April 14, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-2.

მარკ შაგალი, მოსე  
ღმერთისაგან
იღებს ათ მცნებას
საუბარი ორი:
ღმერთი გაეხსნა ადამიანს როგორც ცოცხალი,მასთან მოსაუბრე ღმერთი. ღმერთის შემეცნება არაა ცალმხრივი პროცესი,როგორიც არის ბუნების შემეცნება. ეს შეხვედრაა. ამიტომ აქ ჩვენ ვხმარობთ ცნებას გამოცხადება და არა ცნებას აღმოჩენა. აღმოჩენა ბუნების სფეროში ყოველთვის არის რაღაც ცალმხრივი- ადამიანი სწავლობს ბუნებას. როდესაც ადამიანი იკვლევს ღმერთს ისინი ხვდებიან ერთმანეთს. ესაა ორი პიროვნების შეხვედრა, ესაა დიალოგი.
 სიტყვა «მამა» გვიანდერძა თვითონ იესო ქრისტემ. ის ამ სიტყვაში სდებდა ემოციურ სითბოს ( მამა როგორც მზრუნველი, მოყვარული) და მის პიროვნებასთან დაკავშირებულ იდუმალ აზრს. ის ჩვენი მამაა, ის მისი მამაა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ მოგვიანებით, როდესაც შევეხებით ქრისტეს პიროვნებას.


    ჩვენ მას ვუწოდებთ აგრეთვე ყოვლისმპყრობელს. ყოვლისმპყრობელი ისაა ვინც მუდამ ახალისებს არსებობას. არსებობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ის მივიღეთ და შეიძლება დავკარგოთ.
«სულს წაართმევ-დაიხოცებიან და თავიანთ მტვერს დაუბრუნდებიან», ეუბნება უფალს დავითი ასმესამე ფსალმუნში, ესე იგი ღმერთი თუ სამყაროს წაართმევს თავის სულს ყველაფერი მტვრად იქცევა. ესე იგი ღმერთის იდუმალი სახელი რომელიც ალბათ ჟღერდა როგორც იახვი ნიშნავს « ის ვისაც აქვს არსი, არსებობა».  და როდესაც წინასწარმეტყველმა მოსემ ჰკითხა მას « ვინ ხარ?»  მან უპასუხა: «მე ვარ ის ვინც არსებობს». ასეთია ღმერთის განსაზღვრება.

      ის ყოვლისმპყრობელია, ცის და მიწის შემოქმედი. არა გამოდინება, არა ემანაცია, არა ადამიანის და ღმერთის თუ ბუნებისა და ღმერთის თანაარსობა არამედ სრულიად სხვა რამ. აბსოლუტურ შემოქმედსა და ქმნილებას,ჩვენსა და ყველაფერ დანარჩენს ყველაფერ ქმნილს შორის უფსკრულია იმიტომ რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ. და ესაა ქრისტიანული თვალთახედვის ერთ-ერთი თავისებურება. « დაე იყოს სინათლე», ამბობს ღმერთი, « დაე იყოს», ის არაფრისგან ქმნის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი რაღაც არსია. უბრალოდ არსებობა არ არსებობდა და ღმერთა სათავე დაუდო მას.

            მივმართოთ სარწმუნოების სიმბოლოს მეორე თეზისს რომელიც ჟღერს ასე : « და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი.»

           ამ სიტყვების გასაგებად უნდა მივმართოთ ბიბლიას, წმინდა წერილს, იმიტომ რომ მის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც ერთ ამ სიტყვას. ვინაიდან იესო არის ადამიანში გახსნილი ღმერთის მიწიერი სახელი.  ქრისტე, ეს ცნება ნიშნავს მეფეს, ცხებულს. რატომ მეფეს და რას ნიშნავს ღმერთის შვილი ჩვენ ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ.

              მაშ წმინდა წერილის ღმერთი, ბიბლიის ღმერთი ადამიანთან მოსაუბრე ღმერთია, ის ვინც ელაპარაკება ადამიანს. და მისი გამოცხადება, ის რასაც ის სდებს ადამიანის გულში, ჩაწერილია ძველი იზრაელის ბრძენთა და წინასწარმეტყველთა და უკვე ახალ დროში სახარების და ახალი აღთქმის სხვა წიგნების შემდგენი მოციქულების მიერ. არ უნდა ვიფიქროთ რომ წმინდა წერილის ღვთივშთაგონებული ავტორები წერდნენ მას ტრანსში მყოფები, თითქოს კარნახით. უკვე ეკლესიის მამები გვიჩვენებენ რომ ეს შეხედულება მცდარია. ბიბლიის ყოველი ავტორი წერს თავისი საკუთარი სტილით,ყოველ ავტორს აქვს თავისი ენა, თავისი ლიტერატურული ხერხები, თავისი ხასიათი. და თუ კი ავიღებთ ოთხ მახარებელს ( სახარება ყველაზე ხელმისაწვდომია და მრავალ თქვენთაგანს ის წაუკითხავს) თვალშისაცემია განსხვავება მარკოზის სახარების ლაკონურ, რამდენადმე ხალხურ ენასა და იოანეს სახარების ენას ( მისი გრძელი პერიოდებით, დიალოგთა სიმრავლით, სულ სხვა წყობით) შორის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი ბიბლიის ღვთივშთაგონებულებაზე როგორც ღვთაებრივ საიდუმლოზე, როგორც ორი სამყაროს, თავისი დროის შვილი,თავისი ხანის იდეებით,თავისი ენის და ქვეყნის თავისებურებებით  გამსჭვალული ადამიანის სულის და მის გამმსჭვალავი ღვთაებრივი ნაკადის ურთიერთგადაკვეთაზე.

 ხატოვნად ეს შეიძლება გამოიხატოს ასე :

       ისევე როგორც  მზე იცვლის თავის სინათლესა და ფერს კრისტალში,
ვიტრაჟის ფერად შუშაში გავლისას, გამოცხადებაც სხვადასხვანაირად გადმოიცემა წინასწარმეტყველის თუ მოციქულის სულში გავლით. ამიტომ უნდა გვახსოვდეს:  ჩვენ ზოგჯერ ვამბობთ რომ ბიბლიას ჰყავს ერთი ავტორი და ის ღმერთია, მაგრამ ამავე დროს მას ჰყავს მრავალი ავტორი და ისინი ადამიანები, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული ადამიანები არიან. დიდი ბიბლიური მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა და ამოცანა სწორედ  დროებითისგან,წარმავლისგან და კერძოსაგან მთავარის და არსებითის გამოყოფაა. მაგრამ ყველა ადამიანი რომელიც ბიბლიას გადაფურცლავს არა მარტო ცნობისმოყვარეობის გამო არამედ მასთან მოლაპარაკის ხმის მოსასმენად გაიგებს ამ ხმას საუკუნეების შემდეგ,ენის,სტილის და კონკრეტული აზროვნების თავისებურებათა მეშვეობით.

რემბრანდტი, ანგელოზი 
მწყემსთა წინაშე
         ბიბლია იყოფა ორ ნაწილად: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. რა აკავშირებს მათ? ერთი სიტყვა, ერთი ცნება, ერთი რეალობა,ერთი ძალა. ჩვენ მას განვსაზღვრავთ როგორც ქრისტეს.

             ქრისტე ნიშნავს მეფეს. მასზე ლაპარაკობს ახალი აღთქმა, მასზე წინასწარმეტყველებს ძველი აღთქმა. მაგრამ რატომ მეფე? რას ნიშნავს ჩვენთვის ეს მეფობა და საიდანაა ეს ცნება?

             თავიდან გეტყვით აღთქმაზე. როდესაც ქედმაღლობით შეპყრობილი ადამიანი იწვევს ბუნებას და ღმერთს მას სურს დამოუკიდებლად მოქმედება. ასეთი სწრაფვა ჩვენ ხშირად ამაღლებული გვგონია, მაგრამ მათი ხვედრია მარცხი. როდესაც ადამიანი ქედს იხრის ღმერთის როგორც დესპოტის, როგორც დამთრგუნველი და დაუნდობელი, დესპოტური ძალის წინაშე ის ნამდვილი ღმერთის, თავისუფლებისა და სიყვარულის ღმერთის ადგილას აყენებს კერპს. ყოველივე ამის წინააღმდეგ გამოდის, ყოველივე ამას უპირისპირდება
 ბიბლიის ცე,ტრალური იდეა, აღთქმის იდეა. ძველებრაულ ენაზე ის ჟღერს როგორც ბრიტ, რუსულად როგორც კავშირი, საეკლესიო-სლავურად-აღთქმა. ესაა ღმერთის და ადამიანის კავშირი.

          თქვენ იკითხავთ თუ რა კავშირი შეიძლება იყოს წარმავალ, არასრულყოფილ,ეფემერულ ადამიანსა და ღვთაებრივ მარადისობა,სამყაროს შემოქმედ  ღმერთს შორის. თურმე შესაძლებელია. რატომ?  იგივე ბიბლია გვასწავლის რომ ღმერთი ფეხზე აყენებს ადამიანს. მან შექმნა ადამიანი მტვრისგან, შთაბერა მას თავისი სიცოცხლის სული. ამდენად ადამიანის ორბუნებოვნების საიდუმლო ისაა რომ ის არის როგორც ცვალებადი და მოკვდავი ბუნების ისე ციურის, სულიერის, ღვთაებრივის თანაზიარი.

        ღმერთი ადამიანს მოუწოდებს თანაშემოქმედად, მის თანამშრომლად გახდომისკენ. ადამიანი თითქოს იქცევა ღმერთის მსგავსებად დედამიწაზე. და ბიბლია პირდაპირ იყენებს ამ ცნებას- ადამიანი არის შემოქმედის ხატი და მსგავსება. უფალი ამბობს:
« შევქმნათ ადამიანი ჩვენს მსგავსად». და თუ ეს ასეა  მაშინ ადამიანი არის პოტენციურად თავისუფალი,შემოქმედი,მოაზროვნე, თვითმცნობი და ზნეობრივი ჭეშმარიტებების მცნობი ეთიკური არსება.
და ვინაიდან ადამიანი საკუთარ თავში ატარებს  ღმერთის ხატსა და მსგავსებას ის  უეცრად ხდება ისპოლინი  ბუნებასთან ( მაგრამ არა მის შემოქმედთან) შედარებით, დგება დგება სამყაროზე მაღლა. ის შეიძლება შეედაროს ღმერთს და ამიტომ ღმერთი თავის ჩანაფიქრებს ასრულებს ჩვენი, ყველას ერთად და ცალ-ცალკე ყოველი ჩვენთაგანის მეშვეობით.
რემბრანდტი; ქრისტე ემაუსში

           ბიბლია გვასწავლის რომ  ამ სამყაროში შემოქმედის ჩანაფიქრი არ ბატონობს, არ ზეიმობს, არ მეფობს, რომ თავისუფლებისთვის გახსნილ ამ სამყაროში ბობოქრობენ დემონური ძალები რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ სამყაროს ჰარმონიას,  ღმერთის საბოლოო მიზნებს.  ქრისტე სატანას უწოდებს ამ ქვეყნის მთავარს.  ამის სუქზე ჩვენ შეიძლება გავიგოთ  ბიბლიური ცნება  ღმერთის სასუფეველი, ღმერთის მეუფება . ესაა სამყაროს მიზანი, ჰარმონიის ის საგალობელი, არსებობის ის სისავსე, , ის უსასრულო სრულქმნა  რომელიც ეხსნება ბუნებას მხოლოდ მაშინ  როდესაც ის თვითონ აირჩევს  ამ ღვთაებრივ გზას. მაგრამ როგორ აირჩევს ამ გზას თავისუფალი ნების არმქონე ბუნება? მას თავისუფალი ნება აქვს ჩვენში იმიტომ რომ ადამიანი არის საკუთარი თავის გამცნობიერებელი ბუნება. ადამიანი არის ბუნების გვირგვინი და ჩვენ პასუხს ვაგებთ ცხოველებზე, მცენარეებზე, მთელ პლანეტაზე- ჩვენ მათი სახელით წარვუდგებით ღმერთს. მოციქული პავლე ამბობს მთელი ქმნილება «გმინავს და იტანჯება» ღმერთის შვილების გამოცხადების მოლოდინში. ღმერთის შვილები ჩვენ ვართ, ღმერთის ბავშვები და ჩვენ ისინი უნდა ვიყოთ. როდესაც ადამიანი ზურგს აქცევს მის ამ მოწოდებას ის ხდება ბუნების მჩაგვრელი, გამრყვნელი; ის ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და ანგრევს თავის სულს. სიცოცხლის ჰარმონიის, სისავსის, სიმფონიის ნაცვლად ის ქმნის ბოროტების, დაშლის და დაღუპვის  საზიზღარ კაკოფონიას.

          თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ: როგორ არ გაითვალისწინა ეს შემოქმედმა?  ესაა გულუბრყვილო, შემოქმედის დამამცირებელი კითხვა რომელიც შემოქმედს წარმოადგენს აჯანყებული რობოტების მკეთებელ ხელოსნად. ეს სულ არაა ასე.

            თუ კი ჩვენ თავისუფალი არსებები ვართ ჩვენ გვაქვს მცდარი გზის არჩევის პოტენციური შესაძლებლობაც. მაგრამ მაშინ ჩვენ მივიღებთ იმ შედეგებს რაც მოყვება ამ არჩევანს. ჩვენ არ უნდა ვთქვათ რომ დამნაშავეა ღმერთი. მან მრავალჯერ გაგვაფრთხილა ჩვენ ამ შედეგების შესახებ თავის ბრძენთა, წინასწარმეტყველთა პირით და ბოლოს ქრისტეს სახარების მეშვეობით. « აი, ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველი მოსეს პირით, მე გიხსნი შენ ორ გზას, სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას".  მაშინ თქვენ იკითხავთ: და რატომ ირჩევს ადამიანი ასე ხშირად სიკვდილის გზას?  ამ კითხვაზე რაციონალური, ფილოსოფიურად განყენებული და ლოღიკურად დასაბუთებული პასუხის გაცემა შეუძლებელია.

               დიდი რუსი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიაევი ხაზს უსვამდა რომ ბოროტებისკენ მისწრაფების ბოლომდე ახსნა ნიშნავს მის გამართლებას და რაციონალიზებას, ესე იგი მის გადაქცევას გონივრულ მოვლენად მაშინ როდესაც ბოროტებისკენ მისწრაფება ბრმა სწრაფვაა. და ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან შეიძლება ვიგრძნოთ ბოროტების ეს აბსურდულობა, საშინელება, სიგიჟე. კაცობრიობის ისტორიაში ბოროტება როგორც წესი ირაციონალურია.  თუ კი ჩვენ შევხედავთ თუნდაც მხოლოდ ჩვენი XX საუკუნის მოვლენებს ჩვენ იქ დავინახავთ იმდენ ნამდვილ სიგიჟეს რომ უნებურად ჩნდება ადამიანთა მასობრივი სიგიჟის საკითხი.

        დიქტატორების, მჩაგვრელების, ტირანების საქციელში არაფერი ყოფილა ნამდვილად რაციონალური. რამ უბიძგა ადოლფ ჰიტლერს ომისკენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? განა გონებამ? განა კეთილგონიერებამ?  რა უბიძგებდა სტალინს ომისკენ თავისი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?  აქ რომ კეთილგონიერება ყოფილიყო სტალინი მიხვდებოდა რომ მილიონობით ადამიანთა, მათ შორის საუკეთესოთა ჟლეტა ნიშნავდა ორიოდე თაობის შემდეგ ქვეყნის კატასტროფის ზღურბლზე დაყენებას. მაგრამ ის შეშლილი იყო და გარშემორტყმული იყო ჰიტლერის ნაირი შეშლილი ადამიანებით. ოღონდ ჰიტლერის სიგიჟე აშკარა იყო, სტალინის სიგიჟე კი ცნობილი იყო მხოლოდ ბეხტერევისთვის და  სხვა ფსიქიატრებისთვის რომლებმაც მას დაუსვეს დიაგნოზი პარანოია.

          მაშ,  ბოროტება სიგიჟეა რომლის სიღრმეშიც ჩვენ არასოდეს ჩავალთ და ვერასოდეს გავიგებთ თუ რა არის ეს. მხოლოდ სინამდვილის ინტუიტიურად მგრძნობ და მომსახველ პოეტებს ძალუძთ ამ უფსკრულზე მინიშნება, მაგრამ ეს უფსკრული არსებობს.

              და როდესაც კაცობრიობა წინააღმდეგობას უწევს ღმერთს ღმერთი არ აქცევს ზურგს კაცობრიობას. ამაშია წარღვნის შესახებ ბიბლიური თქმულების არსი. ბევრი ადამიანი იწყებს მსჯელობას იყო წარღვნა თუ არა. ეს კი ალეგორიაა. თქვენ ფიქრობთ რომ ბიბლიამ ეს მოვლენა აღწერა უბრალოდ იმიტომ რომ ეს კატასტროფა მოხდა? განა ცოტა გლობალური კატასტროფა, ამოფრქვევა, წყალდიდობა ყოფილა დედამიწაზე?  რატომ გახდა საჭირო ამაზე ლაპარაკი წმინდა წიგნში? იმის სათქმელად რომ როდესაც კაცობრიობა ღალატობს თავის მოწოდებას სამყარო კარგავს აზრს და  უბრუნდება წყლის ქაოსს, ესე იგი პირველყოფილ მდგომარეობას.

    და აი ღმერთი  არ აძლევს ყველაფერს დაღუპვის საშუალებას და ის ჩვენს შორის მაინც პოულობს იმათ ვინც განაგრძობს მასთან თანამშრომლობას,ვინც მიიღებს მონაწილეობას მის შრომაში . სწორედ აქ ჩნდება აღთქმა, ძველი აღთქმა, მისი პირველი ეტაპი-აღთქმა აბრაამთან.

          თითქმის ორი ათასი წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე ადამიანთა ჯგუფი სტოვებს შუამდინარეთს და მიდის დასავლეთისკენ. ამ დროს გადასახლდებოდა მრავალი ხალხი. მაგრამ ეს ჯგუფი აბრაამის ხელმძღვანელობით არ მიდიოდა უბრალოდ ახალი საძოვრების თუ ახალი მიწების საძებრად. გადასახლების მიზეზები რელიგიური იყო. ღმერთმა იხმო აბრაამი და უთხრა : « წადი, მიატოვე მამაშენის სახლი, მიატოვე წარმართები, მიატოვე შენი მიწა და წადი სხვა ქვეყანაში სადაც მე წაგიყვან». სახელგანთქმული დანიელი ფილოსოფოსი სერენ კიერკეგორი წერდა : « აბრაამი იქცა რწმენის გმირად იმიტომ რომ ის წავიდა უცნობის შესახვედრად, იმიტომ რომ ის მთლიანად ენდო იმ იდუმალ ხმას რომელიც მას მოუწოდებდა». აბრაამი რწმენის გმირია
იმიტომ რომ ის წავიდა ყველაფრის წინააღმდეგ. ღმერთი დაპირდა მას შთამომავლებს რომლებითაც ნაკურთხი იქნება დედამიწის ყველა ხალხი და ტომი. მაგრამ მისი ცოლი ასაკოვანი და უშვილო იყო. ღმერთი დაპირდა მას მიწას მაგრამ აბრაამი პოგზაური და უცხო იყო. მას არაფერი ჰქონდა ღმერთისადმი სრული ნდობის გარდა. მან უთხრა უზენაეს არსს: « კი, მოგყვები შენ».

              ამიტომ ლაპარაკობს აბრაამზე როგორც ჩვენს საერთო მამაზე, მორწმუნეთა მამაზე, ღმერთზე მინდობილი ადამიანის პროტოტიპზე  ორი ათასი წლის შემდეგ მოციქული პავლე. ძველებრაულ ენაში სიტყვას « ემუნა» ( « რწმენა») აქვს იგივე ფესვი რაც სიტყვას « ამუნ» (« სანდო», « ერთგული»). ის მას ენდო და ენდო ღმერთის ერთგულებას მისი სიტყვისადმი. ჩვენი გარემომცველი ყოფა შეიძლება გვეჩვენებოდეს საშინლად, მუქარით სავსედ, ბნელ ძალად და მაშინ ის ასეთი იქნება კიდეც. აბრაამი ჰგავდა სხვა წარმართებს რომელთაც იცოდნენ სამყაროს ალყაში მომქცევი დემონიური ძალების შესახებ, მაგრამ უფრო მაღლა მაყურებელმა აბრაამმა თქვა : « კი, მე მოვდივარ».  « დაუჯერა აბრაამმა ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ», ვკითხულობთ ჩვენ ბიბლიაში. და მას არ დაუსვავს კითხვა თუ როგორ ეყოლებოდა შთამომავლები თუ კი მის ცოლს არ შეეძლო ბავშვის გაჩენა. მას არ დაუსვავს კითხვა თუ როგორ იკურთხებოდა დედამიწის ყველა ტომი და ხალხი მისი შვილებით. მას არ უკითხია არაფერი, ადგა და წავიდა და ღმერთი მასთან დებს პირველ აღთქმას.

          მეორე აღთქმა დაიდება რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, დაახლოებით ძვ.წ.XIII  საუკუნეში. აბრაამის შორეული შთამომავლები, პატარა კლანი, რომლებიც თავის თავს უწოდებდნენ იზრაელის შვილებს, დასახლდნენ ეგვიპტეში სადაც მათ ავიწროებს ფარაონი. მაშინ ღმერთი მათ უგზავნის ეგვიპტელებს შორის აღზრდილ წინასწარმეტყველს რომელსაც ჰქვია ეგვიპტური სახელი მოსე. ის მოუწოდებს ებრაელებს თავისუფლებისკენ ღმერთთან აღთქმის დადებისკენ არა მდიდარ ეგვიპტეში სადაც მათ უწევდათ მძიმე მუშაობა, მაგრამ დაბინავებულნი და შედარებით უსაფრთხოდ იყვნენ არამედ უწყლო და ცარიელ, დემონებით დასახლებულ უდაბნოში.

            და მოსემ დიდი წვალებით აიყოლია დიდი ხნის მანძილზე მონობაში ფესვგადგმული ხალხი და ისინი მუდამ უკმაყოფილოდ მისდევდნენ მას, სულ იხედებოდნენ უკან და უყურებდნენ მონობის სახლს. ეს გადაიქცა მარადიულ არქეტიპად იმიტომ რომ ყოველი ადამიანი არის მასში მყოფი ბოროტების მონა. და მონობიდან გან-თავისუფლებისთვის  საჭიროა რწმენის გმირობის მოხდენა და უცნობისკენ წასვლა.

               და აი ისინი უახლოვდებიან სინას მთას სინაის ნახევარკუნძულის სამხრეთში და იქ ღმერთი მოსეს ხელით მათ აძლევს ათ მცნებას. ამ ათი მცნებიდან მხოლოდ ოთხი ეხება ღმერთს : მისი სრული პატივისცემა, ყველანაირი კერპის უარყოფა, მოწიწება უფლის სახელის წინაშე, კვირის ერთი დღის ღმერთისათვის მიძღვნა. და ყველაფერი დანარჩენი ეხება ადამიანთა ურთიერთობებს.

            რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან ? ეს იმას ნიშნავს რომ მოსეს გამოცხადების კანონის თანახმად ღმერთის მსახურება შეიძლება იმით რომ პირველ რიგში ემსახურები ადამიანებს, ძმებს და დებს. მოსემ ეს მცნებები მოიტანა ორ ქვის ფიცარზე. ის იძლევა ორ ძირითად მცნებას რომლებსაც შემდეგ  იესო  ქრისტე განსაზღვრავს როგორც ორ მთავარ მცნებას: « შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა . ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი» ( მათე 22, 37-39).

             რას ნიშნავს ეს? ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული. ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მოაწყო ისე რომ ბუნება დედას ასწავლის მისი შვილის სიყვარულს,მამაკაცს ასწავლის ქალის სიყვარულს, ქალს მამაკაცის სიყვარულს და ა.შ. ვიწრო ოჯახურ წრეში. ამ ბუნებრივი სიყვარულიდან იზრდება უფრო ფართო კავშირები- მეგობრული კავშირები; შეიძლება სამშობლოს სიყვარული, შეიძლება თანამოაზრეთა, ერთმორწმუნეთა სიყვარული. მაგრამ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი?  მოციქული იოანე ახალ აღთქმაში იტყვის  რომ ვისაც არ უყვარს ძმა არ უყვარს ღმერთი. ესე იგი ესაა ერთმანეთისგან განუყოფელი მცნებები. რა თქმა უნდა ეს საკითხი წყდება მხოლოდ შინაგან ქრისტიანულ გამოცდილებაში, საერთოდ რელიგიურ გამოცდილებაში.

               ღმერთის სიყვარული იწყება მადლიერებით. ჩვენ ხომ არაჩვეულებრივად უმადური არსებები ვართ და რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში ყველაფერს ვიღებთ როგორც კუთვნილს. და აი ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ჩვენ მართლაც არ დაგვიმსახურებია ყველაფერი ის მშვენიერი რაც არის ცხოვრებაში. ელვარე თოვლი,  ცისფერი ცა, შემოდგომის ტყე, მუსიკის ჰანგები, მთელი სიცოცხლე, სიცოცხლის მთელი სილამაზე, სიცოცხლის სისავსე, რომელიც მოგვეცა და რომლითაც ჩვენ ასე ცუდად ვსარგებლობთ. ხშირად ვამბობთ მადლობას ამისთვის?...

           მადლობა ყველაფრისთვის. გასული საუკუნის ერთი ფრანგი მწერალი ცოტა ხნით ადრე სიკვდილამდე წერდა შემდეგს : « მე მქონდა მშვენიერი ცხოვრება, არ ვიცი ვის უნდა გადავუხადო მადლობა მაგრამ ვუხდი გულით და სულით». ეს ძვირფასი გულახდილი აღიარებაა. იფიქრეთ ამაზე. შეგვიძლია რომ გვიყვარდეს მზე, ღამე, ვარსკვლავები, წყალი რომელსაც ვსვამთ, საჭმელი, ყველაფერი რაც გვეძლევა. დაფიქრდით არსებობაზე რომელშიც ჩართულები ვართ-რამდენი ბედნიერებაა ამაში ჩადებული, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია და ვწამლავთ, ვაფუჭებთ მას.  ვისი ხელები გვეხვევა და მოგვიცავს? აი მაშინ თქვენ უეცრად აღმოაჩენთ რომ ღმერთის სიყვარული შეიძლება და სინამდვილეში შეიძლება მხოლოდ მისი სიყვარული. იმიტომ რომ ყველაფერი რაც გვიყვარს, ყველა ვინც კი გვიყვარს გვიყვარს მისით, მასში და მასთან ერთად. ამიტომ ეს უძველესი მცნება ღმერთის სიყვარულის შესახებ არის რელიგიის დასაწყისი. ამ სიყვარულში არის გაკვირვება, აღტაცება და, უპირველეს ყოვლისა, ვიმეორებ, მადლიერება.

               ძველ აღთქმაში არის მისი უმთავრესი აღმოჩენა : საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობა უმჭიდროესადაა დაკავშირებული ამ საზოგადოების ბედთან და ადამიანი მარტო ოცნებებში კი არა რეალურ ცხოვრებაშიც უნდა ახორციელებდეს სიმართლეს, სიკეთეს და სამართალს.

              როდესაც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენეს თუ რამდენად სუსტები და უღირსები არიან ადამიანები გამოჩნდნენ წინასწარმეტყველები, დიდი მწერლები, ძველი აღთქმის ძირითადი წიგნების (მოსეს წიგნების გარდა) შემქმნელები რომლებმაც თქვეს : « აღთქმა დარღვეულია და ძველი აღთქმის თემი, ძველი იზრაელის ეკლესია დაისჯება ამის გამო.»

          დაისჯება იმიტომ რომ ბოროტება წარმოშობს ბოროტებას.

          უწინარეს ყოვლისა იყო წარმართობით ცდუნება. ზოგჯერ გვიკვირს თუ რითი მოსწონდათ ადამიანებს წარმართობა. ეს ხდებოდა იმიტომ რომ წარმართი აღმერთებდა ომს, სექსს, ოქროს- ყველაფერი ეს წარმოდგებოდა ღმერთების, ბატონების ან როგორც აღმოსავლეთში უწოდებდნენ ბაალების სახით. მათ თაყვანს სცემდა ხალხი. ყველაფერი ეს დღესაც დარჩა, უბრალოდ მათ სხვა სახელები ჰქვიათ.

            წინასწარმეტყველები გამოდიოდნენ ტირანიის, უსამართლობის, ჩაგვრის, რელიგიური ფორმალიზმის, რიტუალთმორწმუნეობის,შოვინიზმის, ომებისა და და ძალადობის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ პართალი იყო პეტრე ჩაადაევი რომლის თქმითაც წინასწარმეტყველთა მოძღვრება  არაა წარსულში დარჩენილი რამ რომელიც ძვირფასია ჩვენთვის მხოლოდ იმიტომ რომ წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეს მოსვლის შესახებ. არა, ეს დღესაც აქტუალური მოძღვრებაა.

            მაგრამ წინასწარმეტყველები ამბობდნენ იმასაც რომ ღმერთი  ახალ აღთქმას დადებს ძველებრაული ეკლესიის იმ ნაწილთან რომელიც მისი ერთგული დარჩება და ამბობდნენ თუ როგორ მოხდება ეს. მშვენიერების, სისრულის, ჰარმონიის სამეფო მოვა მისი მეშვეობით ვინც იქნება კაცობრიობის ჭეშმარიტი მეფე- არა გამარჯვებული, სისხლისმღვრელი და მტრის თავზე ფეხის დამაბიჯებელი  მონარქი, არა დიქტატორი და ტირანი არამედ ის ვინც თვითონ მოვა ადამიანებთან და გაიტანჯება მათი ტანჯვით, დაავადდება მათი ავადმყოფობებით და თავის თავზე აიღებს ქვეყნის ცოდვას, რომელიც თითქოს თავის თავზე მიიღებს შურისგების იმ დარტყმას რომელიც აუცილებლად მოხვდება ბოროტების შხამით გაჟღენთილ სამყაროს.

            ის მოიტანს დედამიწაზე ღმერთის სამეფოს. და აი ჩვენ ვართ ახალი აღთქმის ზღურბლზე. თქვენ ყველამ იცით ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რომელიც გვახსენებს დედამიწაზე ჭეშმარიტი მეფის გამოჩენას.

           მეფეს ძველად ეწოდებოდა ცხებული, ებრაულად მაშიახ, ბერძნული ტრანსკრიფციით მესია. ეს ცნება მომდინარეობს ცხების რიტუალიდან. ძველად როდესაც თავის მსახურებას იწყებდნენ ბელადი, მეფე ან წინასწარმეტყველი, მათ თავზე ასხურებდნენ, აცხებდნენ განწმენდილ ზეთს რომელიც ძველთაგანვე იყო დაცულობის, ბოროტისაგან დაცულობის სიმბოლო. ბერძნულად სიტყვა « ცხებული» ჟღერს როგორც « ქრისტოს».

                     ასეთია ახალი აღთქმის მეფე. ის არ დაბადებულა მდიდართა სახლში. ის გაჩნდა სახლის იმ ნაწილში სადაც ამყოფებენ პირუტყვს.  ქრისტე მოდის არა როგორც მისი დროის ავტორიტეტული ხალხის სანქციის მქონე მასწავლებელი, არა როგორც დამპყრობელი, არა როგორც ბრძენი მოწაფეებით გარშემორტყმული მოძღვარი არამედ როგორც უბრალო კაცი, პროვინციელი დურგალი. ის მალავს თავის საიდუმლოს და უხსნის მას მხოლოდ მათვინც მასში ამოიცნო ღვთაებრივი ყოფნა.

              რა საჭირო იყო ეს? რატომაა ის საჭირო დღესაც? იმიტომ რომ ადამიანმა მიიღოს ის თავისუფლად, ნებაყოფლობით, ადამიანთა სულზე და სვინდისზე ძალადობის გარეშე. ელვისმტყორცნელი, მებატონე ღმერთი არის ჩვენი ფარული ოცნებების, ჩვენი არაცნობიერის პროექცია. როდესაც ჩვენ გვინდა ასეთი ბატონი ჩვენში ცხოვრობს მონა, იც ვინც ეძებს «ძლიერ ხელს». ჩვენ კი ვხედავთ ქრისტეს ხელს, ჯვარზე მიჭედებულ ხელს. მასში არ არის ჩვენს ოცნებათა არანაირი პროექცია. მან თავის ბედში მიიღო ადამიანის არსებობის მთელი სიმწარე: შრომაც, ახლობლების გაუგებრობაც, გარიყვის სიმწარეც,გამცემლობაც,
უსამართლო მართლმსაჯულებაც, წამებაც, სიკვდილიც-ყველაფერი. ის შემოვიდა ჩვენს არსებობაში და დაეშვა მის ფსკერზე. მან მოუწოდა თავისკენ მათ ვინც შესძლო მისი ამოცნობა, სიბნელეში ამ ნაპერწკალის დანახვა.

            «და სინათლე ბნელში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი»,გვეუბნება იოანე მოციქული. სახარების სინათლე ანათებს წყვდიადში.  ესაა ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა დაიდო აბრაამთან და მოსესთან. ახალი აღთქმა დაიდო საიდუმლო სერობაზე.

            ახალი აღთქმა არ დადებულა ტაძარში ან საზეიმო დარბაზში. ის დაიდო ბნელ ოთახში სადაც ლამპრების შუქზე შეიკრიბნენ მოწაფეები და ქრისტე ასრულებს იდუმალ რიტუალს და მათ წინაა პური და ღვინო.

          ასე დაიდო ახალი აღთქმა, გულის, სიყვარულის აღთქმა. ის ცოცხალია  დღესაც. ჩვენ ვცხოვრობთ ახალი აღთქმის ძნელ მაგრამ მშვენიერ დროში.

          ქრისტემ გააერთიანა ცა და მიწა. ამიტომ ის ერთიანი უფალია. მისი მიწიერი სახელია იესო.. ქრისტე-მეფეა. ჩვენი გულის მეფე. მომავალი სამყაროს მეფე. მან თავისი სახარება დაუპირისპირა ყველა მიწიერ სამეფოს.

        ის ეკუთვნის ცას, თუმცა მოვიდა მიწაზე. ამიტომ ვუწოდებთ მას ღმერთის შვილს. შვილი ბიბლიურ ენაზე ნიშნავს იმას ვინც ეკუთვნის. ქრისტე ეკუთვნის ღვთაებრიობას. ის ერთდროულად ჩვენი ძმაა და ჩვენი ღმერთი.

              სამყაროს უზარმაზარი სივრცეები, კოსმოსის უსასრულო შავი ღრმულები, წყლის წვეთში და ატომში მიმდინარე იდუმალი პროცესები,-ყველაფერი ეს არის უხილავი შემოქმედის ხელში და მის წინაშე ვდგავართ ჩვენ.

         იმისათვის რომ ჩვენ გაგვეგო მისი ხმა ის უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი, უნდა შემოსულიყო ადამიანთა სამყაროში. და მან გაგვიხსნა უდიდესი საიდუმლო. მისი სიბრძნე და ძალა ბუნებაში და სამყაროში გაიხსნა იესო ქრისტეთი და მისი წინამორბედებით-წინასწარმეტყველებით. გაიხსნა მისი ნება. მას უნდა რომ ადამიანმა ისწავლოს სიყვარული, გულის გახსნა, სამსახური. ამას ვერ ვნახავთ ბუნებაში, სამყაროში. სამაგიეროდ ამას ვნახავთ ღმერთის სიტყვაში, წმინდა წერილში, ორ აღთქმაში რომლებიც აჩვენებენ ადამიანის ძნელ გზას ცახცახიდან,აღფრთოვანებიდან, შიშიდან, წინააღმდეგობიდან და ბრძოლიდან ქრისტეს მიღებამდე.

ველქრისტიანული საიდუმლო 
სერობა,  სან აპოლინაირე ნუოვო, 520 წ.
          როგორ მოხდა ეს მიღება, როგორი იყო ეს საზეიმო მომენტი ქალაქ ფილიპეს კესარიასთან?  ქრისტე მიდის მოწაფეებთან ერთად. მან უარყო ბრბო რომელსაც უნდოდა მისი მეფედ გამოცხადება. ის იქცა მოგზაურად უცხო ადგილებში.  და აი ის მიდის დაღლილი, მისი მოსასხამი მტვრითაა დაფარული. მიდის გზაზე და დუმან მისი შეშინებული და დაბნეული მოწაფეები.  მათ ძალიან უყვართ ის. მაგრამ ამავე დროს მათ უჩნდებათ კითხვები: რატომ უარყო მან აღფრთოვანებული ბრბო,რატომ არ ჩაუდგა სათავეში ლაშქრობას წარმართთა წინააღმდეგ, რატომ არ დაამხო ტირანია, მან, რომელსაც შეეძლო სასწაულების მოხდენა?

          ის დუმს თავის თავზე. შემდეგ კი უცბად, თითქოს ირიბად, იკითხა : ვინა ვარ ხალხის აზრით? ისინი იწყებენ ლაპარაკს: წინასწარმეტყველად, იქნებ მეტიც, წარსულიდან მოსულ გაცოცხლებულ წინასწარმეტყველად. და მაშინ ის პირველად ეკითხება მათ არაორაზროვნად და პირდაპირ : და ვინა ვარ თქვენი აზრით? და პეტრე ამბობს: შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის შვილი.

             და პასუხობს მას უფალი : ნეტარი ხარ, კურთხეულ ხარ სიმონ პეტრე იმიტომ რომ ეს  მამაზეციერმა გაგიხსნა და არა ხორციელმა ადამიანმა. შენ ხარ პეტრე ( ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს ქვას, კლდეს) და ამ ქვაზე მე ავაგებ ჩემს ეკლესიას რომელსაც ვერ მოერევა ჯოჯოხეთის კარიბჭე.

              და როდის წარმოთქვა პეტრემ ეს სიტყვები? არა მაცხოვარის მიწიერი წარმატების მომენტში არამედ მაშინ როდესაც ის თითქოს განიცდიდა სრულ მარცხს., როდესაც უკვე შეუძლებელი იყო რამის ლოდინი, როდესაც ის თითქმის განდევნილი იყო. აი სწორედ მაშინ დაინახა პეტრემ ცოცხალი ღმერთი ამ გზაზე მოსიარულე დევნილ მოგზაურში.

                ეს იყო თავისუფლებისა და არჩევანის, რწმენის და ერთგულების აქტი. აი ამაზე დგას სარწმუნოების,რწმენის სიმბოლო,მრწამსი. და ჩვენთვის მთავარია მისი ეს ნაწილი იმიტომ რომ შემოქმედ ღმერთს პატივს მიაგებენ სხვა რელიგიებშიც, მაგრამ ჩვენთვის არის ღმერთის გამოცხადება იესო ქრისტეში რაც არაა არც ერთ სხვა რელიგიაში.

                მუდამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა სარწმუნოებაში არის მშვენიერი ხელოვნება და მუსიკა, ზარები და კრიალოსანი, ტრადიციები, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. მაგრამ ქრისტე გვყავს მხოლოდ ჩვენ. და ამიტომ არაა შემთხვევითი რომ ქრისტიანები გვეწოდება ჩვენ, მილიარდზე მეტ ადამიანს დედამიწაზე.

      და შემდეგ სარწმუნოების ,რწმენის სიმბოლოს შევყავართ უფრო ღრმად იესოს საიდუმლოში. ამაზე შემდეგ ( გაგრძელება იქნება).
                  


          

No comments:

Post a Comment