3.
მეფე ფარსადანი წუხს რომ არა ჰყავს მემკვიდრე. ამიტომ ის თავისი მზეთუნახავი ქალიშვილი ნესტანისთვის ეძებს საქმროს რათა ქალიშვილის ხელთან ერთად გადასცეს მას ტახტი და ამით უზრუნველყოს თავისი ხალხის უსაფრთხო არსებობა. იგივეზე სწუხს მეფე როსტევანი, მაგრამ მისი წუხილი სხვაგვარია. მან კარგად იცის რომ მისი ქალიშვილი თინათინი თავისი მაღალგონიერებით და ამაღლებული ხასიათით შესძლებს ბრძნულ მეფობას,მაგრამ როგორც ქალს მას არ შეიძლება ჰქონდეს მეომრის ყველა სიქველე; როსტევანი წუხს იმაზე რომ მთელ მის ვრცელ სამეფოში არაა მისი სამხედრო სიქველის მემკვიდრე ადამიანი.
ტახტის ქალიშვილისათვის გადაცემის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იგი ეუბნება მის წინაშე მუხლმოყრილ ბრძენ ვაზირ სოკრატს : ის კი არ მაწუხებს, ვაზირო, რომ გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ, რომ მოვიდა სიბერე, არამედ ის რომ მთელ სამეფოში არაა ადამიანი ვისაც ჩემი მხედრული ღირსება ექნება.
ეგე არ მიმძიმს, ვაზირო ესეა რომე მწყენია :
სიბერე მახლავს, დავლივენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია. (28)
აქედან ჩანს, რომ მეფე როსტევანი დარდობს სამეფოში მისი იდეალის შესატყვისი მეომრის არარსებობის გამო. ამიტომ დიდია მისი სიხარული როდესაც იგი ამ იდეალს პოულობს თავის აღზრდილ ავთანდილში. გახარებული იგი სიცილით აცხადებს რომ ამიერიდან მას დარდი მოშორდა:
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა (45)
ამიერიდან ავთანდილი მისთვის საყვარელ აღზრდილზე მეტია. ავთანდილი მის სულიერ შვილად იქცევა როგორც ჩანს როსტევანის ცნობილი გლოვიდან ტარიელის საშველად ავთანდილის მალული წასვლის გამო, იგი აღზრდილს უყურებდა როგორც უკანასკნელი ნების აღმსრულებელს : მაგრა თუ მოვკვდე, აღზრდილო, ვისგანღა დავიტირები? (708)
მეტიც, იგი ავთანდილს უყურებს როგორც თავის მემკვიდრეს. გლოვის დროს, დამწუხრებულს, მას ასეთი ფრაზა წამოსსცდება : აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა. (707)
« რად მინდა უშენოდ ტახტი და დიდებულება !» და ამასთან ერთად მისი საყვარელი ქალიშვილის და ავთანდილის შეუღლების აზრს ელოლიავება. როდესაც ეს მისი იდუმალი ოცნება ხორციელდება ტარიელის შემწეობით, როსტევანი ღმერთს მიმართავს და ლოცვით შემდეგს ამოიძახებს : დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა. (1361)
როსტევანი დიდ სიამოვნებას განიცდის ავთანდილისა და თინათინის საქორწილო შეთანხმების გამო და ამასთან ამბობს რომ ავთანდილზე უკეთეს ქმარს თინათინი ვერ იპოვიდა მაშინაც, ციდან ვარსკვლავები რომ მოეკრიფა : სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცადამდისცა აცაფრინდეს. (1359)
მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით და მაღალი სულიერი ღირსებებით თინათინი,
როგორც მეომრის თვისებებს მოკლებული ქალი, არ შეესაბამება მეფის იდეალს. ცხადია რომ მას არ აკმაყოფილებს ტარიელიც, რომელიც მთელი მისი ფიზიკური სრულყოფილების, გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალისა და გამბედაობის მიუხედავად მოკლებულია შესაბამის სულიერ ძალებს, ბავშვივით უმწეოა იმ ტრაღიკულ მდგომარეობაში რომლიდანაც მას ავთანდილი იხსნის. ამ შედარებიდან ცხადია რომ მეფე როსტევანის იდეალია მამაკაცი მეომარი, მფლობელი უმაღლესად ჰარმონიულად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალებისა. ასეთად იგი თვლის ავთანდილს. ავთანდილი სინამდვილეში ასეთი არის კიდევაც.
( გამოტოვებულია )
4.
სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპის განმაცხადებელი გმირების დროშაზე ამაყი დევიზია წარწერილი : სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი ! ( 684)
სამარცხვინო სოცოცხლეზე უმჯობესია სახელოვანი სიკვდილი. მაგრამ ჩვენს გმირთა ალამზე წარწერილი ეს სიტყვები არაა კეთილშობილურ გრძნობათა წუთიერი აფეთქება ან ცარიელი პატივმოყვარეობის დასაფარავი ლამაზი აბრა. ეს სიტყვები გამომდინარეობს მათი მსოფლმხედველობიდან, რომლითაც ხელმძღვანელობენ და რომელსაც ყოველ ნაბიჯზე უსვამენ ხაზს. ავთანდილი ამტკიცებს რომ ადამიანები არ არიან თანასწორები,ვინაიდან დიდი მანძილი აშორებს მათ ერთმანეთისაგან : კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდის. (830)
მეფე ფარსადანის სამეფოში ტარიელისა და ნესტანის სახით სჭარბობს ზეადამიანურობამდე მიყვანილი გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალის და გამბედაობის კულტი, არაბი მეფე როსტევანის სამყაროში ავთანდილისა და თინათინის სახით მას ემატება სულიერ ძალათა კულტი. ამდენად როსტევანის სამყაროში ადამიანის ბუნების ორივე მხარე, ფიზიკური და სულიერი, თანასწორი მნიშვნელობისაა და სასიცოცხლო ბრძოლაში თანაბრად აუცილებლადაა გამოცხადებული. ცხადდება ადამიანის ინდივიდუალური ღირსების ახალი საზომი.
ავთანდილმა იცის რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, მაგრამ მან კარგად იცის ისიც რომ თავის გზაზე წინააღმდეგობათა მომშლელი მოზეიმე სიკვდილი აერთიანებს ყველას, ღირსეულთ და უღირსთ, ძლიერთ და სუსტთ, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, შლის მათ შორის არსებულ ყოველგვარ უთანასწორობას :
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი ! (684)
მაგრამ, ავთანდილის აზრით, ადამიანში არის რაღაც რასაც ვერ სპობს და ვერ ამდაბლებს სიკვდილი. ესაა ადამიანის მიერ ცხოვრებისეულ გზაზე მოპოვებული სახელი. ამიტომ ამტკიცებს იგი რომ სახელის მოპოვება ყველა ცხოვრებისეულ მონაპოვარზე მეტია : სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! ( 683)
დადგა რა ამ გმირულ პოზიციაზე ავთანდილს არ შეეძლო უბადრუკ არსებობაზე ჩაჭიდებული ადამიანისთვის ზიზღით არ ეცქირა. იგი ასეც იქცევა :
რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეტელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა !
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ! ( 683)
ეს მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ რომ არ ყოფილა ჰაერში უკვალოდ გამქრალი ლამაზი სიტყვა, არამედ ქართველთა გულებში ღრმად და სამუდამოდ აღბეჭდილი მოთხოვნილება გახლდათ, ამას მოწმობს ის რომ მთელი შვიდასი წლის შემდეგ მან კვლავ გაიჟღერა ბრძოლის ველზე მიმართვაში, XIX საუკუნის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსში « სადღეგრძელო»:
ვითარცა ცეცხლი მარტოდა სჩანს ველსა ზედა შთომილი,
რომლისა კვალი ჰაერში ქარის შებერვით არის მქრალი,
ეგრედ იქნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი,
გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი. ( გრ. ორბელიანის ლექსები,ტფ.1928,გვ.82)
უქმად ცხოვრების გამტარებელი ადამიანის სახელი გაქრება ისე, როგორც ქარი ფანტავს კვამლს. რა თქმა უნდა, მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ ქართველი ხალხის არსებობის პოლიტიკური პირობების შესაბამისად,ხან ძლიერ ჟღერდა მის გულში, ხან ზოგჯერ სუსტდებოდა და ჩუმდებოდა, მაგრამ არასოდეს გამქრალა. იგი იყო დაულეველი წყარო რომლიდანაც ხალხი იღებდა შემოქმედებით იმპულსს, ზნეობრივ ძალასა და გმირულ განწყობას.
( გამოტოვებულია)
« ვეფხისტყაოსნის» ავტორი ძალიან ცოტა რამეს გვეუბნება პოემის მესამე გმირი ფრიდონის შესახებ. ცნობილია რომ იგი დამოუკიდებელი ფეოდალია, მსგავსი მნიშვნელოვანი მთავრისა, რომლის ზღვის პირას მდებარე სამფლობელო, თუმცა პატარაა, მაგრამ მისივე მტკიცებით შეუდარებელია. ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუწვდომელი. (507)
იგი უშიშარი, უზრუნველი, ტარიელისაგან და ავთანდილისაგან განსხვავებით ღრმა განცდებისაგან აუღელვებელი რაინდია. იგი ცხოვრობს მშვიდად, იცავს სულიერ წონასწორობას, სარგებლობს გარე და შიდა მშვიდობით და დროს ნადირობასა და სიამოვნებაში ატარებს. ასე რომ მას თამამად შეიძლება მივუყენოთ სარიდანზე, ტარიელის მამაზე ნათქვამი სიტყვები : ნადირობდეს და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. ( 237)
თუ კი დრო და დრო მის ცხოვრებაში გამოჩნდება მუქი ღრუბელი, ეს ფეოდალურ ხანაში ქართველი ხალხისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, სისხლიანი შეტაკებები ახლობელთა შორის სასაზღვრო მიწების თაობაზე. აი ეს სიბარიტი, ვინც არ განიცდის არანაირ შფოთსა და მღელვარებას, არ იცის თუ რაა ეჭვი და იმედგაცრუება, უარს ამბობს ქვეყნის ამ სიკეთეზე, სტოვებს თავის სახელმწიფოს ბედის ანაბარა და ხიფათში აგდებს რა თვით სიცოცხლეს, მიდის ძალიან საშიშ წამოწყებაზე; იგი მიემართება ტარიელის საშველად და მის საშიშ მოწინააღმდეგებეებთან ქაჯებთან საბრძოლველად.
ზუსტად ასევე იქცევა ავთანდილიც, ეს ბრწყინვალე ახალგაზრდა გმირი, ვინც ეხლახანს ესოდენ წარმატებით შეასრულა თინათინის მიერ მიცემული დავალება ტარიელის პოვნისა და ეხლა იმყოფება დიდებისა და ბედნიერების მწვერვალზე. იგი უარს ამბობს პირად ბედნიერებაზე და მის სათაყვანო თინათინის გვერდით ყოფნაზე, არღვევს წმინდა მოვალეობას მასში როგორც შვილში უსაზღვროდ შეყვარებული მეფე როსტევანის წინაშე, უგულვებელყოფს მის მრისხანებას, სტოვებს სამსახურს მის მაღმერთებელ ჯარში, რომლის სარდლადაც იგი გვევლინება, ბედის ანაბარა სტოვებს როსტევანის სამეფოსა და თავის სამფლობელოს, იტანს ეული მგზავრობის ყოველგვარ გაჭირვებას და სიცოცხლის ხიფათში ჩაგდების საფასურად მიისწრაფის შეუდარებელი გმირი ტარიელის საშველად.
ყოველივე ეს, როგორც ირკვევა, ავთანდილს მოსდის არა გონებრივი უმწიფარობის შედეგად, არა ტარიელის მომხიბლავი ბუნებით გატაცების გამო, არამედ გაღებული მსხვერპლისა და წამოწყების მნიშვნელობის სრული შეგნებით. ეს ცხადი ხდება ასმათთან მისი საუბრიდან ტარიელის გამოქვაბულში მეორედ დაბრუნების შემდეგ.
ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვშორდი, ვერ ვიახლე, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსვლითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ. ( 738)
ასე აფასებს ავთანდილი უზარმაზარ მსხვერპლს, რომელსაც უყოყმანოდ სწირავს ტარიელის გამო. ეხლა ვიკითხოთ, რა აიძულებს ავთანდილსა და ფრიდონს, ბედის ამ ნებივრებს, მსხვერპლად გაიღონ ყველაფერი რაც მათთვის ძვირფასია და უდიდეს ხიფათში ჩააგდონ თავისი სიცოცხლე? ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ტარიელის სიტყვით ზღვის სანაპიროზე ღამით მგზავრობისას გამოჩნდა რაღაც მშვენიერი ბაღის, ქალაქის მსგავსი. მიახლოებისას მან მხოლოდ კლდეები იპოვა. აქ იგი შეჩერდა და სანამ მისი მხლებლები საუზმობდნენ, ხის ძირას წამოწვა დასასვენებლად. მან მალე ძლიერ შეწუხებულმა გაიღვიძა და გაიარა, რათა გაეფანტა შემოწოლილი დარდი. ამ დროს მას ყვირილი შემოესმა. შებრუნებულმა, მან დაინახა გასისხლიანებული, შავ რაშზე ამხედრებული რაინდი რომელიც მტრების წყევლა-კრულვით მათკენ მიექანებოდა. ტარიელმა რაინდი გააგზავნა კაცის გასაჩერებლად და ამბის გასაგებად. მხედარს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია წარგზავნილისათვის. მაშინ თვითონ ტარიელმა, ამხედრებულმა, გადაუჭრა გზა და დაასწრო რა აღმართზე, მიმართა : გაჩერდი,მომისმინე, ვინაიდან შენი საქმით დაინტერესებული ვარ. ის, განაგრძობს ტარიელი, შეჩერდა, ვინაიდან დამინახა და მოვეწონე: შემომხედა, მოვეწონე, სიარული დაითმინა. (502)
ტარიელი, როგორც თვით ამბობს, გაკვირვებული იყო მისი სინაზითა და დახვეწილობით. ფრიდონი სრულებით გააოგნა ტარიელის ვაჟკაცურმა სილამაზემ და მან დაივიწყა თავისი განრისხება და ჭრილობები. განრისხებული, სისხლისა და შურისძიების წყურვილით აღსავსე ადამიანი ტარიელის შეხედვისთანავე წყნარდება და მოდის გონს. ასეთი იყო ტარიელის შეუდარებელი სილამაზისაგან მიღებული შთაბეჭდილება. მისმა მშვენებამ უცებ, როგორც მუსიკის მაგიურმა ქმედებამ, დაამშვიდა ფრიდონის აღშფოთებული და მრისხანე გული. ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ტარიელმა ავთანდილზე გამოქვაბულთან მათი პირველი შეხვედრის დროს. ეს შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, მათი გარეგნული სილამაზის ურთიერთმიზიდულობის ძალა იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ ისინი, ერთმანეთისთვის უცნობნი, გახარებულნი და აღელვებულნი, მოეხვივნენ ერთმანეთს და ატირდნენ: მათ აკოცეს ერთმან-ერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭდეს, ერთმან-ერთსა აუტირდეს! ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუცა ლალად ღირდეს. ავთანდილისა და ფრიდონის სილამაზე მომხიბლავად მოქმედებს ნადირობაზე მათი შეხვედრისასაც. როდესაც სერზე მდგომ და ნადირობის მსვლელობაზე მეთვალყურე ფრიდონს მოახსენეს რომ მონადირენი აირივნენ ჩამოსული უცხოელის სილამაზის ზემოქმედებით იგი სასწრაფოდ ჩავიდა ქვევით და, წარემართა რა უცხოელისკენ, რომელიც მისივე სიტყვით ტარიელის ძმობილი უნდა ყოფილიყო და დაინახა იგი, წამოსცდა: ვინ არის იგი თუ არა მზე! ერთმანეთთან მიახლოებისთანავე ისინი ჩამოხდნენ ცხენებისა და, მიუხედავად უცხოობისა, გადაეხვივნენ ერთმანეთს.
ასე ღრმად განიცდიან სილამაზეს და ეთაყვანებიან მას პოემის გმირები. შეიძლებოდა ფიქრი იმისა რომ სილამაზის ასეთი მთრთოლავი განცდა, მისი თაყვანისცემა, ახასიათებთ მათ უმაღლესად განვითარებულ პიროვნებას, მათ, როგორც თავისი ხალხის კულტურული ფენის უმაღლეს წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ასე არაა. სილამაზის ეს ძლიერი განცდა ახასიათებს მთელ ხალხს რომლიდანაც გამოსულები არიან ეს გმირები. საკმარისია გახსენება იმისა თუ რა მღელვარებას იწვევს მათი ხალხში გამოჩენა, მათი მომაჯადოებელი ზემოქმედებისა ცალკეულ პირებთან ურთიერთობისას. ეს უკანასკნელნი როგორც მოჯადოებულნი მზად არიან დაემონონ მათ, ოღონდ იყვნენ მათ გვერდით და ჭვრეტდნენ მათ სილამაზეს. ასეთი მღელვარება გამოიწვია ნესტანმა როდესაც იგი ზღვისპირა მეფის ბრძანებით ფატმანისაგან სასახლეში იქნა გადაყვანილი, როდესაც იგი გამოჩნდა თავდახრილი, ჩუმად მაგრამ მტკიცედ მომავალი გაისმა გაკვირვებისა და აღტაცების შეძახილები; ნესტანის მშვენებით გამოწვეული მღელვარება იმდენად დიდი იყო რომ მცველები ძლივს აკავებდნენ მისი ხილვის მსურველ ხალხს : ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდეს ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. (1040)
ასევე უძლეველი იყო ნესტანის მომხიბლავი ზეგავლენა ფატმანზე და მის მეუღლე უსენზე. სავაჭრო საქმეთაგან თავისუფალი დროის პოვნისთანავე ისინი შედიოდნენ ნესტანის ოთახში, სხდებოდნენ და ჩუმად ჭვრეტდნენ მის მშვენებას, განიცდიდნენ სულ უფრო და უფრო მაღალ ესთეტურ ტკბობას, ისე როგორც ეს ემართებათ თანამედროვე კულტურულ ადამიანებს რაფაელის მადონის ჭვრეტისას : მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმა-ახით, შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდი ვივაგლახით, ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით,იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით. (1023)
ავთანდილის სილამაზით აღგრთოვანებული არიან ფრიდონის მონადირე ყმები. როდესაც ავთანდილმა, მზიური მშვენებით ბრწყინვალე კავალერმა მათ შორის გამოჩენისას ძლიერი ხელით სტყორცნა ისარი და ჩამოაგდო სანადირო ველის თავზე მფრინავი არწივი, ისინი აირივნენ, მაგრამ ვერ გაბედეს ეკითხათ თუ ვინ იყო იგი, უკეთ სახილველად გაოცებულნი დადიოდნენ მის ირგვლივ: იგი ნახეს რა მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: « ვინ ხარო?» ვერცა რას ეუბნებოდეს. (851) აღტაცების ეს განწყობა გრძელდება ნადირობის ადგილიდან ფრიდონის სასახლემდე მგზავრობის მთელ მანძილზე: დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა, ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: « ასეთი, ხორციელი, შეუქმნია რაგვარ რასა!» (859)
შევიდნენ ქალაქში, სადაც მეფური დიდებულებით გაწყობილ ფრიდონის სასახლეში დახვდნენ კოხტად ჩაცმული, მოწესრიგებული და დისციპლინირებული მონები, ისინი აღტაცებით შესცქეროდნენ ავთანდილს, ტკბებოდნენ მის თვალთა ბრწყინვალებით: ქალაქს მივიდნენ, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა სასაგებლითა სრულითა, მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა ! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა. ( 879)
აი გმირთა სილამაზის ცალკეულ პიროვნებებზე ზემოქმედების კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითი : მოიარა რა ხმელეთი ნესტანის ძებნაში და დარწმუნდა რა ძალისხმევის ამაოებაში, ტარიელმა გადაწყვიტა მარტო დარჩენა და ტანჯვის გასაქარვებლად უდაბნოში მხეცთა შორის ხეტიალი. მან თავის მხლებლებს მიმართა წინადადებით დაეტოვებინათ იგი მარტო და გაბრუნებულიყვნენ სახლში რათა არ ეცქირათ მისი ცრემლთა ღვრისათვის : აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა. (557) ამ მკაცრი სიტყვებით შეძრულმა ადამიანებმა უპასუხეს ტარიელს : ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა ! უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუ თუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, ჩვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა მშვენიერსა, სატურფალსა ! (557-558)
შემოვიფარგლებით მხოლოდ აქ მოყვანილი ფაქტებით, რომლებიც, ჩვენი აზრით, ადასტურებენ ჩვენს ლიერ გამოთქმულ აზრს რომ მაშინ, როგორც ეხლა, ქართველ ხალხს ჰქონდა მშვენიერების მძაფრი განცდა და რომ ეს თვისება სხვა არაფერია თუ არა ხალხის მიერ მშვენიერების იდეალის თაყვანისცემა.
( გამოტოვებულია)
სამწუხაროდ ჩვენ აქ გვიხდება ერთ-ერთ წინა თავში გამოთქმული აზრის გამეორება: რომ არა მისი ისტორიული ბედ-უკუღმართობა, ქართველ ხალხს უნდა წარმოეშვა დიდოდსტატნი ვინც მატერიალურად, ფერწერაში და პლასტიკაში ასახავდნენ მშვენიერების ეროვნულ იდეალს ისე როგორც იყო იგი განხორციელებული პოეზიაში დიდი ხალხური გენია რუსთაველის მიერ.
დღეს კი, ქართველი ხალხის ახლად გამოჩენილ მხატვრებისა და მოქანდაკეების წინაშე დგას რუსთაველის მიერ პოეტური ენით დახატულ გმირთა შეუდარებელი მშვენიერების ფერწერასა და ქანდაკებაში გადმოცემის ამოცანა რათა კულტურულმა სამყარომ შესძლოს სილამაზის იმ იდეალის დანახვა რომელსაც ამდენი საუკუნის მანძილზე ატარებს თავის სულში ქართველი ხალხი».
დაგვრჩა გამეორება იმისა რომ ს.ნ.ჯანაშიას და დ.ზ. ჩქოტუას ნარკვევები ამოღებულია «ვეგხისტყაოსნის» 750 წლისთავისადმმი მიძღვნილი რუსულენოვანი კრებულიდან « რუსთაველის კრებული», ტფილისი, 1938. რუსულიდან თარგმნა გ. მარჯანიშვილმა
****************************************************************************
ურადღებას იმსახურებს თუნდაც ის ფაქტი რომ რუსთაველმა « ვეფხისტყაოსნის» ზეპირად მცოდნე დ.ზ ჩქოტუას გააძლებინა ხანგრძლივ გადასახლებაში იქ სადაც ძალიან იოლი იყო ადამიანის სახის დაკარგვა.
< ეს იცოდნენ მესხმა და არა მარტო მესხმა ქართველმა მწყემსებმაც, რომლებმაც თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ვახტანგ კოტეტიშვილის თქმით წერა კითხვა არ იცოდნენ მაგრამ ზეპირად იცოდნენ «ვეფხისტყაოსანი». შოთას სილამაზის, მოყვასისთვის თავდადების, სიყვარულის იდეალები აცოცხლებდა ქართველ ერს და ამას დაფასება და ანგარიშის გაწევა უნდა ჩვენს არეულ დროშიც...
No comments:
Post a Comment