April 28, 2011

ალექსანდრე მენის საუბრები-5 ( 2)

ელ გრეკო, სულიწმინდის
გადმოსვლა მოციქულებზე
      
              აქ ჩვენს წინაშე რთული პრობლემაა: რას უნდა ვუწოდოთ ეკლესია?
პატარა ფილოლოგიური ცნობა : რუსული სიტყვა ცერკოვ ( ეკლესია) მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კირიაკონ- ღმერთის სახლი, საიდანაცაა გერმანული კირხა, ინგლისური ჩერჩ, და ა.შ. ეკლესიის მეორე ბერძნული სახელია « ეკლესია», რაც ნიშნავს ხალხურ კრებას. ამ ცნებით თარგმნეს ძველებრაული სიტყვა კახბლ, თემი, ან არამეული სიტყვა კეხალა, ადამიანთა თემი.სიტყვიდან ეკლესია მომდინარეობენ ფრანგული სიტყვა ეგლიზ და ესპანური სიტყვა იგლეზია. რა არის ეს?
როდესაც კითხულობთ მხატვრულ, , რაღაც ისტორიულ ლიტერატურას ან პუბლიცისტიკას სიტყვა ეკლესია იქ გვხვდებათ როგორც  რაღაც პარტიის ტიპის ინსტიტუტის,
დაწესებულების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს გავს იმას რის დანახვასაც მიჩვეული ვართ ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ გვგონია რომ ამ პარტიამ უნდა გამოუშვას რაღაც დირექტივები, რომ მას უნდა ჰქონდეს რაღაც იდეოლოგიური დასაბუთებები ან იდეოლოგიური შეფასებები ყველაფრისა რაც არსებობს და ხდება ქვეყანაზე. ამიტომ მე ხშირად მეკითხებიან თუ რას ფიქრობს ეკლესია ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ან რაღაც კიდევ სხვაზე, გეგონება ეკლესიას ჰქონდეს რაღაც ცენტრალური ორგანო რომელიც  გამოიმუშავებს იდეოლოგიურ დამოკიდებულე-
ბას  ყველაფრის მიმართ მსოფლიოში, მათ შორის კოსმიური მოვლენების მიმართ.  ასეთი წარმოდგენა იდეოლოგიურ აპარატზე, რაღაც, ასე ვთქვათ, ძალაუფლების სტრუქტურაზე რომელიც შეიძლება დაამხონ და რომელიც შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში არაა შემთხვევითი. ამაში დამნაშავენი არიან თვითონ ქრისტიანები იმიტომ რომ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ქრისტიანული თემი მართლაც განიცდიდა « სკლეროტულ» ცვლილებებს  და ემსგავსებოდა იდეოლოგიურ პარტიას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით: სხვაგვარად მოაზროვნეთა დათრგუნვით, ფანატიზმით, საკმაოდ ძლიერი ბიუროკრატიით, მთელი ამ აპარატის უძრაობით, მოუხერხებლობით, კონსერვატიზმის დიდი «დოზით».

            მაგრამ როდესაც სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ ეკლესიაზე რომელსაც ამოძრავებს ღმერთის სული სიმბოლოს სულ არა აქვს მხედველობაში ეს ისტორიული რეალობა.  ქრისტიანული თვალსაზრისით ეკლესია არის ღმერთკაცური ორგანიზმი ანუ ქრისტეს სხეული, როგორც გვასწავლის მოციქული პავლე.

              ესაა გარკვეული სულიერი ერთობა რომელშიც მოქმედებს და ცხოვრობს ღმერთის სული და რომელიც არსებობს ამ სულით. როგორ გაჩნდა ის? ის შექმნა ქრისტემ, მაგრამ მას არ შეუქმნია ეკლესიის სტრუქტურა. ის ამბობდა : « თქვენ ჩემები ხართ, თქვენ ხართ ჩემი თემი.»  და  სახარების მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა- ჩნდება ეკლესია.

            საქმე ასე იყო ( ეს აღწერილია მოციქულთა საქმენში). იესოს მოწაფეები მისი მოხმობით გალილეიდან ჩავიდნენ იერუსალიმში და იქ ერთად ლოცულობდნენ. ეს იყო იუდეველთა დღესასწაული შავუტ რომელიც იმართებოდა აღდგომიდან ( ებრაული პასექი)  50 დღის შემდეგ. მანამდე მოწამეები ჩუმად, შეიძლება სეშინებულებიც კი იყვნენ. ისინი არ გამოდიოდნენ ერთად როგორც ახალი რელიგიური ძალა. ისინი სხვებთან ერთად დადიოდნენ ტაძარში სალოცავად. ისინი ცხოვრობდნენ თავის პატარა ნახევრადშინაურულ თემად რომელშიც სულ რამოდენიმე ასეული წევრი იყო. და აი ერთხელ, დღესასწაულის დროს, მოწაფე-მოციქულთა ეს ჯგუფი გავიდა ქალაქის ქუჩებში და დაიწყო ღმერთის უცნაურად დიდება.

         ისინი ლაპარაკობდნენ და თითქოს მღეროდნენ. ეს იყო საოცარი დიდება. ისინი ლაპარაკობდნენ გაუგებარ ენაზე. მაგრამ მეორეს მხრივ დედამიწის ყველა კუთხიდან სალოცავად ჩასულ ყველა ადამიანს ესმოდა ეს ენა.. როგორ? არ ვიცით. მაგრამ ლაპარაკის შინაარსი ყველას ესმოდა. ეს იყო არაჩვეულებრივი ფენომენი. ზოგმა იფიქრა რომ ისინი მთვრალები არიან, სხვებმა ვერაფერი გაიგეს. მაშინ გამოვიდა პეტრე და თქვა : « არა, ძმებო და დებო. ეს არაა სიგიჟე, და ისინი მთვრალები არ არიან».

        აი  « მოციქულთა საქმენის» ტექსტი :

           « მეერგასე დღე რომ სრულდებოდა ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო და აავსო მთელი სახლი სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და თითო-თითოდ  დაადგნენ ყოველ მათგანზე. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვა ენებზე, როგორც სული აძლევდა მათ ამეტყველებას. ხოლო იერუსალიმში  ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში ხალხი ყველა ერიდან. როცა ეს ხმაური მოხდა მრავალი შეგროვდა და შეშფოთდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოცდნენ, უკვირდათ და ამბობდნენ: განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეელები არ არიან? როგორ გვესმის  თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე; რომელზეც ვიშვით? პართნი და მიდიელნი, ელამიტელნი და მცხოვრებნი შუამდინარეთის, იუდეის,  კაბადუკიის, პონტოს და აზიის, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ოლქების, და რომიდან მოსულნი, იუდეველნი და პროზელიტნი. კრიტელნი და არაბიელნი, ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიდ საქმეებზე. და ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ:  რას ნიშნავს ეს? სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილი ღვინით არიან სავსე. ხოლო პეტრე წამოდგა  თერთმეტთაგან, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ : იუდეის კაცნო და ყველა ვინც იერუსალიმში ცხოვრობთ ! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია...» ( საქმე 2, თავი 2, 1-13).

         ღმერთის სული გადმოვიდა მოციქულებზე და გაუძღვა მათ სახარების საქდაგებლად. ამ მომენტიდან იბადება ეკლესია რომელიც ქადაგებს და იუწყება ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს შესახებ.

            ეკლესია ჰგავს მის დამფუძნებელ ღმერთკაც იესო ქრისტეს, მაგრამ არის უზარმაზარი სხვაობა.  თუ კი ქრისტეში ადამიანური საწყისი თავისუფალი იყო ბოროტებისგან და ცოდვისგან ეკლესიის ადამიანური საწყისი მიწიერია, ის არაა თავისუფალი ცოდვისგან. ეკლესია შედგება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. მაგრამ ისაა თესლი, ბირთვი მომავალი გახსნილი და სრულიად თავისუფალი კაცობრიობისა რომელიც უნდა გაერთიანდეს სულიერი ერთიანობით და უდიდესი მრავალფეროვანებით.

                     რა სტანჯავს ადამიანს?  გაუცხოება, მარტოობა,  დათრგუნვა ბრბოს ან საკუთარი თავის მიერ.

              ეკლესია არაა ბრბო. ესაა სულიერი ერთობა როდესაც ყველა გამჭვირვალეა ერთმანეთისთვის. ამავე დროს ესაა ის რასაც რუსი ფილოსოფოსები უწოდებდნენ «სობორნოსტს», კრებითობას  რომელიც როგორც ინდივიდის მომსპობი კოლექტივიზმისაგან ისე ინდივიდის მეტისმეტად განმადიდებელი ინდივიდუალიზმისაგან განსხვავებით არც კლავს და არც კერპად  აქცევს პიროვნებას.

         ეკლესია არის დედამიწაზე ქრისტეს ცხოვრობის, საქმის და მოწმობის გაგრძელება. მასში არის ქრისტეს განძი და თესლის მსგავსად აბნევს მას მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ როგორც კი ეკლესიის წევრები სცდებიან ქრისტეს სულს, განზე დგებიან მისგან, ისინი ავტომატურად აღარ არიან ეკლესიის წარმომადგენლები. ამიტომ გასაგებია რომ საეკლესიო ინსტიტუტები თავისთავად,ასე ვთქვათ მთელი ეს სტრუქტურა არ წარმოადგენენ ქრისტესადმი ერთგულების ავტომატურ გარანტიას.

          რა თქმა უნდა ზოგმა თქვენთაგანმა შეიძლება იკითხოს თუ რა საჭირო იყო ინსტიტუტი? რატომ არ დარჩა თავისუფალი თემები ყოველგვარი იერარქიული წყობის გარეშე?

        საქმე იმაშია რომ რაც უფრო სრულყოფილია ორგანიზმი მით უფრო დიფერენცირებულია ის. მხოლოდ უმარტივესებს აქვთ მხოლოდ ბირთვი და პროპტოპლაზმა. სრულყოფილი ორგანიზმი გამოირჩევა მისი შემადგენელი ელემენტების სირთულით. მოციქული პავლე ამბობდა რომ სხეულში არის სხვადასხვა ნაწილი და ორგანო და ყველა ემსახურება ერთიანობას. ამიტომ ეკლესია, რომელიც არის ერთდროულად არა მარტო სულიერი არამედ საზოგადოებრივი ორგანიზმი, უნდა იყოს რაღაც საზოგადოებრივი სტრუქტურაც.  სხვანაირად მას არსებობა არ შეუძლია. ეს უბრალოდ აუცილებელი პირობაა ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვისაც.

             ეხლა მივმართოთ განსაზღვრებებს, უფრო მის დამახასიათებელ ნიშნებს რომლებსაც ვხედავთ სარწმუნოების სიმბოლოში. « ერთი წმინდა კათოლიკე (ძველბერძნულად კაფოლიკ, რუსულად-სობორნაია)  და სამოციქულო ეკლესია. დღეს ესაა ჩვენი მთავარი თემა.

        პირველ რიგში რატომაა ეკლესია ერთი? იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ ღმერთის ერთიანობას, ამ იდუმალ ერთიანობას.

            თქვენ ფიქრობთ რომ ადამიანებს ამაოდ გაეხსნათ ღვთებრივი სამების ერთიანობა , რომ ღმერთი თავს ავლენს როგორც შემოქმედი, როგორც ლოგოსი და როგორც სული?  სულაც არა. ამას ჩვენი ცხოვრებისთვის აქვს უშუალოდ პრაქტიკული მნიშვნელობა. ეს არაა განყენებული მეტაფიზიკა ან განყენებული დოგმატიკა.

              მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა  ღრმად გაიგეს ეს ანდრეი რუბლიოვმა და მისმა მოძღვარმა წმინდა სერგიმ. როდესაც მონღოლთა უღლის და თავადთა შინაომების დროს რუსეთი იყო მძიმე მდგომარეობაში, განიცდიდა კრიზისს და დაკნინებას რისი დაპირისპირება  შეიძლებოდა დაშლის გზაზე დამდგარი ამ სამყაროსთვის? სიყვარულის, როგორი სიყვარულის?     უპირველეს ყოვლისა ღვთაებრივი სიყვარულის. და აი წმინდა სერგიმ თავის პატარა ეკლესიას უწოდა სამების ეკლესია ( ეს იყო სამების პირველი ეკლესია რუსეთში). რატომ? იმიტომ რომ როგორც ამბობს ძველი ტექსტი წმინდანს უნდოდა რომ სამების შემყურე ადამიანებს დაემარცხებინათ სამყაროს ბოროტი განხეთქილება.

                 თავისი საიდუმლო სერობის ღამეს, სიკვდილის წინ, ქრისტე ლოცულობდა :  « რათა ყველა ერთი იყოს როგორც შენ ჩემში,მამაო, მე კი-შენში,  რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ წარმომგზავნე» ( იოანე 17, 21). ესე იგი ღვთაებრივი სიყვარულის ერთიანობა პირველსაწყისში,  სამებაში, არის პროტიპი ჩვენთვის, ჩვენი ერთობისთვის, ურთიერთშეღწევისთვის, ურთიერთგახსნილობისთვის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, ფილოსოფიური ენით რომ ვთქვათ, ერთმანეთისთვის იმანენტურად ყოფნა. სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთისთვის ტრანსცენდენტურები ვართ, ესე იგი ყოველი ადამიანი დახურული სისტემაა. ერთმანეთის მოყვარულ ადამიანებსაც კი უჭირთ ერთმანეთის გულში შეღწევა. ღმერთი ადამიანებს მოუწოდებს გახსნილობის, ურთიერთშეღწევის გზაზე დადგომისაკენ...

            ადამიანის გაბოროტებულ, აგრესიულ, დაშლის პროცესში მყოფ არსებობას უპირისპირდება წმინდა სამების სიყვარულის კრებითობა ( რუსულად  სობორნოსტ), ერთობა. ამის გარეშე კაცობრიობა არის მარტოსულ,  ერთმანეთისგან განცალკევებულ მხეცთა ხროვა,  ამიტომ როგორც ერთია ქრისტე, როგორც ერთია ღმერთი, როგორც ერთია ღვთის სული, ასე ერთია ეკლესია. და როდესაც ქრისტე ლაპარაკობდა ეკლესიაზე მენ უთხრა პეტრეს : « და მეც გეუბნები შენ : შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი» ( მათე 16, 18) .იმიტომ რომ პეტრემ პირველმა აღიარა ქრისტე მესიად.  ჯოჯოხეთის კარი ნიშნავს  ქვესკნელის, სიკვდილის ძალებს.  და მან თქვა არა « ჩემს ეკლესიებს», არამედ « ჩემს ეკლესიას» როგორც რაღაც ერთიან სუბსტანციას.

          მაგრამ თქვენ შეიძლება მკითხოდ თუ რანაირადაა ერთიანი ეკლესია როდესაც  1,5 მილიარდ ქრისტიანიდან დაახლოებით 950 მილიონი კათოლიკეა, დაახლოებით 200 მილიონი მართლმადიდებელია და დანარჩენი პროტესტანტია. და პროტესტანტები იყოფიან მრავალ ჯგუფად-
-ლუთერანები, ევანგელისტები, ბაპტისტები, და ა.შ.  სადაა აქ ერთობა?
საკითხი ძალიან რთულია მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ რომ მექანიკურ ერთობას შეუძლია სულიერი ერთობის შეცვლა. ეკლესიაში საუკუნეთა მანძილზე მომხდარი განხეთქილებები არაა დაკავშირებული თვითონ ეკლესიის ბუნებასთან. მათ ასახეს კულტურული, პოლიტიკური, ეროვნული, ფსიქოლოგიური ბარიერები რომლებიც ვერ გადალახეს ადამიანებმა. ასე მაგალითად, როდესაც რომის იმპერია ცდილობდა თავისი თავის ქრისტიანულ მთლიანობასთან გაიგივებას ამას წინააღმდეგობა გაუწიეს აღმოსავლეთის პროვინციებმა და ისინი მოწყდნენ, შეიქმნა ე.წ. ქალკიდონამდელი ეკლესიები-კოპტების, ეთიოპების, სირიელების, მალაბარელების ( ვინც სირიიდან უნდოეთში გაიქცნენ) ეკლესიები. მათ არ უნდოდათ სახელმწიფო ეკლესია.

     მაგრამ X საუკუნემდე ეკლესია მაინც რჩებოდა განუყოფელი.
ყველგან იყვნენ ეკლესიათა თავისი მეთაურები, პაპები ( ბერძნული სიტყვა პაპპას ნიშნავს მამას)- ალექსანდრიაში, რომში, კონსტანტინეპოლში, ანტიოქიაში და სხვა დიდ ცენტრებში.  მაგრამ დასავლეთი რომის იმპერიის დაცემის სემდეგ იმპერიის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა სხვადასხვა საზოგადოებრივი, კულტურილი, სოციალური პირობები. აღმოსავლეთში დარჩა იმპერატორის აბსოლუტისტური ხელისუფლება, დარჩა ყველა ძველი სტრუქტურა ( მონათმფლობელობა და ა.შ.) და ეკლესიის ხელმძღვანელობას, თემს, სტრუქტურას მკაცრად აკონტროლებდა სახელმწიფო. აღმოსავლური ეკლესიის ეს ნაწილი დღემდე არსებობს.

             დასავლეთში იმპერია დაემხო. ბარბაროსებმა წალეკეს იტალია. გადარჩა ერთადერთი სტრუქტურა, საეკლესიო ხელისუფლება და ის იქცა კულტურის აღორძინების საფუძვლად.  რომის ეკლესია თავს გრძნობდა დამოუკიდებლად სახელმწიფოსაგან იმიტომ რომ სახელმწიფო საერთოდ არ იყო და იყო ერთმანეთთან მებრძოლი ახალშობილი ბარბაროსული სამეფოები. ისინი ემხობოდნენ და ისევ ჩნდებოდნენ.

          და დასავლური ეკლესია გახდა ასე ვთქვათ ვაჟკაცური, მეომარი. ღოდესაც ბიზანტიელმა იმპერატორებმა სცადეს მისი დაპყრობა და დათრგუნვა რომის მღვდელმთავარმა მოციქული პეტრეს სახელით მიმართა  ბარბაროსთა მეფე პიპინს . მან გააგზავნა რომისკენ თავისი რაზმები და შეუძლებელი გახადა რომის დაპყრობა და დამორჩილება, შემდეგ კი რომის მღვდელმთავრისათვის მან მიწები გამოყო ცენტრალურ იტალიაში. რისთვის? იმისთვის რომ არც ერთ იმპერატორს თუ მეფეს არ შესძლებოდა შიშველი ხელებით რომის ეპისკოპოსის დამორჩილება.

             ასე შეიქმნა პაპთა სახელმწიფო რომელმაც იარსება 1870 წლამდე. შემდეგ ის გააუქმეს გარიბალდის აჯანყების შედეგად და აღადგინეს 1929 წელს თუმცა არა ძველებურად არამედ სიმბოლურ, მხოლოდ 44 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე.  სამაგიეროდ ეს ტერიტორია არ ემორჩილება არც ერთ მთავრობას.

                მე ვიყავი ვატიკანის ტერიტორიაზე. როდესაც იქ შედიხარ გხვდება სასაზღვრო დაცვა  რომელსაც აცვია ჯერ კიდევ მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ძველებური კოსტიუმები და შენ გადადიხარ სახელმწიფო საზღვარზე.

          ასეთი იყო დასავლური ეკლესიის ბედი. მაგრამ იმპერატორის მორჩილი აღმოსავლეთის ეკლესია სულ უფრო და უფრო შორდებოდა მას. ხდებოდა დივერგენცია, არჩეული იქნა სხვადასხვა კულტურული გზა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფლიქტმა გავლენა იქონია ეკლესიაზე და  1054 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა  ეკლესიიდან განკვეთა რომის პაპის ლეგატები რომელთაც მას გადასცეს პაპის ბულა ( ამ ბულით რომის პაპმა პატრიარქი გადასცა ანათემას). ეს ითვლება ეკლესიების განყოფის ფორმალურ დასაწყისად.  ეხლა, ათასი წლის შემდეგ, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გაიმეორეს ეს დოკუმენტი და საჯაროდ დაწვეს ის იმის ნიშნად რომ კონფლიქტი აღარ არსებობს მაგრამ ათასი წლის მანძილზე ცალ-ცალკე არსებობის დროს დაგროვდა მრავალი დოგმატური და სხვა თავისებურება რომლებიც ართულებენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა ერთიანობას.

            შემდეგ დასავლურ ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, გაჩნდნენ პროტესტანტები რომლებმაც თავის მხრივ დაიწყეს დაშლა-
-დაქუცმაცება.

            მაშ რა რის ეკლესია?

       პასუხი შეიძლება ასეთი იყოს : ეკლესია არის ერთგვარი რთული წარმონაქმნი. პირველ რიგში ესაა იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია, ესე იგი მოციქულებიდან უწყვეტად მომავალი ეკლესია. ასეთია ჩვენი მართლმადიდებელი აღმოსავლური ეკლესია. ასეთივეა კათოლიკური დასავლური ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკით ჩვენ ვაღიარებთ კათოლიკური ეკლესიის იერარქიას და საიდუმლოებებს, ესე იგი ვაღიარებთ მას ეკლესიად, თუმცა ჩვენგან გამოყოფილ ეკლესიად.  ისინიც თავის მხრივ გვიწოდებენ « გამოყოფილ ძმებს». როგორც ჩანს იგივე შეიძლება ითქვას ძველ აღმოსავლურ ეკლესიებზეც, სომხურ, ეთიოპურ, კოპტურ ეკლესიებზე. უფრო რთულადაა საქმე პროტესტანტების შემთხვევაში. მაგრამ სიტყვის ფართო გაგებით ეკლესიად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი თემი რომელსაც სწამს ამქვეყნად მოსული, ანკაცებული, ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტესი.

             კონფლიქტების და დისკუსიების ისტორიამ გვაჩვენა რომ კამათის დროს ადამიანები მხოლოდ ბოროტდებიან. მოკამათე ღვთისმეტყველებმა ვერ დაახლოვეს ერთმანეთთან ეკლესიების პოზიციები. მათ სხვა რამე აახლოებდა. ეხლა, როდესაც აღმოსავლეთში მეტი იციან დასავლეთზე და დასავლეთმა მეტი იცის აღმოსავლეთზე, დაახლოება სულ სხვა არხებით ხდება. დასავლური ეკლესია იწყებს ჩვენს წმინდანთა პატივისცემას. მე მინახავს უზარმაზარი ლიტერატურა ჩვენი წარსულის თუ თანამედროვე წმინდანების შესახებ. ყოველ კათოლიკურ ეკლესიაში იტალიაში მე ვხედავდი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს და სხვა მართლმადიდებლურ ხატებს. ისინი ჩვენს მიმართ გახსნილები არიან და თითქოს თანდათანობით შორდებიან განხეთქილების იდეას.

         ჩვენს  ეკლესიაში ამის თაობაზე სხვადასხვა აზრია დაწყებული მისი სრული მიუღებლობიდან  რომელიც ჩამოაყალიბა ალექსეი სტეპანოვიჩ ხომიაკოვმა : მისი აზრით ქრისტიანობა მხოლოდ აღმოსავლური მართლმადიდებელი ქრისტიანობაა და კათოლიკობა უკვე აღარაა ქრისტიანობა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია ამ აზრს არ იზიარებს : თუ კი კათოლიკე მღვდელს იღებენ ჩვენს საეკლესიო იურისდიქციაში ის ხდება მართლმადიდებელი მღვდელი მღვდლად მეორედ კურთხევის გარეშე.  ითვლება რომ მისი მღვდლობა ნამდვილია, რომ მის მიერ ჩატარებული ნათლობები, ზიარებები და მისი როგორც ღვთისმსახურის მოქმედებები ნამდვილია. ესე იგი ჩვენ მას ვაღიარებთ. მხოლოდ ერთმანეთის კარგად გაცნობისას შეგვიძლია განხეთქილებათა მიზეზების გაგება და ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად შორი იყო ჭეშმარიტი სულიერებისგან ეკლესიურიობისაგან ეს განხეთქილებები.

           მაშ, «ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია» . რას ნიშნავს ეს? რომ ის წმინდანებისგან შედგება? მოციქულების დროს ყველა მორწმუნე ერთმანეთს წმინდას უწოდებდა მაგრამ მაშინ ამ სიტყვას არ ჰქონდა თანამედროვე მნიშვნელობა.  წმინდა ნიშნავდა ღმერთისადმი მიძღვნილ, განსაკუთრებულ ადამიანს. ეკლესია ამქვეყნად ცხოვრობს და მთლიანადაა მასში ჩაფლული, მაგრამ მეორეს მხრივა ისაა ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაზე მცურავი ღვთაებრივი გემი, კიდობანი და ქრისტიანი მაინც გამოყოფილია ამ ქვეყნისგან. ღარაცაშია გამოყოფილი. აქ არის რაღაც ფარული, იდუმალი დიალექტიკა: ამქვეყნადაც და არაამქვეყნიურიც, გახსნილობა და დახურულობა.

                 ამის უბრალოდ ახსნა შეუძლებელია. ამის გაგება შეიძლება მხოლოდ პრაქტიკულად. მხოლოდ პრაქტიკულად თუ გაიგებთ თუ რას ნიშნავს ყველასთან ერთად როგორც ყველა ყოფნა და ამავე დროს ყოფნა ცალკე, საკუთარი კიდობნის შიგნით.

           და კიდევ ერთი: ღმერთისადმი მიძღვნა ნიშნავს  ქრისტეს მიბაძვას. ქრისტე იყო მკურნალი, ქრისტე იყო მსხვერპლი, ქრისტე იყო ადამიანებისთვის მიცემული გული და ჭეშმარიტების მოწმე. « მე მოვედი რათა ვიყო ჭეშმარიტების მოწმე». ასეთია ეკლესიაც. ღოდესაც ეკლესიის წევრები ღალატობენ ამას ისინი აღარ არიან ეკლესიის გამომხატველები. ზოგჯერ მეკითხებიან : განა არ ჰგავს ეს პარტიის შემთხვევას? მაშინაც ამბობენ რომ დაამახინჯეს პარტიის იდეალი, იყო იდეალი და ცხოვრებაში სხვანაირად გახდა. არა, არ ჰგავს.

           არაფერი გვეუბნება პოლიტიკური ისტორიიდან რომ თავიდან მოვიდნენ ადამიანები ვისაც სურდათ კულტურის, ყველა ადამიანის,
პიროვნების ღირსების, რწმენის, სვინდისის, პრესის თავისუფლების.  პატივისცემა. არ ყოფილა ასე. ჩვენში ყველაფერი ეს მოისპო რევოლუციის დაწყებისთანავე. და თუ შევხედავთ XIX საუკუნეში მარქსისტული წრეების შექმნის ხანას, მაშინ ამ წრეებშიც არ ყოფილა «მეტისმეტი» დემოკრატია. არა, ეს არ ყოფილა მათი თვისება. არ უნდა ვილაპარაკოთ აქ დამახინჯებაზე. ყველაფერი ხდებოდა ჩაფიქრებულის შესაბამისად, მიდიოდა გარკვეული მიმართულებით და ამან გამოიღო თავისი ნაყოფი.სხვა საქმეა რომ ნაყოფი მწარე იყო ყველასთვის, მათ შორის მისი გამზრდელებისთვისაც, მაგრამ ეს უკვე აღარ ეხება ჩვენს თემას.

         ამასობაში დისტანცია სახარებასა და ვიღაც ფანატიკოს ინკვიზიტორს შორის უსასრულოა. აქ ვერაფერს შეადარებ ერთმანეთს და ამ ინკვიზიტორის გარეგნული რეგალიები იგივეა რაც ჯვრები ფაშისტურ თვითმფრინავებზე იმიტომ რომ ეს მხოლოდ გარეგნული ნიშანია, შინაარსი კი სულ სხვაა ( საუბრის დასასრული და შემდეგი გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment