April 6, 2011

პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-3

დარუბანდი, რკინის კარიბჭე
დაღესტანი, სომხური ეკლესია, სპარსელები, არაბები...
ეთნოკონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები :
დაღესტნის მიწებზე შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. მიჩნეულია რომ დაღესტანში ქრისტიანობა ვრცელდებოდა სამხრეთში შუა საუკუნეების ალბანეთიდან და სომხეთიდან და დასავლეთში საქართველოდან ( ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ გაჩენილმა დოქტრინალურმა უთანხმოებებმა.

ქალკიდონის მსოფლიო კრების (451) შემდეგ ეკლესიას გამოეყვნენ სომხური, კოპტური და იაკობიტური ეკლესიები. მონოფიზიტები უარყოფდნენ ერთ პირში ორ ბუნებას და ამიტომ ისინი დაგმო კრებამ. 451 წლის შემდეგ მონოფიზიტურ ქრისტოლოგიას მიემხრნენ ეგვიპტე და სირია, რომელთაც არაბთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ გაუხარდათ კონსტანტინეპოლის კონტროლისაგან თავის დაღწევის საშუალების გაჩენა.განხეთქილებას იყენებდნენ იმ დროისათვის უძლერესი და ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოები, ბიზანტია და სპარსეთი. მონოფიზიტებს მფარველობდა ირანი, მართლმადიდებლებს-ბიზანტია.
          სპარსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის ქვეყნებთან იდეოლოგიური კავშირების განმტკიცებას და ამიტომ მან სცადა სომხური, ალბანური და ქართლის ეკლესიების გაერთიანება. 506 წელს დვინის კრებაზე სომხურიმა ქართლის და ალბანურმა ეკლესიებმა სპარსელთა ზეწოლით ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენად აღიარეს მონოფიზიტობა. ამის შემდეგ ეკლესია ხდება სპარსეთის მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში.
           ქართლში დიოფიზიტებს ჰყავდათ მრავალი და ბიზანტიის მხარდაჭერის მქონე მომხრე. აქ მონოფიზიტები საბოლოოდ გაანადგურეს VI საუკუნის ბოლოს. ვახტანგ გორგასალი აარსებს საკათალიკოსოს და საქართველოს ეკლესიის სათავეში სპარსელთა მიერ დანიშნული მთავარეპისკოპოსის ნაცვლად აყენებს კათალიკოსს. პირველი კათალიიკოსი დიოფიზიტი ( მართლმადიდებელი) იყო, რაც ნიშნავდა ღია ომის გამოცხადებას ე.წ.სპარსული ქრისტიანობისთვის, მონოფიზიტებისთვის. ამით ხაზი გაესვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ მეტოქეობის საბოლოო შედეგი იყო 607 წელს აქამდე ერთიანი ქართული და სომხური ეკლესიების დაშორება ერთმანეთისგან.

დარუბანდის კედელი
            ბიზანტიასთან მებრძოლ ირანს მოკავშირე სჭირდებოდა კავკასიაში და ამიტომ ის დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის ხელისუფალნი მხარს უჭერენ ბიზანტიის ეკლესიისაგან სრული გამოყოფის მომხრე სომეხ მონოფიზიტებს.
             მანამდე სანამ ბიზანტია და ირანი ერთმანეთს აუძლურებდნენ გამანადგურებელ ომებში არაბეთში გაჩნდა და სწრაფად განმტკიცდა ახალი რელიგია, ისლამი. ისლამის დროშით არაბთა წარმატებული ექსპანსიის შედეგად მოხდა მოვლენები რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაში. სირიის, მესოპოტამიის, ირანის დაპყრობის შემდეგ არაბები მიისწრაფიან კავკასიისკენ. ასე შეეჯახა ერთმანეთს კავკასიაში წინა აზიის სამი ძლიერი სახელმწიფოს, არაბეთის, ირანის, ბიზანტიის ინტერესები. ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მცირე ტერიტორიაზე,დაღესტანში  რელიგიური ვითარების განვითარება  განხილული უნდა იყოს ამ მასშტაბური მოვლენების ფონზე.
          სარირი განიცდიდა ამიერკავკასიის მეზობელი სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი, საქართველო) გავლენას. ისინი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ ჩრდილო-აღმოსავლეთის კავკასიის ხალხების მოქცევას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებდნენ რელიგიას. ამასთან სარირს ქრისტიანობის გავლენის განცდა შეეძლო მის უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც (ხაზარეთი, ალანია). შემდგომი ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მიანიჭებს ეთნოკონფესიური ურთიერთობების ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში აღიქმებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, მსოფლმხედველობითი და ყოფითი განსხვავებების ერთგვარი კონცენტრაცია.ამ ფონზე უკანა პლანზე გადადიოდა ეთნიკური, ეკონომიკური, ენობრივი და სხვა ურთიერთობები.

 ალბანური ეკლესია.
 დღემდე გადაწყვეტილი არაა საკითხი იყო თუ არა დაღესტანი ალბანეთის შემადგენლობაში. ალბანურ სახელმწიფოს თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეკავა სხვადასხვა ტერიტორია. უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების  ხანაში ის მოიცავდა აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის ტერიტორიებს (სამწუხაროდ ავტორი აქ არ ამბობს იმას რომ ალბანელები ეწოდებოდა 26 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს  და მათ შორის ქართველური მოდგმის ხალხებიც იყვნენ, მთარგმნელი).
           ზოგი ავტორი ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარუბანდზე ატარებს, ზოგი ამ საზღვარს სწევს მდინარე სულაკის იქით და უფრო შორსაც. ო.მ. დავუდოვი ა.წ. მესამე საუკუნისთვის  ალბანეთის ერთ-ერთ ტერიტორიულ საზღვარს ატარებს ე.წ. კერავნის მთებზე რომელსაც აიგივებენ ანდის ქედთან, და მდინარე სოანაზე, რომელსაც აიგივებენ არღუნ-თერგის სისტემასთან. მეხუთე  საუკუნიდან ალბანეთი უკვე სპარსეთის შემადგენლობაშია როგორც ცალკე პროვინცია რომელშიც შედიოდნენ არანი, ჩოგა (დარუბანდის რაიონი) და ლბინი.
        საეკლესიო ტრადიციის თანახმად ალბანური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა კავკასიაში. ჩოგაში (დარუბანდის რ-ნი) უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში ქადაგებდა მოციქული თადეოსის  ის იესომ მოციქულ ბართლომესთან ერთად მისიონერად გააგზავნა სპარსეთში და კავკასიაში) მოწაფე ელისე. ამ ტრადიციაზე დაფუძნებით ალბანური ეკლესია თავს აცხადებს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიად.  სომხური ეკლესიის მსგავსად ალბანურმა ეკლესიამაც 551 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ბიზანტიასთან და მის მეთაურს ეწოდა კათოლიკოსი. მაგრამ ალბანური ეკლესია არ ყოფილა მონოფიზიტური სისტემატურად და სტაბილურად. ამიერკავკასიაში სასანიდთა პოლიტიკური გავლენის გაქრობას თან ახლდა  მონოფიზიტთა საეკლესიო ჰეგემონიის დამხობა. V საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიხრანიდების მმართველობის პერიოდში ალბანეთის ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად მიემხრო დიოფიზიტებს (მართლმადიდებლებს).  მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ ალბანური ეკლესია უარყოფს დიოფიზიტობას.
            არაბული ხალიფატი თანმიმდევრულად ატარებდა სასანიდთა პოლიტიკას, ე.ი. მას ეშინოდა ბიზანტიის გავლენის გაძლიერებისა და ამიტომ ის ალბანეთში უჭერდა მხარს მონოფიზიტებს. მონოფიზიტების და ისლამის მოწინააღმდეგეებს ალბანეთში მხარს უჭერდნენ ერეტიკოსებად გამოცხადებული ქართველი კათალიკოსები.
დარუბანდის სიმაგრე
ნარინ ყალა ( ნარიყალა?)
          არაბულმა ხალიფატმა სომხური ეკლესიის დახმარებით ალბანური ეკლესია მონოფიზიტურად აქცია და იერარქიულად დაუმორჩილა ის სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას და ალბანური ეკლსიის ღვთისმსახურების ენად ძველსომხური ხდება.
           უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩანს დაღესტნის მიწებზე მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევის ფაქტები. VI საუკუნის დასაწყისში მეფე ვაჩაგან ღვთისმოსავმა ბრძანა ალბანეთის ყველა ოლქის ახალგაზრდობისთვის წერა-
-კითხვის სწავლება.  VII საუკუნის ბოლოს ვარაჩანის ჰუნებში, ხაზარეთში, მისიონერულ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა ეპისკოპოსი ისრაელი. ალბანელი მისიონერების მოღვაწეობის კვალი, ნამტვრევები ფილებისა «ალბანური ანბანის ასოებით იპოვეს დაღესტანში ავარულ სოფლებში ხუშტადა, ქვედა გაკვარი, ტლონდოდა და დარგოს სოფელ ზემო ლაბკომახი.  ძეგლთა ამ ჯგუფიდან გამოიყოფა VI-VII ნაქალაქართან ( სოფ. ზემო ლაბკომახი) ნაპოვნი პატარა ფილა ალბანური წარწერით.
            ალბანური დამწერლობის აყვავების ხანად ითვლება V-VII საუკუნეები. VII საუკუნის შემდეგ ალბანური ეკლესია მოექცა სომხური ეკლესიის კონტროლქვეშ. სომხურ ეკლესიაში კი ოფიციალური ენა ძველსომხური ენა, მონოფიზიტური ეკლესიის დაკანონებული ენა იყო და ალბანური დამწერლობა გამოდის ხმარებიდან.
           ავარულ და ზოგ სხვა დაღესტნურ ენაში სომხურიდან შეაღწია ქრისტიანობის ისეთმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ როგორიცაა «ხანჩ»- «ჯვარი». ცალკეულ ავარულ ოიკონიმებს  გაჩადა ( ხაჩ-ადა), გოჩობ (ხაჩ-ობ) ჩაროდის რაიონში ზოგი ეტიმოლოგი უკავშირებს სომხურ ცნებას «ხაჩ», «ჯვარი», «ეკლესია».  ეს სახელები იხსნება როგორც «აული ეკლესიით».... ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დაღესტნის ტერიტორიაზე მონოფიზიტური ქრისტიანობის ადრეული შეღწევის ( VIII საუკუნემდე,მის ჩათვლით) შედეგს.
          კავკასიის ალბანეთის უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო დარუბანდი სადაც იყო ქვეყნის კათალიკოსის ( პატრიარქის) რეზიდენცია რომელიც შემდეგ გადაიტანეს პარტავში (ბარდავში?) ( 552 წ.). ვ.ვ. ბარტოლდი თვლიდა რომ პატრიარქის კარი აქ რჩებოდა 733 წლამდე. მიუხედავად ირანის ძალაუფლების გაძლიერებისა და დარუბანდის გასასვლელის რაიონში და თვითონ ქალაქში დიდი სპარსული გარნიზონის ყოფნისა დარუბანდი ამ პერიოდში რჩებოდა კავკასიის დიდ ქრისტიანულ ცენტრად. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი მონაცემები ზოროასტრიზმის მიმდევარ სპარსულ ხელისუფლებასთან ქრისტიანი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ იმას რომ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქში იყო ქრისტიანული ძეგლები, მათ შორის V-VII საუკუნეების უზარმაზარი ქრისტიანული ეკლესია. ეს მოწმობს იმაზე რომ ქრისტიან სამღვდელოებას მაღალი ადგილი ეკავა ადრეული შუა საუკუნეების დარუბანდის სოციალურ სტრუქტურაში. მ.მ. დიაკონოვის თქმით სასანიდური ირანის ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქრისტიანები შეადგენდნენ რელიგიური მეთაური იყო შუამავალი შახსა და მის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. ანალოგიურ როლს ასრულებდა დარუბანდის ეკლესიის მეთაურიც, რომელიც იყო შუამავალი სასანიდურ ადმინისტრაციასა და ქალაქის ქრისტიანებს შორის მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობებისა. ასეთი რჯულშემწყნარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ამიერკავკასიის და ირანის დასავლეთი პროვინციების დაცვით ჩრდილოელი მომთაბარეებისგან.
       VII საუკუნის პირველ მეოთხედში არაბულ ხაზარული ომების შეედეგად დარუბანდი ხდება ხალიფატის ნაწილი. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგად არაბებმა ფეხი მოიკიდეს დარუბანდის რეგიონში სადაც მმართველი გახდა მაჰმადიანი დინასტია. ამ დროიდან მოყოლებული დარუბანდი იქცა დაღესტანში ისლამის გავრცელების უდიდეს ცენტრად.
       ხალიფატის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად 20-ანი წლების დასაწყისიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე ტარდება მრავალი ლაშქრობა შიდა დაღესტანში. დარუბანდის ამირები ხშირად მეთაურობენ ლაშქრობებს «ურჯულოთა» ქვეყნების წინააღმდეგ. საზღვრისპირა ქალაქის გასამხედროებულ ცხოვრებაში დარუბანდის მმართველი არის უმსხვილესი საერო ფეოდალიც და ქალაქის და ოლქის ყველა მაჰმადიანის მეთაურიც. ხაშიმიდთა ადგილობრივი დინასტიის პირველი ამირა ხაშიმ ბ. სურაკა 876 წელს თავს დაესხა სარირს, გაწყვიტა მრავალი ადამიანი, ხელში ჩაიგდო მათი ქონება, ტყვედ წაიყვანა მათი ცოლშვილი და გამარჯვებული დაბრუნდა უკან. 878 წელს მან გაიმეორა თავდასხმა.
          X საუკუნისთვის დაღესტანის სამხრეთში  გაჩნდა ორი მეომარი სამთავრო, დარუბანდის და შირვანის სამთავროები და ამასთან დაკავშირებით სარირი იქცა მათი «რჯულისთვის მეომარი» მმართველების ხშირი თავდასხმების ობიექტად
(გაგრძელება იქნება).

            ფოტოები: დარუბანდის კედელი; დარუბანდი, რკინის კარიბჭე; დარუბანდის სიმაგრე ნარინ ყალა ( ნარიყალა?)
      

No comments:

Post a Comment