June 19, 2012

“ოსმალეთის ქართველები”


მუსლიმი ქართველები
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში შაბათს 10 მარტს 14:00 საათზე გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“ გაიხსნა. გამოფენა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტჟურნალ ამბიონისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში.
“ოსმალეთის ქართველები”
უნიკალური საარქივო მასალა თურქეთის სახელმწიფო არქივებიდან

ქართველებს თითქოს საქართველო მეტისმეტად ეპატარავებოდათ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზად მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს ირჩევდნენ. 
თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული იყო სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ქართული კვალი აღმოჩნდა ოსმალთა იმპერიაში, რომელსაც ჩვენებურმა გურჯმა, თურქეთში მოღვაწე ისტორიკოსმა მურად ქესაბმა მიაკვლია.
 “ამბიონს” თავად ბატონი მურადი ესაუბრა: 
“მე ქართველი ვარ, ორდუში დავიბადე, ისე, წარმოშობით ბათუმიდან იყვნენ ჩემი წინაპრები. ახლა სტამბულში ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან, ცოლთან და ორ შვილთან ერთად, აქვე ვმუშაობ. 

სამი წელი ვმუშაობდი თურქეთის სახელმწიფო არქივებში, უნიკალურ მასალებს ვეძებდი და ვაგროვებდი ოსმალეთში მოღვაწე ქართველების შესახებ. ბოლოს კი წიგნი გამოვეცით ამ მასალის მიხედვით – “ოსმალეთის ქართველები”.

ამ წიგნში შეტანილია უნიკალური საარქივო მასალა ქართველი სულთნების, მინისტრების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ.

პირველად პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო არქივში ვმუშაობდი ამ თემაზე. იქ ძირითადად ბიოგრაფიებია დაცული, მაგალითად, აი, ერთ-ერთი მათგანი:

“ჰაჯი ჰუსეინ ცეცხლაძე მეჰმედაშვილი. დაიბადა ქობულეთში. არაბულად, თურქულად და ქართულად ლაპარაკობს.”

შემდეგ აქ არის მისივე ლექსი, აღწერილია მისი ცხოვრება და მოკლე ბიოგრაფია. ეს ცნობა დაწერილია ქართულ ენაზე, მაგრამ ოსმანური ანბანით. ძალიან ბევრია ასეთი შერეული ტექსტი, ზოგი ქართული ანბანით არის დაწერილი ოსმანურ ენაზე, ზოგი არაბულად. 

ასევე, გამოვიყენეთ წყაროები ოსმალეთის იმპერიის დროს დაწერილი ბიოგრაფიული წიგნებიდან. ერთ-ერთი წიგნია “მინისტრების ბაღი”. აღმოვაჩინეთ, რომ ოსმალეთის იმპერიაში 17 ქართველი მინისტრი მოღვაწეობდა. 

ჩემს წიგნში “ოსმალეთის ქართველები” გამოქვეყნებულია ფოტოები: ქართველი მოღვაწეების ფერწერული პორტრეტების, მათი სასაფლაოების, ქართველების მიერ აგებული ხიდების, ბიბლიოთეკებისა და სკოლების, მეჩეთებისა თუ სხვადასხვა 

კულტურული ძეგლის, რაც კი ქართველებთან უშუალოდ არის დაკავშირებული. აი, მაგალითად, იუსუფ ფაშა ქართველი იყო, იგი ოსმალეთის პრემიერ- მინისტრი გახლდათ, დღეს კი მისი სახელი ქალაქის ერთ-ერთ უბანს ჰქვია.

სადრაზან მეჰმეთ ფაშაც ქართველი იყო, მან პირველმა შემოიტანა თურქეთში სტამბა.

ძალიან საინტერესო ფაქტიც აღმოვაჩინეთ. ათი წლის წინ თურქეთში მწვავე ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა, მაშინ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ეკონომისტი ქემალ დერვიჩი, რომელიც თურქეთში მინისტრად დაინიშნა. იგი ამერიკაში იყო გაზრდილი, თუმცა თურქეთიდან გახლდათ წასული. ქემალ დერვიჩი აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე ქართველი მინისტრის ჰალილ მეჰმეთ ფაშას შვილთაშვილი. 


ოსმალეთის მეფის მესამე სელიმის დედა ქართველი იყო, მიჰრიშან სულთანი. ისტორიკოსების გადმოცემით, სელიმი გამოირჩეოდა ძალიან კეთილი ხასიათითა და ლამაზი სახით. ეს თვისებები სწორედ ქართველი დედისგან გამოჰყვაო. ქართველების მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ.

უამრავი მასალა მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ვერ შევიდა ჩემს წიგნში. “ოსმალეთის ქართველები” თურქულ ენაზეა დაბეჭდილი, თუმცა უკვე მისი ქართულად თარგმნა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში გამოვცემთ. 

ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ქართველების მოღვაწეობა ოსმალეთში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, მუჰაჯირობის შემდეგ დაიწყო (უამრავი მუსულმანი ქართველი რუსებმა იძულებით განდევნეს საქართელოდან, მათ ადგილზე სომხები და კაზაკები ჩაასახლეს). თუმცა ჩვენ არქივებში აღმოვაჩინეთ 1 500 წლამდე თურქეთში მოღვაწე ქართველების მიერ აგებული ხიდები, სკოლები, სამლოცველოები, ბიბლიოთეკები, რომლებსაც ქართული სახელები აქვთ.

ასევე, მოვიძიეთ იმ ქართველი მოღვაწეების ქართული გვარებიც, ესენია: თავდგირიძე, აბაშიძე, ბეჟანიძე, დუმბაძე, ათაბაგ-ჯაყელი, ლორთქიფანიძე, ანჩელიძე და სხვა. 


არქივებში, ასევე, მივაკვლიეთ დღევანდელ ერაყში ქართველთა კვალს. ეგვიპტეს ქართველი მამლუქები 150 წელი მართავდნენ, მათი მმართველობა მე-19 საუკუნეში დასრულდა. ბოლო მმართველი იყო თბილისში დაბადებული დაუდ ფაშა მანველიშვილი. მან უამრავი მეჩეთი და ხიდი ააგო, რომლებიც დღესაც არსებობს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. იმ პერიოდში უამრავი ქართული ოჯახი გადასახლდა, ერაყში დღესაც ცხოვრობენ ქართველთა შთამომავლები. ახლა მათაც არაბებად მოიხსენიებენ, თუმცა ზოგ მათგანს ამ დრომდე ახსოვს საკუთარი ქართული წარმომავლობა.

ჩვენ ამ საარქივო მასალებიდან შევიტყვეთ, რომ ქართველებსა და ოსმალებს შორის ძალიან დიდი მეგობრული და კულტრული ურთიერთობები არსებობდა. ეს წიგნიც – “ოსმალეთის ქართველები” დღეს თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობებისათვის აგებული ერთ-ერთი ხიდია.”


ნესტან ბლუაშვილი
http://www.ambioni.ge/osmaletis-qartvelebi/#more-9497

No comments:

Post a Comment