June 29, 2012

არჩილ ჯაჯანაშვილის პუბლიცისტური წერილები:

ლიტერატურული ძიებანი 2002 №22 ჟურნალისტიკა
მაყვალა გაჩეჩილაძე
არჩილ ჯაჯანაშვილი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია. მისი შემოქმედება უცნობია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის და აქამდე დაუმსახურებლად იგნორირებული. ამიტომ ზედმეტი არ იქნება მკითხველს გავაცნოთ მისი ბიოგრაფიული მონაცემები1.
არჩილ ჯაჯანაშვილი დაიბადა 1885 წლის მარტს თბილისში. დაამთავრა ქართული გიმნაზია და გაემგზავრა რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიური განყოფილების განხრით. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1903 წელს და მის შემდეგ 34 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, როგორც ჟურნალისტი - პოლიტიკური მიმომხილველი, შესანიშნავი პუბლიცისტი, სალიტერატურო და თეატრალური კრიტიკის წარმომადგენელი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ტექსტოლოგი. შეადგინა და გამოსცა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. 1912-14 წლებში ხელმძღვანელობდა „სახალხო გაზეთის“ გამოცემას, როგორც გამგე, გამომცემელი და რედაქტორი.
მოღვაწეობდა და იბეჭდებოდა მრავალ პერიოდულ გამოცემაში ოცამდე სხვადასხვა ფსევდონიმით და კრიპტონიმით - ა. ჯ., ჯ., არ. ჯ-შვილი, ბარელი, გარდელი, მეთვალყურე, უცნობი, მოუსვენარი და სხვა მრავალი.

წერა 18 წლისამ დაიწყო. სტუდენტობის დროს - 20-22 წლის ასაკში, სოციალ-დემოკრატების გავლენის ქვეშ მოექცა და მათი იდეოლოგია გაიზიარა, მხოლოდ არა მთლიანად. ეროვნულ საკითხში სოციალ-დემოკრატთა პოზიცია არ მოსწონდა და ახალბედა პოლიტიკოსი ცდილობდა სხვადასხვა ცნობილ პოლიტიკოსთა აზრების ციტირებით გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. 1905 წლის გაზ. „ივერიაში“ (№156) აქვეყნებს ამონაწერს სმიტის წერილიდან „საკონსტიტუციო კანონები“. 1906 წლის „ჩვენს ცხოვრებაში“ (№13) ბეჭდავს წერილს „ნაციონალური საკითხი“; განიხილავს თ. ი. ბიკოვის წერილს „ეროვნული საკითხი კავკასიაში“ („მეგობარი“, 1906, №68). წერილი პასუხობს კითხვას „რა არის ნაცია“! განმარტავს მას და ამომწურავ ცნობებს აწვდის მკითხველს ერის ჩამოყალიბების ცვალებად ხასიათზე ისტორიული პირობების ცვალებადობის შესაბამისად. რა დროიდან შევიდა ამ მცნებაში ენის ფაქტორი, როდის იქცა მის მოუცილებელ ატრიბუტად ტერიტორია და შემდეგ ეკონომიკა. ეს და მისი მომდევნო წერილები დროული იყო და მეტად აქტუალური. დროული იმიტომ, რომ ქართველი პროლეტარები და მშრომელი მასა ნაკლებად იყო ინფორმირებული ამ საკითხებში და, თუ იყო, ეს ინფორმაციები უმეტესად ზერელე და არაზუსტი იყო ისე, როგორც ეს ხელს აძლევდა სოციალ-დემოკრატთა და ზოგიერთი სხვა პარტიული დაჯგუფების ლიდერებს. მსგავსი ხასიათის სასწავლო-შემეცნებითი ღირებულების მქონე წერილებით ა. ჯაჯანაშვილმა ნათლად გამოკვეთა თავისი პოზიცია ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით და სოციალ-დემოკრატთა პარტიის პოლიტიკურ პროგრამას გარკვეულწილად გაემიჯნა, განზე განუდგა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში 1908 წ. დაბრუნებულმა ამ ახალგაზრდა „პოლიტიკოსმა“ თავი ვერ ჩათვალა სათანადოდ მომზადებულად და დაეწაფა თვითგანვითარებას. სამი წელი იგი თითქოს პოლიტიკის გარეშე ცხოვრობდა, ჩამოშორებული გარესამყაროს, საზოგადოებას, მაგრამ ამ სამი წლის დუმილს უკვალოდ არ ჩაუვლია. 1912 წლიდან მას ვხედავთ, როგორც საბოლოოდ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკოსს, რომელიც არა მარტო გაემიჯნა სოციალ-დემოკრატებს, არამედ ბრძოლა გამოუცხადა ეროვნული საკითხის არასწორი ინტერპრეტაციისა და იგნორირებისათვის. ამიერიდან არჩილ ჯაჯანაშვილის მოღვაწეობის და ცხოვრების უპირველეს მიზნად და „ამაღლებულ იდეალად“, როგორც თვითონ ამბობდა, ეროვნული საკითხი - თავისუფალი საქართველო იქცა და იგი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიისა.
1913 წლიდან ა. ჯაჯანაშვილი ახლა უკვე აშკარად დაუპირისპირდა სოციალ-დემოკრატებს. იგი ამხელს და კიცხავს მათ ეროვნული საკითხის გაყალბებასა და გავულგარულებაში, უვიცობასა და უპასუხისმგებლობაში. ებრძვის როგორც იდეოლოგიურ, ისე მორალურ სფეროში; ნიღაბს ხდის და ააშკარავებს სოციალ-დემოკრატიის ნამდვილ სახეს, აღნიშნავს: „ამ პარტიას არ აინტერესებს ხალხის სამსახური. მათი კერპი არის თვით პარტია და ამ პარტიისადმი სამსახური გაუხდიათ მიზნად. პარტია მათთვის სექტად გადაიქცა და ამიტომ განუვითარდათ სექტანტური სულიც“2. ეს განწყობა გრძელდება 1917 წლამდე. 1917-18-19 წლებში კვლავ ეროვნულ საკითხს უტრიალებს. აწუხებს საქართველოს ბედი რევოლუციასთან მიმართებაში. გრძნობს „სახიფათო მდგომარეობის“ მოახლოებას. კვლავ უტევს ახლა უკვე „გაბოლშევიკებულ სოციალ-დემოკრატებს. დასტირის „საქართველოს ტრაგიკულ ბედისწერას“. 1920 წელს პოლიტიკურმა საკითხებმა მისთვის თითქოს მნიშვნელობა დაკარგა. 1921-22 წლები პესიმიზმში გაატარა. 1937 წელს ორ ნეიტრალური პოზიციის სტატიას ბეჭდავს... ამით დასრულდა მისი ჟურნალისტობა და საქართველოს უბედური ბედისწერით გულგანგმირული პოლიტიკოსის სულიერი ტანჯვით აღსავსე ცხოვრებაც. იგი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
ა. ჯაჯანაშვილის შემოქმედება თემატური თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვანია. რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ეს წერილები - პოლემიკური, ბიბლიოგრაფიული, მიმოხილვითი თუ კრიტიკული, ყოველ მათგანში ნათლად იგრძნობა ავტორის პროფესიონალიზმი, დიდი განათლება, წიგნიერება, ღრმა ცოდნა და პოლიტიკური სიმწიფე.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან მკითხველი საზოგადოების ყურადღებას შევაჩერებთ იმჟამინდელი განათლების სისტემის მუშაობის მოკლე ისტორიულ მიმოხილვაზე. განათლების საკითხზე დაწერილი პუბლიცისტური წერილების ძირითადი პათოსი იყო არსებული სკოლების მიმართულების განსაზღვრა, მათი ნაკლის ჩვენება, ამ ნაკლის გამოსწორება და განათლების მთელი სისტემის რეორგანიზაცია, რეფორმების გატარება. ამასთან ერთად, ა. ჯაჯანაშვილს მიაჩნდა, რომ ხალხს სიღარიბიდან იხსნიდა „პროფესიული“, როგორც ამას თვითონ უწოდებდა, სკოლები, რომლებშიც გარკვეულ სპეციალობას აითვისებდა სწავლას და შრომას მოწყურებული ახალგაზრდობა და დასაქმდებოდა კიდეც. ასეთი პროფტექნიკური სასწავლებლების დაარსების აუცილებლობის დასაბუთებას მან წერილების მთელი სერია მიუძღვნა.
ქართველი ინტელიგენცია და განათლების მუშაკები არაერთხელ ცდილან საქმიანი წინადადებებით და წერილობითი მოთხოვნებით სასიკეთო ცვლილებები შეეტანათ განათლების სისტემის სამუშაო პროგრამაში, მაგრამ რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის ყრუ კედელს აწყდებოდნენ და ძალაგამოცლილნი უიმედოდ ხელებს დაბლა უშვებდნენ. ა. ჯაჯანაშვილმა ამ ყრუ კედლის გადასალახავ ქმედით იარაღად იმ სისტემაში დამკვიდრებული მუშაობის მანკიერი სტილის და არსებული ხარვეზების მხილება-დემონსტრირება ირჩია.
ახალგაზრდა პუბლიცისტი განსაკუთრებული აღშფოთებით წერს იმ „დემოკრატიულ სკოლებზე“, რომლებიც ასე მომრავლდნენ 900-იან წლებში. ამ სკოლებს იგი „სოციალ-დემოკრატების სკოლებს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ ასეთი სკოლების დაარსება და ამ სკოლის მოსწავლეთა იდეოლოგიური აღზრდა მეტად მნიშვნელოვანი იყო სოციალ-დემოკრატთათვის, რადგან „ამ სკოლებში აღიზარდა მთელი თაობა და ისინი უკანასკნელ მოძრაობას მესვეურობდნენ, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა და რომელიც თავის გულში ინტელექტუალური და ზნეობრივი გახრწნილების ბაცილებს ატარებდა“3, - აღნიშნავდა არჩილ ჯაჯანაშვილი. სახალხო სკოლების გახსნის დადებით როლზე არავინ დავობდა, არც ქართველ ინტელიგენციას უკარგავდა ა. ჯაჯანაშვილი ამ ღვაწლს, მაგრამ ნაკლებ სიკეთეს ხედავდა ამ საქმეში, რადგან მიაჩნდა, რომ ეს სკოლები თავის უპირველეს მიზანს ვერ ემსახურებოდნენ. უფრო მეტად პოლიტიკისათვის არსებობდნენ. მშობლიური ენის დავიწყებას და რუსული ენის და აზროვნების სწავლება-გაძლიერებას უწყობდნენ ხელს.
რაც შეეხება საშუალო სკოლებს, ა. ჯაჯანაშვილის აზრით არც ისინი იყვნენ მაინცდამაინც იმედის მომცემი იმ თვალსაზრისით, რომ „საშუალო სკოლები მხოლოდ ჩინოვნიკებს ზრდიან, ბიუროკრატიული სენით შხამავენ ატმოსფეროს და ფართო საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას აფერხებენ“4, უმაღლესი სასწავლებელი კი საქართველოში არ არსებობს...
არჩილ ჯაჯანაშვილის შეფასებით განათლების რომელი საფეხურიც არ უნდა ავიღოთ, აშკარად შევნიშნავთ, რომ არ გვაქვს ისეთი სასწავლებლები, სადაც შესაძლოა ერის ინტელექტუალური და მორალური ძალების თავისუფალი განვითარება. სკოლა თავისი გზით მიდის, ცხოვრება - თავისი გზით, მაშინ, როცა ისინი მტკიცედ უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან.
ჯაჯანაშვილის წერილები ერთად შეკრებილი, დახარისხებული და სისტემაში მოყვანილი საქართველოს ახლო წარსულის ისტორიაა - კერძოდ, თვით განათლების სისტემის, სკოლების და მათთან დაკავშირებული ყველა იმ მტკივნეული საკითხის, რომელიც ეროვნული ცნობიერების უფაქიზეს ნიუანსებს, ენისა და განათლების სისტემის სამუშაო პროგრამის საკითხებს შეიცავს. საბოლოოდ კი ყოველივე ეს ეროვნული იდეოლოგიის მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენდნენ. ამ წერილებში პუბლიცისტმა გამოავლინა ცარისტული რუსეთის ბიუროკრატიული მთავრობის მავნე პოლიტიკის გაბნეული მეტასტაზები. ამ მავნე პოლიტიკის წინააღმდეგ გაბედული და თავგამოდებული ბრძოლა თავისთავად ეროვნულობის შენარჩუნებაზე, საქართველოს თვითმყოფადობაზე და ახალგაზრდობის რიგიან აღზრდაზე ზრუნვა იყო.
საქართველოში არსებული სკოლების გარკვეული ნაწილი რომ ეროვნული კულტურისა და ცხოვრებისათვის ნაკლებ გამოსადეგი იყო, ეს საკითხი სხვებთან ერთად ა. ჯაჯანაშვილმა მთელი სიმწვავით დააყენა მკითხველის წინაშე. იგი თანმიმდევრულად აშუქებდა მოვლენებს და ნაკლებცნობილი და ტაბუდადებული ფაქტები სააშკარაოზე გამოჰქონდა განსჯისათვის. საერთო სახე კი ზოგადად ასეთ სურათს იძლეოდა: „სკოლებში არც აღზრდის საქმე იყო დაყენებული წესიერად და არც სწავლის. ეს სასწავლებლები რეზონიერებს უფრო ზრდიდნენ, ვიდრე საქმის მოყვარე ხალხს, ისინი დილეტანტებს იძლეოდნენ და არა მცოდნე პირებს“5.
შევეხოთ ა. ჯაჯანაშვილის უარყოფითი მუხტით დატვირთულ იმ სტატიებს, რომლებიც განიხილავენ ზოგიერთი სკოლის მიზანს, დანიშნულებას და მათგან მიღებულ შედეგს - რა პროდუქტი მივიღეთ ამ სკოლებიდან, შემდეგ კი ვისაუბროთ რუსეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ერთი ნაწილის ფსიქიკური წყობის გადაგვარებაზე, საერთო ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარების ზეგავლენით, რომელიც იმპერიული რუსეთის გამხრწნელი პოლიტიკის ლოგიკურ ნაყოფად გვესახება.
1905-07 წლების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მომრავლდა ახალი ტიპის სკოლები (შემდეგში გაუმჯობესებული, მუშფაკის სახელწოდებით რომ ფუნქციონირებდა). ეს იყო ძირითადად სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილი ჯგუფები, რომელთაც პარტიის შემადგენლობიდან დაენიშნათ მასწავლებლები. ეს პარტია ძირითადად ხალხის მასას ეყრდნობოდა. საჭირო იყო ისეთი იდეოლოგების გამოზრდა, რომელიც შუამავალი იქნებოდა პარტიასა და ხალხს შორის და პარტიის ლიდერთა აზრებს და განწყობებს ხალხამდე მიიტანდა. ამ ამოცანის შესასრულებლად გამოყენებული იქნა სწორედ ზემოხსენებული „ჯგუფი“ ანუ „სასწავლებელი“, „სკოლა“. პედაგოგების დანიშნულება იყო, მსმენელთათვის შეესწავლებინათ პარტიული პროგრამა და ძირითადი საფუძვლები პოლიტიკური ეკონომიისა. სიტუაციის მიხედვით ისინი ზოგჯერ იძულებული იყვნენ ისეთ საკითხებსაც შეხებოდნენ, რომელზეც ზოგადი წარმოდგენა თუ ჰქონდათ, ან ამ საკითხის გაგებისათვის მოსწავლეთა განვითარების დაბალი დონე საკმარისი არ იყო. ასეთი სწავლებისაგან „მოსწავლეთა გონებაში რჩებოდა ფრაზები, ცარიელი სიტყვები“, - აღნიშნავდა არ. ჯაჯანაშვილი. როცა ერთ-ერთ ლექციაზე მასწავლებელმა-ლექტორმა ახსენა მატერიალიზმი, ერთმა მსმენელმა ითხოვა, დაწვრილებით ელაპარაკა ამ საკითხზე, რათა ნორმალური წარმოდგენა შექმნოდა მასზე. ლექტორმა ასე განავითარა თავისი საუბარი - „ძველ დროში არსებობდა ერთ-ერთი ფილოსოფოსი დემოკრიტი და ისიც მატერიალისტი იყო“... ა. ჯაჯანაშვილი კომენტარს არ უკეთებს ამ ფაქტს და მკითხველს ანდობს მსჯავრის გამოტანას - თუ როგორ, რა დონეზე შეასწავლიდა ასეთი ლექტორი თავის მსმენელებს ფილოსოფიას.
ა. ჯაჯანაშვილის პუბლიცისტური წერილების მთელი სერიიდან ვეცდებით, აღვადგინოთ სოც.-დემოკრატთა მიერ გახსნილ საზოგადო განათლების კურსებზე (სკოლების მაგივრობას რომ სწევდა) მიმდინარე სწავლების პროცესები, სწავლების ხარისხი, იდეოლოგიური მრწამსი და გავეცნოთ მსმენელთა მიერ მიღებული ცოდნის სალაროს და მათ გონებრივ-ზნეობრივ მონაცემებს.
ამ განათლების კურსებმა, რომელსაც პირობითად სკოლებს უწოდებდნენ, მაინცდამაინც დიდი სარგებლობა ვერ მოუტანა მსმენელებს, პირიქით, დაამახინჯა და დაშტამპა მათი გონება. თვით ლექტორებს საჭირო ცოდნა არ გააჩნდათ, თუმცა ეს მათ არც აწუხებდათ. ისინი მოწოდებული იყვნენ იმისათვის, ჩაენერგათ ახალგაზრდობაში რწმენა ამ პარტიის ყოვლისშემძლეობისა. „თუ ისინი გაიზეპირებდნენ პროპაგანდისტის ნალაპარაკევს, შეისწავლიდნენ ამა თუ იმ მეცნიერების ნაგლეჯებს, დაიმახსოვრებდნენ განსაზღვრულ ცნებებს და ცნობებს“. სოციალ-დემოკრატიული პარტია მაშინვე „მოწინავე მუშის დიპლომს“ მიაკრავდა შუბლზე. ისინიც რწმუნდებოდნენ, რომ მოწინავენი იყვნენ, სწავლულნი, ბრძენთა-ბრძენნი. ეს ამედიდურებდა და აამაყებდა მათ... ამიტომ გამოვიდნენ ეს „სწავლულები“ დამახინჯებული აზროვნებისა და უცოდინარნი. ასეთი ახალგაზრდები, - აღნიშნავს ა. ჯაჯანაშვილი, - ვეღარ ახერხებდნენ მეცადინეობას. რაკი ერთხელ გადაეჩვივნენ საფუძვლიან სწავლას, შემდეგშიაც ისე აგრძელებდნენ. ცოდნის რომელი დარგიც არ უნდა იყოს, ყოველ წიგნში ნაცნობ აზრებს ეძებენ, დანარჩენი კი მათი აზროვნების მიღმა რჩება, ზერელობას არიან მიჩვეული და სწავლა აღარ უნდათ...
„საქმის ასეთმა გაძღოლამ დიდი ვნება მოუტანა საზოგადოებრივ აზროვნებას. დაეცა პატივისცემა ღრმა განათლებისა და აზროვნებისადმი. ამ ჯურის ხალხს შეუძლია (და დღესაც შეუძლიათ მათ გენეტიკურ მემკვიდრეებს) უდიდესი გენიოსი ტალახის წუმპეში ამოსვაროს, თუ იმისი აზრი მისას არ ემთხვევა. განდიდების მანიამ შეიპყრო და საკუთარ ძლევამოსილებაში დარწმუნდა. ვინც თითზე მარცვლის თვლა ისწავლა - თავი პოეტად მიაჩნია, ვინც დიალოგური ფორმით რამეს დაწერს - დრამატურგობას ჩემულობს, ვინც ნაციონალისტებს გალანძღავს, იმას თავი მეცნიერი ან პუბლიცისტი ჯგონია. საზოგადოებრივი კრიტიკის საზომი დაპატარავდა, სულიერი მოთხოვნილებები დაბლა დაეშვა, საზოგადოება კმაყოფილდება ზერელე ცოდნით .“ეშმაკის მათრახის“ და „ნიშადურისებური“ მწერლობით“6.
ნაცვლად იმისა, რომ ღირსეულად შეეფასებინათ გრ. რობაქიძის ლექციები, მავანმა და მავანმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს მისდამი და კიცხვა და ლანძღვა დაუწყეს, მასხარად აიგდეს. საკვირველი კი ის იყო, რატომ დასცინოდნენ იმ ლექციებს, რომლის შინაარსი ნამდვილად ვერ გაიგეს! მარტო ეს ფაქტიც კი საკმარისია იმის გასარკვევად, რომ ყველას გაეგო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას ვინ აძლევდა ტონს და ვინ ქმნიდა ამინდს ქართული კულტურული ცხოვრების მიმდინარეობაში. და თუ ვერ ქმნიდა მთლიანად, ცდილობდა კი დიდი ძალისხმევით.
სოციალ-დემოკრატთა აზრებით გაჯერებულ საქართველოს ცხოვრებაში, როგორც ამას ა. ჯაჯანაშვილი აღნიშნავს, - საყოველთაო უცოდინრობა იყო ფეხმოდგმული... უძლურება უძლურებას ებრძოდა, არარაობა - არარაობას, უვიცობა - უვიცობას, ხოლო ერის მცოდნე, ღირსეული და პატიოსანი ადამიანების მცირე რაოდენობას გასაქანი არსაიდან ჰქონდა. რევოლუციური მოძრაობის იდეოლოგია და ფანატიზმი კვლავ აღზევებას განიცდიდა. ნამდვილი მამულიშვილები კი ეროვნული თავისუფლების მოპოვებისათვის საბრძოლველად ემზადებოდნენ7.
ა. ჯაჯანაშვილს ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დიდ ნაწილს, ნამდვილ მამულიშვილებს, დიდად აწუხებდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ბედი, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი შეუფერებელ ცხოვრებას ეწეოდა და რაც დრო გადიოდა, ეს მოვლენა უფრო რთულდებოდა. ცხადია, ახალგაზრდების სწორი გზიდან აცდენა მრავალ მიზეზს შეეძლო გამოეწვია. მათ შორის მეტად ანგარიშგასაწევი იყო ეკონომიური სიდუხჭირე, სკოლებში გამეფებული უსამართლო რეჟიმი, პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის არსებული არაჯანსაღი ურთიერთობა, განათლების მთელი სისტემის თანამშრომელთა ავადმყოფური, პათოლოგიური ფსიქოლოგია, გულგრილობა, სიმკაცრე და სხვ., რაც ნამდვილი მამულიშვილების მიერ დიდი ხნიდან გამხდარიყო მსჯელობის საგნად. თბილისში არსებული სასწავლებლებიც სხვადასხვა ხასიათის იყო და თუ ბავშვს ან მშობელს არჩევანი შეეშლებოდა, ზოგიერთი მოსწავლე დამთავრებამდე დატოვებდა სკოლას და მორალურად ტრავმირებული ახალგაზრდა მთელი ცხოვრების მანძილზე თავის თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში იმყოფებოდა. თბილისში, გორში, თელავში და სხვა დიდ ქალაქებში გახსნილი იყო გიმნაზიები და პროგიმნაზიები, ეს უკანასკნელნი შედიოდნენ სახაზინო (ანუ სახელმწიფო) უწყებათა სისტემაში. იქაურ მოსწავლეს უფლება ეძლეოდა ნებისმიერ სახაზინო გიმნაზიაში გადასულიყო. სულ სხვაგვარი სტრუქტურის იყო ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, რომლის კარები ღია იყო ნებისმიერი ეროვნების ბავშვისათვის. ეს გიმნაზია სრულუფლებიანი არ იყო სახაზინო გიმნაზიის მსგავსად. იქიდან მოსწავლე სახაზინო გიმნაზიაში ვერ გადავიდოდა, თუ განსაკუთრებულ პირობებში გამოცდას არ ჩააბარებდა. ამ გამოცდისათვის მოსწავლე საგანგებოდ უნდა მომზადებულიყო, ხშირ შემთხვევაში მასწავლებელთან, ამის ფული კი ღარიბ მშობლებს არ გააჩნდათ. იყო კიდევ ერთი დაბრკოლება - ეს გიმნაზია „არავითარ დამთავრებულ ცოდნას“ არ იძლეოდა, თუ უნივერსიტეტში ან რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში არ გააგრძელებდა მოსწავლე სწავლას. ამ ეტაპის გადალახვაც ეკონომიურ შესაძლებლობასთან იყო დაკავშირებული... ასე რომ, პრობლემები საკმაოდ იყო.
ა. ჯაჯანაშვილს სულს უშფოთებდა გიმნაზიის „შეგირდების“ უკიდურესი მატერიალური გასაჭირი, ზოგიერთი მათგანი ფეხშიშველი რომ დადიოდა მთელი წლის მანძილზე, თავზე ყაბალახმოხვეული, ხშირად ხალათის ამარა. არ ჰქონდათ სასწავლო ნივთები - წიგნები, რვეულები... დილით კი ვინ იცის რამდენი ბავშვი მიდიოდა გიმნაზიაში უსაუზმოდ, უჭმელ-უსმელი. ამ მოსწავლეთა ნახევარი, თუ მეტი არა, განწირული იყო გიმნაზიიდან გასარიცხად სწავლის ფულის შეუტანლობის გამო, რაც ა. ჯაჯანაშვილს დაღუპვის ტოლფასად მიაჩნდა. მშობლებს, კლასიკური განათლების ტრფიალთ ურჩევს, რომ ცოტა წინაც გაიხედონ. თუ მათ არ შეუძლიათ საჭირო თანხის გადახდა, სხვა გზა გამონახონ, თორემ ასე შუა გზაზე დატოვებული ახალგაზრდები სრულიად მოუმზადებელი გამოდიან ცხოვრების ასპარეზზე და ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან. კარგი იქნება, თუ ცხოვრება გაუმართლებთ და თავიანთი სიმარჯვის წყალობით სწორ გზაზე დადგებიან და ქვეყანას თუ არა, თავის თავს და ოჯახს როგორმე მაინც გამოადგებიან.
ა. ჯაჯანაშვილი მოითხოვს, რომ საზოგადოებამ გამოიჩინოს იმდენი კეთილშობილება, დაეხმაროს სწავლამოწყურებულ ღარიბ-ღატაკ ახალგაზრდობას. მშობლებს კი მოუწოდებს, იზრუნონ შვილებზე! „არ შეიძლება სწავლა, როცა ბავშვს შია, - აღნიშნავს იგი, - როცა სასწავლო ნივთები არ აქვს... ეცადეთ რომ მათ არ სციოდეთ, არ შიოდეთ, ბავშვებს მოუარეთ!“ ჟურნალისტი კვლავ იმეორებს მის მიერ მრავალჯერ განცხადებულს და 18-19 წლის წინ დიდი ილიას მიერ არაერთხელ ნათქვამ ჭეშმარიტებას, რომ ქვეყნისათვის უკვე კარგა ხანია საჭიროა პროფესიული სასწავლებლების დაარსება, რომელიც არსებობისათვის ბრძოლის საუკეთესო საშუალებას მისცემს მას. იგი ითხოვს ქართული გიმნაზიის გადარჩენას, რომელიც საინტერესო ისტორიის მქონეა და დიდი წვლილის შემტანი ქართველთა სწავლა-განათლების საქმეში. ჩამოთვლის მის დამსახურებას: „ჯერ ერთი ის, რომ მასში აღზრდილი მოსწავლეები ცოტად თუ ბევრად ეროვნული გადაგვარების საფრთხისაგან დაცულნი არიან. მეორე, იგი უნდა იყოს კერა იმისა, რომ გიმნაზიებიდან ახალგაზრდები გადმოვიყვანოთ იქ და სახაზინო გიმნაზიების ატმოსფეროს ჩამოვაცილოთ, გარუსებისაგან დავიფაროთ. შემდეგ, ქართული გიმნაზია შეგვიძლია გადავაკეთოთ ისეთ სასწავლებლად, როგორიც სასარგებლო იქნება ქართველი ერისათვის, მივცეთ ჩვენი ხალხისათვის სასურველი სახე... ქართული გიმნაზია პანაცეა არ არის. იგი აუცილებელი და სასარგებლო კორექტივია, მან ცოტაოდენი მალამო მაინც უნდა დასდოს ჩვენს მძიმე ეროვნულ ჭრილობებს“, -აღნიშნავდა ა. ჯაჯანაშვილი. იგი ააშკარავებს განათლების სისტემის მოქმედების დაფარულ გეგმებს და შენიღბულ პოლიტიკას. აღნიშნავს: „თბილისში არსებული თითოეული სასწავლებელი ის მავთულია, რომლის საშუალებითაც ცენტრიდან ჩვენი ქვეყნის პერიფერიებში გასაოცარი სიძლიერით ვრცელდება გამარუსებელი ნაკადი...ქართული გიმნაზია ერთი იმ დაწესებულებათაგანია, რომელიც ამ ნაკადის სიძლიერეს ასუსტებს და ნაწილობრივ მაინც უვნებელს ხდის მას. იგი აჩლუნგებს იმ იარაღს, რომლითაც დღეს ბევრგან გვებრძვიან. ამიტომ უნდა გამოიძებნოს საშუალება ქართული გიმნაზიის დასახსნელად. ქართველ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავე იქნება შთამომავლობის წინაშე“8.
გორის პროგიმნაზიას ქართველი თავადაზნაურობა ას-ას თუმანს უხდიდა სუბსიდიის სახით, რადგან თვლიდა, რომ ის „ქართული პროგიმნაზია“ იყო. ფაქტობრივად იგი შედიოდა სახაზინო გიმნაზიების უწყებაში, მისი პედაგოგები სახაზინო მოხელენი იყვნენ და უწყების კანონებს ექვემდებარებოდნენ. ამ კანონების მიხედვით ქართული ენის სწავლებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. საგნის მასწავლებელიც სათანადოდ არ იყო დაფასებული. მართალია, სასწავლებლის დირექტორი „დიდი მამულიშვილი“, როგორც მას თავადაზნაურობა უწოდებდა, თუმანიშვილი იყო, პედაგოგები: ზაალიშვილი და სხვა ქართველები და მათთან ერთად სნიტკო, მაგრამ როგორც მომხდარი კონფლიქტის დროს გამოირკვა (სნიტკომ პედ. საბჭოს სხდომიდან განდევნა ქართული ენის მასწავლებელი, ხოლო მისი დაცვა ვერავინ გაბედა), თუმანიშვილს კი არ ეპყრა ხელთ სადავეები, არამედ სნიტკოს. ამ გახმაურებული კონფლიქტის შედეგით აღშფოთებული ა. ჯაჯანაშვილი აცხადებს: „რად უნდა აძლიოს თავადაზნაურობამ ას-ასი თუმანი ასეთ პროგიმნაზიებს, როცა ქართული გიმნაზია ყოველთვის განსაცდელშია, როცა გვყავს წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ამ თანხით 4-5 სახალხო სკოლის გახსნას შესძლებდა“9. ა. ჯაჯანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თავადაზნაურობა გონს მოეგება და თავის ქონებას მართლა ქართველთა საქმეს მოახმარს და იტყვის: „დაე პროგიმნაზია მან შეინახოს, ვის ინტერესებსაც ის ემსახურება“.

ა. ჯაჯანაშვილს, პრაქტიკოს მასწავლებელს, უხვად დაჯილდოებულს ბუნებისაგან ნაბოძები პედაგოგიური მონაცემებით, სულს უშფოთებს სტუდენტი ახალგაზრდობის ერთი ნაწილის მორალურ-ფსიქოლოგიური გადაგვარების უტყუარად გამოხატული ნიშნები, რაც საგანგაშოდ მიაჩნია ამ პროცესის ზრდისა და არა კლების განვითარების გამო. მან მრავალი წერილი მიუძღვნა ამ საკითხს 1909, 1912, 1913 წლებში. ქრონოლოგიურად თუ გავადევნებთ თვალს ამ მასალებს, დავინახავთ, რა საოცარი „სისწრაფით გადაჯიშდა“ ქართველი ახალგაზრდობა რუსეთსა თუ უცხოეთში. 1909 წლის „დროებაში“ დაიბეჭდა ჟურნალისტის სტატია „ქართველი სტუდენტები“, რომლის წაკითხვა აღშფოთების გარეშე შეუძლებელია. რომ ზოგიერთი სტუდენტი რუსეთში ჩაეწერა „ჭეშმარიტ რუსთა კავშირში“, ზოგიც განცხადებით ხელში დადიოდა სათანადო ორგანოებში და აცხადებდა „ბედის ირონიით ქართველებად დავბადებულვართ, თორემ სულით და გულით რუსები ვართო“10 და სხვ.

ა. ჯაჯანაშვილს მიაჩნია, რომ ეს „გაუკუღმართება“ არ წარმოუშვია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარ იმ ცვლილებებს, რომელიც იმჟამად გარდამავალ პერიოდად იწოდებოდა, მას უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა და შორეულ წარსულში იყო საძიებელი. და თუ ამ მიზეზების ლიკვიდაციას შეძლებდა ქართველი ერი, ამით ამ დაავადებული ცხოვრების გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყებოდა. პუბლიცისტი აღნიშნავს, რომ მრავალთათვის მიუღებელი თავადაზნაურთა პოლიტიკის არასასურველი მიმართულება „ორი ღმერთის მსახურებით“ იყო გამოწვეული, რომ თითქმის ყველა კულტურული დაწესებულება საქართველოში თავად-აზნაურთა მიერ გაღებული თანხით და შემოწირულებით საზრდოობდა. ამას ვერავინ უარყოფდა - მაგალითად: ქართული თეატრი, გიმნაზია, ჟურნალი „ცისკარი“, წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოება და სხვ. ამით ეს პრივილეგირებული კლასი ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა, თუმცა - აცხადებს მ. ჯაჯანაშვილი - ნორმალურ დაბოლოებამდე ზოგჯერ ვერ მიჰს ეს საქმე იმ მიზეზით, რომ იგი ძალაუნებურად მონაწილეობს იმ პოლიტიკაში, რომელსაც მეფის რუსეთი საქართველოში ახორციელებს. ეს პოლიტიკა იმდენად ნათელი და აგრესიულია, ვინც მისი ხელშემწყობია, იგი ქართულ ეროვნულ აღორძინებას უშლის ხელს.ეს პოლიტიკა ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული და აქ კომპრომისები დაუშვებელია, დამღუპველია. ქართველი ერის საუბედუროდ, თავად-აზნაურობას არ ჰქონდა ის მორალური ძალა, შებრძოლებოდა გამანადგურებელ პოლიტიკას, რის უმთავრეს მიზეზად ჟურნალისტს მიაჩნია „ორი ღმერთის მსახურების“ პრინციპი. იგი აღნიშნავს, პირველი „ღმერთი“ არის სამშობლო, მეორე „ღმერთი“ - რუსეთის მთავრობა, რომელზედაც ეს წოდება დამოკიდებული იყო საარსებო წყაროს მოპოვების და ბატონკაცური უფლებრივი ცხოვრების გახანგრძლივების სურვილით. ა. ჯაჯანაშვილს სწორედ ეს რეალობა მიაჩნია ქართველი სტუდენტების ერთი ნაწილის მორალური გადაგვარების მიზეზად. რომ სწორედ ამ „ორი ღმერთის მსახურებამ“ გამოიღო ის შედეგი, რომ დაიბადნენ და აღიზარდნენ ადამიანები, რომელთათვის სრულიად მისაღები გახდა შეუთანხმებელ მომენტთა შეთანხმება. მაგალითად, „პოლიციელი“ და კარგი ქართველი ერთ ადამიანში დიდებულად მოთავსდა. ე.ი. მან არსებითად შეუერთებელი შეაერთა, რამაც გამოიწვია ზნეობრივი დაცემა და სრული უპრინციპობა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ზოგიერთი სტუდენტი არარუსთა დაუძინებელ მტრებთან ერთად სამარცხვინო მოღვაწეობას ეწეოდა. ოდესის სტუდენტთა უმრავლესობის ფსიქოლოგიაში იკიდებდა ფეხს ასეთი აზრი: „შავრაზმელობა“ იმიტომ მჭირდება, თბილი ადგილი ვიშოვო, პირადი საქმე გამოვაკეთო, ამას ცხოვრების კანონი მოითხოვს და მის კლანჭებს ვერსად გაექცევა ადამიანიო“.
იქ, სადაც საზოგადოებრივ ჯგუფებში „ორი ღმერთის მსახურებაა“ აღიარებული სამოქმედო პრინციპად, ბუნებრივია, უკეთესს არავინ უნდა მოელოდეს11,- აღნიშნავდა ა. ჯაჯანაშვილი.
რევოლუციური მოძრაობის აღმავლობამ, შექმნილმა სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოიწვია გარკვეული ცვლილებები. შეიბღალა მორალური კატეგორიები. თანდათან დავიწყება დაემუქრა ძვირფას ეროვნულ ტრადიციებს, მოხდა ძველ დამკვიდრებულ ღირებულებათა გადაფასება. იმატა უგვანო სტუდენტთა რიცხვმა. ერთ-ერთი ოდესელი სტუდენტის წერილის მიხედვით „ყოველ საღამოს“ ყასბის ძაღლებივით რესტორნებსა და სამეძაო სახლებს არ შორდებოდნენ, არ გაუშვეს მკერვალი, სასადილო და სახლის პატრონი, რომ ფული არ დაეტყუვნათ და მერე მუქარის წერილი არ მიეწერათ: ჩვენ ქართველები ვართ და ყელებს დაგჭრითო“12. ჩვეულებრივი ამბავი იყო მათგან დებოშების მოწყობა, ველური თარეში, რის შედეგად მეორე დღეს ადგილობრივ გაზეთში საოცრად „ამკობდნენ“ მათ... ქართველი სტუდენტები (კარგიც და ცუდიც) რუსებს სყულდათ, არც ერთი ინტელიგენტი ოჯახში არ იღებდა მათ. ისინი მხოლოდ პოლიციელების და „კუხარკა-გორნიჩნების“ ნაცნობობით იფარგლებოდნენ... სწორედ ეს გულსაკლავი ამბები შეკრიბა და სახალხო განსჯის საგნად გამოიტანა „სახ. გაზეთის“ ფურცლებზე ა. ჯაჯანაშვილმა. მიზანი: საზარელი ამბების დემონსტრირებით ახალგაზრდების სინდის-ნამუსში ჩაგდება და ამ გზით მათი გამოსწორება. მათ გვერდით ჯანსაღ მოაზროვნე სტუდენტთა ნაკადი იმედის მომცემ შუქად აკიაფდა. ესენი იყვნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დაპირისპირებული ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც რევოლუციის გამარჯვების შემთხვევაში ნომერ პირველ პრობლემად ეროვნული საკითხის გადაწყვეტას მოითხოვდა. მას მხარს უჭერდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია და მისი თანამოაზრენი.
1913 წლის გაზეთში დაბეჭდილი ა. ჯაჯანაშვილის შემდეგი წერილი კვლავ სტუდენტობას შეეხებოდა, ოღონდ ამჯერად საქმიან და მოაზროვნე ახალგაზრდების დაჯგუფებაზე იყო ლაპარაკი, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია დაუპირისპირდა. სტუდენტთა პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფა ა. ჯაჯანაშვილს სრულიად არ მიაჩნია ანომალურ ამბად, პირიქით, ცხოვრების ლოგიკურ მოვლენად თვლის. „სტუდენტობა ქართული საზოგადოებისაგან მოწყვეტილი დამოუკიდებელი ერთეული კი არ არის, არამედ მისი ნაწილია და განიცდის ისეთივე დიფერენციაციას და იდეოლოგიური მრწამსის მიხედვით დაჯგუფება-დაყოფას, როგორც თვით საზოგადოება“, - აღნიშნავდა იგი.
ქართველი მწერლების გარკვეულმა ჯგუფმა არასერიოზულად და ზერელედ განსაჯა ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის პოლიტიკური გატაცება და საბრძოლო განწყობა. მათ ახალგაზრდობა პირობითად დაყვეს ორ ნაწილად. ერთ ნაწილს უწოდეს „ყოვლად ჭკვიანი, მეცადინი, პროგრესული დემოკრატები, რწმენით სოციალ-დემოკრატები, მეორე ნაწილს - ყოვლად უსაქმური, ქარაფშუტა, კონსერვატორი და უქნარა... ესენი სოციალ-დემოკრატები არ არიანო, - აღნიშნავდნენ ისინი. ამ ხერხით მწერლებს სურდათ მიეფუჩეჩებინათ რიცხობრივად მზარდ ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა წრეში ფეხმოდგმული ღრმა და წმინდა იდეური განხეთქილება, რომლის ინიციატორები სოციალ-დემოკრატებისაგან განსხვავებით მყარად იდგნენ ეროვნულ პოზიციაზე. სოციალ-დემოკრატებს არ მოეწონათ მათდამი დაპირისპირებული სტუდენტების რიცხვის მომრავლება და ხელი მიჰყვეს მათ „გაშავებას“. ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ სტუდენტთა ქომაგი ა. ჯაჯანაშვილი წერდა „სოციალ-დემოკრატთა მიერ დაწყებული ბრძოლის წესი ჩვეულებრივ წესია იეზუიტურ პრინციპებზე აღზრდილი სექტანტებისა და მიზნად ისახავს ავტორიტეტი აუწიოს თავის პარტიას. დაე საზოგადოებამ იფიქროს, თუ სადმე ნიჭიერი, პროგრესული ახალგაზრდაა, იგი უსათუოდ სოციალ-დემოკრატია, „რაღაც ეროვნული“ იდეებით გატაცებული ახალგაზრდა კი ნამდვილად ფუქსავატი, ლოთი და ქაღალდის მოთამაშეაო. ბრძოლის ასეთი წესით - სტუდენტთა შეგნებული ნაწილის დამსახურების მიჩუმათებით, არაეროვნული განწყობის გავრცელებით, მათდამი დაპირისპირებული პიროვნებების მიმართ ღირსების შემლახავ ცილისწამებათა გავრცელებით და სხვ. მიუღებელი მეთოდებით სოციალ-დემოკრატები ვერაფერს მოიგებენ, - აღნიშნავდა ა. ჯაჯანაშვილი, - და დასძენდა: „ასე რომ არ იყოს, მათ ნიადაგი არ გამოეცლებოდათ და არჩევნების დროს იძულებული არ გახდებოდნენ დასახმარებლად სომხის ბურჟუაზიისათვის მიემართათ“.
არსებული ფაქტობრივი მასალა გვიდასტურებს ქართველი სტუდენტების ერთი ნაწილის გადაგვარების ფაქტებს, მათი მორალურ-ფსიქოლოგიური ცნობიერების დარღვევას, ეროვნული გრძნობებისადმი ინდიფერენტულ განწყობას, პატრიოტული სულისკვეთების ნაწილობრივ დასამარებას და ყოველივე ამის აღდგენა-გამოსწორებისათვის დიდი შემართებით მებრძოლი ა. ჯაჯანაშვილის პოზიციას, სწავლა-განათლების სისტემის გადახალისების და ახალი რეფორმების გატარების აუცილებლობას. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით ა. ჯაჯანაშვილი იზიარებს იმ განათლებული ინტელიგენციის შეხედულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ცდილობდა დაეარსებინათ პროფესიული სასწავლებლები საქართველოს ეკონომიური კრიზისიდან გამოსაყვანად.
1910-13 წლებში ა. ჯაჯანაშვილი ბეჭდავს წერილებს პროფესიულ განათლებაზე, ურჩევს საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ამ იდეას. მაგალითისათვის ასახელებს იმ კერძო პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც დიდ პერსპექტივას უშლის ცოდნის შეძენის მსურველ ახალგაზრდა ქალებს და ვაჟებს მომავალი ცხოვრების უკეთ მოსაწყობად. ჯერ კიდევ 1893 წელს ილია ჭავჭავაძემ წინადადება შეიტანა, ქართული გიმნაზია (რომელიც ვალებში იყო ჩავარდნილი და სათავად-აზნაურო ბანკს მისი დახმარების საშუალება იმ წელს არ ჰქონდა) გადაეკეთებინათ პროფესიულ სასწავლებლად. ეს წინადადება სათანადოდ ვერ იქნა გაგებული სხვადასხვა გავლენიან პირთა მიერ და ილიას გიმნაზიის ღალატი შესწამეს, თითქოს მას ამ სასწავლებლის დახურვა სურდა... და ამ ამბიდან 18 თუ 19 წლის შემდეგ კავკასიის მეფის ნაცვალმა გამოსცა დადგენილება საქართველოში პოლიტექნიკური სასწავლებლის დაარსების შესახებ. თავიდან ის უნდა ყოფილიყო საშუალო სასწავლებლის დონეზე და შემდეგ აშენდებოდა უმაღლესი სასწავლებელიც. ეს სასწავლებელი მთელ კავკასიას უნდა მომსახურებოდა, ამიტომ მისი დაფინანსება დაევალა რუსეთთან ერთად, სომხეთისა და აზარბაიჯანის მთავრობებს. ქალაქის თვითმმართველობამ გამოყო მშენებლობისათვის ნაკვეთი ავლაბრის მახლობლად. ქართველმა თავად-აზნაურებმა თავის მხრივ გაიღეს „უხვი შემოწირულება“ დიდი ნაკვეთის სახით საბურთალოს რაიონში. ქალაქის „მოურავმა“ ხატისოვმა, იმ მოსაზრებით, რომ სომხეთისთვის და თბილისელი სომხებისთვის ავლაბრის ნაკვეთი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა (იმ აუთვისებელ მიწებზე სომხები დასახლდებოდნენ), სამოსწავლო ოლქის მზრუნველი რუდოლფი დაარწმუნა ავლაბრის ნაკვეთის უპირატესობაში, რაც გამოიხატებოდა სხვა ნაკვეთებთან შედარებით მისი ათვისებისათვის შესატანი ხარჯების სიიაფეში და რუდოლფმაც განცხადებას დააწერა რეზოლუცია „განსაკუთრებით ფინანსური მოსაზრებანი მაიძულებენ პოლიტეხნიკუმის ასაგებად ავლაბრის ნაკვეთი ავარჩიო“13.
ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი ორი ინტელიგენტი შეიყრიდა თავს, საუბარი აუცილებლად პოლიტექნიკურ სასწავლებელზე უნდა გამართულიყო. ქართველები თავიანთი მოსაზრების სიმართლეს ასაბუთებდნენ, სომხები - თავისას. დავაში ჩაერია სომხური გაზეთის „ჰორიზონის“ რედაქტორი, რომლის პოზიციის გამოსაცნობად მკითხველს დიდი ფიქრი არ დასჭირდება. მან შოვინიზმი დასწამა ქართველებს და მათ გულებში „ფათური დაიწყო“, თითქოს იმ „ბოროტ განზრახვათა გამოსააშკარავებლად“, რომელიც რეალურად არ არსებობდა.
ა. ჯაჯანაშვილმა რედაქტორს და სხვა ოპონენტების გამოხდომებს საკადრისი პასუხი გასცა, ამხილა მათი ტენდენციური მიდგომა ამ საკითხისადმი, და საერთოდაც, ქართველი ერისადმი. არც ის დავიწყნია აღენიშნა, რომ სწორედ სომხის პოლიტიკოსების გავლენით მოხდა, რომ ბაქოს მთავრობამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ პოლიტეხნიკუმს ნავთლუღში (ავლაბარში) არ ააგებთ, დაპირებულ თანხას არ მოგცემთო“. ამხილა ქალაქის თვითმმართველობის საიდუმლო მუშაობა და თვითნებობა, ქართველთა ცხოვრების საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში მთავარი არბიტრის როლში რომ გამოდიოდა მთელი 100 წლის მანძილზე სომხის პლუტოკრატია და გამოვიდა იმ ჯერადაც.
ამის შემდეგ ა. ჯაჯანაშვილის პოლიტექნიკუმსა და განათლების სისტემაზე მნიშვნელოვანი აღარაფერი დაუწერია. მხოლოდ 1922 წელს გაზ. „ტრიბუნაში“ კვლავ წამოსწია წინ განათლების საკითხის უპირატესი როლი და აღნიშნა: „განათლების სისტემა ეს ისეთი რგოლია, სადაც შეიძლება განსაკუთრებით გაიფურჩქნოს და გამოჩნდეს ქართველი ერის შემოქმედებითი სული, გაიშალოს სპეციფიკური სახე მისი კულტურისა...“14.
ა. ჯაჯანაშვილს ყურადღების გარეშე არ რჩება, ახლა უკვე საბჭოთა პერიოდში, განათლების საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და სათანადო შეფასებას აძლევს მას. დაკვირვებულ პუბლიცისტს უსამართლოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ თბილისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არც ერთ კარგ ქართველ სტუდენტს სტიპენდია არ დაუნიშნა, მაშინ, როდესაც პატარა აფხაზეთს 100-ზე მეტი სტიპენდიანტი შესძინა. ასეთი მანევრი მას საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის სიმახინჯედ მიაჩნია. ამ ქმედებისათვის ადანაშაულებს ცენტრს, რომლის დირექტივებითაც ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობა. მართალია, ა.ჯაჯანაშვილს სასიხარულო მოვლენად მიაჩნია, და აღნიშნავს კიდეც, რომ „თბილისის უნივერსიტეტში სწავლობს ჩვენივე ხარჯით, ჩვენი მონათესავე მშრომელი აფხაზეთის შვილები“... მაგრამ, მისი ღრმა რწმენით, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავი დავივიწყოთ და ჩვენ კულტურულ ძალებზე არ ვიზრუნოთ“15. ა. ჯაჯანაშვილის ამ სიტყვებში აშკარად გამოსჭვივის იმედგაცრუებული, დაჩაგრული და რაღაცით შეურაცხყოფილი ადამიანის სევდიანი ტონი და განწყობა.
საბჭოთა რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთი დიპლომატიური სვლა გააკეთა. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველი სტუდენტებისათვის გამოყო გარკვეული თანხა სტიპენდიების დასანიშნად. ამ „კეთილშობილური ჟესტით“ მან ორი პრობლემა გადაწყვიტა: განაწყენებული ქართველების გული მოიგო და, ფაქტობრივად, მზაკვრული პოლიტიკის ერთი ნაწილი განახორციელა - მიიზიდა ახალგაზრდობა რუსეთში განათლების მისაღებად, რათა ჩაეხშო მათში ეროვნული გრძნობები და ხელი შეეწყო მათი გარუსებისათვის.
ა. ჯაჯანაშვილის სტატიების ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: მეფის რუსეთის ბატონობის პერიოდში საქართველოს სკოლებში არ იყო პირობები ერის ინტელექტუალურ და მორალურ ძალთა თავისუფალი განვითარებისა. სწავლისა და სწავლების საქმე წინ არ მიიწევდა, არ ვითარდებოდა. იგი ან ერთ წერტილზე იყო გაყინული, ან ქვევითკენ მიექანებოდა. სკოლების დიდი ნაწილი რუსეთის ცენტრიდან იმართებოდა, მშობლიური ენა იდევნებოდა, მის ნაცვლად კი ზოგიერთი ზედმეტი საგნის და მკვდარი, გამოუყენებელი უცხო ენის ზეპირობაში კარგავდნენ მოსწავლეები დიდ დროს. განათლების დარგში მატერიალური სივიწროვით შექმნილ დაბრკოლებებზე (მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც რომ გაღატაკებამდე იყვნენ მისული და თითქმის შიმშილობდნენ). ა. ჯაჯანაშვილი მთლიანად საბჭოთა მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას და არაორაზროვნად მთელი კატეგორიულობით მოითხოვს ამ მხრივ დროულად გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. იგი ხომ საბჭოთა სკოლებზე, მიუხედავად მათი ნაკლოვანი მხარეებისა, დიდ იმედებს ამყარებდა%!...განათლების სისტემა მიაჩნდა ა. ჯაჯანაშვილს იმ შუქის მომცემ კერად, რომელსაც უნდა ეხსნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფობა და გაემაგრებინა შერყეული ეკონომიკა. ქართველ ერს სწორედ აქ, განათლების საქმეში წარმატების მიღწევით უნდა დაეცვა თავისი კულტურული დამოუკიდებლობა და მთლიანობა.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. ი. ლორთქიფანიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი. „მაცნე“, ელს, (1992, №2). 2. „სახალხო გაზეთი“, 1913, №812. 3. გაზ. „ამირანი“, 1908, №132. 4. იქვე. 5. იქვე. 6. იქვე. 7. იქვე. 8.გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1913, № 933. 9. გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1912, №610. 10. გაზ. „დროება“, 1919, №121. 11. იქვე. 12. გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1912, № 592. 13. გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1913, №1057. 14.გაზ. „ტრიბუნა“, 1922, 259. 15. იქვე.

Makvala Gachechiladze
Publicist of Archil Djadjanashvili

(Educational Matter)

The cruelty of well disguised colonial politics carried out by the Russian Empire into Georgian educational system have been exposed and condemned in the article. The mentioned educational politics was purposefully conducted by bureaucratic government in order to help both the moral and national degeneration of Georgian youth. All these were accomplished by functionaries and teachers working in this system and were displayed in the very negative degree and nature of the pupils learning and teaching process by the various types of the worked projects. The Tsarism carried out the same politics toward the Georgian students gone to Russia for getting the high education with a great success. All these have been shown in the article by means of the facts.

No comments:

Post a Comment