ქრისტე ეკამათება ფარისევლებს ( მხატვარი გუსტავ დორე) |
****
მოწაფეებს დიდი ხნის მანძილზე არ ესმოდათ იესო ქრისტესი. მათ ეგონათ რომ რომ ის როგორც ცხებული, მესია, უნდა გაბატონებულიყო მსოფლიოზე. ადამიანებს ისე უყვართ მიწიერი ძალა და მიწიერი დიდება. ქრისტემ უარი თქვა ამაზე. და რამდენად მწარე უნდა ყოფილიყო მისთვის ის რომ როდესაც ისინი უკანასკნელად უახლოვდებოდნენ იერუსალიმს მოწაფეებმა დაიწყეს განაწილება ადგილებისა თუ რომელი მათგანი სად დაჯდებოდა მისი ტახტის გვერდით როდესაც ის გამეფდებოდა. მას კი რამოდენიმე დღეში ელოდა გოლგოთა. და აქ შეიძლება ვიკითხოთ თუ რატომ მიიზიდა მან ისეთი მოწაფეები რომლებსაც მისი ესოდენ ცუდად ესმოდათ.
და თქვენ როგორ ფიქრობთ? მას რომ შეეკრიბა დიდი ბრძენნი, რკინის ნების, დიდად განათლებული ადამიანები, ჩვენ ვიტყოდით : რა თქმა უნდა, ეს იყვნენ მოციქულები, ტიტანები; ჩვენ კი ვინ ვართ, ჭიანჭველები.
ამიტომ მან უხმო უბრალო ადამიანებს, რიგითებს როგორიც ჩვენ ვართ, რომელთაც შეიძლება შეეშინდეთ კრიტიკულ მომენტში, რომლებიც შეიძლება შედრკნენ და შეცდნენ. მახარებლები ხაზს უსვამენ მოციქულთა ამ თავისებურებას. ყველა მახარებელი ყვება პეტრეს უარყოფის, იუდას ღალატის, თავიდან იესოს სიტყვების და მსახურების არასწორად გამგებ მოწაფეთა გაუთავებელი კითხვების შესახებ. იესო ქრისტეს მოწაფეები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები და არა ტიტანები, ტიტანებად ისინი აქცია რწმენამ და ღმერთის სულმა. ისინი კი იყვნენ უბრალო ადამიანები, « არა მწიგნობრები და უბრალონი», ამბობს ლუკა. ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ არ სცოდნიათ წერა-კითხვა. იუდეაში წერა-კითხვა პრაქტიკულად იცოდა ყველამ. ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიდნენ წერას და კითხვას. მაგრამ ისინი იყვნენ «არამწიგნობრები და უბრალოები.» ხასიათით მრავალი მათგანი ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად ემოციური და არამდგრადი იყო.
ქრისტე ხსნის დიდ საიდუმლოს : ძველ აღთქმაში ღმერთმა უჩვენა ადამიანებს თუ რა არის ცოდვა, რა არის ბოროტება. ღმერთმა უთხრა ადამიანებს თუ რა არის ბოროტება და შემდეგ უნდა ვიაროთ უდიდესი სიკეთისკენ. ამის საფუძველი, როგორც ამბობს თვითონ ქრისტე, არის ძველ აღთქმაში. წერილის მთავარი მცნებებია გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი როგორც თავი შენი. აქედან ამოდის სახარების მორალი: სიყვარულის, გაღების და ამიტომ ბედნიერების მორალი. ბედნიერია ის ვისაც უყვარს. ბედნიერია ის ვინც გაიღებს თავს. უბედურია ის ვინც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს.
იქნებოდნენ კი ბედნიერები ივანე მრისხანე, სტალინი, ბერია? ისინი მახინჯები არიან და რა თქმა უნდა უბედურები იყვნენ. და სხვისთვის მცხოვრები ადამიანი პოულობს განსაკუთრებულ, ურყევ ბედნიერებას. მაგრამ თქვენ იტყვით: დიახ, ეს მშვენიერი სწავლებაა, მაგრამ ძველ აღთქმაში ხომ უკვე ნათქვამი იყო მოყვასის როგორც საკუთარი თავის სიყვარულზე, ღმერთის სიყვარულზე და კიდევ ზოგი დიდი რამ. მაშ რა არის სახარებაში? ესაა ,მეგობრებო, უარყოფა აზრისა რომლის თანახმადაც სახარება დაიყვანება ეთიკაზე, მორალზე. მას აქვს სხვა, უფრო ღრმა მნიშვნელობაც.
ქრისტე გეთსიმანიის ბაღში |
ძველი აღთქმის წიგნის გმირი იობი იტანჯებოდა იმიტომ რომ ის უდანაშაულო იყო ღმერთის წინაშე მაგრამ იტანდა მის მიერ გამოგზავნილ განსაცდელებს. მან გამოიწვია ღმერთი სასამართლოზე, მაგრამ როდესაც ღმერთი გამოჩნდა იობის დაეცა მის წინაშე მუხლებზე და თქვა : « მე შენზე მხოლოდ მსმენია, ეხლა გნახე და ყველაფერი გაირკვა, ცხადი გახდა».
კაცობრიობას ყოველთვის სურდა წმინდა საიდუმლოს წვდომა, მისთვის ხელის შეხება სრული სიცოცხლის მოსაპოვებლად. ამიტომ ასწავლიდნენ ბრძენნი, ამიტომ იტანჯებოდნენ ინდოელი ასკეტები, ამიტომ ცდილობდნენ სწავლულები ვარსკვლავებში და ბუნების კანონებში. ამ ამაღელვებელი, ერთადერთი, უმთავრესი გამოცანის გამოცნობას. პლატონი ამბობდა: « ძნელია ყველაფრის მამის წვდომა». და ვინაიდან ადამიანები მუდამ გრძნობდნენ რომ ისინი ძმები არიან მხოლოდ იმიტომ რომ მათ ჰყავთ მამა და მათ სიცოცხლეს აზრი აქვს მხოლოდ იმიტომ რომ ის მიბმულია რაღაც ზეციურ აზრზე, ამიტომ მოწაფეებმა ერთხელ სთხოვეს იესოს: გვაჩვენე მამაზეციერი და ეს გვეყოფა, მეტი არაფერი გვჭირდება». და სწორედ ამას სთხოვს მას მთელი კაცობრიობა. ; « გვაჩვენე მამა». და ის პასუხობს ისე როგორც მაშინ უპასუხა თავის მოწაფე ფილიპეს : ამდენი ხანი ვარ მე თქვენთან, ფილიპე, და შენ ვერ მიცანი. ვინც მნახა ნახა მამა».
ამით ის ხსნის საიდუმლოს რომელსაც სარწმუნოების სიმბოლო გამოხატავს ბერძნული სიტყვით « ომოუსიოს, ერთარსი მამისა. ისი მისი შვილია არა იმ ადამიანური გაგებით რომელსაც ჩვენ ვხმარობთ, არამედ უღრმესი ონტოლოგიური, არსობრივი ზიარებით. შვილი ნიშნავს ხორცს ხორცისაგან. და ამიტომ სარწმუნოების სიმბოლო ამბობს :
« ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა». როგორც აბრიალებული კოცონი არ იკლებს თუ კი მისგან ცეცხლს წავუკიდებთ ტოტს , მაგრამ იქნება ახალი ცეცხლი. « ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.» ადამიანი კი არაა მამის თანაარსი, მხოლოდ ისაა, ერთადერთია მამის თანაარსი.
ყველა დიდი წმინდანი გრძნობდა თავს ცოდვილად. წაიკითხეთ ყველა ბიოგრაფია, ცხოვრებანი. ეხლახანს ისევ გამოსცეს ნეტარი ავგუსტინეს « აღსარება»-გენიალური, დიდი თხზულება. ეს დიდი ადამიანი გმობს თავს, სდაღავს, ინანიებს. როგორც ამბობს მართლმადიდებელთა ერთი თქმულება წმინდანები თავის ცოდვებს ხედავდნენ როგორც ზღვის ქვიშას. და ეს გასაგებია, ძლიერ შუქზე ჩანს მტვრის ყოველი ნაწილაკი. ერთადერთი ისტორიაში ვინც არასდროს ლაპარაკობს თავის ცოდვებზე არის იესო ნაზარეველი. ისაა ერთადერთი ვინც არასოდეს უყურებს ჭეშმარიტებას ქვევიდან ზევით. ბუდიზმის დამაარსებელი ბუდა ჭეშმარიტებას სწვდება ხანგრძლივი ფიქრის და ძალისხმევის შემდეგ. ის თითქოს შეტევით იღებს ცას. არაფერი მსგავსია ქრისტეს პიროვნებაში. ის მოდის ამასთან ერთად.
ის გვიყურებს როგორც ცა მიწას. ისაა სამყაროში გაჟღერებული მარადიულობის ხმა. იმიტომ რომ უზომო ვერ ილაპარაკებს შეზღუდულთან, იმიტომ რომ ღვთაებრივი თრგუნავს ადამიანს. აი ლიტერატურული მაგალითი : როდესაც ფაუსტი იხმობს მიწის სულს და მიწის აალებული სული აღმოჩნდება მის წინაშე. ფაუსტი ეცემა უგონოდ. მას არ შეუძლია ამ სულის გამოჩენის გადატანა. და ეს ხომ მხოლოდ მიწის სული იყო. და ჩვენ შეგვიძლია ამის გაგება. როდესაც უყურებ უსაზღვრო ზეცას, როდესაც უყურებ უზომო სივრცეებს, ზოგჯერ ცოცხლებს და ზოგჯერ მკვდრებს (მე ეს განმიცდია მთაში და ტაიგაში)- ადამიანი ამ უზომობაში იკარგება როგორც მტვრის ნაწილაკი. კოსმოსზე კი არც ღირს ლაპარაკი. რა არის ადამიანი თავისი მანქანებით და აპარატებით როდესაც ის ბრუნავს თავისი პატარა დედამიწის ირგვლივ?
მარადისობას ვერ ექნება სახელი, ის უსაზღვროა. იმიტომ ამბობს ღმერთი ძველ აღთქმაში რომ ის არის მჭამელი ცეცხლი. და როდესაც ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების პირით სული მათ დროებით იპყრობს. შემდეგ წინასწარმეტყველები მოდიან გონს და ეწინააღმდეგებიან კიდეც იმას რაც მათ უთხრა ღმერთმა.
და აქ ხდება ის რაც უსასრულობას აკავშირებს სასრულთან : « მე გატყობინებთ დიდ სიხარულს: გაჩნდა ის ვინც დაგელაპარაკებათ, ვინც იქნება ბავშვი, ყმაწვილი, სრულწლოვანი და საკუთარი ხელით მშრომელი კაცი. ვინც მოდის ადამიანებთან, ვინც ცხოვრობს მათთან ერთად, ვინც ჭამს და სვამს მათთან ერთად, ვინც ოცდაათ წლამდე ატარებს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას- სრულებით ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ ცხოვრებას.არაა საჭირო ინდოეთი, არაა საჭირო ჰიმალაები-არის პატარა ქოხი სადაც ის მუშაობს დაზგაზე დახრილი. აი მისი ნაზარეთი, აი მისი საიდუმლო ცხოვრება, იმდენად საიდუმლო რომ მეზობლებსაც კი ეგონათ რომ ის მხოლოდ დურგალია და როდესაც მან დაიწყო ქადაგება მათ იფიქრეს რომ ის გაგიჟდა.
და მაშინ ის იწყებს ლაპარაკს, თავიდან როგორც მასწავლებელი და შემდეგ სულ უფრო და უფრო უახლოვდება მთავარს. ის გამოთქვამდა უცნაურ, გამომწვევ აზრებს რომლებიც აღიზიანებდა ორთოდოქსებს ვისაც სწამდათ რომ ისინი არიან დადგენილნი საეკლესიო წესების დასაცავად.
და დგება დრო როდესაც ყველა აღდგა იესო ქრისტეს წინააღმდეგ. ის მიდის ქვეყნიდან, მიდის ლიბანში სადაც მას ვერავინ სცნობს და დაბრუნებისას ერთხელ ეკითხება მოწაფეებს: « ვინა ვარ მე ადამიანთა აზრით?» როგორც გახსოვთ მოწაფეები პასუხობენ: «წინასწარმეტყველი», პეტრე კი ამბობს: « შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის შვილი...» აი აქაა ქრისტიანობის საფუძველი. ამიტომაა რომ პეტრეს ეწოდა ქვა, საძირკველი რომელზეც იგება ეკლესია.
გოლგოთა ( მხატვარი ნიკოლაი გე) |
მეორე საფუძველია იესო ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხება. განა საჭირო და აუცილებელი იყო მისი სიკვდილი? ის მუდამ ამბობდა რომ ასე უნდა მომხდარიყო. რატომ? Iკითხავთ თქვენ... იმიტომ რომ სამყარო, როგორც ამბობს ბიბლია, ბოროტებაშია ჩაფლული. და თუ კი ღვთაებრივი, ნათელი და მშვენიერი მოდის ამქვეყნად, ჩვენთან, გვეხება ჩვენ, მას აუცილებლად შეხვდება ტანჯვა. ქრისტეს ტანჯვა, მისი გამომსყიდველი ტანჯვა დაიწყო არა ღამით გეთსემანიას ბაღში, არა გოლგოთაზე არამედ იმ ღამით როდესაც გაჩნდა. ადამიანებთან ცხოვრებისას ის იტანჯებოდა ყოველდღე და ყოველ წამს. ერთხელ მან ამოიოხრა კიდეც: « ო ორგულო, გარყვნილო მოდგმავ, როდემდე აგიტანთ თქვენ! როდემდე ვიქნები თქვენთან!» მისი თანაგრძნობა გვჭირდებოდა ჩვენ იმიტომ რომ ის ან მოდის ჩვენთან და იტანჯება ან თავისუფლდება ტანჯვისაგან და მიდის ჩვენგან.
ქრისტიანობა არაა ადამიანის ცახცახი ღმერთის წინაშე. ქრისტიანობა არაა ქედმაღალი ჯანყი. ქრისტიანობა კავშირია, ახალი კავშირი; ახალი აღთქმა ადამიანისა ღმერთთან. და როდესაც ყველასაგან მიტოვებული, ესე იგი ყველაფრის გადამტანი და დამცირების, ღალატის, სიძულვილის, უსამართლობის, სისასტიკის თასის ბოლომდე დამლევი იესო ქრისტე კვდება ჯვარზე ის თითქოს იწოვს ამქვეყნის, წუთისოფლის მთელ ბოროტებას. არ ამბობდა ტყუილად რამოდენიმე საუკუნით ადრე მანამდე წინასწარმეტყველი ამას: « იესო დაიჭრა ჩვენი ცოდვების გამო, ის აწამეს ჩვენს უკანონობათა გამო, წუთისოფლის დასჯა ახდა მასზე და ჩვენ განვიკურნეთ მისი ჭრილობებით».
და აი ის დაკრძალულია. ესაა სრული კატასტროფა და ყველაფრის ბოლო. ვერანაირი ისტორიკოსი, ვერც ერთი მეცნიერი ვერ ჩაწვდება ამ საიდუმლოს. ისტორიკოსმა იცის მხოლოდ ერთი : შიშისაგან თავზარდამცემულ ადამიანთა პატარა ჯგუფი რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ჩაკეტილი იყო და თავზარდაცემული არ იძვროდა უეცრად გამოდის იერუსალიმის მოედანზე და უცხადებს ხალხს : « ქრისტე აღსდგა ! ის ცოცხალია ! ის გამოგვეცხადა ჩვენ ყველას და გაგვაგზავნა მთელს მსოფლიოში სახარების საქადაგებლად». იქნებ ისინი გაგიჟდნენ? იქნებ მათ ჰქონდათ ჰალუცინაცია? იქნებ მათ სასურველი მიიღეს სინამდვილედ? ასე რომ ყოფილიყო ასეთი სისულელისგან, ასეთი ეფემერული დროებითი მოვლენებისგან ვერ გაჩნდებოდა ქრისტიანობის მძლავრი ხე, ვერ გაჩნდებოდა ის მდინარე რომელიც დღესაც მიედინება ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად.
მოციქული პავლე ამბობდა შესანიშნავ სიტყვებს და ამბობდა გამოცდილებაზე დაყრდნობით : « იესო ქრისტე ერთი და იგივეა გუშინ, დღეს, ხვალ».
ქრისტეს არ დაუტოვებია ჩვენთვის არც ერთი დაწერილი სტრიქონი რათა ჩვენ თაყვანი არ ვცეთ ასოს, არ დაუტოვებია არანაირი ნაწერ-
-ნაკვეთი ნიშანი. მაგრამ მან თქვა : « მე ვიქნები თქვენთან საუკუნის დასასრულამდე». აი ამაშია ეკლესიის ძალის წყარო. აი ამაშია ქრისტიანობის ძალის წყარო.
ის მართლაც ცხოვრობს ჩვენთან და ჩვენში. და სულაც არა იმიტომ რომ ქრისტიანები რაღაც განსაკუთრებით კარგი ხალხია. მოციქულების მსგავსად ჩვენც სუსტი ადამიანები ვართ. მაგრამ მას აქვს მისი დიადი ძალა რომელიც ხორციელდება უძლურებაში.
და თუ სხვა მოძღვრებებს ადამიანი გაჰყავთ ქვეყნიდან,
ზოგი მათგანი ადამიანს უფრო კეთილს, ზოგი კი უფრო ბრძენს, უფრო კონცენტრირებულს, დაკვირვებულს ხდის, აქ არაა მოძღვრება, აქ არის ცოცხალი კავშირი ღმერთკაცთან. ისტორია ღმერთკაცური ხდება და ყველაფერი დროებითი, წარმავალი ეუღლება მარადიულს. ამაშია სახარების ფენომენი.
და სარწმუნოების სიმბოლოდან დასაწყისის და ბოლოს მოშორების შემთხვევაშიც ის მაინც დარჩებოდა სარწმუნოების სიმბოლოდ.
თავიდან ადამიანებს ნათლავდნენ იესოს სახელით, მხოლოდ იმიტომ რომ მისი მეშვეობით გაიხსნა და გაცხადდა ზეციური მამა, შემოქმედი და ღვთაებრივი სული. სარწმუნოების სიმბოლო უმატებს ჩვენთვის არც თუ ისე გასაგებ სიტყვებს: « რომლისაგან ყოველი შეიქმნა.» ესაა განსაკუთრებული საიდუმლო. ის ეხება არა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას არამედ მის იდუმალ ტრანსცენდენტურ არსს. ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ ( გაგრძელება იქნება ).
No comments:
Post a Comment