March 15, 2011

ქურმუხის დიდი საყდრი

მ ი მ ა რ თ ვ ა
    გაცნობებთ, რომ კახის რაიონში მცხოვრები ქართველები ვართ მართმადიდებელი ქრისტიანები. რაიონში მრავალი მართმადიდებლური ეკლესიებია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და რელიგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ქურმუხის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი. ეს ეკლესია ისტორიულად და დღესაც რაიონში მცხოვრები ქართველების შემწე და მფარველია და თითეული ქართველისათვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

   წელს, ღმერთის შემწეობით, კულტურის სამინისტრომ რესტავრაცია ჩაუტარა ქურმუხის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის სახურავს და გუმბათს, რისთვისაც ათასობით მორწმუნის სახელით მადლობას მოგახსენებთ. სამწუხაროდ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა და რაიონის ხელმძღვანელობის პროვოკაციულმა მოქმედებებმა (გუმბათზე ჯვრის აღმართვისათვის აქტიურად ხელის შეშლა, ხატისა და საეკლესიო ნივთების გატანა როგორც ქურმუხის ასევე ალავერდის ეკლესიიდან, ტაძრის კარებებიდან ჯვრების  ჩამოხსნა, ეკლესიაში სრული ღვთისმსახურების შეძღუდვა და მრავალი სხვა), დაგვანახა ადგილობრივი ხელისუფლების სამარცხვინო და აბსურდური მიზანი – ათასნაირი საბაბითა და ბარიერების შექმნით, თანდათან აუკრძალოს ათასობით ქართველ მორწმუნეებს ქარმუხის ტაძარში ღვთისმსახურების შესრულება,ისევე როგორც ეს მოხდა ალავერდის ეკლესიასთან მიმართებაში.
     რაიონის ქართველი მოსახლეობა აღშფოთებული ვართ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედების გამო, რადგან მიდის პირდაპირი მცდელობა ქართველი და არამარტო ქართველი მოსახლეობის ეროვნულ-რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეების ფეხქვეშ გათელვა. აბა ამაზე მეტი უკანონობა შეურაცხყოფა წარმოსადგენია?--XXI     საუკუნეში ევროსაბჭოს წევრ და დემოკრატიულ ქვეყანაში, შენს მოძმე ათასობით მორწმუნე, ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებს, გამოგონილი ე.წ “ძეგლთა დაცვის” საბაბით წაართვა უდიდესი მნიშვნელობის წმინდა სალოცავები (სწორედ ასე აღიქვამენ მორწმუნეები ხელისუფლების ქმედებებს). “ძეგლი”, რომელიც მორწმუნეებისათვის ღვთის სახლი და, ღმერთისადმი მოწყალებისა და შეწევნის თხოვნის ადგილია, არავის არა ქვს ჩარევის უფლება სულ მცირე მასშტაბითაც კი.
  ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედების ფონზე ძნელია არ დაიბადოს ეჭვი, რომ  რაღაც ავანტიურასთან გვაქვს საქმე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარეშე ძალებისგან შეიძლება მომდინარეობდეს და სწორედ ამიტომ რამოდენიმე თვეა თავს ვიკავებთ მასობრივი გამოსვლებისაგან და საპროტესტო აქციებისგან. (რადგან, ალბათ არეულობის გამოწვევისა და ქართულ-აზერბაიჯნული მყარი ურთიერთობების გართულების მიზნითაა შემოგდებული ეს პროვოკაცია) და მოგმართავთ თქვენ, ბატონო ფოლად თხოვნით, ძირშივე აღკვეთოთ ეს პროვოკაციული, საშიში და არასახელმწიფოებრივი ქმედება.
   ბატონო მინისტრო, იმისათვის რომ მოიხსნას დაძაბულობა, მოვლენები არ გახდეს უმართავი და შეწყდეს ეკლესიის საკითხებში უაპელაციო ჩარევა, ჩვენ რაიონის ქართული სოფლების მოსახლეობა მოგმართავთ თხოვნით: დაუყოვნებლივ გადაწყდეს ქურმუხისა და ალავერდის ეკლესიების ქრისტიანული მოსახლეობისათვის გადაცემის საკითხი.
    ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პირადად თქვენ არ დაუშვებთ ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შელახვასა და აზერბაიჯნის სახელმწიფოს შერცხვენას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. საკითხის გაჭიანურების შემთხვევაში, ჩვენ არანაირი სხვა გზა, გარდა საპროტესტო გამოსვლებისა, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის დახმარების მოთხოვნისა არ დაგვრჩება და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება1 სათანადო ორგანოების ხელმძღვანელებს.


  კახის რაიონის მართმადიდებელი ქრისტიანების სახელით:
1300–ზე მეტი ხელმოწერა
05.07.2005
                                                                                                         

ზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და გამოყენების განყოფილების დირექტორის მოადგილე თ. ქერიმლის პასუხი კახის ქრისტიანების საპროტესტო (A)  განცხადებაზე

პატივცემულო თანამემამულენო!

კახის რაიონის ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების 10.07.2005წ.-ით დათარიღებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონ ი.ალიევისა და 05.07.2005წ.-ით დათარიღებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ბატონ ფ.ბულბულოღლისადმი გაგზავნილი მიმართვები, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და გამოყენების განყოფილებაში იქნა განხილული.
საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის ქვეშ აყვანილი უძრავი ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით დაყოფის შესახებ 132-ე დადგენილების საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა სახემწიფოს მხრიდან მკაცრად ხორციელდება.
 როგორც ცნობილია მრავალი  საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სტატუსი და აზერბაიჯანელი ხალხის გენეტიკური მეხსიერება სხვა ეთნოსებისა და ეროვნული უმცირესობათა კულტურის პატივსცემის პირობებში ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი თანამედროვე აზერბაიჯანის კონსტიტუციასა და შესაბამის კანონებში განმტკიცებული ეროვნული პოლიტიკით გამოიხატება, რომელიც უზრუნველყოფს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი განსხვავებისა.
აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ლიდერის ჰ.ალიევის პოლიტიკური რეკომენდაციებისა და აზერბაიჯანის ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული სახის შენახვა-დაცვისა და განვითარების მიზნით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ათასობით ისტორიული და კულტურული ძეგლების რესტავრაციის საჭიროების პირობებში, ეროვნულ უმცირესობათა კულტურასა და ხელოვნების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
თქვენს მიმართვებში აღნიშნული კახის რაიონის ტერიტორიაზე ალავერდის (ინვ.4549, XIX ს) და ქურმუხის (ინვ.4581, XIX ს) ტაძრები შეყვანილი იქნა `აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახემწიფო დაცვის ქვეშ აყვანილი უძრავი ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით დაყოფის~ სიაში, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ძეგლები.
სამი რელიგიის - მაზდეანობის, ქრისტიანობისა და ისლამის საზოგადოებრივ- ისტორიული მეხსიერებაში შემნახველ-დამცველმა აზერბაიჯანელმა ხალხმა სხვა რელიგიების მიმდევარ მორწმუნეებს თავიანთი რელიგიური კუთვნილების დაცვა-შენახვისათვის ყველანაირი პირობები შეუქმნა. უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ ბევრ შემთხვევაში ახალი სამლოცველოები ძველი ტაძრების ნანგრევებზე შენდებოდა. ქურმუხის ტაძარიც ასეთ ძეგლთა რიგს განეკუთვნება.
ზემოთ ხსენებული ტერიტორია და ტაძარი უძველეს დროიდან დღემდე ადგილობრივი და მეზობელი რაიონების მოსახლეობის მხრიდან, განურჩევლად ეთნიკური  და რელიგიური კუთვნილებისა, ფირისა და წმინდა კერის მნიშვნელობით გამოიყენება. ქვის წინ მთელი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სანთლების დანთება, ნატვრის ხეზე  ნაჭრების შებმა, ქვის ზედაპირზე IV საუკუნეში აშენებული ალბანური ტაძრის დღემდე შემორჩენილი ნანგრევები, XIX საუკუნეში აშენებული ქურმუხის ტაძრის ქვეშ მოქცეული ალბანური ტაძრის საძირკველი ამ ტერიტორიის სიწმინდეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი წარმომადგენლების გამოკვლევისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოირკვა, რომ ეკლესია ყოფილი ალბანური ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული.
2004-2005 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ ქურმუხის ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. გადაიხურა ტაძრის სრულიად დანგრეული გუმბათი, რესტავრაცია გაუკეთდა კედლებს, ფანჯრებს და კარებს. კეთილმოეწყო ტაძრისკენ მიმავალი გზა. ტაძრის გარშემო სამეცნიერო გამოკვლევისა და არქეოლოგიური გათხრითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სარესტავრაციო საქმიანობა გაგრძელდება.
  ალავერდის ტაძარი კი, კახის რაიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობათა ისტორიისა და კულტურის ამსახველ მუზეუმად გამოყენება იყო გათვალისწინებული.


ძეგლთა დაცვისა და გამოყენების
განყოფილების დირექტორის მოადგილე თ. ქერიმლი               06.09.2005

                                                                                                            

ძეგლთა დაცვისა და გამოყენების
განყოფილების დირექტორის მოადგილე თ. ქერიმლის 


აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და გამოყენების განყოფილებისადმი ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, იძულებულნი ვართ კონსტატაცია გავუკეთოთ იმ ფაქტს, რომ კახის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართვის ადრესატები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ი.ალიევი და კულტურის მინისტრი ბატონი ფ.ბულბულოღლი იყვნენ. ძალზე უცნაურია ის გარემოება, რომ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი მიმართვა თქვენს განყოფილებაში იქნა განხილული. კიდევ უფრო უცნაური და გასაოცარია თქვენი პასუხის შინაარსი – რა იყო ათასობით ქართველი მართლმადიდებლების თხოვნა და რაზეა ლაპარაკი თქვენს წერილში. ჩვენ მოვითხოვდით ქურმუხისა და ალავერდის წმ.გიორგის ეკლესიებში ღვთისმასახურების განხორციელებასა და ამ ეკლესიების ამოქმედებისათვის ხელის არ შეშლას, წინააღმდეგობებისა და ბარიერების მოხსნას, სიწმინდეებისა და სიმბოლოების შეურაცხყოფის აღკვეთას – თქვენ გვპასუხობთ, რომ თურმე ქურმუხის ეკლესია უძველესი დროიდან დღემდე ფირად, ნატვრის ხეებზე ნაჭრების შებმისა და წმინდა კერის დანიშნულებით გამოიყენება (?!!).
ბატონო თ.ქერიმლი, ქვეტექსტებითა და მინიშნებებით გამოთქმული თქვენი მოსაზრებები და პოზიცია ყოვლად მიუღებელია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფოსთვისაც. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკის გამართვას ისეთ აქსიომურ საკითხზე, როგორიც ქურმუხის ისტორიის საკითხია, მაგრამ  იმისათვის, რომ გაიფანტოს ყოველგვარი ბურუსი, მკაფიოდ და ნათლად დაფიქსირდეს ძეგლთა დაცვის განყოფილებისა და პირადად თქვენი პოზიცია, რამოდენიმე კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. თქვენს წერილში გამოთქმული მოსაზრებები ნიშნავს თუ არა იმას:
1. რომ ძეგლთა დაცვის განყოფილება უარს გვეუბნება ქურმუხისა და ალავერდის ეკლესიების ამოქმედებაზე.
2. რომ თქვენ პრეზიდენტის დავალებით გვპასუხობთ და ბატონი პრეზიდენტიც იზიარებს თქვენს პოზიციას.
3. რომ ქურმუხის ეკლესიაში ღვთისმსახურების აკრძალვა, ეკლესიის საქმეში ჩარევა, ჯვარისა და ხატის შეურაცხყოფა არ არის კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების უხეში დარღვევა და ადგილობრივი ხელისუფლებაც კონსტიტუციისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვით მოქმედებს.
4. რომ უბრალო და ელემენტარული ჭეშმარიტება – ქრისტიანმა ილოცოს ეკლესიაში და ეკლესიას წინამძღვრობდეს მღვდელი - ძეგლთა დაცვის განყოფილებისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
5. რომ ჩვენ ძირძველი მოსახლეობა არა ვართ და ჩვენ არა გვაქვს ისტორია, საუკუნეების განმავლობაში არ დაგვიცვია ჩვენი ეროვნება და მართლმადიდებლობა, არ გვიცხოვრია კულტურული ცხოვრებით, არ გვიშენებია ეკლესია-მონასტრები, არ აღგვიდგენია მრავალჯერ დარბეულ-დანგრეული ეკლესიები (მათ შორის ქურმუხის საყდარიც, რომელზეც ბევრი თქმულებებია დღემდე შემონახული. სხვათა შორის ამ ეკლესიას, უძველესი დროიდან დღემდე, ჩვენ ~დიდ საყდარს~ ვუწოდებთ. ~დიდი საყდარი~ ეწოდება არა იმიტომ, რომ საყდრის შენობა იყო დიდი, არამედ თავისი დიდი ისტორიულ-ქრისტიანული მნიშვნელობის გამო და იმიტომ, რომ იგი საკათედრო ტაძარია).
6. რომ არ არის სამარცხვინო და ქართველებისათვის დაცინვა ალავერდის ეკლესიის მრევლისათვის ჩამორთმევა და მისი ჩვენივე კულტურის (რომელიც მხოლოდ ქრისტიანულია) წარმოსაჩენ მუზეუმად გამოცხადება (ამ ეკლესიასაც აქვს ზედწოდება - აშენების დღიდან ჩვენ მას ~პატარა ალავერდს~ ვუწოდებთ, რადგან იგი ჩვენმა წინაპრებმა კახეთის ცნობილი ~დიდი ალავერდის~ ანალოგიით ააშენეს).
და ბოლოს, საყოველთაოდ და მითუმეტეს ჩვენთვის, ცნობილია აზერბაიჯანელი ხალხის ტოლერანტობა და მართლმადიდებლებისადმი კეთილგანწყობა. რაიონის აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას შორის ისტორიულად მეგობრული და გულითადი ურთიერთობაა დამყარებული. ჩვენს შორის არანაირი პრობლემები არ არსებობს, რაც არ შეიძლება ითქვას ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე, რომელთა დამოკიდებულება ქართველი მართლმადიდებლების მიმართ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, შოვინისტური და დისკრიმინაციულია. ძალზე სამწუხაროა, რომ ძეგლთა დაცვის განყოფილება ასეთ ჩინოვნიკებს უმაგრებს ზურგს. ბოდიშით, მაგრამ ძალზე ძნელია აუღელვებლად ილაპარაკო ისეთ ელემტარულ ჭეშმარიტებაზე, რომელიც შუა საუკუნეებშიც კი არ იყო საკამათო. Dდავუშვათ რომ ქურმუხის ეკლესია IV საუკუნეში კი არა, თვით XIX საუკუნეშიც ალბანელებმა ააგეს და ჩვენც თუნდაც გუშინ ვიყოთ ჩამოსახლებულნი აზერბაიჯანში, მერე რა იცვლება ამით - ქურმუხის ეკლესიას არ უნდა ჰყავდეს წინამძღვარი და არ უნდა იყოს მოქმედი? Mმსოფლიოს მრავალ კუთხეში გვერდი-გვერდზე მოქმედებს ეკლესია და მეჩეთი, მეჩეთი და სინაგოგა (ამის კლასიკური ნიმუშია საქართველო) და ნუთუ ქურმუხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ქვაა ანდა ცოტა ხეებია, რომ ყველა კერპთაყვანისმცემელმა (რომელთაც ებრძვის როგორც ქრისტიანობა ასევე მაჰმადიანობა) დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება?
და კიდევ ერთიც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი საკულტო ნაგებობების უმრავლესობა, უნიკალურ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ და იქ არავის მოსდის აზრად მათში ღვთისმსახურების აკრძალვა და გამოფენის გამართვა (პირიქით, მოქმედი ეკლესია ან მეჩეთი უფრო ხელს უწყობს ტურისტებისა და მომლოცველების მოზიდვასა და შენობების მოვლა-პატრონობას).
და ბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის სამწუხარო გარემოება, რომ თქვენს პასუხში გარკვევით მხოლოდ ერთი რამ გამოიკვეთა - ძეგლთა დაცვის განყოფილება საკითხის მოგვარების საქმეში არა რელეგიური, არამედ რაღაც პოლიტიკური მოტივებითა და მოსაზრებებით ხემძღვანელობს, რაც ძალზე შემაშფოთებელი და საშიშია. ასეთი პოზიცია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანში ჩვენი რელეგიის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საერთოდ ჩვენი შვილების მომავლის საკითხს, რადგან თუ უარს გვეუბნებით ისტორიულ წარსულზე, მაშასადამე უარს გვეუბნებით მომავალზე.
ბატონო თ.ქერიმლი, ამ წერილის გამოგზავნის დღიდან ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას და მოვლენათა ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ძეგლთა დაცვის განყოფილებასა და პირადად თქვენ დაგეკისრებათ.

ამ წერილს ვურთავთ ქართული ქრისტიანული  დიასპორის კიდევ ერთ ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც მოვითხოვთ ზემოთ ხსენებული ეკლესიების სასწრაფოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე კახ-ინგილოს წმინდა გიორგის მოქმედი ეკლესიის დაქვემდებარებაში გადმოცემას, რათა უახლოეს პერიოდში მოვახერხოთ ორივე ტაძრის ინტერიერის მოწყობა მართლმადიდებლური კანონიკის შესაბამისად.

 კახის რაიონის მართმადიდებელი ქრისტიანების სახელით:
რამოდენიმე ასეული ხელმოწერით
21 სექტემბერი 2005წ.

No comments:

Post a Comment