძაფრებდნენ ეთნიკურ დაპირისპირებას რომელიც ბოლშევიკთა «გადემოკრატებულმა»  ნაირსახეობამ სისხლისღვრამდე და საქართველოს ეროვნულ კატასტროფამდე მიიყვანა. აქედან გამოსავალი რომ მოინახოს და ასეთი რამ რომ აღარ განმეორდეს ალბათ უნდა გვახსოვდეს ეს კაი ხალხიც, ქართველი ხალხოსანი შერვაშიძეები,ალექსანდრე მარღანია, მიხეილ ყიფიანი,ლიბერალი გიორგი შარვაშიძე,დავით ჩქოტუა და მათი წრის ხალხი. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

No comments:

Post a Comment