დღევანდელი თემა გარკვეული აზრით საკვანძოა იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი სარწმუნოების სიმბოლოს პირველი ნაწილი სამყაროს შემოქმედზე ჩვენ საერთო გვაქვს იუდაიზმთან, ისლამთან და სხვა მონოთეისტურ რელიგიებთან. ქრისტიანობის სპეციფიკა იწყება მეორე ნაწილიდან, იესო ქრისტეს რწმენიდან, ამიტომაც გვეწოდება არა უბრალოდ მორწმუნეები არამედ ქრისტიანები. ჩვენთვის უმაღლესი გამოცხადება ხდება იესო ქრისტეს პიროვნებაში.
მე უკვე გითხარით რომ იესო არის ისტორიული, პირადი, ადამიანური სახელი, რომ ქრისტე ნიშნავს ცხებულს, მეფეს, მესიას. ჩვენ სწრაფად მიმოვიხილეთ ძველი აღთქმის 15-ზე მეტი საუკუნის ისტორია და მივედით უმთავრესამდე.
ღაში არის ძველი აღთქმის მსოფლმხედველობის არსი? იმაში რომ სამყარო არაა სტატიური, რომ მას აქვს ისტორია, მიზანი. სამყარო მიდის ღმერთის უმაღლესი გამოცხადებისკენ. ამას არ იცნობდა მსოფლიოს არც ერთი დიდი რელიგია. ყველას მათ არსებობა პრინციპში უცვლელად წარმოედგინათ. და აი წინასწარმეტყველებმა იხილეს რომ არსებობა ჰგავს გარკვეული მიმართულებით ნასროლ ისარს, რომ ღმერთის ყოფნის სისრულე მიზანია და არამოცემული რამ. ამიტომ ლაპარაკობდნენ ისინი ღმერთის სამეფოზე, იმიტომ რომ ღმერთი დღეს არ მეფობს სავსებით. ხდება ზნეობრივი და ფიზიკური ბოროტება. სიკვდილი და დანაშაული არაა ღმერთის მეფობა, ესაა სტიქიების და ადამიანის ბოროტი ნების მეფობა. ღმერთის მეფობა ნიშნავს მის კეთილ ჩანაფიქრთა სრულ განხორციელებას. ძველი აღთქმის ეკლესიის ძველმა დამფუძნებელმა აბრაამმა ღმერთი მიიღო როგორც სიკეთე. მოსეს ღმერთი გაეხსნა როგორც მრავალმოწყალე ( ძველებრაულად რავ რახამ ნიშნავს მოწყალებით სავსეს, სამყაროს სიყვარულით და თანაგრძნობით სავსეს). სამყაროში კი ეს სავსებით არ ხორციელდება. აქედან დასკვნა რომ ღმერთის სამეფო, მეუფება არის რაღაც მოსალოდნელი, მომავალი. მაგრამ ამისთვის ღმერთი უზენაესად უნდა გამოცხადებოდა სამყაროს, ისე რომ ის თავისი აბსოლუტური მიუწვდომელი პიროვნებით შეხებოდა ადამიანის პიროვნებას. ეს წარმოუდგენლად ჩანდა! როგორ შეძლებს მოკვდავი და შეზღუდული ადამიანი უკვდავისა და უსაზღვროს წვდომას? და აი ეს ხდება წინასწარმეტყველთა გამოცდილებაში. მაგრამ მათი გამოცდილება არ იყო მხოლოდ ის რომ მათი მეშვეობით ღმერთი ლაპარაკობდა სამყაროსთან, რომ ის აჩვენებდა თავის ნებას, უხსნიდა ზნეობრივ კანონს როგორც უზენაესისადმი სამსახურის ფორმას. ეს გამოცდილება წინასწარმეტყველებს აძლევდა მომავლის, არსის მოახლოებული გამოცხადების დანახვის საშუალებას.
წინასწარმეტყველი ისაიას წიგნში ვკითხულობთ: « ო ნეტავ გაგეხსნა ცა და ჩამოსულიყავი».
ეს დაძაბული მოლოდინი იმისა რომ ღმერთი მოვა სამყაროში, რომ ის გაეხსნება სამყაროს, რომ ის მოუტანს სამყაროს თავის უდიდეს გამოცხადებას როდესაც ყველა ხალხი მივა მასთან, ის ან არ განხორციელდა და იყო ილუზია, ტყუილი, ან განხორციელდა. თუ განხორციელდა ჩვენ ვიცით სად და როდის.
წინასმერტყველების შემდეგი ხანის ყურადღებიანი განხილვისას, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო დიდი ბრძენი, მოღვაწე და წმინდანი , ჩვენ ვხედავთ ერთადერთ პიროვნებას რომელშიც რეალურად განხორციელდა ეს გამოცხადება.
ისაა ერთი, ერთი უფალი, როგორც გვასწავლის მრწამსი, იესო ქრისტე.
ის ღმერთის შვილია, რას ნიშნავს ეს? ღა თქმა უნდა, მიუწვდომელზე, ღვთაებრივზე ლაპარაკისას ჩვენ ვიყენებთ ადამიანურ, მიწიერ ცნებებს. ადამიანურ ენაზე შვილი ისაა ვინც მამისგანაა დაბადებული. მსოფლიო, სამყარო, ადამიანი არ არიან დაბადებულნი ღმერთისგან, ისინი ღმერთის მიერ არიან შექმნილნი. ღმერთმა ისინი გამოიხმო არარაობიდან, არყოფნიდან და მისცა მათ ყოფნა, სიცოცხლე. არა საკუთარი თავიდან არამედ თითქოს არაფრისგან შექმნა ისინი. ჩვენს ლიტურგიაში, ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ლიტურგიაში მეორდება დიადი სიტყვები : « შენ ყველა ყოფნაში მოიყვანე არყოფნიდან». ქმნილსა და აბსოლუტს, ღვთაებრივს შორის არის ლოღიკური, სულიერი, რეალური უფსკრული.
და ამ უფსკრულის გადასალახავად აუცილებელია ღმერთის გამოცხადება, რაღაც ნაბიჯი.
სამყარო ღმერთის ქმნილებაა, მაგრამ სამყაროში გამოცხადებული იესო ქრისტე არაა ღმერთის ქმნილება. ის გაჩნდა ღმერთისგან, გაჩნდა ღრმა, იდუმალი, ღვთაებრივი გაგებით. ბიბლიაში ისევე როგორც საერთოდ აღმოსავლურ ენებში სიტყვა შვილი ნიშნავს ნაზიარებს, უშუალოდ ნაზიარებს. იმედის მომცემ ადამიანს უწოდებდნენ იმედის შვილს. საქორწინო ნადიმის სტუმრებს უწოდებდნენ სანადიმო დარბაზის შვილებს. წინასწარმეტყველს და მის მოწაფეს უწოდებდნენ წინასწარმეტყველის შვილს. ესე იგი ცნება შვილი ნიშნავდა არა უბრალოდ ხორციელად გაჩენას არამედ სულიერ, შინაგან ზიარებას. როდესაც ისტორიკოსების აზრით უძველესი მარკოზის სახარება ლაპარაკობს ღმერთის შვილ იესო ქრისტეზე ის გვიხსნის დიდ საიდუმლოს: ეს მიწიერი კაცი რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა დაბადება და სიკვდილი, ტანჯვა და დაღლილობა, შიმშილი, თანაგრძნობა, სიხარული და მწუხარება ამავე დროს ეკუთვნის ღვთაებრივ სამყაროს.
ის შექმნილი კი არა გაჩენილია უზენაესისგან. « მე და მამა ერთი ვართ», ამბობს ის. არაა ღმერთის ერთ-ერთი ემანაცია. ის უნიკალური მოვლენაა.
ამიტომ- «... და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა...»
« უწინარეს ყოველთა საუკუნეთა» ნიშნავს რომ ეს გაჩენა არაა მოვლენა დროში როდესაც ის ოდესღაც არ იყო და ოდესღაც გაჩნდა. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ნიშნავს მაშინ როდესაც დრო არ იყო, როდესაც სიტყვებს «მანამდე» და «შემდეგ» არ ჰქონდათ აზრი. გაჩენა ხდება მუდამ, დროის გარეთ.
ეს რა თქმა უნდა უდიდესი საიდუმლოა, მაგრამ არის საიდუმლო დაკავშირებული იმასთან რომ ღმერთი არის სიყვარული. არა უბრალოდ რაღაცის, თუნდაც თავისი ქმნილების სიყვარული არამედ სიყვარული თავისთავად, როგორც ასეთი, რომელიც ხორციელდება შიგნიდან. იმისათვის რომ ვიგრძნოთ ღვთაებრივი სიყვარულის საიდუმლო გავიხსენოთ რუბლიოვის ხატი « სამება». იქ სამი ზის მაგიდასთან და მდუმარედ საუბრობს. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ერთიანობა; ისინი სამნი არიან, მაგრამ ამავე დროს ისინი არიან ერთი. დაფარული, მიუწვდომელი, უპირობო და აბსოლუტური.
ღმერთს ვერ ვუწოდებთ ვერაფერს-ვერც შემოქმედს, ვერც გონებას იმიტომ რომ ყველაფერი მასში დამალულია მის სიღრმეში და აჭარბებს ჩვენს აზრს. მაგრამ იმ დროს როდესაც ქმნის სამყაროს ღმერთი გამოდის მისი ჩვენთვის იდუმალი არსებობიდან. ის ხდება მოქმედების ღმერთი, ღმერთი-სიტყვა. « დუმილით ამბობს ღმერთი თავის სიტყვას», ამბობს შუა საუკუნეების ერთ-ერთი მისტიკოსი. ღმერთის სიტყვა ბიბლიაში ამავე დროს ნიშნავს ღმერთის მოქმედებასაც.
ძველებრაული «დავარ» და ძველბერძნული « ლოგოს» ერთდროულად აღნიშნავენ გონებასაც, აზრსაც, მნიშვნელობასაც და მოქმედებასაც. როდესაც ღმერთი მოქმედებს მოქმედებს მისი სიტყვა, მისი მეორე მე, მისი მეორე ღვთაებრივი მე. და მისი წვდომა ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია. იმიტომ რომ ღმერთის ეს მეორე მე არის შემოქმედიც, სიყვარულიც, და ბევრი რამე სხვაც. ამიტომაა რომ როდესაც არსი ქმნის ის ქმნის თავისი სიტყვის მეშვეობით. ამიტომ წერია სახარებაში : « დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე შექმნილია მის მიერ და მის გარეშე არაფერი შექმნილა რაც შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. და სინათლე ბნელში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი» ( იოანე 1, 1-5).
« დასაწყისში იყო სიტყვა». ეს დასაწყისი არაა დროში. და სარწმუნოების სიმბოლოც ამბობს: « რომლისაგან ყოველი შეიქმნა».
როდესაც სზმყაროს ზეარსებობაში მუდამ იბადება ლოგოსი მისი მეშვეობით ყველაფერი შესაძლებელია სამყაროში.
სარწმუნოების სიმბოლოს შემდგენლებმა, ეკლესიის მამებმა ხაზი გაუსვეს რომ იესო ქრისტე არის მამის ერთ-არსი. ის არაა სხვა ღმერთი, ის არაა შემოქმედზე უფრო დაბალი არსება, ის იგივე ღმერთია, არსით ერთი.
და ამის წვდომა შეიძლება სიმბოლოებით, ხატებით: « ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა».
რაში მდგომარეობს ეს ხატი? როდესაც ანთია ცეცხლი და ჩვენ მისგან ვანთებთ სხვა ცეცხლს პირველი ცეცხლი არ იკლებს და ორივე ეკუთვნის ერთ ცეცხლს. აი რას ნიშნავს « ნათელი ნათლისაგან». ორივე ცეცხლი, ორივე კოცონი, როდესაც ერთი დანთებულია მეორისგან, წარმოადგენენ ერთ ცეცხლოვან ღვთაებრივ ბუნებას. ზუსტად ასევე ღვთაებრივი არსებობის წიაღში გაჩენილი სიტყვა ეკუთვნის ღვთაებრივ ბუნებას.
ამის გაგება ძალიან უჭირდათ ადამიანებს. და რამოდენიმე საუკუნის მანძილზე ჩნდებოდა მოძღვრებები რომლებიც ცდილობდნენ ამის რამენაირად შეცვლას. მსოფლიო კრებების ირგვლივ გამართული ხანგრძლივი ბრძოლა გვიჩვენებს თუ რამდენად უჭირდათ ადამიანებს ამის გაგება.
( ამ საუბრის გაგრძელება და დასასრული იქნება).
No comments:
Post a Comment